როცა ერთი სამია და პირიქით
„ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეს, ტყენი მდინარეს“
საქართველოს აბონენტებისთვის ერთიანი ადმინისტრირების პროცესი მომრგვალდა და ამიერიდან გადასახდელებს შორის ისეთივე იდილიაა, როგორიც ვაჟას სამყაროში: წყალი შუქს ჰმონებს, ისევე, როგორც დასუფთავება. პირადად მე ამ ხელოვნური იდილიის არსს ვერ ჩავწვდი (შესაძლოა, იმიტომაც, რომ პატიოსანი გვამისთვის დამახასიათებელი ვერც ერთი ნიშან-თვისებით ვერ გამოვირჩევი), მაგრამ, ვინც ჩაწვდა, გადასახდელების ამოღებაც გაიმარტივა. მეორე მხრივ, მართალია, ქვითარი ერთიანია, სამაგიეროდ, საკომისიოებია სამმაგი (თუ რატომ, ამის ახსნით თავს არავინ იწუხებს), მიუხედავად იმისა, რომ, ლოგიკურად, რაც ერთია (ქვითარი), ის სამი ვერ იქნება (50-50-თეთრიანი საკომისიო შუქის, დასუფთავებისა და წყლის გადასახდელის დაფარვისას). იქნება თუ ვერა, მაინც არის.
მეორე მხრივ, გადასახდელების მიღების ადგილები, ძირითადად, ბანკებია, რომელთა სუფთა მოგებები ამ არცთუ მრავალრიცხოვან და არცთუ მდიდარ ქვეყანაში (არცთუს ვამბობ, თორემ, სტატუსით, ანუ სინამდვილეში პირწავარდნილი განვითარებადია) ფრიად შთამბეჭდავია.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ბანკების 2011 წლის პირველი ნახევრის სუფთა მოგების მაჩვენებლები შემდეგნაირია: პირველ ადგილზე „თი ბი სია“ (2011 წლის ექვსი თვის სუფთა მოგება – 45 მილიონი), მეორეზე – „საქართველოს ბანკი“ (2011 წლის ექვსი თვის სუფთა მოგება – 37 მილიონი), მესამეზე „ვი თი ბიმ“ აინაცვლა (2011 წლის ექვსი თვის სუფთა მოგება – 14 მილიონ 600 ათასი), მეოთხეზე კი „ქართუმ“ ჩამოინაცვლა (2011 წლის ექვსი თვის სუფთა მოგება – 11 მილიონი).
იმავე ინფორმაციით, ზემომოყვანილი მაჩვენებლები იმით იხსნება, რომ ბანკებს შნო და მარიფათი გამოუჩენიათ. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში კრედიტების საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალია, ბიზნესის დაწყება-განვითარება გამორიცხულია (ყოველ შემთხვევაში, ექსპერტების დამაჯერებელი მტკიცებით), სავარაუდოა, რომ ბანკების შემოსავლების საკმაო წილი გადასახდელებისა და ჯარიმებიდან მიღებულ საკომისიოებზე მოდის (თანაც რისკი ნულოვანია).
ისე, ცოტა რუხი ნივთიერებაც რომ გაენძრიათ, არც მათ აწყენდათ, არც ჩვენ, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ქარის მოტანილს, ქარივე წაიღებს.