რამ ჩამოიყვანა 12 წლის წინ საქართველოდან წასული ლევან ციქურიშვილი სამშობლოში და ვინ დაუთმო მას ერთი დღით სამხედრო პოლიგონი, ჯავშანტექნიკა და სამხედროები
რეჟისორი ლევან ციქურიშვილი საქართველოდან შვედეთში ოჯახის წევრებთან ერთად, 15 წლის ასაკში წავიდა და მას შემდეგ სტოკჰოლმში ცხოვრობს. შვედური ცხოვრება მისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – მის ანგარიშზე დაახლოებით 40 მუსიკალური კლიპია და არც სამომავლოდ აპირებს გაჩერებას. ის თბილისში მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაბრუნდა, ისიც ორი დღით. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლევანის ვიზიტი კლიპის გადაღებებს უკავშირდებოდა, რომელიც სამხედრო ბაზაზე, ვაზიანში მიმდინარეობდა. როგორია მისი სტოკჰოლმური ცხოვრება და რა შეიცვალა მასში, როგორც პიროვნებაში ამ დროის განმავლობაში, ამის შესახებ მისი საუბრიდან შეიტყობთ.
ბევრი კლიპი გაქვს გადაღებული. რეჟისორობა შვედეთში დაიწყე?
– დიახ. აქ რომ ჩამოვედი სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომლის დამთავრების შემდეგ ლექტორად ვმუშაობდი და სტუდენტებს ვასწავლიდი, პარალელურად კი კლიპებსა და პატარა ფილმებს ვიღებდი. საქართველოში 12 წელი არ ვყოფილვარ და, საერთოდ, დიდხანს კონტაქტიც არ მქონდა. რამდენიმე წლის წინ მე, დათო ხუჯაძე და მისი პროდიუსერი გელა გოგოხია ერთმანეთს დავუკავშირდით და დათოს სამი კლიპი გადავუღე. კონტაქტი ამ წლების განმავლობაში მათ გარდა ქართველებთან ევროპაში არც მქონია. დათო და გელა რომ არ მყოლოდა, ახლაც ვერ ჩამოვიდოდი საქართველოში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მათი.
– ამ 12 წელიწადში თბილისში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სულ რამდენიმე დღით იყავი ჩამოსული კლიპის გადასაღებად. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება, როცა სამშობლოში დაბრუნდი?
– რა თქმა უნდა ვიზუალურად ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, თბილისი, როგორიც დავტოვე, ისევ ისეთია, რაც ძალიან კარგია.
– კლიპი, რომელსაც თბილისში, სამხედრო პოლიგონზე იღებდი, ვისთვის კეთდებოდა?
– მე და ჩემს სამ კოლეგას ორი პროექტი გვაქვს გაკეთებული: ერთი, რომელსაც ჰქვია Chromeo’s Winter, სადაც მე დიჯეი ვარ და მეორე არის ჯგუფი, სადაც ჩემი სამი კოლეგა წარმოადგენს ოფიციალურ სახეს, სახელწოდებით Tracker.
ეს ჯგუფის პირველი სიმღერაა, კლიპის გადაღება კი საქართველოში გადავწყვიტეთ და ერთ დღეში დავასრულეთ. ჩვენი გადაღების მენეჯერი, გიორგი რამიშვილი დაგვეხმარა და თავდაცვის სამინისტრომ ერთი დღით დაგვითმო ტერიტორია, ჯავშანტექნიკა და სამხედროები. რა თქმა უნდა, ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ. კლიპის პრემიერა 15 ქვეყანაში ერთდროულად გაკეთდება, საერთო ჯამში კი კლიპი, რომელიც თბილისში გადავიღეთ, 40 ქვეყანაში გავა, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც.
– კლიპის დასრულებას როდისთვის გეგმავთ?
– მაქსიმუმ, ორ თვეში.
– სულ რამდენი კლიპი გაქვს გადაღებული? ვიცი, რომ მათ შორის სამი – დათო ხუჯაძისაა.
– დათოს ორი კლიპი გადავუღე, მესამე კი რუს რეჟისორთან, კოსტია ჩერეპკოვთან ერთად გავაკეთე. სულ, მთლიანობაში, 40 კლიპი მაქვს გადაღებული. შვედურ ჯგუფებთან ვმუშაობ, ასევე, ცნობილ ევროპელ მომღერლებთან, რომლებსაც, როგორც ვიცი, საქართველოში არ იცნობენ. ისეთი ცნობილი, თქვენც რომ იცოდეთ არის მობი.
– ფოტოები ვნახე, სადაც უამრავი მსმენლის წინაშე დიჯეობდი. როგორც ვიცი, ფესტივალს 2 000 კაცი ესწრებოდა. რა ხდებოდა?
– 2 ივნისს სტოკჰოლმში „ჰაუსის“ არტისტების ფესტივალი – „სამერბორსთ“ ჩატარდა, რომელშიც დევიდ გუეტა, ერიკ პრიცი და კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა ჯგუფმაც დაუკრა, რაც პირველი იყო ჩვენთვის. ყველას მოეწონა და კრიტიკოსებისგანაც კარგი შეფასება დავიმსახურეთ.
– შვედეთში ვისთან ერთად ცხოვრობ?
– მე აქ მყავს დედა, მამა, და და დისშვილი.
– დაოჯახებული არ ხარ?
– საქართველოში 20 წლის რომ გახდები, ცოლი უნდა მოიყვანო, აქ ასე არ არის.
– ამ ეტაპზე არ ხარ მზად ოჯახის შესაქმნელად?
– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. ვისაც ვიცნობ, ჩემთვის არავის უთქვამს, ცოლი მოვიყვანე და კიდევ ერთად ვართო. ყველა იმას მეუბნება, რომ ცოლს გაშორდა. ამ ეტაპზე მე არ მაქვს საკმარისი დრო კარგი ოჯახის შესაქმნელად. მე კი მინდა, ჩემი ოჯახისთვის ვიყო და არა ჩემი პროფესიისთვის. როცა ოჯახს შევქმნი, მინდა, ჩემს ცოლ-შვილთან ერთად ვიყო და ერთად ავაშენოთ ურთიერთობა. არ მინდა, 24 საათი სამსახურში ვიყო, ჩემი ცოლი კი ბავშვთან ერთად მარტო ოჯდეს, სარეცხს რეცხავდეს და საჭმელს აკეთებდეს. ასე რომ, ოჯახის შესაქმნელად ჯერ მზად ნამდვილად არ ვარ. არ მინდა ან ჩემი თავი დავიღუპო და ან სხვა დავღუპო.
– რამდენი წლის ხარ?
– ჯერ დრო მაქვს – 27 წლის ვარ, 50-ის კი არა. მყავს მეგობრები, რომლებიც 35-40 წლის არიან, ცხოვრობენ თავის „გერლფრენდებთან“ ერთად, მაგრამ დაქორწინებულები არ არიან. მეც ვცხოვრობ ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად ამჟამად, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან აუცილებლად ოჯახი უნდა შევქმნა. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ არის. თუ ძალიან არ დავუახლოვდი ადამიანს და ცოლი ისე მოვიყვანე, საიდან უნდა ვიცოდე, რომ სამ თვეში ან ერთი წლის შემდეგ კიდევ მოგვეწონება ერთმანეთი? ისე ნუ გაიგებთ, რომ ადამიანები აქ ცივები არიან ან მე გავცივდი, უბრალოდ, რეალურად უნდა შეხედო ამ საქმეს.
– როგორი მანდილოსნები მოგწონს?
– საქართველოდან რომ წამოვედი, საკმაოდ პატარა ვიყავი, ამიტომ, როგორი გოგონებიც შვედეთში არიან, ისეთები მომწონს.
– შეყვარებული ხშირად ყოფილხარ?
– კი, რა თქმა უნდა.
– როგორი შეყვარებული ხარ?
– საქართველოში სულ სხვანაირი ვიყავი, ერთი გოგო მიყვარდა პირველივე კლასიდან (იცინის). შეყვარებულობის პერიოდში, ისეთივე ვრჩები, როგორიც სხვა დროს ვარ. როცა „გერლფრენდი“ მყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ თავი ორივემ კომფორტულად ვიგრძნოთ.
– შვედეთი ცნობილია, როგორც მატრიარქალური ქვეყანა. ქართველი მამაკაცისთვის როგორია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?
– შვედეთში ქალები არ არიან ლიდერები, აქ უბრალოდ, იმდენივე უფლება აქვს ქალს, რამდენიც მამაკაცს, ანუ, განსხვავება არ არის. შეიძლება, საქართველოს გადმოსახედიდან ვინმეს ეგონოს, რომ აქ მატრიარქატია, მაგრამ, ასე ნამდვილად არ არის. აქ ქალსაც და კაცსაც თანაბარი უფლებები აქვთ. შვედეთში გოგონები პოლიციელებიც არიან, სპეცრაზმელებიც და ასე შემდეგ.
– ასეთი ფაქტები საქართველოშიც მრავლად არის.
– ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარების პროცესია, რაც შვედეთმა უკვე გაიარა.
– პოპულარული ხარ სტოკჰოლმში?
– გელა გოგოხიას (დათო ხუჯაძის პროდიუსერი, – ავტორი) დაურეკეთ და მას ჰკითხეთ, საკუთარ თავზე საუბარი ცოტა მიჭირს, ამიტომ, ჯობია ჩემს მეგობრებს ჰკითხოთ.
– მაშინ ის მითხარი, ადვილად შეძელი თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?
– ადვილი არსად არაფერი არ არის, კარიერის გაკეთება ყველგან ძნელია, მით უმეტეს – უცხო ქვეყანაში. ყველაფერს ნულიდან იწყებ და მაქსიმუმამდე ადიხარ.
– დასახულ მიზნებს ადვილად აღწევ?
– ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც მე მინდა, მაგრამ, რასაც გადავწყვეტ, შეიძლება იმის 30 პროცენტი გამოვიდეს – ეს შვედური გამოთქმაა. ანუ, რასაც ადამიანი ჩაიფიქრებს, შეიძლება, იმის 30 პროცენტი რეალობად იქცეს, რაც უკვე წარმატებას ნიშნავს და რითაც კმაყოფილი ვარ. ჯერ ის არ მიგრძნია, რომ, რასაც ვაკეთებ, სხვას არ მოსწონს. თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის კი ეს ამ ეტაპზე საკმარისია.
– რაც საქართველოდან წახვედი, დიდი დრო გავიდა, ფაქტობრივად, მანდ ჩამოყალიბდი ზრდასრულ ადამიანად. ქართული ხასიათიდან რა შემოგრჩა, რაც ყოველთვის გახსენებს შენს ქართველობას?
– რთული კითხვაა... ალბათ ყველაფერი, რადგან მე არაფერი დამვიწყებია. შეიძლება მანდ ვინც ცხოვრობს, მოეჩვენოს, რომ ქართველი აღარ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე არ არის, ეს მხოლოდ განვითარების პერიოდია. როგორიც მანდ ვიყავი, ისეთივე ვარ, არც ქართული წერა-კითხვა დამვიწყებია და არც ლაპარაკი; ყველაფერი ისევ ისე მიყვარს, როგორც ადრე მიყვარდა. უბრალოდ, აქ ჩემი ცხოვრება ისეთივე არ არის, როგორიც საქართველოში იყო.
– მართალია, ციქურიშვილი გავრცელებული გვარი არ არის, მაგრამ, გვარში კიდევ ერთი ცნობილი რეჟისორი გყავთ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნათესავები ხართ?
– პაატა ჩემი ბიძაშვილია, ერთად გავიზარდეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ, სადაც ვართ, საქართველო იქ კარგად წარმოვაჩინოთ – ეს, ალბათ, ყველა ადამიანის სურვილია.
– თბილისსა და თბილისელებს რას ეტყოდი?
– პირველ ყოვლისა, მინდა, ჩემს ახლობლებს და მეგობრებს ბოდიში მოვუხადო. თბილისში ორი დღით ვიყავი ჩამოსული და გადაღებების გამო, ერთი წამიც არ მქონდა იმისთვის, რომ ვინმეს შევხვედროდი. იმედია, შემდეგში რომ ჩამოვალ, მეტი დრო მექნება ყველას სანახავად.