კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

 

 

ჯობდა, საერთოდ არ მყოლოდა მამა

ჩემი მშობლები იმ დღეს გაეყარნენ ერთმანეთს, სკოლის დამთავრების ბანკეტი რომ მქონდა. სწორედ ბანკეტზე წასასვლელად ვემზადებოდი, მამა რომ მოვიდა, თავისი ნივთები ჩაალაგა და დედას გამოუცხადა, სხვა ქალი შემიყვარდა და იმასთან მივდივარო. დედაჩემმა, როგორც ჩანს, იცოდა ეს ამბავი, რადგან, არ გაჰკვირვებია, მაგრამ, ისეთი რეაქცია ჰქონდა, შიშისგან კინაღამ გული გამისკდა: ჯერ ქაღალდივით გათეთრდა, მერე თითქოს სუნთქვა შეეკრა და გულწასული ჩაიკეცა იატაკზე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია იყო: მე საბანკეტო კაბა მაცვია, საზეიმო ვარცხნილობა მაქვს გაკეთებული და წასასვლელად ვემზადები, დედა კი გულწასული გდია იატაკზე. შიშისგან ისეთი კივილი ავტეხე, მთელი კორპუსი ფეხზე დავაყენე. არ ვიცოდი, რით მეშველა დედასთვის, წყლის შესხურებაც კი ვერ მოვიფიქრე. ჩემს წივილ-კივილზე მეზობლის ქალი შემოვარდა და ძირს გაწოლილი დედაჩემი რომ დაინახა, სასწრაფოდ დაიწყო მისი მოსულიერება. მერე სხვა მეზობლებიც შემოცვივდნენ და ატყდა ერთი გნიასი, მე კი კივილს ვერ ვწყვეტდი, ნამდვილი ისტერიკა დამემართა. ბოლოს ერთ-ერთი მეზობელი მომიახლოვდა და სილა გამაწნა. ამან აშკარად მიშველა და მაშინვე დედას მივვარდი, მაგრამ ის უკვე მოსულიერებული დამხვდა. რომ დავინახე, დედას აღარაფერი ემუქრებოდა, მაშინვე მეორე ოთახში გავვარდი, სადაც მამაჩემმა შეაფარა თავი (ჩემოდნებით გასვლა ვეღარ მოასწრო და მეზობლებს გაერიდა). მშვიდად იჯდა სავარძელში, სიგარეტს ეწეოდა და მეზობლების წასვლას ელოდებოდა, რომ იმ თავის ქუჩის ქალთან გაქცეულიყო. ასეთი მშვიდი რომ დავინახე, სულ გავგიჟდი: ჯერ ვეცი და სახე ჩამოვპოტნე, რომ მიგერიებდა (ხელის შემობრუნება, ალბათ, მეზობლების შიშით ვერ გაბედა), ხელზე ისე ვუკბინე, სისხლმა იჩქეფა; მერე ცემას თავი დავანებე, მის ჩანთას ვეცი და რაც წასაღებად ჰქონდა გამზადებული, სულ სათითაოდ გადავუყარე მეცხრე სართულიდან, თან უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი. ბოლოს, დამისხლტა ხელიდან და უკანმოუხედავად გავარდა ცარიელ-ტარიელი (ალბათ, რაც მთელი დახვდებოდა, იმას აკრეფდა და წაიღებდა თან).

ბანკეტზე, ცხადია, არ წავსულვარ. მე და დედა მთელი თვე შოკიდან ვერ გამოვდიოდით, ერთმანეთს ვუვლიდით და ვაწყნარებდით. ცოტა რომ მოვმჯობინდით, დედაჩემს ვუთხარი, ჩემს სიცოცხლეში არ შევურიგდები და მაგ არაკაცის სახელიც კი არასდროს მიხსენო, თორემ, შენც დაგკარგავ-მეთქი. დედაჩემიც ამ მოთხოვნას ასრულებდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ქმარი მაინც ენატრებოდა, რადგან იმ ამბამდე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სიმართლე გითხრათ, სადღაც, გულის სიღრმეში, მეც მენატრებოდა, რადგან მე და მამა ძალიან ვმეგობრობდით, მაგრამ, ვერაფრით ვპატიობდი, ასე სასტიკად რომ მოგვექცა.

სხვათა შორის, ისე გავიდა მისი წასვლიდან ორი წელი, ერთხელაც კი არ დაურეკავს და არ მოვუკითხივართ, რაც კიდევ უფრო ცუდად განმაწყობდა მის მიმართ.

მაგრამ, ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდიოდა. მეორე კურსზე შემიყვარდა ძალიან კარგი ბიჭი და დაქორწინება გადავწყვიტეთ. გურის საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰქონდა და მამამთილმა გრანდიოზული ქორწილის გადახდა მოინდომა. დასაპატიჟებელი სტუმრების სიას რომ ვწერდი, დეიდაჩემმა შემომაპარა – ჩემი აზრით, მამაშენიც უნდა დაპატიჟოო. გურიც იქ იჯდა (მისთვის ყველაფერი მქონდა მოყოლილი), ამიტომ მომერიდა ჩხუბი და სიაში მამაჩემიც ჩავწერე, ოღონდ, დეიდაჩემს ვუთხარი, თუ გინდა, შენ დაურეკე, მე არ დავრეკავ-მეთქი. მეორე დღეს დეიდამ მითხრა, მამაშენს ველაპარაკე და ასე თქვა, ჩემს შვილს ჩემი მოსვლა თუ უნდა, თვითონ დამირეკოსო. რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა – ჯიბრის თუ საკუთარ თავზე გამარჯვების და მაშინვე დავურეკე. იცით, რა მიპასუხა? სწორედ მაგ დღეს გოგიტას (იმ ქალის უკანონო შვილის) დაბადების დღეა და ვერ მოვალო. თუ იცოდა, რომ ვერ მოვიდოდა, რაღას მარეკვინებდა? კიდევ ერთხელ დამამცირა ამით? მეც, ავდექი და ვუპასუხე: სიმართლე გითხრა, სულაც არ მინდოდა შენი ნაძირალა სიფათის დანახვა, მაგრამ, მერე რომ არ გეთქვა, შვილმა ქორწილში არ დამპატიჟა, იმიტომ დაგირეკე. მაგ შენს ძუკნას კი, გაიკითხე, იქნებ, კიდევ ჰყავს ნაბიჭვრები,  და იმათაც შენ გამოუცვალე საფენები-მეთქი. ვიცი, რომ ძალიან უზრდელად მოვიქეცი, მაგრამ, ახლაც არ ვნანობ. ისეთი გამწარებული ვარ, რომ ვხედავდე, კვდება და ჩემი მიწოდებული ერთი ჭიქა წყალი მოარჩენს, მშვიდად გადავაბიჯებ და გულიც კი არ ამიტოკდება, ისე გავაგრძელებ გზას. მაგას თუ ჰგონია, ის ქუჩის ქალი და მისი ნაბიჭვარი მიხედავენ, ძალიან ცდება.

ლელა, 21 წლის

 

დედამთილმა ნიშნობაში მორთმეული სამკაული ორჯერ წამართვა და დამიბრუნა

გავთხოვდი უსიყვარულოდ, გარიგებით. თქვენ წარმოიდგინეთ, მთავარი მაჭანკალი ჩემი მომავალი დედამთილი იყო. დეიდაჩემი და დოდო 

(ჩემი დედამთილი) ერთად მუშაობდნენ: დეიდაჩემი მთავარი ბუღალტერი იყო, დოდო კი – რიგითი თანამშრომელი. ერთხელ დეიდასთან მივედი სამსახურში რაღაც საქმეზე და იქ დამადგა დოდომ თვალი. პირველი დანახვისთანავე სარძლოდ მოვეწონე და მთელი წელი იჩალიჩა, რომ მისი შვილი გამეცნო. დეიდაჩემს პირდაპირ თქმა ვერ გაუბედა და ლამის მთელი სამსახური ჩარია ამ საქმეში. დაწვრილებით როგორ მოხდა ეს ამბავი, ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ, ბოლოს დოდომ მაინც თავისი გაიტანა და მე და თავისი შვილი „შემთხვევით“ შეგვახვედრა ერთმანეთს. სიმართლე გითხრათ, არ აღვფრთოვანებულვარ, მაგრამ, ვიფიქრე, რადგან ეს ამბავი მოხდა, ესე იგი, ღმერთს ასე სურს, ეს არის ჩემი ბედი-მეთქი და რამდენიმე პაემნის შემდეგ დავთანხმდი ცოლად გაყოლაზე. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არაფრით გამორჩეული. მერე რომ ვიფიქრე ამ საკითხზე, მივხვდი, რამაც გადამადგმევინა ეს ნაბიჯი: პირველი მიზეზი ის იყო, რომ იმ პერიოდში შეყვარებული არ მყავდა, მეორე – გოიმი არ იყო და, მესამე – წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა (თუმცა, ძალიან გვიან, წლების შემდეგ მივხვდი, რომ წესიერება ძალიან ფართო ცნებაა, ანუ, შეიძლება, ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე უწესო ადამიანი აღმოჩნდეს, ხოლო ქურდი, მეძავი ან ნარკომანი – უაღრესად წესიერი).

სანამ ნოდიკოს ცოლად გავყვებოდი, დოდო ყველგან ხმამაღლა გაიძახოდა: ჩემი რძლისთვის ისეთი და იმდენი სამკაული მაქვს, ბარე ორ ქალს არ დაესიზმრებაო; ჩემი რძალი ხელისგულზე ისე უნდა ვატარო, ყველა ქალს მისი შეშურდესო. თურმე, ასე იმიტომ იქცეოდა, რომ თანამშრომლებს დეიდაჩემთან ამბავი მიეტანათ. ალბათ, დოდოს ეგონა, რომ დეიდაც და მეც მის ბრილიანტებს დავხარბდებოდით.

სანამ მე და ნოდიკო ერთმანეთს გავიცნობდით, დოდო სულ „ეპადხალიმებოდა“ დეიდაჩემს (თურმე იმიტომ, რომ მთავარი ბუღალტერი იყო) და კუდის ქიცინით ელაქუცებოდა: ოღონდ თქვენ დაგინათესავდეთ და ჩემზე ბედნიერი ქალი არ ივლის დედამიწაზეო.

მოკლედ, გავყევი ნოდიკოს ცოლად და დოდომ მართლაც კარგი სამკაული მომართვა. ხელისგულზე ტარებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ არც არაფრით მზღუდავდა, კაბალაში არ ვყავდი. თან, ძალიან დაუახლოვდა დეიდაჩემს, რომელსაც ეს ამბავი აშკარად არ სიამოვნებდა, მაგრამ ახალ მძახალს ვერაფერს აკადრებდა. ასე იყო თუ ისე, სანამ დეიდაჩემი მთავარი ბუღალტერი იყო, დოდო მეც მიქიცინებდა კუდს და მასაც. მაგრამ, ერთ დღესაც, იმ სამსახურში ახალი დირექტორი დანიშნეს, რომელმაც ზოგი თანამშრომელი გაუშვა, ზოგი კი – ჩამოაქვეითა (როგორც საერთოდ ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში). დეიდაჩემი მოხსნას გადაურჩა, მაგრამ, რიგით ბუღალტრად ჩამოაქვეითეს, დოდოს კი პენსიამდე რამდენიმე თვე უკლდა და ხელშეკრულებით დატოვეს და საპენსიო ასაკის შესრულებისთანავე უნდა დაეწერა განცხადება წასვლაზე.

დეიდას ჩამოქვეითებიდან მეორე დღესვე დოდომ პოზიციები შეცვალა: დეიდაჩემს ძლივსღა ესალმებოდა, მე კი ისე ცივად მეპყრობოდა, სულ მეგონა, რამე ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. ერთ დღეს კი გამომიცხადა, მე რომ ოქროულობა მოგართვი ნიშნობაში, დამიბრუნე, მჭირდებაო. ძალიანაც მეწყინა, მაგრამ, ხმა არ ამომიღია, ისე დავუბრუნე ყველაფერი. ჩვენ შორის ურთიერთობა კი თანდათან ცივდებოდა და მძიმდებოდა. ამას ჩემს ქმარს არ ვეუბნებოდი – არ მინდოდა, დედა-შვილს შორის უსიამოვნება მომხდარიყო და ამის მიზეზი მე ვყოფილიყავი. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთ დღეს კი ახალმა დირექტორმა დეიდაჩემი ისევ მთავარ ბუღალტრად გადაიყვანა – შენნაირი პროფესიონალი ამ საქმეში არც მინახავსო. დეიდას დაწინაურება იყო და, დოდომ მეორე დღესვე დამიბრუნა წართმეული სამკაული, ჩემ მიმართაც დატკბა და დეიდაჩემთანაც ისევ დაიწყო კუდის ქიცინი. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ დეიდას რაღაც უსიამოვნება შეემთხვა დირექტორთან და განცხადება დაწერა წასვლაზე (დირექტორი რაღაც ფინანსური მაქინაციის გაკეთებას აიძულებდა, რაზეც დეიდაჩემი კატეგორიულ უარს ეუბნებოდა). როგორც კი განცხადების დაწერის ამბავი გაიგო (მიზეზი არც იცოდა და არც უკითხავს), გაგეცინებათ და, დოდომ ისევ უკან გამომართვა ყველაფერი და ისევ ბღვერა და უხეშობა დამიწყო. ზუსტად ხუთი თვის შემდეგ კი ის დირექტორი მოხსნეს და მის თანამდებობაზე დეიდაჩემი დანიშნეს. აბა, თუ გამოიცნობთ, რა ქნა დოდომ? დიახ, ის სამკაულიც დამიბრუნა და კიდევ ერთი იმდენიც დამიმატა – ხომ იცი, შენთვის არაფერი მენანებაო. დეიდაჩემს კი ფინია ძაღლივით სდარაჯობდა კაბინეტის კართან და აღარ იცოდა, რით ესიამოვნებინა. ის კი არა, დანარჩენ თანამშრომლებსაც ცხვირი აუწია – დირექტორი ჩემი მძახალიაო.

აი, ასე ვცხოვრობ უკვე რამდენიმე წელია. ის სამკაული ჯერჯერობით მე მაქვს და დედამთილიც სულ მიღიმის, მაგრამ, არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება, ალბათ, მანამ, სანამ დეიდაჩემს დირექტორობიდან არ გაათავისუფლებენ (ფუი, ფუი, თვალი არ ეცეს)!

მეგი, 27 წლის

 

საკურორტო რომანი გრძელდება

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, როცა სადმე დასასვენებლად მივდიოდი, მოკლევადიანი საკურორტო რომანები ჩვეულებრივი ამბავი იყო. მით უფრო მაშინ, როცა უცოლო ვიყავი, ასეთ თავგადასავლებს თვითონ ვეძებდი.

მაშინ, კომუნისტურ ეპოქაში, საქართველოს კურორტები სავსე იყო სიყვარულის მაძებარი რუსი ქალებით, რომელთა უმრავლესობას სახლში ქმარ-შვილი ჰყავდა დატოვებული, ნაწილს ქმარიც ახლდა თან, ნაწილს – შვილიც და ქმარიც ერთად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან აქტიურად ეშვებოდნენ ერთჯერადი სიყვარულის მორევში. ჩვენც, ქართველ ბიჭებსა და უკვე ჭაღარაშერეულ კაცებსაც კი, რა გვენაღვლებოდა, როცა „ტკბილი ლუკმა“ ყოველგვარი წვალებისა და ჩალიჩის გარეშე გვივარდებოდა ხელში. ისეც ყოფილა, რომ ერთი საკურორტო სეზონის განმავლობაში ორი-სამი ისტორიაც გადაბმია ერთმანეთს და იყო ამ დროს კონკურენტი ქალების ერთმანეთზე ეჭვიანობა, „ჩორტების ჩაგდება“ და საქმეების გარჩევა, რაც წლის ამ ყვლაზე რომანტიკულ მონაკვეთს (ანუ ზაფხულს) ყველაზე საინტერესოსა და სისხლსავსეს ხდიდა.

ამ უამრავ „საზაფხულო“ თუ „საკურორტო“ ქალებს შორის იყო ერთი, ვერონიკა, რომელიც მართლა შემიყვარდა. მაშინ მე 22 წლის ვიყავი, ის – 27-ის. ქმართან ერთად იყო ჩამოსული და, შეიძლება ითქვას, აშკარად, თვალწინ ღალატობდა და თან, თავსაც აყვედრიდა. ის ბოთე კი ისე აღმერთებდა ცოლს, ვერაფერს ხედავდა (ან – არ ხედავდა). ის კი არა, ამაყობდა, მისი ცოლი კაცებს რომ მოსწონდათ. საოცარი ქალი იყო ვერონიკა, უცნაური სილამაზე ჰქონდა: თავიდან ვერც კი შეამჩნევდი, მერე და მერე ისე მოგნუსხავდა, მისი მონა ხდებოდი და თან, გიხაროდა ეს ამბავი. მის თაყვანისმცემლებს შორის მეც აღმოვჩნდი და ძალიან მალე ისე შემიყვარდა, ვეხვეწებოდი, ქმარს გაშორდი და ცოლად გამომყევი-მეთქი, მაგრამ, ამაზე უარს ამბობდა – უჩემოდ ჩემი ქმარი მოკვდება და, თანაც, ისე ვუყვარვარ, ჩემგან მიტოვებას არ იმსახურებსო (ვითომ იმას იმსახურებდა, რომ დღეში ცხრაჯერ, თანაც დაუფარავად, ღალატობდა ხან ვისთან და ხან ვისთან). ერთი სიტყვით, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ, არაფერი გამომივიდა – ვერონიკა ქმართან ერთად დაბრუნდა თავის ქალაქში. მთელი იმ წლის განმავლობაში ხან წერილებს ვწერდი, ხან ვურეკავდი, მაგრამ ბოლოს ესეც შეწყდა და ის ზაფხული და ვერონიკას სიყვარული ერთ ლამაზ მოგონებად დამრჩა.

სიყმაწვილის წლები ქალების დევნაში გავიდა. მერე, როგორც იქნა, დავდინჯდი და ამ საკითხს ცოტა სხვა თვალით შევხედე. ასეთი ერთჯერადი ურთიერთობები აღარ მხიბლავდა, ნამდვილ სიყვარულს ვეძებდი, ტკბილი და თბილი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობდი. ერთხელაც, ერთი გოგო გავიცანი და მივხვდი, რომ ეს იყო ის, ვისაც ვეძებდი და ველოდი. რამდენიმე პაემნის შემდეგ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით და ერთ თვეში დავქორწინდით. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და სიყვარულსა და სიამტკბილობაში ვზრდიდით სამ შვილს. ასე გავიდა 15 წელი და, სწორედ ქორწინების 15 წლის აღსანიშნავად, ცოლს სიურპრიზი მოვუწყვე: ბავშვები ჩემმა დამ და სიძემ წაიყვანეს თავიანთ აგარაკზე, მე კი მოვკიდე ხელი ნინოს, ერთ ლამაზ, ზღვისპირა კურორტზე წავიყვანე და ვუთხარი, თაფლობის თვე ხელმეორედ უნდა  მოვიწყოთ-მეთქი. დროც ბევრი გვქონდა და ფულიც არ გვაკლდა. ამიტომ, ავიწყვიტე და ისეთ ფოიერვერკებს ვუწყობდი ცოლს, ქალი ბედნიერებისგან ჭკუაზე არ იყო. ერთ საღამოს კი გამოვეწყვეთ და ყველაზე პრესტიჟულ და ძვირიან რესტორანში წავიყვანე. ის იყო, დავაპირე, ცოლთან ერთად მეცეკვა, რომ უმაღლეს დონეზე ჩაცმულ-დახურული ულამაზესი ქალბატონი მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას, თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა, თვალებში ჩამაშტერდა და ჩუმი, იდუმალი ხმით მკითხა:

– ვერ მიცანი?

კარგად დავაკვირდი და მოულოდნელობისგან გული შემიხტა – ჩემ წინ ვერონიკა იჯდა, ისევ ისეთი მშვენიერი და მაცდური. ასაკი თითქმის არ ეტყობოდა. ისე დამაბნია მისმა დანახვამ, ხმა ვეღარ ამოვიღე. გული ამიჩქარდა, თავში ყველაფერი ამერ-დამერია. იმ წუთებში საერთოდ აღარ მახსოვდა ნინო, მთელი ჩემი არსება ვერონიკათი იყო დაკავებული, უფრო სწორად, შეპყრობილი. ქალს რას გამოაპარებ და, ნინო უცბად მიხვდა რაღაცას, ამიტომ, ჩემი გამოფხიზლება სცადა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო. ვერონიკამ საცეკვაოდ გამიწვია და მეც მონუსხულივით ისე გავყევი, ცოლისთვის სიტყვაც არ მითქვამს.

ცეკვის დროს ვერონიკამ მიამბო, რომ იმ ზაფხულის შემდეგ, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, კიდევ სამჯერ გათხოვდა და ყოველი შემდეგი ქმარი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე წინამორბედი, მაგრამ, ის ვნება და ცეცხლი, რასაც ჩემთან გრძნობდა, არავისთან განუცდია. პირდაპირ მითხრა, რომ ქმრად არ ვუნდოდი, რადგან ჩემი ჯიბე მის პრეტენზიებს ვერ გასწვდებოდა, თუნდაც მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ საყვარლად ნამდვილად შესაფერის კანდიდატად მივაჩნდი და შემომთვაზა ასეთი უთრიერთობა. მე დაჰიპნოზებულივით ვუსმენდი და ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კი არ გადაეფიქრებინა.

სასტუმროში მეორე დილით, უფრო სწორად, მეორე დღის სამ საათზე დავბრუნდი. ცოლი ნომერში აღარ დამხვდა – თავისი ნივთები ჩაელაგებინა და სახლში დაბრუნებულიყო. ეს ამბავი დიდად არ მიდარდია, მაშინვე ჩემს საფულეს ვეცი, რომელსაც კარადაში ვინახავდი და სადაც მთელი წამოღებული თანხა მედო, მაგრამ, საფულე ცარიელი დამხვდა და მივხვდი, ცოლმა ამით გადამიხადა სამაგიერო. მაგრამ, არც ამაზე დარდით მომიკლავს თავი. მაშინვე ვერონიკას დავურეკე და ყველაფერი ვუამბე, მან კი ასე დამამშვიდა:

– შენი საფულე არაფერში მჭირდება. ჩემი „საფულე“ აქ მყავს, წამოწოლილია, გაზეთს კითხულობს და გულის ფანქცალით ელის, რამე ვთხოვო, რომ სიხარულით შემისრულოს. მე შენ ფულის, საფულისა და ტანსაცმლის გარეშე მჭირდები, სხვა არაფერი მოგეთხოვება...

იმ მომენტში ისე მქონდა გონება და თავმოყვარეობა დაკარგული, გამიხარდა კიდეც ამ სიტყვების გაგონება.

მთელი ის ზაფხული მე და ვერონიკამ იმ კურორტზე გავატარეთ. ქმარიც გამაცნო და სამივენი ერთად დავდიოდით ყველგან (ერთი ადგილის გარდა). ვერონიკა ქმარს ფულს სტყუებდა და კარგა მსხვილ თანხებს მაძლევდა ჩუმად. თავიდან ვართმევდი ხოლმე და ვფიქრობდი, მერე რა მოხდა-მეთქი, მაგრამ, ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მეძავი ვიყავი, ოღონდ – კაცი. ეს რომ გავაცნობიერე, ფული აღარ გამოვართვი. იმასაც თავი აღარ მოუკლავს – არ გინდა და ნუ გინდაო. მეორე დღეს კი გამომიცხადა, ხვალ მე და ჩემი ქმარი ალპებში მივდივართ და უნდა სამუდამოდ დაგემშვიდობოო.  რა სცენები მოვაწყვე, ამას აღარ მოგიყვებით, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ იძულებული გახვდი, სახლში დავბრუნებულიყავი, მაგრამ, ნინომ აღარ მიმიღო. ის კი არა, გაყრაზე განცხადებაც კი ჰქონდა შეტანილი. არანაირმა ბოდიშმა, მეგობარ-ახლობლების არანაირმა შუამდგომლობამ არ გაჭრა – ნინომ არ მაპატია ჩემი არაკაცური საქციელი და გამეყარა. ქონების გაყოფაზე აღარც კი ამომიღია ხმა, ყველაფერი მას და ბავშვებს დავუტოვე და ბებიაჩემისეულ ერთოთახიან ბინაში გადავედი საცხოვრებლად. მთელი წელი იმას ვცდილობდი, ცოლის გული მომელბო, რომ შემრიგებოდა. როგორც იქნა, მივაღწიე მიზანს – ნინომ შემომითვალა, გამოსაცდელი ვადით მიგიღებ და, თუ დაიმსახურებ, შერიგებაზე მერე ვიფიქრებო. მაგრამ, ზუსტად იმ დღეს, ნინოსთან რომ გადავედი (ივნისის ბოლო იყო), მესიჯი მომივიდა: ამა და ამ დღეს ამა და ამ ადგილას ვიქნები და ჩამოდი. შენი დავიწყება ვერ შევძელი და გელოდებიო. სულ რამდენიმე საათის მისული ვიყავი ნინოსთან ბოდიშებს ვუხდიდი და ვინანიებდი, მაგრამ, წავიკითხე თუ არა მესიჯი, უცებ თვალთ დამიბნელდა, გონება დამეხშო, გიჟივით წამოვხტი და იქიდან ისე გავვარდი, ნინოს სიტყვა შეაცივდა. რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც მიხვდა, რაც მოხდა და შემომითვალა, სამუდამოდ დამივიწყეო, მაგრამ მე უკვე ვერონიკასთან ერთად ვიყავი ისევ იმ კურორტზე, ისევ იმ სასტუმროში და იმავე ნომერში.

ამ ზაფხულს მე ისევ უნდა შევხვდე ვერონიკას (თუ, რა თქმა უნდა, მოვენატრები). ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეს დღე და, არც სინდისის ქენჯნას განვიცდი და არც თავმოყვარეობა მაწუხებს. ერთმა ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, არ გეწყინოს, მაგრამ, სეზონური ალფონსი ხარო. არც მწყენია. ვიცი, რომ ასეა, მაგრამ, ჩემთვის მაინც ისაა ყველაფერზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ ვერონიკას გვერდით ვიყო.

სანდრო, 43 წლის

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3