მამათა შეგონებანი
ნიკოლოზ სერბი: ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა საბოლოო გამარჯვებასა და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.
იოანე ოქროპირი: პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, პირფერი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს. ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: გწამდეს ღვთისა და გჯეროდეს დილით მზის ამოსვლისა – ეს ერთი და იგივე არ არის. მეორე შემთხვევაში შენ გჯერა ბუნების კანონებისა და არა ღვთისა. რწმენა ის არის, როცა ხედავ, რომ მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, მაგრამ ამბობ: „მალე შუადღე იქნება, თუ ამას ღმერთი მოისურვებს“.
მარკოზ განშორებული: ბოროტების არქმნა ღვთივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია – არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებასთან განშორება, საჭიროა აგრეთვე სიკეთის ქმნაც. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: ბოროტებასთან განშორების შემდგომ „ქმენი სიკეთე“.
გაბრიელ ეპისკოპოსი: სარწმუნოება ორგვარია: ერთი – თავისუფალი, გულითადი და მეორე – იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ, უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელნაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, რომ ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება კი თბილი და ცხოველია და სიტყვასა და საქმეში ჩნდება. მხოლოდ მათთვის ამბობს მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე“.
იოსებ ათონელი: უპირველეს ყოვლისა, „შეიცან თავი შენი“. ანუ, შეიტყვე საკუთარი თავის შესახებ, როგორი ხარ; როგორი ხარ სინამდვილეში და არა როგორი გგონია, რომ ხარ. ასეთი ცოდნით ყველა ადამიანზე ბრძენი ხდები, მდაბლდები და უფლისგან მადლს იღებ. ხოლო, თუკი თვითშემეცნებას არ იხვეჭ, არამედ მხოლოდ შენი შრომის იმედად ხარ, იცოდე, რომ გზისგან მუდამ შორს იქნები, რადგან, წინასწარმეტყველს არ უთქვამს: „იხილე, უფალო, შრომა ჩემი“, არამედ: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი“. შრომა – სხეულისთვის, სიმდაბლე – სულისთვის და ორივე ერთად, შრომა და სიმდაბლე – მთლიანად ადამიანისთვის.
იოანე სინელი: სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.
პაისი მთაწმინდელი: თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისთვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო, რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისთვის სინანულის მინიჭების თხოვნა ნიშნავს, ითხოვო განათლება. თუ სინანულს გამოვითხოვთ და ძლიერად მოვინანიებთ, ბუნებრივია, დიდი სიმდაბლეც მოგვეცემა და მაშინ აუცილებლად მოვა დიდი მადლი, განათლება ღვთისგან. სინანულში ყოფნისას ადამიანი იცავს საღვთო მადლს.
არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების გარდაუვლობას ულმობლად რომ დაამოწმებს, ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა და სიბნელის მომავალ მდგომარეობას აგრძნობინებს.