რის გამო ჩააგდო შოკში „მწვანეთა პარტია” ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა და რამდენი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული მას იურისპრუდენციაში
ხორვატია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1991 წელს, იუგოსლავიის დანაწევრების შემდეგ ჩამოყალიბდა და 20 წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. 2009 წლიდან ხორვატია ნატოს წევრი სახელმწიფოა, ხოლო 2013 წლისთვის იგეგმება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ერთი წელია, რაც ამ ბალკანურ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – ივო იოსიპოვიჩი, რომელმაც ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ შეცვალა სტეპან მესიჩი – ადამიანი, რომელიც ხორვატიის პირველი პრეზიდენტის, ყველა ხორვატისთვის სათაყვანებელი პიროვნების, ფრანიო ტუჯმანის საქმის გამგრძელებელი იყო. ამდენად, დღევანდელი ხორვატიის ბედი ივო იოსიპოვიჩის ხელშია და „თბილისელების” ამ ნომერში მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს შემოგთავაზებთ.
* ივო იოსიპოვიჩი 1957 წლის 28 აგვისტოს, ზაგრებში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ, ფეხბურით და, მისი მეგობრების თქმით, საკმაოდ იმედისმომცემი მოთამაშეც გახლდათ. ფეხბურთით გატაცებამ არ შეუშალა ხელი ივოს და მან სწავლა განაგრძო ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც 1985 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო კრიმინალურ სამართალში. იოსიპოვიჩის იურიდიული სფეროსადმი ინტერესი მხოლოდ სწავლით არ შემოიფარგლა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან აკადემიური საქმიანობა განაგრძო.
* ივო იოსიპოვიჩი კითხულობდა ლექციებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების საკითხებზე, ადმინისტრაციულ სამართალსა და საერთაშორისო სისხლის სამართალში. იგი არა მარტო იუგოსლავიაში, არამედ, ევროპაშიც, აღიარებული იურიდიულ მეცნიერებათა ექსპერტი იყო, რომელსაც 80-იანი წლების შუა პერიოდიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იწვევდნენ ლექციების კურსის წასაკითხად. მას მიწვევები ჰქონდა პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრებიდან: იელის უნივერსიტეტიდან, მაქს პლანკის სახელობის ჰამბურგის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტიდან და გრაცის უნივერსიტეტიდან. 1994 წლამდე იოსიპოვიჩი იურიდიულ სფეროში გამოქვეყნებული 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.
* ივო იოსიპოვიჩის კიდევ ერთი გატაცება მუსიკაა. 1983 წელს მან ზაგრების მუსიკალური აკადემია დაამთავრა და პროფესიონალურ დონეზე დაკავდა მუსიკით. 1987-2004 წლებში იგი მუსიკალურ აკადემიაში კითხულობდა ლექციებს საკომპოზიტორო ხელოვნებაზე. 1991 წლიდან, პოლიტიკაში წასვლამდე, ივო სათავეში ედგა თანამედროვე კლასიკური მუსიკის ფესტივალს „მიუზიქ ბიენალე ზაგრებ”. იოსიპოვიჩი 50-მდე მუსიკალური ნაწარმოების ავტორია, რომელთაგან ერთ-ერთმა კომპოზიციამ – „სამბა ლა კამერამ”, 1985 წელს ევროპის საზოგადოებრივი კავშირის პრემია მიიღო. თანამედროვე მუსიკიდან ხორვატიის პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს U2-ს, „პინკ ფლოიდს“ და ფრედი მერკურის შემოქმედებას. ოცნებობს „ბითლზის” ცოცხლად დარჩენილ წევრებთან – პოლ მაკარტნისთან და რინგო სტართან ერთად ერთ სცენაზე დაუკრას. საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ივო ოპერის წერით იყო დაკავებული, რომელიც ჯონ ლენონის ხსოვნას მიუძღვნა.
* ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ივო იოსიპოვიჩი 11 კანდიდატს შორის ყველაზე ბუნდოვანი რეპუტაციით სარგებლობდა. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლისთვისაც არასდროს წაუყენებიათ ბრალი კორუფციაში და ამის გამო მას პრესაში „მისტერ სისუფთავეს” უწოდებდნენ. გარდა ამისა, მანამდე მუსიკოსსა და კომპოზიტორს არასდროს უცდია გაპრეზიდენტება ხორვატიაში, რაც ასევე საეჭვოდ მიაჩნდათ ბალკანეთში. ივოს თავისი საარჩევნო კამპანიის პერიოდში არც ერთი კანდიდატის მიმართ არ გამოუყენებია კომპორომატები და არც ერთხელ არ გაულანძღავს ისინი. და, ბოლოს, მისი ერთ-ერთი საარჩევნო სლოგანი ასეთი იყო: „ხორვატიის შესვლა ევროკავშირში აუცილებელი და საჭიროა, თუმცა, ჩემი აზრით, აჯობებს, ევროპა შემოვიდეს ხორვატიაში”.
* ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა ბოდიში მოუხადა ბოსნიას მისი სამშობლოს როლის გამო 90-იანი წლების კონფლიქტში. ბოსნიის პარლამენტში გამოსვლის დროს იოსიპოვიჩმა სინანულით აღნიშნა, რომ ბოსნიის ომში ზაგრების მონაწილეობა დიდი შეცდომა იყო და ამის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა: „ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დაშლა დიდი უბედურების მომტანი გახდა როგორც თავად ბოსნიისთვის, ასევე, დანარჩენი სახელმწიფოებისთვის”. აღსანიშნავია, რომ ივო იოსიპოვიჩი პირველი ხორვატი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც საჯაროდ დაგმო ზაგრების როლი ბოსნიურ კონფლიქტში.
* ხორვატიის „მწვანეთა პარტია“, და არა მარტო ისინი, სულ ახლახან შოკში ჩააგდო პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩის განცხადებამ, რომელიც უმალ ხუმრობად შეფასდა. იოსიპოვიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას გრძნობები აქვს კაქტუსებისა და ფიკუსების მიმართ. პრეზიდენტმა დააკონკრეტა კიდეც, რომ კაქტუსების მიმართ აქტიური, ხოლო ფიკუსების მიმართ პასიური ლტოლვა ამოძრავებს. მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ფიცი დადო, ივომ საჯაროდ განაცხადა, რომ ურჩევნია, იყოს აქტიური „კაქტუსი”, ვიდრე პასიური „ფიკუსი”. პრეზიდენტის ამ სიტყვების მნიშვნელობა პოლიტიკის ექსპერტებისთვის დღემდე გაუგებარია.
* ხორვატიის პრეზიდენტმა, ივო იოსიპოვიჩმა, ამერიკული ანიმაციური კომპანია „პიქსარის” გამოშვებული მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი – „დღე და ღამე” გაახმოვანა, რომელიც ანიმაციური ბლოკბასტერის – „სათამაშოების ისტორიის” მესამე ნაწილის ჩვენებამდე გაუშვეს კინოთეატრებში. პრეზიდენტი მთხრობელის როლში მოევლინა ხორვატ მაყურებელს და იმ შეუცნობელ საგნებზე გაამახვილა ყურადღება თავის ფრაზებში, რომელთა კვლევა მისი პოლიტიკური პროგრამის ნაწილია.
* ივო იოსიპოვიჩის მეუღლე – ტატიანა, იურისტია და ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ივო იოსიპოვიჩი აგნოსტიციზმის ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევარია და ეს ფაქტი საჯაროდ არის ცნობილი. იგი მთლიანად უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას, ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებას და უარყოფს შემეცნების რიგ სფეროებს.