გასკვანჩული ამწაპვნელები
ფასარეულები
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ შსს-ს ოპერატიული მასალები ჩვენივე ელმედიის საინფორმაციო გამოშვებების „თანამდევი უკვდავი სულია“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, სიუჟეტი)“. ჰოდა, რაკი არის, სწორედ ერთ-ერთი ასეთი „თანამდევი სიუჟეტიდან“ შევიტყვეთ, რომ იმ მცირე ზომის ბენზინგასამართი სადგურების მესვეურები გამოავლინეს, რომლებსაც ისე ჰქონდათ დამონტაჟებული საწვავის ჩასასხმელი მოწყობილობები, რომ მომხმარებლებს თითოეულ ათ ლიტრში 150, ჰა და ჰა, 200 გრამ საწვავს სწაპნიდნენ (ანუ ყოველ გადახდილ 23 ლარში 46 თეთრს ატყუებდნენ).
მართალია, ამ კონკრეტული გაყალბების შემკვეთებიც და შემსრულებლებიც უკვე გაისკვანჩნენ (იმ მარტივი ლოგიკით, რომ ნემსისა და აქლემის ქურდები არ განირჩევიან), თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა (დიდისა თუ პატარის) ბენზინგასამართი სადგურის შემოწმება იგეგმება (ბუნებრივია, იმის გამოსავლენად, ბრენდებად წოდებული ჩვენი მსხვილ-მსხვილი ნავთობიმპორტიორებიც ხომ არ აყოლებენ ხოლმე თითოეულ 10-10 ლიტრზე 150-150 გრამს). სავსებით ბუნებრივია (რაკი საწვავს ცეცხლი უკიდია), რომ ინიციატივა მისასალმებელი და, სხვათა შორის, იმედისმომცემია.
კვლავაც ფაქტებსა და ციფრებს მოვიშველიებ: უკვე მივეჩვიეთ, რომ ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებსა და მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს შორის პირდაპირპროპორციული კავშირი არ არსებობს, რასაც ნავთობიმპორტიორები იმით ხსნიან, რომ საწვავს შორიდან ეზიდებიან და ამის გამო მსოფლიო ბაზარზე ფასის კლებას ფეხს ვერ უწყობენ (სანამ ძვირად ნაყიდს არ გაყიდიან). თუმცა, გაძვირებისთვის ფეხის (უფრო ზუსტად, ჯიბის) შესაწყობად იაფად ნაყიდის იაფადვე გაყიდვის აზრით არც არასდროს განათებიათ გონება (შესაძლოა, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ფული, მართალია, ჯოჯოხეთს ანათებს, მაგრამ აი, გონებას კი აბნელებს). ოღონდ, ეს მაინც არ არის მთავარი, რადგან იბადება რიტორიკული კითხვა: თუ გავიხსენებთ, რომ „სოკარი“ ყურისძირიდან, მაგალითად, „ვისოლი“ კი ევროპიდან ეზიდება საწვავს (როგორც თავად აცხადებენ), ერთნაირ ფასს როგორ აჯენენ?
იქნებ ჩვენთვისაც ესწავლებინათ ეს ფოკუსი?!