რა ქონება არ გაუნაწილა ერეკლე მეორემ უფლისწულებს და რატომ მიიჩნევდა ექვთიმე თაყაიშვილი ერეკლე მეორის ანდერძს ნაყალბევად
დღემდე ისტორიკოსთა არაერთგვაროვან შეფასებას იწვევს ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის გადაწყვეტილება ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლისა და უფლისწულებს შორის სამფლობელოების განაწილების შესახებ. ესაა ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიის უმნიშვნელოვანესი საკითხი. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– ბატონო ვახტანგ, რამ განაპირობა ისტორიკოსთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ერეკლე მეორის ანდერძისადმი?
– 1899 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა პირველად გამოაქვეყნა მეტად საყურადღებო დოკუმენტი: „განწესებანი საქართველოს მეფის ირაკლისანი ძეთა თვისთადმი სამეფოისათვის საქართველოისა”. ეს დოკუმენტი შემდგომში ერეკლე მეორის ანდერძის სახელით გახდა ცნობილი. ექვთიმე თაყაიშვილს ხელთ არ ჰქონია დოკუმენტის დედანი, ანუ დოკუმენტი, რომელზეც იქნებოდა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის ხელრთვა (ხელმოწერა) და მეფის ბეჭედი. ამიტომ იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა ერეკლე მეორის ანდერძი ნაყალბევად მიიჩნია, თუმცა 21 წლის შემდეგ მეცნიერმა თვითონვე უარყო თავისი შეხედულება.
– რამ განაპირობა ეჭვის შეტანა ანდერძის ნამდვილობაში?
– ირკვევა, რომ ერეკლეს ანდერძი 1791 წელს უნდა ყოფილიყო შედგენილი. დღემდე კი მოღწეულია ამ დოკუმენტის მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც ერეკლეს შვილებს 1799 წლის 15 ნოემბერს, ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, შეუდგენიათ ანდერძის ასლის საფუძველზე, ანუ, ანდერძის ტექსტი აღუდგენიათ. სწორედ ამან წარმოშვა ეჭვი, რომ ერეკლე მეორის ანდერძი, შესაძლოა, ნაყალბევი ყოფილიყო.
– რაში დასჭირდათ ბატონიშვილებს ანდერძის აღდგენა?
– ბატონიშვილების მიერ 1799 წლის 15 ნოემბერს შედგენილი, უფრო სწორად, აღდგენილი ანდერძის ტექსტს წამძღვარებული აქვს მცირე შესავალი, რომლიდანაც ირკვევა შემდეგი: 1791 წელს ერეკლეს იმ დროს არსებული ყველა წესის დაცვით შეუდგენია „განწესებანი საქართველოს მეფის ირაკლისანი ძეთა თვისთადმი სამეფოისათვის საქართველოისა”, ანუ ანდერძი. არსებული წესის თანახმად, ანდერძი თბილისში, სამეფო სასახლეში ინახებოდა. როგორც ბატონიშვილები აღნიშნავენ, ანდერძის დედანი განადგურებულა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის მიერ სამეფო სასახლის გადაწვის დროს. ისინი იუწყებიან, რომ მიუკვლევიათ ანდერძის დედნის ასლისთვის. ცნობილი არ არის, ჰქონდა თუ არა ამ ასლს ერეკლე მეორის ხელრთვა და ბეჭდები. ბატონიშვილები მხოლოდ იმას იუწყებიან, რომ დოკუმენტი იყო „სარწმუნო პირი” (ასლი), რომელსაც ალაგ-ალაგ ჰქონდა ერეკლე მეორის ხელით შესრულებული დამატებები. რატომ გადაწყვიტა ერეკლემ უკვე დამტკიცებულ ანდერძში დამატებების შეტანა, ამის შესახებ ბატონიშვილები არაფერს იუწყებიან. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ბატონიშვილების მიერ ნაპოვნი ის სარწმუნო პირიც (ასლიც) კი არ არის ცნობილი. ჩვენ მხოლოდ 1799 წელს ამ პირის (ასლის) საფუძველზე შედგენილი, უფრო ზუსტად, განახლებული ანდერძის ტექსტი მოგვეპოვება.
– საბოლოოდ, გადაჭრილია თუ არა ერეკლე მეორის ანდერძის ნამდვილობის საკითხი?
– ექვთიმე თაყაიშვილი, დიდი მეცნიერი, წყაროთმცოდნე იყო. ამიტომ, მის მიერ 1920 წელს გამოთქმული მოსაზრების უარყოფა ადვილი საქმე არ არის. თაყაიშვილის აზრი შემდგომში მრავალმა ცნობილმა მეცნიერმა გაიზიარა. მიუხედავად ამისა, რადგან ანდერძის დედანი არ არსებობს, ეჭვის საფუძველიც რჩება. ამ შემთხვევაში, ანდერძის ნამდვილობის დასამტკიცებლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ბატონიშვილების მიერ განახლებული ანდერძის შინაარსს. ამ შინაარსის მიხედვით, პირადად მე ვასკვნი, რომ ერეკლეს ასეთი შინაარსის ანდერძი შეიძლებოდა, დაეწერა. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეჭვის საფუძველი მაინც რჩება.
– რაში მდგომარეობს აღნიშნული ანდერძის შინაარსი?
– ერეკლე მეორის ანდერძში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ, ჩვეულებრივ, გამოყოფენ ორ მთავარს: ტახტის მემკვიდრეობის ტადიციული წესის შეცვლას და ბატონიშვილებს შორის სამფლობელოების განაწილებას. ანდერძის მიხედვით, მეფობა გადავიდა არა მამიდან უფროს შვილზე (გარდაცვლილი მეფის უფროს ვაჟზე), არამედ, ძმიდან ძმაზე (გარდაცვლილი მეფის ძმებიდან ასაკით უფროსზე). კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ერეკლე მეორის უფროსი ვაჟის, გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდოდა არა გიორგის უფროსი ძე – დავითი, არამედ, ერეკლეს ვაჟებს შორის ასაკით გიორგის მომდევნო, ანუ, ძმებს შორის ყველაზე უფროსი. ასეთი კი ერეკლე მეორისა და დარეჯან დედოფლის ვაჟი იულონი იყო. ეს ბუნებრივად ბადებს ეჭვს იმის შესახებ, რომ ერეკლე მეორის მიერ ანდერძის შედგენა დედოფალ დარეჯანის ინიციატივა შეიძლებოდა, ყოფილიყო.
– მით უმეტეს, ცნობილია, რომ დარეჯან დედოფალი მართლაც აქტიურად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში.
– მართალია. ტახტის მემკვიდრეობის ტრადიციული წესი რომ არ შეცვლილიყო, დარეჯანის შვილებიდან ვერც ერთი ვერ ეღირსებოდა მეფობას და იმეფებდა გიორგი მეთორმეტის შთამომავლობა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის ანდერძი მაინცადამაინც დარეჯან დედოფლის ზეგავლენით იქნებოდა შედგენილი. თითქოს ერეკლე მეორე გრძნობდა, რომ ანდერძით უკმაყოფილონი ეჭვს დარეჯან დედოფალზე მიიტანდნენ. ამიტომ იყო, რომ მეფე ანდერძის ერთ-ერთ მუხლში საგანგებოდ აღნიშნავს: ანდერძი ჩემი გონების კარნახით დავწერე, არავისაგან რჩევა არ მიმიღია, არც არავის აზრი გამითვალისწინებიაო. ცხადია, ერეკლე მეორემ კარგად იცოდა, რომ ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლა ძალზე სათუთი საკითხი იყო და ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა პირადად მას უნდა აეღო. ამიტომაა, რომ, ჩემი აზრით, მეფე, დარეჯან დედოფალს კი არ არიდებს, არამედ, ღმერთისა და შთამომავლობის წინაშე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. ასეა, თუ ისე, ანდერძში შავით თეთრზე წერია: „ხან ერთმა ძმამ მიიღოს მეფობა და უფროსობა და ხან მეორემ”.
– როგორ ასაბუთებს ერეკლე მეორე ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლის აუცილებლობას?
– ამის დასაბუთება ადვილი არ იყო. თუმცა, ერეკლე მეორე ცდილობს, თავისი ეს ნაბიჯი გაამართლოს. მეფე წერს: მეფობა სულ უფროსი ძმის ხელში რომ იყოს და შემდგომშიც მეფეები სულ მისი შთამომავლები გახდნენ, დანარჩენი ძმები და მათი შვილები უფროსი ძმის (მეფის) „ყმანი შეიქმნებიან და ეს დიდი უსამართლობა არის.”
როგორც ვხედავთ, ერეკლე უფლისწულთა თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან ამოდის, რაც საქართველოსთვის უცხო იყო. მიუხედავად ამისა, მეფე ერეკლე აღნიშნავს, რომ საქართველოში ძმიდან ძმაზე მეფობის გადასვლა უცხო სულაც არ იყოო და ამის შესახებ „საქართველოს მოთხრობის წიგნებშიაც გვიწერია”. ცხადია, მეფე ქართულ მატიანეებსა და კიდევ სხვა ისტორიულ წყაროებს გულისხმობს, მაგრამ, კონკრეტულად რა იგულისხმება, „საქართველოს მოთხრობის წიგნებში”, ძნელი სათქმელია, რადგან, იშვიათი შემთხვევის გარდა, ტრადიციულად, მეფობა საქართველოში მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა.
– რა შედეგები გამოიღო ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლამ?
– ერეკლე მეორემ, მართალია, ტახტის მემკვიდრეობის ტრადიციული წესი დაარღვია, მაგრამ მისი შვილებისთვის მეფის ნება კანონი იყო. ამაზე მტყველებს 1797 წლის 8 დეკემბერს შედგენილი ერთი დოკუმენტი – პირობის წიგნი გიორგი ბატონიშვილისა იულონ და ალმასხან ბატონიშვილებისადმი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ. საყურადღებოა ის, რომ ამ დროისთვის ერეკლე მეორე უკვე მძიმედ იყო ავად. ანუ შორს არ იყო ის დრო, როდესაც 1791 წელს მეფის მიერ შედგენილ ანდერძს (ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლას) პრაქტიკული მნიშვნელობა მიენიჭებოდა. ცხადია, ერეკლეს უფროს ვაჟს, გიორგის, ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლა ხელს არ აძლევდა, რადგან მის შემდეგ მისი ძე, დავითი, ვერ იმეფებდა. სამაგიეროდ, ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესი სასურველი იყო ერეკლესა და დარეჯან დედოფლის ვაჟის – იულონისათვის. მიუხედავად ამისა, გიორგი ერეკლეს ძემ მამის ანდერძის დარღვევა არ იკადრა და ძმებს – იულონსა და ალმასხანს, მძიმე ავადმყოფი მამის სიცოცხლეში მისცა ანდერძის დაცვის პირობა. გიორგი ბატონიშვილის პირობის წიგნში აღნიშნულია: „საქართველოს მეფობა უფროს-უმცროსობით ჩამორიგებით იყოს ძმებზედ.” გიორგი მეთორმეტის პირობის წიგნი იმის სასარგებლოდ მეტყვველებს, რომ 1791 წელს ერეკლემ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი.
– როგორია ერეკლე მეორის ანდერძის ის ნაწილი, რომელიც უფლისწულებს შორის სამფლობელოების განაწილებას ეხება?
– საინტერესოა, რომ ერეკლე, ამ შემთხვევაშიც, თითქოს, თავს იმართლებს: უფლისწულებს შორის სამფლობელოები რომ არ გამენაწილებინა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, შეიძლებოდა ძმებს შორის სამფლობელოების განაწილებისას, უკმაყოფილება ჩამოვარდნილიყო, ქვეყანაში შფოთი და არეულობა დაწყებულიყოო. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლემ უფლისწულებს შორის სამფლობელოები გამიჯნა, იგი შვილებს ერთობისა და თანხმობისკენ მოუწოდებს და ამისთვის გარკვეულ საფუძველსაც ქმნის. ანდერძში აღნიშნულია, რომ სამეფოს სამი კარის ეკლესია აქვს – თბილისში, თელავსა და გორში. ეს ეკლესიები არც ერთი ძმის საკუთრებას არ წარმოადგენდა. „ეკლესიანი ყველა ძმებისა საერთო არის”, – ვკითხულობთ ანდერძში. მეფე იმასაც კი აღნიშნავს, რომ ყოველი საუფლო დღე, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ არის, ძმებმა ერთად იდღესასწაულონო. ანდერძში, ასევე, აღნიშნულია, რომ თბილისის (ნარიყალას), გორის, სურამის, წირქოლის, ანანურის, ბოჭორმისა და გრემის ციხეებში უფლისწულთა საერთო ჯარი უნდა ეყენოს და ამ ციხეების დაცვა და მოვლა-პატრონობაც მათი საერთო საქმე უნდა ყოფილიყო. დანარჩენი ქონება ბატონიშვილებს შეეძლოთ, დამოუკიდებლად განეკარგათ.
– რა უარყოფითი შედეგები გამოიღო ერეკლე მეორის ანდერძმა ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლის შესახებ?
– შედეგი შეიძლებოდა, ძალზე უარყოფითი ყოფილიყო, მაგრამ, პრაქტიკულად, ტახტის მემკვიდრეობის ახალ წესს არ უმოქმედია. 1798 წელს გარდაიცვალა ერეკლე მეორე. ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი – გიორგი მეთორმეტე, რომელიც 1800 წელს გარდაიცვალა. გიორგი მეორმეტე იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. რუსებმა გიორგის შემდგომი მონარქის ტახტზე ასვლა აღარ დაუშვეს, ანუ, ვერ იმეფა ვერც გიორგის ვაჟმა დავითმა და ვერც ერეკლეს მომდევნო ვაჟმა – იულონმა.
– რაც შეეხება უფლისწულებს შორის ქონების განაწილებას?
– ანდერძის ამ ნაწილის უარყოფითი შედეგები აშკარად დამღუპველი იყო. მოხდა ის, რასაც შიშობდა ერეკლე: სამფლობელოების განაწილებამ უფლისწულები ვერ გააერთიანა. პირიქით, ისინი თავიანთ სამფლობელოებში ჩაიკეტნენ და უამრავი პრობლემის წინაშე მდგარი გიორგი მეთორმეტე მარტოდმარტო დატოვეს, რაც კარგად გამოიყენეს რუსებმა.