რომელი „მევახშის“ ვალი გაიყოლა საფლავში ოტია იოსელიანმა და რატომ ვერ ამოვიდა მწერალი მისი ვალიდან
კიდევ ერთმა ქართველმა მწერალმა დატოვა სამზეო, კიდევ ერთი რჩეული მამულიშვილი შეუერთდა მარადისობის წიაღს – განუმეორებელი ხიბლით აღბეჭდილი და უზარმაზარი სიყვარულით გარემოსილი პიროვნება – ოტია იოსელიანი. ასზე მეტ ენაზეა ნათარგმნი ბატონი ოტიას პიესები, რომანები, მოთხრობები და ანიმაციები. ოტია იოსელიანი გახლდათ უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, რომელმაც კიევის დრამატულ თეატრში, რეჟისორ მანიცთან ჩაატარა მასტერკლასი და საკუთარ სახლში ლიტერატურული თეატრი და სალონი დააარსა – აი, თურმე, რაოდენს ნიშნავს პერიფერიაში ოტიასებრი მწერლისა და პიროვნების დარჩენა. „აქ უკვე მხოლოდ სიტყვის ოსტატი კი არ ხარ, არამედ, მოღვაწე და მოძღვარი, ხევისბერი, სულიერების მნათე და ზნეობის მეციხოვნე“... – ასე აფასებდა ვახუშტი კოტეტიშვილი ოტიას დაბუდებას საკუთარ მიწა-წყალზე.
ღვთის კაცი იყო ოტია, ამიტომაც ამბობდა თამამად: „მე მორწმუნე ვარ და ჩემი ეკლესიის გუმბათზე ფრესკად საქართველოს რუკაა“.
მან მთელი ცხოვრების განმავლობაში ფუტკარივით აგროვა ქვეყნად მიმობნეული მადლი და უსაგზლა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. მისი თაობის მწერლები ოტიასთან, როგორც მწერალთან ურთიერთობით უფრო იყვნენ განებივრებულნი, ვიდრე, როგორც პიროვნებასთან, რადგან იშვიათად ჩნდებოდა მწერლურ „საფიხვნოებში“, პრეზენტაციებსა თუ შეხვედრებზე. ყველას აოცებდა, ბევრი თანამედროვისგან განსხვავებით, რატომ გაურბოდა მანქანებით გადაღლილ ქალაქს, „შავ „ვოლგასა“ და „რბილ სავარძელს“, დირექტორობასა და თავმჯდომარეობას, რატომ არჩია სოფლის ტალახი და ასე ჩვეულებრივ როგორ დააძმობილა თოხი და კალამი, წიგნი და წალდი, ქაღალდი და საწნახელი.
რატომ არ ცხოვრობდა ოტია დედაქალაქში სხვა თანამოკალმეების მსგავსად? ბევრჯერ მიფიქრია და მისთვისაც მიკითხავს. ოტია იოსელიანს თავისი ცხოვრების წესითაც და შემოქმედებითაც აქვს გაცემული პასუხი ამ კითხვაზე. მას მიაჩნდა, რომ ადამიანს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, იმ მიწის ვალი აქვს გასასტუმრებელი. თავის ერთ-ერთ ლექსში ბატონი ოტია ახსენებს ცინცინატუსს, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე ხუთასი წლის წინათ.
ცინცინატუსს გვიხატავს, როგორც ზნეობითა და თავმდაბლობით გამორჩეულ კაცს, რომელიც მაშინდელ რომში პრეზიდენტის ტოლი გახლდათ. როცა მან რომს აღუდგინა დაცემული გავლენა და ავტორიტეტი, დაჰკრა ფეხი და, ვალმოხდილმა, თავის სახლსა და სოფელს მიაშურა. როცა დაინახეს, რომ ცინცინატუსი იდგა ნახნავში და რგავდა ჭარხალს, განცვიფრებულებმა შეჰკადრეს: „ჭარხალს ხომ ყველა ბოგანო დარგავს?“ მან უპასუხა: „როგორ არ დარგავს, მაგრამ, ვინც დარგავს, მიწის ვალს იხდის თავისას, ჩემსას კი არა“.
ოტია იოსელიანის შემოქმედებითი პროცესი კაბინეტში ჯდომით არ შემოიფარგლებოდა, ის არხის გაყვანის დროსაც ქმნიდა თავის შედევრებს: ჯიბეში ედო ფანქარი და ფურცელი და, როგორც კი ღვთიური მუზა ეწვეოდა, დადებდა წერაქვს და წერას იწყებდა. ასე იქმნებოდა მისი რომანები და პიესები, მოთხრობები და ლექსები, რომლებიც უკვე ათტომეულად იქცა. დილა თუ შრომით არ დაიწყე, დილის მადლს ვერ იგრძნობო, – ამბობდა ოტია და გარშემო მყოფებსაც ასწავლიდა ალალი შრომის ფასს. შედევრები იქმნებოდა ძნის შეკვრაში, თიბვაში, თივის ზვინებად დადგმაში, არყის გამოხდის დროსაც.
„რასაც მოიმკი, ის უნდა მიიღო საზრდოდ, დაგვიბარა ღმერთმა: ოფლითა შენითა მოიპოვე პური არსობისა“. ამიტომაც, პროტესტს უცხადებდა ყველაფერ უცხოს. არ მიირთმევდა კანადიდან შემოტანილ ფქვილს და თავის მოყვანილ პურსა და მჭადს მიირთმევდა. საკუთარი ჭირნახულით უმასპინძლდებოდა სტუმარსაც.
ღვთისადმი სასოებით გულანთებული მწერალი თვითონ გახლდათ თავკაცი წყალტუბოს რაიონში ეკლესიის მშენებლობისა. ღვთისმოშიშობის სახმილის დანთება კი ბებიისგან მოსდევს.
ოტია იოსელიანი მიიჩნევდა, რომ მისი ხელიდან სხვა საქმენი უკეთ გამოდის, ვიდრე მწერლობა, თუმცა, როგორი მწერალი იყო ოტია იოსელიანი, იცის მკითხველმა. ისიც იცის, რომ ასეთი ეროვნული მწერლები, სამწუხაროდ, აღარ მოდიან – საკუთარ ფესვებთან მყარად მოჭიდება აღარავის უნდა.
ოტიას სახლში ყველაფერი მისი ნახელავია. ჭაღიც კი ბზის ფესვებისგან არის გაკეთებული, რომელიც დამშვენებულია მისი პიესების სახესიმბოლოებით (ურემი, ქვევრი). მას ჰყავდა ქართული ჯიშის ფუტკარი (გრძელნესტრიანი), თვითონაც მუშა-ფუტკარი იყო კარ-მიდამოსი.
შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ოტია იოსელიანს აქვს შექმნილი არაჩვეულებრივი ნახატები. თავისი ფერწერული ქმნილებებიდან გამორჩეულად უყვარდა „ჯაგლაგა ცხენი“, რომელსაც „მერანს“ ეძახდა და ადარებდა საკუთარ თავსა და თავის ბედკრულ სამშობლოს.
„ცხოვრება ხელჩართული ბრძოლაა და ვერავინ დაგსვამს თავისი მოგებული ომის სარდლად“, – ამბობს ერთ რომანში ოტია იოსელიანი. ეს ომი თავისივე დაკანონებული ათი მცნებით მოიგო ოტია იოსელიანმა. ალბათ, არ მიწყენს მისი ნათელი სული, ამ მცნებებს მკითხველსაც თუ გავანდობ.
ოტიას ათი მცნება:
1. ჯიხვმა თქვა: ჩემი რქების ზემოთ მარტო ღმერთი უნდა იყოსო.
2. სამშობლო ისეთი მევახშეა, ვერასოდეს მისი ვალიდან ვერ ამოხვალ.
3. თავისუფლება მონობაშიც თავისუფლებაა.
4. ერთგულებაა მოღალატის ერთგულებაც კი.
5. მტერსაც და მოყვარესაც პირში უძრახე.
6. შორს – ძლიერთაგან ამა ქვეყნისათა.
7. თუ არ ჰქმენი, არც ცოცხლობ, არც არსებობ.
8. არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია.
9. სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდე. დათმე – ეს იმას ნიშნავს, სამუდამოდ დაკარგე ის, რისთვისაც დათმე.
10. მე – ვუწყი მე.
პოეტები ასაკში რომ შედიან, ხშირად პროზაში გადაინაცვლებენ ხოლმე. ოტიასთან პირიქით მოხდა, „ლირიკული ინტერმეცცო“ პროზაში ვერდაოკებულს, სიბერეში მოასკდა გულზე, მეწყერივით წამლეკი პოეზია, თავისი აივნის ჩუქურთმასავით სევდამორეული ორნამენტებით. სამშობლო იყო ოტია იოსელიანის პოეზიის ლაიტმოტივი, საქართველოს დარდი წაიღო საფლავში.
ნათელში გამყოფოთ ზეციერმა, ამინ!