რის გამო მოუწია ობამას ნიკა არაბიძესთან მობოდიშება და რატომ არ მოეწონა მას „კარენოი” ამერიკელი ქალები
ნიკა არაბიძე „კომედი შოუს” მსახიობ ბიჭებთან ერთად ამერიკაში გახლდათ იქ მცხოვრები ემიგრანტების მიწვევით. ამ ქვეყნის მიწაზე ნიკამ პირველად დადგა ფეხი და, როგორც თავად ამბობს, ამერიკაში ჩასულს, ქუთაისში ეგონა თავი. თუ როგორ აღმოჩნდა ის შორეულ ამერიკაში რესტორან „ბაქოში”, სად იცეკვა მან მთელი ღამე ქართულ სიმღერებზე და რატომ უწევდა შოპინგებზე „რეპეტეებით” სირბილი, ამაზე თავად მოგვიყვება.
ნიკა არაბიძე: ნიუ-იორკში გაიხსნა ქართული ეკლესია და ქართველმა ემიგრანტებმა მიგვიწვიეს „კომედი შოუს” ბიჭები, ჯგუფი „შინი” და ბევრი სხვა წარმატებული ადამიანი. მოკლედ, გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა და ბედნიერი ვარ, იქ მეც რომ აღმოვჩნდი.
– კი მაგრამ, „კომედი შოუში” მხოლოდ ბიჭები ხომ არ გყავთ, ქალებმა რა დააშავეს?
– გოგონები არ იყვნენ ღირსები და იმიტომ (იცინის). მე ქალი ვიცი სახლში, წინსაფარაფარებული და ცომიანი ხელებით, და არა ამერიკაში.
– თავის დროზე გურულებმა გადარიეს ამერიკა. თქვენ რით მოახერხეთ მათი გულის დაპყრობა?
– მართალია, ამერიკაში ამერიკელების გადარევა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ, ქართველი ემიგრანტების სიყვარული რომ დავიმსახურეთ, ამაში ვერავინ შემედავება. ისეთი ემოციური შეხვედრები გვქონდა ათი დღის განმავლობაში, ახლაც რომ მახსენდება, ცრემლს ვერ ვიკავებ. ბრუკლინში ვცხოვრობდი, ბატონო, ეგრე კი არ არის საქმე.
– ქუთაისიდან ჩამოსულმა ძლივს გაიარე აკლიმატიზაცია და ამერიკის ჰავამ როგორ იმოქმედა შენზე?
– აკლიმატიზაციაც კარგად გავიარე და არც ამერიკელებს შევუწუხებივარ მაინცდამაინც (იცინის). სხვათა შორის, იცით, რა გამიკვირდა? ბრუკლინში რუსული თუ იცი, არ გაგიჭირდება. სასტუმროს ფანჯრიდან რომ ვიხედებოდი, ვკითხულობდი აბრაზე წარწერებს: „აპტეკა”, „გლაზნოი ვრაჩ” და ასე შემდეგ. ასე რომ, არ გამჭირვებია. პატარა რუსეთი აღმოვაჩინე ამერიკაში და, იმედია, ამ აღმოჩენის გამო ისტორიაში მეც შევალ, მიკლუხო მაკლაიზე ნაკლები რითი ვარ, ბოლოს და ბოლოს (იცინის)!
– თუ ასეა საქმე, მაშინ, ეჭვი მაქვს, „ნატაშების“ პოვნაც არ იქნებოდა რთული. არ მეთანხმები?
– ახლა, ნატაშები თუ გინდა კაცს, უკრაინაში ან რუსეთში უნდა წახვიდე, ამერიკაში უფრო სხვა რამე მაინტერესებდა. ნატაშებიც კი იყვნენ, მაგრამ, რა დროს ქალი იყო, პირველად ვიყავი ამ ქვეყანაში და, ვიფიქრე, ჯობია, თვალები დავაჭყიტო, აქეთ-იქით გავიხედო, მეორედ აქ როდისღა ჩამოვალ და, იქნებ, დავიმახსოვრო-მეთქი. (იცინის). არადა, ორი დღის განმავლობაში ამერიკელი ვერ ვნახე და ვიხვეწებოდი: დამანახეთ, ხალხნო, აქაური ვინმე! სად ვარ, რა რჯულში გამაგებინეთ მაინც, ისევ ქუთაისში მგონია თავი-მეთქი.
– ეგ რას ნიშნავს, იქნებ დააკონკრეტო?
– რას და, თურქეთიდან ჩავედით ამერიკაში და 12 საათი ვიფრინეთ. სასტუმროში რომ შევედით დაღლილები და ვიფიქრეთ, ახლა ცოტას დავისვენებთო, ვინ დაგვასვენა! გავიხედეთ, ვიღაც კაცი გამოქანდა ჩვენკენ ხელებგაშლილი, ყვირილით – ამას ვის ხედავს ჩემი თვალებიო. თან, სასტუმროში მექსიკელები დაგვხვდნენ დასაბინავებლად. ის კაცი კი ქუთაისელი იყო. გვითხრა, წავედით ახლა რესტორანშიო და უარს მიიღებდა? ამ გაგანია ნიუ-იორკში რესტორან „ბაქოში” არ ამოგვაყოფინა თავი?! იქით აზერბაიჯანელები ქეიფობდნენ, აქეთ – ქუთაისელები დავსხედით. სიმღერებს არ იკითხავთ? რომ დაიწყეს რუსული ესტრადით, ქართული პოპურით დაასრულეს. რომ წამოვხტი... სულ დავლური დავუარე. აქ თავს უფლებას ვერ მივცემ, ასე მოვიქცე, მაგრამ, იქ ვინ მიცნობდა? თუ გინდა თავდაყირა დადექი, ვინ მოგაქცევს ყურადღებას? მერე, იქაურმა ქართველებმა რომ გაიგეს, ჩვენ იქ ვისხედით, მოგვადგნენ და აგვყარეს – ახლა ჩვენ უნდა წამოგვყვეთ, შეკვეთილი გვაქვს რესტორანში მენიუო. ახლა იმათ გავყევით – უარს ხომ ვერ ვაკადრებდით და, ამოვყავით თავი რესტორან „ფიროსმანში”. ორი დღე გადაბმულად ვიქეიფეთ. ვყვიროდი: აღარ მინდა მწვადი, ხაჭაპური, „ნაბეღლავი” და „ბორჯომი”, წამოდით, კაცო, მანჰეტენზე გამატარეთ, ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი მაჭამეთ, აქაური „კოკა-კოლა“ დამალევინეთ-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, დავაღწიეთ თავი ქართველებს და შევესიეთ ამერიკას კარგი ნაჭამ-ნასვამი. დღე-ღამეში სამი-ოთხი საათი გვეძინა, მაგრამ, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის დათვალიერებაც მოვასწარით და კარგადაც დავისვენეთ.
– თეთრ სახლშიც ხომ არ გქონდათ მიპატიჟება, როგორც განსაკუთრებულ ტურისტებს?
– თეთრ სახლში კი შემიპატიჟეს, მაგრამ, არ შევსულვარ. ობამამ პირადად დამირეკა და მომიბოდიშა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავი გასული და ვერ დაგხვდი, თორემ, კი იცი, როგორ გამიხარდებოდა შენი ჩამოსვლა, ნახვა და ჩაჭუკჭუკებაო.
– არ იშოპინგე?
– უი, მაგას ნუ გამახსენებთ ოღონდ... არადა, იქიდან ჩამოსულს, ოჯახის წევრები და მეგობრები რომ გეტყვიან, რა ჩამოგვიტანეო, ხომ არ დადგები ჯიბეში ხელებჩაწყობილი? აქ ჩემი საყიდლები ცოლს გადავაბარე, მაგრამ, ამერიკაში ვინ გამეგზავნა? წავედი, ვიარე მთელი დღე მაღაზიებში და, რომ გამოვედი, მივხვდი, არაფერი მაქვს ნაყიდი. ამეშალა ნერვები და დავბრუნდი ასე გატლეკილი სასტუმროში. მეორე დღეს ფსიქოლოგიურად მოვემზადე, დავირაზმე და ისევ შევესიე მაღაზიებს. მერე კი ვიშოპინგე და ვიყიდე შემზადებულმა რაღაც-რაღაცეები. ასე რომ, გადავურჩი დახვრეტას (იცინის). სიმართლე გითხრათ, ამერიკული ცხოვრება არ მეუცხოვა. ჩვენც ნელ-ნელა გადავდივართ იმ წყობაზე. ყველა გადარბენაზეა, სადღაც ეჩქარება, დაკავებულია – ჩვენც ასე არ ვართ?! გენდობი და ერთ საიდუმლოს კი გაგანდობ.
– აბა, გისმენ.
– ხომ ამბობენ, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ხოდა, მე ამერიკული ქუდი არ დამიხურავს, არ მომერგო (იცინის). კი ვფიქრობდი, ამ ზაფხულს ამერიკაში წავალ დასასვენებლად ოჯახთან ერთად-მეთქი, მაგრამ, რომ გამოვთვალე, ნამეტანი ძვირი სიამოვნება გამომივიდოდა და ამიტომ გავჩერდი. კი წავიდოდი, მაგრამ, მერე მთელი წელი უნდა ვიხადო ბანკის ვალები და ამას ავიტან მე? (იცინის). ისევ სამშობლოში მირჩევნია, დავისვენო. მომავალში კიდევ არის პერსპექტივაში ამერიკაში წასვლა და, აი, მაშინ შევესევით ბიჭები და საფუძვლიანად ავითვისებთ ამ ქვეყანას, მანამდე ნანახს დავჯერდებით (იცინის).
– ისე, დავიჯერო, ქალისკენ არ გაგექცა თვალი?
– თვალი ისეთი ოხერია, ეს როგორ უარვყო? (იცინის). მაგრამ, მე თუ მკითხავ, „კარენოი” ამერიკელებით მაინცდამაინც ვერ მოვიხიბლე. აი, ჩამოსულებით, იცოცხლე – ისეთი მულატკები დადიოდნენ, მტრისას და ავისას! ნაჯვარი ქალები, ხომ მოგეხსენებათ, უფრო კარგები არიან. თან, ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა და, რაც გინდა, ჩაიცვი და დაიხურე; ან, თუ გინდა, არ ჩაიცვა და დაიხურო, ვინ გიყურებს ზედ. კი დავიჭიმებოდი ქუჩებში, მაგრამ, არც ქალებს შემოუხედავთ ჩემთვის და კი გამიკვირდა (იცინის). იცით ახლა რას მივხვდი? ეტყობა, მეც რომ ჩამოსული ვიყავი, ამიტომ მომეწონა ისინი (იცინის).
– ღამის კლუბში არ „გააჯაზე”?
– რას ამბობ! იქ ამ მხრივ შეზღუდვებია, რაც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მაგალითად, არ შეიძლება ღამის კლუბში დისკოთეკაზე ბოტასებით შესვლა. გეკითხებით ახლა თქვენ, აბა, ცეკვა რომ მინდა ამხელა კაცს, რა, ტუფლებითა და ქუსლებზე შემდგარმა ვიკაკუნო? არ მინდა, ბატონო, ამერიკული ღამის კლუბი, ჩავიცვამ ჩემს ბოტასებს, შევალ აგერ, ჩვენთან, ღამის 3-4 საათზე კლუბში და „გავაჯაზებ” დილამდე, რა პრობლემაა!..