ერთით მეტი, ერთით ნაკლები
„გერმანელი მოვიდა, მათხოვარი გერმანელი“
შესაძლოა, იმიტომაც შეუცნობია ცხოვრების გზანი, ირანის მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას აგერ უკვე რამდენიმე თვეა, ლტოლვილის სტატუსს სთხოვს. ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო (ან, სულაც, იმიტომ, რომ ირანთან ისე თბილად და უვიზოდ ვართ, წარსული წყენა სულ დაგვავიწყდა), ირანის მოქალაქე სტატუსს ვერ იღებს. ხოლო, რადგან ვერ იღებს, მშრალი შიმშილობაც გამოაცხადა. მის უფლებებს „მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი“ იცავს. ამ უკანასკნელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, რაკი ირანელმა ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
თუ თავად ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს ვერწმუნებით, მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს: არ დააბრუნონ სამშობლოში, სადაც მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. კერძოდ, ისმაილ ზადე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან იღებდა მონაწილეობას ანტისახელისუფლო მიტინგებსა და გამოსვლებში, რის შემდეგაც ირანის ხელისუფლებამ მისი და მისი ოჯახის დევნა დაიწყო. თავშესაფრის თხოვნით ირანის მოქალაქეს თავდაპირველად სომხეთისთვის მიუმართავს, მაგრამ სომხეთს უარი უთქვამს (თავად ირანელი ამას სომხურ-ირანული თბილი ურთიერთობით ხსნის) და სწორედ ამის შემდეგ ჩამოსულა არალეგალურად საქართველოში. მართალია, ირანთან ჩვენც არანაკლებ თბილი გრძნობები გვაკავშირებს (ჩვენ რა, ჩვენს ხელისუფლებას აკავშირებს), მაგრამ, ისიცაა, ერთით მეტი (თუნდაც, პოლიტიკური დევნილი იყოს), ერთით ნაკლები, ამ ჩვენს დევნილებით გადავსებულ ქვეყანას მატერიალურ ზიანს ვერ მიაყენებს. ხოლო, თუკი იმასაც გავიხსენებთ: „შენ არ იცი, რამხელა ამბავი მოხდა – გერმანელი მოვიდა, მათხოვარი გერმანელი და პური გვთხოვა“, იქნებ, მიგვეცა პოლიტიკური თავშესაფარი?!