როგორ აცდუნეს გიორგი ჯაჯანიძე ბრილიანტით და რა პოზას არ ღალატობს ის
ერთი შეხედვით, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ და მისი იმიჯიც ეპატაჟის ნაწილი გეგონოთ, თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნულად – ვინც გიორგი ჯაჯანიძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ ამ ერთი შეხედვით უცნაური პიროვნების უკან ძალიან გახსნილი, თბილი და ერთგული ადამიანი დგას – ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში საკმაოდ რთული გზა განვლო, მაგრამ, იღბლისა და საკუთარი ხასიათის წყალობით, უკან ყველაფერი ისე მოიტოვა, რომ არც ჯარდელის ქუჩა ჩააბარა წარსულს და თბილისური ბომონდის ბრწყინვალების ფონზე არც ის დაივიწყა, რა წამოიღო საგზლად იქიდან, სადაც ყველაზე გულწრფელი ემოციები დატოვა.
გიორგი ჯაჯანიძე: ეს უცნაურობები ახლა კი არ დამჩემდა, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. ვიღაცამ, შეიძლება თქვას, რომ ახლა ყურადღების მიქცევის გამო შეიძლება გავაკეთო რაღაც, მაგრამ ჭიათურაში, ჯარდელის ქუჩაზე, სადაც სულ ათი კაცი ცხოვრობდა, ვისთვის უნდა მომეწონებინა თავი? პატარა ვიყავი, მაგრამ ათასნაირ დიზაინერულ ექსპერიმენტს ვატარებდი: თუ რაიმე ახალი ტანსაცმელი მეღირსებოდა, ისე ლამაზად ვხევდი და მერე ქვემოდან ისე ამოვუკეცავდი, ლაკრუას შეკერილი გეგონებოდათ. სახლში მქონდა ჩემი სამკერვალო და სამღებრო ლაბორატორია, საღებავად ვიყენებდი ყველაფერს: კაკლის წენგოს, ხახვის ფურცელს, „მარგანცოვკას“... სუპერმღებავი ვიყავი (იცინის). ერთხელ თეთრი შარვალი ვედროში შევღებე, ოღონდ, შევღებე მხოლოდ ცალი ტოტი. მერე მზის სათვალე შევღებე წითელი „მანიკურით“. სხვა მშობლები ჩემნაირ უცნაურ ბავშვს ფსიქიატრთან წაიყვანდნენ. ჩემი უცნაური ჩაცმულობის გამო, ჭიათურაში ცოტა ალმაცერადაც კი მიყურებდნენ. როცა ჩემი დიზაინერული ნიჭის შესახებ ხმა გავარდა, ზოგი რას მჩუქნიდა, ზოგი – რას. აბა, მე სად მქონდა ნაჭრის საყიდელი ფული! ოჯახში ყველა შრომობდა, მაგრამ, მაინც ძალიან გვიჭირდა: თეთრი პური, ლიმონათი და კანფეტი წელიწადში სამი დღე – ბარბარობას, ახალ წელს და პირველ მაისს გვქონდა. ამ გაჭირვების მიუხედავად, მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი მთელი ცხოვრება გვერდში მიდგას, წარმატებებშიც ჩემთანაა და მარცხშიც, არც შეცდომების დროს მტოვებს მარტოს. ძალიან წესიერი, სიტყვაძვირი და აკადემიური კაცი იყო მამაჩემი. მთელი ცხოვრება საგზლად გამომყვა ჭიათურის სადგურში ბებიაჩემის სიტყვები, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში სამი კილოგრამი მჭადის ფქვილით, ორი კილოგრამი ნიგვზითა და პენსიიდან გადანახული 30 მანეთით გამომაცილა და დამარიგა: ბებია, დიდ ქალაქში მიდიხარ, იცოდე, არ დაივიწყო არ ვიცი, არ დამინახავს და არ გამიგიაო; არასდროს არაფერი მოიპარო და ენა არ მიუტანო ადამიანსო. ბებიაჩემი ბრძენი ქალი იყო, ყველა მისი დანაბარები შევასრულე და დღემდე ასე მოვდივარ.
– როცა ჭიათურიდან თბილისში ჩამოხვედი, ასეთი უცნაურობების გამო უხერხულ სიტუაციებში არ ვარდებოდი?
– აქ რომ ვიღაცეებს ვითომ „სვეტები“ ეგონათ თავი, მათაც კი უკვირდათ ჩემი ჩაცმულობა. მე დღემდე მანქანით დამაქვს კალოშები – რა იცი, სად დამჭირდეს. როგორც კი „პერო“ სიტუაციაში მოვხვდები, სადაც ბრენდების ფრიალი მიდის, მაშინვე იმ კალოშებს ვიცვამ – ეს არის ჩემი პროტესტი იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც არ მიგიღებს, თუ ბრენდი არ გაცვია. სწორედ ამ პროტესტის გამო მივედი წლების წინ „მარიოტში” კალოშებით ერთ-ერთ გახმაურებულ მიღებაზე. მე სიამოვნებით დავდივარ ბაზრობაზე. იქ ისე მიცნობენ, ალბათ, ჰქონიათ, რომ იქაც ვმუშაობ (იცინის). თბილისში ექვსი თვის ჩამოსული ვიყავი, ცალი წარბი ქერად რომ შევიღებე, მერე ყური გავიხვრიტე, ოღონდ, ყურის გახვრეტას ჰქონდა თავისი „საპატიო” მიზეზი – ბრილიანტის საყურეს მჩუქნიდნენ. თბილისში ახალჩამოსულს ისე მიჭირდა ნათესავებთან მივდიოდი, რომ საჭმელი ეჭმიათ ჩემთვის, მაგრამ, რად გინდა, იმერული კუდაბზიკობის ამბავი ხომ იცით, თუ ისე შემომთავაზებდნენ, როგორც საჭირო იყო, ვაიმე ახლა ვჭამე-მეთქი, თუმცა, ისე მშიოდა, ნერწყვის ყლაპვით ვძღებოდი ხოლმე. ერთხელ, იცით, რა დამემართა? წლები გავიდა და ამაზე საუბარი ახლაც ძალიან მიჭირს, მაგრამ, მაინც უნდა ვთქვა: მთელი სტუდენტობა ჩემი მეგობრების ნანა და მაკა ხატიაშვილების სახლში მაქვს გატარებული; რომ არა ისინი, არ ვიცი, როგორ გავუძლებდი იმდენ გაჭირვებას. ერთხელ, თეატრალური ინსტიტუტიდან გამოვედი და მათთან წავედი, მაგრამ, სახლში არ დამხვდნენ. ისე მშიოდა, თვალთ დამიბნელდა. ქაშუეთის ეკლესიაში შევედი, ვიფიქრე: რომ წავიქცე, ეკლესიაში აუცილებლად მომხედავენ-მეთქი. წმიდა ნიკოლოზის ხატთან რკინის მანეთიანი დავინახე, გადავიწერე პირჯვარი და ავიღე ეს მანეთიანი, გამოვედი ეკლესიიდან, ორი კრემიანი „პონჩიკი“ ვიყიდე – თითო 10 კაპიკი ღირდა, შევჭამე ეს „პონჩიკები“, მოვსულიერდი, მერე დარჩენილი 80 კაპიკი ეკლესიაში შევიტანე და ისევ ნიკოლოზის ხატთან დავდე... – აი, ასეთებიც იყო ჩემს ცხოვრებაში.
– როგორ გადაურჩი ასეთ რთულ პერიოდებს?
– ღმერთის წყალობითა და კეთილი ადამიანების თანადგომით. ჭიათურაში ჩემს სახლთან მანქანა არ მიდის, ოცი წუთი მინდა, რომ საცალფეხო გზით ჩემს სახლამდე მივიდე. ვინ წარმოიდგენდა, რომ ჭიათურელი ჯაჯანიძე ნახევარ მსოფლიოს შემოივლიდა? მთელი ცხოვრება მიმართლებდა და ვიცი, რომ მომავალშიც გამიმართლებს, თუმცა, არასდროს არ მავიწყდება არც ერთი ადამიანი, ვისაც ჩემთვის ერთხელ მაინც უჭმევია, გავუთბივარ და ცხოვრების გზაზე ხელი წაუშველებია. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც მერე მთელი ცხოვრება ცხვირიდან მადენდა და მაყვედრიდა იმ სიკეთეს, მაგრამ, ამას არასდროს გავუბოროტებივარ. ყველაზე მძიმე მომენტებში ჩემი ხასიათი და გული მშველიდა – ვიყავი მიმტევებელი, არ ვიბოღმებოდი ადამიანებზე, პირიქით, წყენა იოლად მავიწყდებოდა, სიკეთე კი ძალიან დიდხანს მიმყვებოდა. იცი, თავისით რამდენი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში? ერთხანს მუხიანში ვცხოვრობდი და ქალაქის ცენტრში ხშირად ფეხით გამოვდიოდი, რადგან მგზავრობის ფული არ მქონდა. მახსოვს, ცენტრში რომ მოვიდოდი, კორპუსებს ავხედავდი და ვოცნებობდი: ქალაქში ერთი პატარა „კამორკა“ რომ მქონდეს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება-მეთქი. გავიდა დრო და ეს ოცნება ამისრულდა – პეკინზე სახლი მაჩუქეს. შეიძლება, ჩემზე ვინმემ თქვას, რომ მებრძოლი ხასიათი მაქვს, მაგრამ, ეს ასე არაა, პირიქით, ძალიან ვენდობი ბედს, მივყვები ცხოვრებას, ვნებდები ყველას და ყველაფერს (იცინის). როცა პირველად ამერიკაში ვიყავი, ძალიან ლამაზი, მოკრემისფერო პლაშჩი ვიყიდე. ერთხელ ამ პლაშჩით დიდ დიღომში მოვხვდი, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ირგვლივ ყველაფერი დაინგრა, ზოგი საით გარბოდა, ზოგი – საით. კორპუსებიდან ცვიოდა ყველაფერი, მოკლედ, საშინელება ხდებოდა. აბა, მე რა გავაკეთე?! როგორც კი ქარმა წამაქანა, გავწექი ძირს, ამოვიკეცე ეს ჩემი პლაშჩი და ორი საათი ტლაპოში გართხმული ვიწექი. იმ ღამეს, ვინ მოთვლის, რამდენს გაუტყდა თავი, მე კი არაფერი მომსვლია. როცა ქარიშხალი ჩადგა, ავდექი, პლაშჩი გავიფერთხე და სახლში წავედი. მაშინ მივხვდი, რომ ბედს უნდა მიენდო, რადგან თავისითაც ბევრი რამ მოდის ცხოვრებაში. თავი რომ მოიკლა, თუ ღმერთს არ უნდა, ის არ გამოვა – მე ამისი მჯერა. არასდროს მიოცნებია, რომ მანქანა მყოლოდა, ბევრი არ მიზრუნია ამაზე, მაგრამ, მოხდა ისე, რომ დღეს მანქანაც მყავს. საერთოდ, არ მიყვარს ავტომობილები, ჩემს მეგობარს ვურეკავდი ხოლმე, რომ მეკითხა, რა მარკის მანქანა მყავდა. როცა მკითხავენ, რამდენი ჩადის ბენზინიო, მეცინება. მარტო ის ვიცი, „დვორნიკებში” წყალი როგორ ჩავასხა და როგორ გავხსნა ბენზინის ავზი. ერთხელ ქუჩაში მანქანა გამიჩერდა და აკუმულატორს სალონში ვეძებდი. ტრასაზე მარტო არ ვყოფილვარ, მცხეთას ვერ გავცდები. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ქვითარი მოსული არაა, მე რომ უკვე გადასახადს ვიხდი. ერთხელ, ღამის 3 საათზე გავჩერდი შუქნიშანთან. ვდგავარ ჩემთვის პატიოსნად, გავიხედე და ვიღაცამ მაგრად დამარტყა უკნიდან. გადმოვედი მანქანიდან და წყნარად ვკითხე მძღოლს: ეს რა ქენით-მეთქი. ღამის სამ საათზე მანქანას ვინ აჩერებს, შენ ნორმალური ხარო?! – ისეთ დღეში ჩამაგდო, ლამის იქით მოვუხადე ბოდიში (იცინის).
– ყველა თემაზე გახსნილად საუბრობ, გარდა შენი ასაკისა. რატომ მალავ ასაკს?
– ჩემი ნამდვილი ასაკი არავინ არ იცის, როგორი არითმეტიკული ოპერაციაც არ უნდა ჩაატაროთ, ჩემს ასაკს ვერ გაიგებთ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს ზუსტად იცის, დედაჩემია, თუმცა, იმდენს ვეჩიჩინები, რომელ წელს დავიბადე-მეთქი, მგონი, იმასაც დაავიწყდა. იმას გეტყვით, რომ წლებს არ ვიპარავ, უფრო მეტიც, ვიმატებ, იმიტომ რომ, ასაკის არ მეშინია. ან, რატომ უნდა შემეშინდეს? ყველაფერს მოვესწარი: შვილები დაბინავებული მყავს, ძალიან კარგი ქმრები ჰყავთ. მე, ასე თუ ისე, ცოლების გარკვეული რაოდენობა დავაგროვე; პირადი ცხოვრება ამეწყო თუ არა, თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. შეცდომების მეტი რა მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ, ახლა უკვე ვფრთხილობ, იმაშიც დავრწმუნდი, რომ ყველა შეცდომისთვის დავისაჯე და სამაგიერო გადამეხადა, თუმცა, მათგან განსხვავებით, ვინც არასდროს ფიქრობს იმაზე, რომ საკუთარი შეცდომების გამო ისჯება, მე ყოველთვის ვიცი, სად შევცდი და რატომ. ახლა უკვე მშვიდად ვცხოვრობ, სამსახურიც მაქვს, მალე პენსიაზეც გავალ და იმ გაჭირვებასაც კი ლამაზად ვიხსენებ.
– პენსიას ისე ხშირად ახსენებ, პენსიონერული ცხოვრება ხომ არ დაიწყე უკვე?
– იცი, უკვე ბევრი რამ მომბეზრდა. ადრე ჭრელი ძაღლივით ყველგან დავდიოდი, ახლა მხოლოდ იქ მივდივარ, სადაც საჭიროდ მიმაჩნია. ახლა სახლში ყოფნა, კითხვა და ტელევიზორის ყურება ყველაფერს მირჩევნია, მღლის ბევრი ხალხი, წვეულებები. ყველამ იცის, რომ ქელეხებსა და გასვენებებზე საერთოდ არ დავდივარ, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არა, ფოტოსესიისთვის კუბოშიც კი ვარ ნაწოლი და ნახტუნავები. ბოლო დროს, ხანგრძლივ სტუმრებსაც ვეღარ ვიტან – პირდაპირ ვეუბნები ხოლმე ახლობლებს, აღარ მიდიხართ-მეთქი? ეს, ალბათ, უკვე პენსიონერული ჩვევებია, მაგრამ, რა ვქნა? ამდენ ტყუილ ღიმილს ისე შევეჩვიე, ისე ჩავიბეჭდე, რომ ყველას უნდა ვუღიმო, ეს უკვე პოზად მექცა, უკვე ლოყები მტკივა ამდენი ღიმილით და, მგონია, რომ ღამითაც კი გაღიმებულს მძინავს...