რა შემთხვევაში ხდება ოთო ნემსაძე ძალიან ცუდი და აგრესიული და რატომ უჭირს მას საკუთარ თავთან ურთიერთობის დამყარება
როგორც ბევრი მომღერალი, ოთო ნემსაძეც ზაფხულში სხვადასხვა საქმით არის დაკავებული და თავის ერთგულ მსმენელს გემოვნებიანი სიმღერების შესრულებით ცხელ ზაფხულს „უგრილებს“.
ოთო ნემსაძე: აბანოთუბანში „ჯი-ემ-სის“ ვერანდა „ბოჰემა“ გაიხსნა და ჩემს ბენდთან ერთად იქ ვმღერი. ძალიან კარგი სიტუაციაა. ვისაც კარგი მუსიკის მოსმენა უნდა, შეუძლია, მოვიდეს. კი ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ, მე ვდავობ. ჩემი აზრით, ჩვენთან გემოვნებიანი მუსიკაა და, ვისაც გაგრილება, დასვენება და ძველი თბილისის ხედებით დატკბობა უნდა, შეუძლია, მოვიდეს პარასკევს, შაბათს და კვირას. მომწონს, სცენაზე რომ უნდა ავიდე, ვიმღერო. ყველაზე მეტად სიმღერა მსიამოვნებს და, უპირველეს ყოვლისა, ჩემი სიამოვნებისთვის ვემზადები. თან, როცა ბენდთან, ცოცხლად მღერი, ეს კიდევ უფრო დიდი სიამოვნებაა. თუმცა, ცოტა სხვანაირად წარმომედგინა ჩემი სამსახური, რადგან სპეციალობით მომღერალი არ ვარ. ახლა სხვა მიმართულებით ვმუშაობ, მაგრამ, რაც მთავარია, მომწონს. ამის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს.
– კლუბში სიმღერა დიდ სცენაზე სიმღერისგან ძალიან განსხვავდება.
– მიყვარს სალონური ტიპის საღამოები, როდესაც მომღერალსა და მსმენელს შორის ახლო კონტაქტი მყარდება და ამ დროს ვამბობ, რომ ის საღამო შედგა. ადამიანები ვართ, ყველას ჩვენი ხასიათი გვაქვს. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც არ გისმენს მსმენელი, ვერ იხსნება, ან, შენ ვერ ხარ შესაფერის განწყობაზე, საკუთარ თავსაც ვერ ასიამოვნებ ისე, როგორც გინდა. თუმცა, ასეთი რაღაცეები იშვიათად ხდება და საღამო არასდროს ჩავარდნილა.
– ყოველთვის ბოლომდე იხარჯები?
– ერთი დიდი პრობლემა მაქვს: რადგან მუსიკალური განათლება არ მიმიღია, რეპეტიციებზეც ვერ ვმღერი ნახევარი ხმით, მაგრამ, ამ ყელს არაფერი ემართება, არც სურდო მხვდება, არც ვცივდები და მშვენიერ ფორმაშია. საერთოდ არ ვუფრთხილდები, ჩემს ყელს არ აქვს აკრძალვები. როცა ვმღერი, მაშინ, არ ვიცი, ფიზიკურად რას ვაკეთებ, გონებაში ყველაფერი იკეტება. ფილარმონიის სცენაზეც ასე იყო. „თიბისი“ ოთახიდან წამოვიდოდი თუ არა, დავდგებოდი სცენაზე, ვგრძნობდი, თითქოს ჩემსა და მაყურებელს შორის რაღაც იყო ჩამოფარებული და საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი. მაგრამ, მათი მხრიდან ემოცია რომ მოდიოდა, ბოლომდე ვიხსნებოდი და მაყურებელთან კონტაქტში შევდიოდი, მეგონა, დარბაზში ვიჯექი... საოცარი შეგრძნებაა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
– სხვა საქმეშიც ასე ბოლომდე იხარჯები?
– ამ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არ არის, ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. ზოგჯერ მაქსიმუმზე მეტის კეთებაც მიწევს, რადგან, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.
– ყველაფერი იდეალური რომ იყოს, ალბათ, ცხოვრება კიდევ უფრო მოსაწყენი გახდებოდა.
– ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. თუმცა, მიმაჩნია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, მაინც არ მოვდუნდებოდი.
– ანუ, შენთვის რაღაცის მიღწევა, შედეგის მიღება ადვილად არ ხდება...
– ალბათ, მე ვარ რთული ადამიანი. მინდა ყველაფერში ბოლომდე დავიხარჯო, მაქსიმალური გავაკეთო და, შესაბამისად, რთულად ხდება რაღაცეები. შრომა ყველაზე დიდი საწინდარია, შემდეგში ადამიანმა წარმატებას რომ მიაღწიოს.
– „ჯეოსტარის“ შემდეგ შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. იყავი ამისთვის მზად?
– ფსიქოლოგიურად ვიყავი ძალიან დაღლილი: დილით წესიერად ვერ ვიღვიძებდი, სულ განერვიულებული დავდიოდი, რაღაცის გაკეთება მინდოდა და ვერ ვაკეთებდი. მაგრამ, მალე მივხვდი, გაჩერება არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, გამარჯვება დიდი წარმატება იყო, ძალიან მიხარია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ბევრი რამ უნდა გავაკეთო.
– დამშვიდდი?
– კი, მშვიდად ვარ, თუმცა, ახლაც იქ ვარ და, ალბათ, კიდევ დიდხანს ვიქნები „ჯეოსტარში“, რადგან მიყვარს ეს პროექტი – დიდი ოჯახი, ძალიან თბილი ადამიანების ბუდეა. მათთან ხშირად ვარ, ახალ-ახალი გადაცემები იწერება და ვმონაწილეობ. მოკლედ, „ჯეოსტარი“ – ბედნიერებაა.
– ხშირად შემოუთავაზებიათ ისეთი რამ, რაზეც კატეგორიული უარი გითქვამს?
– ყოფილა ასეთი შემოთავაზებები. მე მაქვს ჩემი რეპერტუარი და მხოლოდ იმას ვმღერი, არასდროს ვიღებ შეკვეთებს. ვცდილობ ხოლმე, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი არ არის მისაღები და ყველა მუსიკა არ არის იდეალური.
– მაგრამ ფინანსური საკითხიც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია?
– ფინანსების გამო არ წავალ ისეთ საღამოზე, რომელიც მე არ მომწონს. ვერანაირი ფინანსები ვერ გადაწევს ხელოვნებას უკან, რადგან მუსიკა ჩემთვის ხელოვნებაა. მთავარია, ჩემთვის საყვარელ თემას არ შეეხონ ცუდად.
– რა არის შენი საყვარელი თემა?
– კარგ ადამიანებთან ურთიერთობა და ჩემს მეგობრებთან, ოჯახთან ერთად ყოფნა. მთავარია, ამას არავინ შეეხოს ცუდად, თორემ დანარჩენ ყველაფერს ვაპატიებ ყველას.
– თუ მაინც შეეხნენ?
– ძალიან ცუდი ოთო ვხდები მაშინ. ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ აგრესიული, მაგრამ, ჩემი მეგობრების, ოჯახის, კარგი ადამიანებისთვის, შემიძლია, ნებისმიერი რამ ჩავიდინო და ამ დროს სრულიად განსხვავებული ოთო ვხდები. მეც ვერ ვცნობ ასეთ ოთოს, მერე ცოტათი ვნანობ, მაგრამ, მაქვს მომენტები, როდესაც ვბრაზდები.
– საინტერესოა, როგორია გაბრაზებული ოთო.
– არაადეკვატური ვხდები. თუმცა, ჩემს გაბრაზებას ძალიან დიდი დრო უნდა – უნდა დაგროვდეს. ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ გამაბრაზოს, მაგრამ, ახერხებენ. მერე კონტროლიც დამიკარგავს და მილიონ კაცს ვერ დავუჭერივარ. ბოლოს და ბოლოს, 22 წლის კაცი ვარ, ქართველი და, თან, სცენიდან მამაკაცური ენერგეტიკა მომაქვს.
– მხოლოდ სცენიდან?
– სცენიდან მომაქვს მამაკაცური ენერგეტიკა და ხომ წარმოგიდგენია, ცხოვრებაში რას ვიზამ. ქართველი კაცი თუ ხარ, მამაკაცური ენერგეტიკაც უნდა გქონდეს.
– რთული ადამიანი ვარო, თქვი რას გულისხმობ ამაში?
– საკუთარ თავთან ვარ რთული, სხვებთან – არა. ჩემს თავს უფრო ვუქმნი სირთულეებს, ვიდრე სხვებს. ოთოსთან კონტაქტის დასამყარებლად გადმოსალახავი ბარიერი არ არსებობს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ჩემთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს. მე მიჭირს უფრო საკუთარ თავთან ურთიერთობის დამყარება. სხვათა შორის, საკუთარ თავს ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა ვიზრდები და ძალიან მიხარია. ადრე ამაზე არ მიფიქრია, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებდი, ისე, როგორც იმ მომენტში მინდოდა და ამ მხრივ ჩემთვის ბარიერებიც არ არსებობდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ, სხვანაირად უნდა მივუდგე რაღაცეებს, აღარ ვარ პატარა ბიჭი. არა, პატარა ბიჭი კი ვარ, მაგრამ, ისეთი არა, რომ ასე მოვიქცე. ადამიანმა რაღაცეები უნდა დაგეგმო და იმის განსახორციელებლად იბრძოლო, თორემ, მერე, ერთ დღეს, მიხვდები, რომ რაღაც გაგეპარა და გული დაგწყდება.
– თავისუფალი და ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ხარ...
– დიახ და არავის უცდია ჩემი შეზღუდვა, მშობლებსაც კი, მთელი ჩემი ბავშვობა დამოუკიდებელი ვიყავი. არც „ჯეოსტარის“ შემდეგ დამიწესებია საკუთარი თავისთვის შეზღუდვები – ისევ ისეთი ოთო ვარ, როგორიც ვიყავი. თავიდან, როდესაც ყველა მცნობდა, მიყურებდა, ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ, ამის გამო არ უნდა დაკომპლექსდე და შენ გარშემო ბარიერები არ უნდა შექმნა. პირიქით, უფრო მეტი უნდა გააკეთო და უფრო გახსნილი უნდა გახდე. მე მსიამოვნებს ასეთი რაღაცეები.
– მეგობარი გოგონები როგორ არიან, ხომ არ უჭირს ოთოს მათთან ურთიერთობა?
– მეგობარ გოგონებთან ურთიერთობა არც აქამდე მიჭირდა და არც ახლა მიჭირს. თავის თავს თვითონ უქმნიან პრობლემებს, მე – არა. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან მოუცლელი ვიყავი და მეგობრებმა მითხრეს – შენ აქ უნდა იყოო. ჩემი მეგობრები ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემთვის ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული, მათ გარეშე ვერ გავძლებ.
– რა ხდება ოთოს პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ლაპარაკი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან სათუთი თემაა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი არ არის იდეალურად. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და, შეიძლება, პატარა რაღაცამაც ძალიან მატკინოს გული, ჩემს თავში დიდხანს დარჩეს. როცა პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც გინდა, შინაგანად დისკომფორტი გექმნება. ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია ცუდი პერიოდი, თუნდაც ოჯახში, ან – ფინანსური კუთხით, მაგრამ, არასდროს მითქვამს – მე აქ უნდა გავჩერდე. ყველაფერი გამიკეთებია, მომიგვარებია. პირად ცხოვრებაში ბევრ დათმობაზე უნდა წახვიდე, მაგრამ, არა ისე, რომ საკუთარ თავს გადაახტე; საკუთარ ღირებულებებს, პრინციპებს არ უნდა უღალატო და ზღვარს არ უნდა გადასცდე.