„დიდი კაცების“ სამართალი
ანუ კოსმოსთან კავშირში
ჩვენს შეუქცევად ლტოლვას ტექნიკის ბოლო სიტყვისადმი არა მხოლოდ ელექტრომობილებისადმი მიდრეკილება ადასტურებს, არამედ ჩვენს საგადასახადო სისტემაში დანერგილი ნოვაციაც: პირველი აგვისტოდან საქართველოს მეწარმეებს GPRS სისტემის სალარო აპარატები დაურიგდებათ, როგორც ზემოთ აცხადებენ, უფასოდ; ხოლო, როგორც ქვემოთ – ფასიანად. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სალარო აპარტებით მუშაობა იმ მეწარმეებს მოუწევთ, რომელთა წლიური ბრუნვა 250 000 ლარს არ აღემატება. აპარატების მუშაობის თავისებურება ის არის, რომ თითოეული ქვითრის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ონლაინრეჟიმში მიიღებს.
უფრო ადრე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ 2011 წლის თებერვლიდან მოყოლებული ერთ-ერთი კომპანია 100 000 ერთეულ სალარო აპარატს ეტაპობრივად, ექვსი თვის განმავლობაში შემოიტანდა, ჯამურ ღირებულებად კი 13 300 000 აშშ დოლარი სახელდებოდა (ანუ თითოეული სალარო აპარატის ღირებულება 133 აშშ დოლარს უკაკუნებდა). ისიც ითქვა, რომ ეს კოსმოსთან კავშირში მყოფი აპარატები მეწარმეებს უფასოდ დაურიგდებოდათ.
იმის გამო, რომ ამ სალარო აპარატების შესახებ შემოსავლების სამსახური დამატებით კრინტსაც არ ძრავს, იძულებული ვართ, მეწარმეების ინფორმაციას დავეყრდნოთ. ამ უკანასკნელთა განმარტებით კი, უფასოდ წოდებული GPRS სისტემის სალარო აპარატების რეგისტრაცია თითოეულ მეწარმეს 290 ლარი დაუჯდება. ხოლო, თუკი ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მარტივ არითმეტიკულ ოპერაციას ჩავატარებთ, გამოდის, რომ მეწარმეს 133 აშშ დოლარად (ამჟამინდელი კურსით, 222 ლარად) ღირებული სალარო აპარატი გაცილებით მეტი დაუჯდება.
რთული წარმოსადგენია, შემოსავლების სამსახურში იმის იმედად იყვნენ, რომ წლიური 250 000-იანი ბრუნვის მქონე მოქალაქეები მიმატება-გამოკლების არითმეტიკულ ოპერაციებში მოიკოჭლებენ (ამიტომაც ვერ მიხვდებიან, რომ 290 ლარი არც უფასოა და არც 133 აშშ დოლარი), ხოლო, რაკი რთული წარმოსადგენია, ჩნდება ეჭვი, რომ ღრმად სწამთ, „პატარა კაცსა“ „დიდ კაცთან“ არც გასვლია და არც გაუვა მართალი.