რისგან არ ქმნის პრობლემას ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი და რა მოულოდნელ საჩუქრებს უკეთებს ცხოვრება თიკა ფაცაციას
ათი დაძაბული, აზარტული თამაში და – ორკაციანი საგზური თურქეთში თიკა ფაცაციას ხვდა წილად. თუმცა, ხელცარიელი არც ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი დარჩა: ფინალისტისთვის დაწესებული ვიდეოკამერით ის საზაფხულო მოგზაურობების გადაღებას აპირებს. ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთს „მტრად” გადაკიდებული ორი ვარსკვლავი თამაშის შემდეგ მშვიდად საუბრობდა საზაფხულო გეგმებზე.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია
– შვებულება გაქვს?
– კი. ამ ხუთშაბათს დაიწყო ჩემი შვებულება და ერთი თვის განმავლობაში ვიქნები თავისუფალი. ჩემზე ბედნიერი კაცი არ არის დედამიწის ზურგზე.
– როგორი იქნებოდა ეს საგზური ახლა შენთვის, წარმომიდგენია.
– აბა, და, შენ რეები გააკეთე (იცინიან)?!
– როგორი დასვენება გიყვარს?
– აზარტული...
– მერე, წლის დასაწყისში როგორ ხარ, გყოფნის ენერგია?
– მხნედ და გასამმაგებული ენერგია მაქვს. ჩემთვის დასვენება არ არის, სადმე ჰამაკში წოლა, ბევრი საინტერესო რაღაცის დაგეგმვა შეიძლება.
– დილით შენი ადგომის მეთოდი მაინტერესებს. მაღვიძარას ხმა, ალბათ, გეზიზღება.
– დღის 5 საათზე ვდგები და, ხშირად, სიმართლე გითხრა, მაღვიძარას დარეკვას გაღვიძებას ვასწრებ.
– ანუ, შენი ბიოლოგიური საათი შეიცვალა?
– ჰო, თავისუფლად, უპრობლემოდ ვდგები – კბილები გაიხეხა, პირი დაიბანა, ყავა დალია, ოპა, ოპა და – გავარდა. ზამთარში რომ ბნელა და ყველას სძინავს, ძაღლი კართან მხვდება – ერთი სული აქვს, ეზოში როდის გავიყვან, ცოტას გავასეირნებ და სამსახურში მივდივარ.
– ეთერს რომ ამთავრებ, იძინებ? სხვაგანაც ხომ არ მუშაობ?
– არა, მარტო „რუსთავი 2-ში“ ვარ, მაგრამ, გადაცემის შემდეგ დაძინებას ვერ ვახერხებ. მივდივარ და ვაკეთებ ჩემს საქმეებს – მილიონი რაღაც არის გასაკეთებელი. თუ თავისუფალი დრო მაქვს, სახლში მივდივარ ან მეგობრებს ვნახულობ და ვცდილობ, სადღაც, ათი-თერთმეტი საათისთვის დავიძინო, რომ დღე-ღამე არ ამერიოს.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცდაექვსის, ოცდაშვიდს ვუახლოვდები.
– აზარტული დასვენება ახსენე, კაზინოში სიარულს გულისხმობ?
– არა, კაზინოში არ დავდივარ. ვეცდები სხვანაირად, საინტერესოდ გავატარო დასვენების ტკბილი დღეები. ყველაზე მაგრად მახსენდება, როდესაც ვახტანგ ლიჩელთან ერთად არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვიღებდი მონაწილეობას.
– პროფესიით არქეოლოგი ხარ?
– მინდოდა არქეოლოგობა, მოწოდებით ვარ გეოლოგი, პროფესიით – პოლიტოლოგი.
– მოწოდებას არ უღალატე და დასვენების პერიოდში ამისთვის დროს მაინც პოულობ?
– კი, ყოველთვის. მაშინ მესხეთ-ჯავახეთში ვიყავით და ძალიან საინტერესო იყო.
– თუ აღმოგიჩენიათ რამე?
– ყველაზე პროდუქტიული ზაფხული, მთელი მსოფლიო თუ არა, საქართველო რომ ავალაპარაკეთ, ეს იყო ექსპედიცია, სადაც ძველი წელთაღრიცხვის მეჩვიდმეტე საუკუნის ყორღანული სამარხები გავთხარეთ მესხეთ-ჯავახეთში. ეს იყო დიდგვაროვნების სამარხები. აღმოვაჩინეთ ორმოცდათექვსმეტი მიცვალებული, აქედან თერთმეტი – ინდივიდუალური, დანარჩენი – თავის ქალები. იყო ორი ცხოველი, ასევე, ათას ხუთასამდე ბრინჯაოს ნივთი, ოთხი ცალი ოქროს დისკო, რომლის ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება და მსოფლიოში მხოლოდ ერთ ადგილასაა. ნაპოვნი იქნა ძაღლის პირველი ქანდაკება...
– ეს ყველაფერი ერთ ექსპედიციაში?
– კი, ერთ პატარა ეზოში. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. სხვათა შორის, მაშინ შედგა ჩემი დებიუტი „რუსთავი 2-ში“ – როდესაც გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. გათხრები გადაიღეს და ამ არხის ეკრანზე პირველად მოვხვდი.
– ანუ, შენ შეგიძლია, საოცარი სიმშვიდით, რუდუნებით, საათობით ასუფთაო ნივთები მტვრისგან პატარა ფუნჯით და ნერვები გეყოს ამისთვის.
– რა თქმა უნდა, შემიძლია და, ყველაზე აზარტული და ადრენალინით სავსე სწორედ პრეპარაციის მომენტია. ნელ-ნელა სამართებლით ან ფუნჯით წმენდ, ფხეკ რაღაცეებს და მისგან საბოლოოდ ისტორიულად მნიშვნელოვან ნივთს იღებ.
– ხომ შეიძლება, უბრალო ქვა იპოვო, არ არის ეს საშინელი იმედგაცრუება?
– ქვასაც გააჩნია. თუ ის ქვა არის წიდა და მას იმ ეპოქაში აღმოაჩენ, როდესაც რკინა არ არსებობდა, ეს ქვა გადაიქცევა მსოფლიო აღმოჩენად. მაგრამ, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს აღმოჩენა, აზარტი ამ საქმიანობას უფრო ემატება და ემატება.
– შეგიძლია, ერთი შეხედვით განსაზღვრო ნივთის მნიშნველობა, ანუ ისტორიულ ჭრილში შეაფასო ის?
– დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნივთია. ბრინჯაოს ნივთი ბრინჯაოს ხანის იქნება, მაგრამ დაზუსტებით ამის შეფასება არ შემიძლია. ძალიან, ძალიან ღრმად უნდა იცოდე ისტორია, შესწავლილი გქონდეს ყველაფერი, რაც აქამდე აღმოუჩენიათ და სხვა. ეს ექსპედიცია ორი კვირა გაგრძელდა, იქვე ახლოს, სახლებში გვეძინა და მერე მთელი დღეები ვმუშაობდით.
– ალბათ, მთელი შენი გონება მიმართული იყო იმისკენ, თუ როდის გათენდებოდა, რომ მუშაობა გაგეგრძელებინათ.
– კი, არის ამ საქმეში ძალიან დიდი აზარტი. წარმოიდგინე: თხრი, თხრი რაღაცას, ჯერ ამოდის ნაყარი ქვა და შემდეგ, რაღაც სიღრმეზე, მიადგები განსხვავებულ ნივთს, რაღაც გაიბრწინებს და მერე იწყებ მის ამოღებას. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს.
– როგორი საინტერესო ამბები გქონია. წელს რა გეგმები გაქვს?
– წელს დიდი გეგმები მაქვს: აუცილებლად წავალ ურეკში ზღვაზე და, სავარაუდოდ, წავალ სვანეთში, კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის დასალაშქრავად. ოთხიათასმეტრიანი მწვერვალი უნდა დავლაშქროთ მე და ჩემმა მეუღლემ...
– ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, მეუღლე თუა შენსავით აზარტული, ისიც თუ გამოგყვება-მეთქი.
– რასაკვირველია. საერთო ინტერესები, მაგრამ, ძალიან ცოტა გამოცდილება გვაქვს. თუმცა, მეგობრები მყავს ისეთი, რომ სათანადო ინსტრუქტაჟის შემდეგ, თავისუფლად აგვიყვანენ.
– მშურს ასეთი წყვილების, ასე ზურგჩანთებგადაკიდებულებს რომ შეუძლიათ თავგადასავლების საძებნელად წავიდნენ, ერთად ეზიარებიან ნებისმიერ აღმოჩენას. თუ რამეა – ყველგან ერთად... მინდა გითხრა, რომ ფანტასტიკური კამერა მოიგე.
– არაჩვეულებრივი, კომპაქტური. შეგიძლია, მანქანაშიც გადაიღო, ცხენზე ჯირითის დროსაც.
– როგორი მაგარი იდეები გაქვს, ზაფხულის გატარებას ისე მაგრად გეგმავ, უნდა იმეგობროს კაცმა შენთან.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვასკა ივანოვ-ჩიქოვანი
– უკვე გავიგეთ, ზაფხულში რომ თურქეთში აპირებ წასვლას. ვისთან ერთად?
– ჰოო, ძალიან მაგარია მოგება. სიმართლე გითხრა, წელს არსად ვაპირებდი წასვლას. შვებულება კი მაქვს, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ პატარა მყავს და, ვფიქრობ, ზღვა ამ დროს სრულიად ზედმეტია, ჩემს განრიგში ზღვა ნამდვილად არ ეწერა, მაგრამ... ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. აღმოჩნდა, რომ ზღვაზე მივდივარ. ვის წავიყვან, არ ვიცი. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან (იცინიან). ოჯახში უკვე ბევრნი ვართ და რაღაც გადათამაშება-გადმოთამაშებები მოგვიწევს.
– შიდა კონკურსი იქნება – „ვინ მოიგებს ვარსკვლავთან საგზურს“... (იცინიან). გქონდა გამარჯვების იმედი?
– არა, სხვათა შორის. დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი. რომ ჩავრთე ტელევიზორი და იქიდანაც მუქარები ისმოდა, მეთქი, დამთავრდა, ვერ ვიგებ. ბოლო დღეების განმავლობაში იყო ისეთი მუქარანარევი ტონი – „ჩვენ შევხვდებით“... – ფსიქოლოგიური ზეწოლები, დაძაბული მზერის გაყოლებაც იყო სამსახურში. დღეს ორივეს დილის სამუშაოები გვქონდა და სტუდიაში გადაღლილები შემოვედით. მოკლედ, ნაკლებად მქონდა მოგების იმედი.
– აზარტული ხარ მსგავსი თამაშების დროს?
– როგორც ჩანს, კი. შემოვედი თუ არა, მუცლის გვრემა დამეწყო და ძალიან მიხარია, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.
– როგორია გამარჯვების გემო?
– ძალიან კარგი, უფრო ჩემი შვილის გამო, რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა ამ თამაშს, მგულშემატკივრობდა: „დეე, როდის თამაშობ, ხომ იცი, უნდა მოიგო!“.. მას რომ გავახარებ, ეს კიდევ უფრო მახარებს. თან, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო, თანაბრად მივდიოდით ბოლომდე და გამარჯვებულის ბედი ორმა სანტიმეტრმა გადაწყვიტა. კამერაც რომ მომეგო, ძალიან გამიხარდებოდა, მშვენიერი საჩუქარია. რომ მოვედით და ეს კამერა დავინახეთ, უფრო დავმშვიდდით და ლაღად ვითამაშეთ, მივხვდით, რომ გულდაწყვეტილი არც ერთი არ წავიდოდით.
– ზაფხულში არსად წასვლას, თუ არ გეგმავდი, რას აპირებდი?
– შვიდი თვის პატარა მყავს, რომელსაც ზღვა არც ესიამოვნება, არც მოუხდება. ამიტომ, გადავწყვიტე ბავშვებთან ერთად ვყოფილიყავი, მათთან ერთად გავერთობი-მეთქი, ვიფიქრე. იქიდან გამომდინარე, რომ სულ გადარბენებზე ვარ, მინდა, ყოველი თავისუფალი წუთი პატარასთან ერთად გავატარო.
– შვიდი თვის შვილი, ალბათ, ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. სამსახურს როგორ უთავსებ?
– მთელი ოჯახი ფეხზე დგას, თუ შეიძლება ასე ითქვას: მეუღლე, ჩემი უფროსი ვაჟი, დედაჩემი, დამხმარე ადამიანები – ცდილობენ ყველანაირად ხელი შემიწყონ. სხვათა შორის, ბევრი სამუშაო, ანუ, ის, რომ კამერა და სტუდია მელოდებოდა, ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა ფორმის მალე აღსადგენად. ისინი გრძნობენ, რომ ეს სამყარო ბედნიერებისთვის ძალიან მჭირდება და ამიტომ მაქსიმალურად მიწყობენ ხელს.
– ძალიან დატვირთული ხარ?
– ცხრიდან ექვსამდე სამსახური არ მაქვს, არის დღეები, როდესაც მალე ვამთავრებ ყველაფერს, ხანდახან კი მთელი დღე გადაღებებია. ზოგჯერ, რამდენიმე გადაღება თუ გადაება, გვიან, ქანცგაცლილი ვბრუნდები სახლში. ყოველდღე ასე არ არის, მაგრამ, კვირაში რამდენიმე დღე მაინც მიწევს დიდხნიან გადაღებებზე ყოფნა.
– „მელომანია”, „შუადღე”... კიდევ ბევრი პროექტია?
– კი, თან, შიგადაშიგ, სხვა გადაცემებსაც ვჭირდები – „ეთამაშე ვარსკვლავს”, „ეკივოკი”, ერთი, მეორე და, ასე, სულ აქ ვარ.
– ესე იგი, შარშანაც არ დაგისვენია?
– შარშანაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. დიდი მუცელი მქონდა და თურქეთში მეუღლესა და უფროს შვილს ვუშვებდი. რა მინდა, იქ რა გავაკეთო-მეთქი, ფრენაც არ მინდოდა. მაგრამ, წასვლის წინა დღეს ავეკიდე მათ და ასე აღმოვჩდნი თურქეთში. ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი, რა უნდა მეკეთებინა მარტოს შინ, როცა ჩემი მამაკაცები თურქეთში ისვენებდნენ, არ ვიცი. ვუყურებდი მათ აქტიურ დასვენებას და მე პასიურად, მაგრამ, ძალიან გემრიელად დავისვენე. მოკლედ, შარშანაც იგივე გამოვიდა.
– როგორი ბიჭია პატარა?
– ფეხზე რომ ვდგავართ, ისეთი, ისეთი გემრიელი და საყვარელია, ადგილ-ადგილ გამობერილებით და ბევრი ნაკეცით. ქერა და ცისფერთვალებაა. რომ შემოგანათებს ამ თვალებს, გაგიღიმებს და ორ კბილს გამოგიჩენს, დამთავრებულია ყველაფერი – გამარჯვებულიც ხარ და საგზურიც მოპოვებული გაქვს (იცინიან). ყველა დედა ხომ გიჟდება თავის შვილზე და არც მე ვარ გამონაკლისი. ისე, ვასკა, შენც ცისფერთვალება შვილი გეყოლება.
– სავარაუდოდ, კი.
– მე რატომ მყავს, კაცმა არ იცის, მაგრამ, შენი შვილი დიდი, ცისფერი თვალებით რომ შემოგანათებს, მეტყველების უნარს დაკარგავ, დამიჯერე.
– რამეზე უარის თქმა დაგჭირდა მეორე შვილის გაჩენის გამო, რამე დათმე?
– გართობას თუ გულისხმობ – კი და ამაზე არც ვნერვიულობ. არსად არ დავდივარ საღამოობით. როგორც კი ვამთავრებ მუშაობას, სახლში გავრბივარ და ეს ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. არ მენანება, რომ სადმე წასვლის დრო არ მაქვს, არც ის, ადრე რომ ვიძინებ, რადგან შვიდზე უკვე ფეხზე ვართ. იმდენად აქტიური სამსახური მაქვს, არ ვიწყენ, ეს მივსებს გართობას. კლუბურ ცხოვრებას ნამდვილად არ მივტირი და არც არასდროს ვგიჟდებოდი. ეტყობა, ასაკმაც მოიტანა, რომ საერთოდ აღარ მიჩნდება მსგავსი სურვილები. ისეთია ახლა ჩემი ბიჭი, ისეთი პერიოდი აქვს, როდესაც ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობს, ახალს აკეთებს და არ მინდა, გამომეპაროს არც ერთი წუთი.
– უფროსი არ ეჭვიანობს?
– არა, გიჟდება თავის ძმაზე და უვლის.
– მესამეს როდის აპირებ?
– არ ვიცი... მაშინ, როცა...
– ანუ, გაგრძელება იქნება?
– აუცილებლად. და შენც გისურვებ, მალე შეგეგრძნოს ეს ბედნიერება.
– დიდი მადლობა. მინდა ბევრი შვილი. ჯერ ერთი, მერე – ორი, სამი, ოთხი და ხუთიც.
– თავიდან ოთხი შვილი მინდოდა – ორი გოგო და ორი ბიჭი. ორი ბიჭი მყავს და, მერე რა იქნება, ვნახოთ.
– მშვენიერი გეზი გაქვს აღებული და, ისევე როგორც ყველაფერში, დარწმუნებული ვარ, მეუღლე ამაშიც აგყვება და კარგი შედეგები გექნებათ.
– მეც დარწმუნებული ვარ.