რას მალავდა მანდატურის სამსახურის უფროსი სკოლაში და რატომ არ იწვის ის ცეცხლში
33 წლის ზვიად ხიდეშელი მანდატურის სამსახურს მისი შექმნის დღიდან ხელმძღვანელობს და უკვე ერთი წელიწადია, რაც განათლების სამინისტროს მთავარი მანდატურია. პროფესიით იურისტი ზვიად ხიდეშელი საკმოდ კომუნიკაბელური და ენერგიული ადამიანია. ალბათ, ამიტომაც, ათასამდე მანდატურის უფროსობა ურიგოდ ნამდვილად არ გამოსდის, მათთან ერთად სასკოლო არდადეგებს ხან მთაში ატარებს და ხან – ბარში, სადაც, როგორც საკუთარ თავს, ისე მანდატურებს, საველე პირობებშიც აწრთობს, რომ მათი პროფესიული „დევიზი” – „მანდატური წყალში არ იძირება, არ იყინება და ცეცხლში არ იწვის” – პრაქტიკაში უფრო ეფექტური იყოს.
– ბატონო ზვიად, როგორ მოხვდით ამ სამსახურში და როგორ გახდით განათლების სამინისტროს მთავარი მანდატური?
– ამ სამსახურში მისი შექმნის დღიდან ვმუშაობ. პროფესიით იურისტი ვარ, იმ პერიოდში, როცა მანდატურის სამსახური იქმნებოდა, მე შინგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ვმუშაობდი მთავარ ინსტრუქტორად და ლექციებს ვკითხულობდი მენეჯმენტის მართვის საკითხებში. პედაგოგიურ საქმიანობამდეც საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება მქონდა. სიმართლე გითხრათ, როდესაც არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა, სიახლეებზე უარს არასდროს ვამბობ. მაშინვე გავაცნობიერე, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელობა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი იყო, ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა – როდესაც გაქვს ურთიერთობა მოზარდებთან, თითოეული დეტალი არის მნიშვნელოვანი და ზედმიწევნით საპასუხისმგებლო.
– განათლების მინისტრს, ალბათ, აქ მოსვლამდეც ახლოს იცნობდით, აბა, ისე როგორ ჩაგაბარებდათ სამინისტროსთვის ასეთ მნიშვნელოვან სამსახურს.
– არა, მინისტრს ამ სამსახურში მოსვლამდე არათუ ახლოს, საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა, ბევრი კარგი რამ გამეგონა მის შესახებ, ვიცი, როგორი მომთხოვნი და პრინციპული ადამიანია ის საქმეში. სამინისტროსთვის მანდატურის სამსახურის შექმნა იყო ძალიან დიდი გამოწვევა, ამიტომაც, ჩემი აქ დანიშვნა და ამ ნდობის გამოცხადება ჩემთვის იყო დიდი პატივი. ახლა, ერთი წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტმა გაამართლა, რაც, უპირველესად, მინისტრის, დიმიტრი შაშკინის დამსახურებაა. თავიდან იყო საკმაოდ ბევრი სირთულე, მაგრამ განათლების სამინისტროს თანადგომით ყველა სირთულე გადავლახეთ. მახსოვს, როდესაც საპილოტე პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, სამსახურის პირველი სირთულეები საკუთარ თავზე რომ გამოგვეცადა, რიგით მანდატურად მეც შევედი სკოლაში. მართალია, დღევანდელი სკოლა, იმ სკოლისგან, რომელშიც მე ვსწავლობდი, ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ბავშვი ყველა დროში ბავშვია თავისი ანცობითა და ისტორიებით.
– თქვენი დროის სკოლაში მანდატური არ იყო, მაგრამ, ალბათ, მასწავლებლებს არ აკლებდით „ისტორიებს”.
– არ ვიყავი ძალიან ცელქი და პრობლემური ბავშვი. სკოლა გლდანში დავამთავრე. მასწავლებელიც გამიბრაზებია და შატალოზეც ვყოფილვარ, მაგრამ, ზღვარგადასული ისტორიებით ნამდვილად არ გამოვირჩეოდი. ერთადერთი, რაც ახლა ყველაზე ხალისიანად მახსოვს, იყო ჩემი კონფიდენციალური დღიური, რომელშიც მასწავლებლებს მხოლოდ კარგ შეფასებებს ვაწერინებდი და სახლში, მშობლებთან, ის დღიური მიმქონდა; მაგრამ, მქონდა მეორე, კარგად გადამალული დღიურიც, სადაც დაბალი ნიშნები იყო ჩაწიკწიკებული და იმ დღიურს მშობლებთან რა გამომაჩენინებდა! საკმაო ხანს გამდიოდა ეს ოინი, მაგრამ, მერე „გამშიფრეს” და დამსაჯეს კიდეც (იცინის). ახლა, როდესაც მანდატურები სამსახურში ბავშვების ასეთ ხალისიან ისტორიებს ყვებიან, უცებ დამაბრუნებენ ხოლმე ჩემს ბავშვობაში.
– ისტორიებს, თან, არცთუ სასიამოვნოს, თქვენს მანდატურებზეც ყვებიან.
– რომლებიც, გადამოწმების შემდეგ ძირითადად, სიმართლეს არ შეეფერება ხოლმე, თუმცა ჩვენთან მუშაობს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც, ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, საკმაოდ მკაცრ ზომებს იღებს. სხვათა შორის, რაც ამ სამსახურში დავინიშნე, როცა ვხვდები ისეთ ადგილას, სადაც არავინ იცის, ვინ ვარ, ბოლომდე არ ვამხელ ხოლმე ჩემს ვინაობას. მოგეხსენებათ, ქართველები ყველგან ყველაფერზე ვსაუბრობთ და მეც გავმხდარვარ მოწმე, როდესაც, თუნდაც სუფრასთან, მანდატურზე საოცარი ისტორია მოუყოლიათ. თქვენ უნდა ნახოთ. იმ ხალხის გაოცებული სახეები, როცა თემის დასრულების შემდეგ ჩემს ვინაობას გავამხელ ხოლმე (იცინის). 1 000 ადამიანის ქმედების გაკონტროლება იოლი არაა, თან ისინი არიან ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები. თუმცა, ჩვენ თითოეული მათგანის ბიოგრაფიას ვსწავლობთ, ვისაც სამსახურში ვიღებთ. თითო-ოროლა არაკეთილსინდისიერი ადამიანი ყველგან გამოერევა – ეს ჩვეულებრივი რამაა. ჩვენ მუდმივად ვუტარებთ ტრენინგებს მანდატურებს, თითოეული ჩვენგანი ვსწავლობთ მოზარდთა ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ვზრუნავთ მანდატურების ფიზიკურ მომზადებაზეც, ზღვაზეც დაგვყავს გამოსაწრთობად და მთაშიც და მეც ყველგან, არაოფიციალურ ვითარებაშიც, მათ გვერდით ვარ. მანდატური საველე პირობებშიც გამოწრთობილი უნდა იყოს, აბა, ბავშვს ჯანსაღი ცხოვრების კარგი მაგალითი როგორ უნდა მისცეს? ასეთი „დევიზიც“ კი გვაქვს: „მანდატური წყალში არ იძირება, არ იყინება და ცეცხლში არ იწვის“ (იცინის).
– მთავარი მანდატურიც ასეთი გამძლეა?
– ვცდილობ, ყოველთვის შევინარჩუნო სპორტული ფორმა, პროფესიული სპორტით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არაპროფესიონალების დონეზე ბოლო რიგებში ნამდვილად არ ვარ. ჩვენს სამსახურში რამდენიმე სპორტული გუნდი გვაქვს შექმნილი, ამ გუნდებს ჯერ სულ რაღაც ერთი წლის ისტორია აქვთ და სამინისტროების სპორტულ მარათონში საკმაოდ მეწინავე პოზიციები დავიკავეთ, პირველი ადგილი და ოქროს თასები მოიპოვეს ჩვენმა ფრენბურთელებმა – ეს გუნდი მანდატური ქალბატონებისგან იყო დაკომპლექტებული. განათლების სამინისტრო იყო ერთადერთი სამინისტრო, რომელმაც ქალბატონების გუნდი გამოიყვანა. წარმატებულები იყვნენ ჩვენი ჩოგბურთელებიც.
– გაგიჭირდებოდათ თუ რა! გუნდებში ერთი-ორ ფიზკულტურის მასწავლებელს შეაპარებდით.
– ფიზკულტურის მასწავლებლები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დავუთმეთ, ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებლები ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდნენ, ჩვენ ნამდვილი მანდატურები გამოვიყვანეთ, ასეთი ფარსი არ გვჭირდებოდა (იცინის). ის ოქროს მედლები სამსახურში მაქვს შენახული, როგორც ჩვენი სპორტული მიღწევების მთავარი დასტური.
– სულ ესაა თქვენი „ქონება“?
– ჩემი ქონება არის ის ათასი მანდატური, ვინც ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნავს. ჩემი მთავარი ქონება კი არის ჩემი ორი ვაჟკაცი – მათე და დავითი. ისინი ჯერ პატარები არიან, მაგრამ, მათემ უკვე გადაწყვიტა, რომ მანდატური გახდეს. მეც ისე დამემართა, როგორც მანდატურთა სარეკლამო კლიპშია, სადაც მანდატური ბავშვებს კანფეტებს ურიგებს. ერთ დღეს სახლში მოსულს მათემ კანფეტი მომთხოვა – მანდატური რომ ურიგებს ბავშვებს კანფეტებს, მეც უნდა მომიტანოო. მერე გავიგე, რომ ამ სარეკლამო კლიპის შემდეგ მანდატურები დიდხანს დადიოდნენ „ბარამბოს” კანფეტებით ჯიბეგავსებულები – ასეთი იყო ბავშვების „მოთხოვნა” (იცინის). მათემ მანდატურის ფორმაც მოითხოვა. რა უნდა გვექნა, ავდექით და შევუკერეთ.
– სახლშიც მანდატურთუხუცესი ხართ?
– აბა რა! ტრადიციული ოჯახი გვაქვს, სადაც ჯერ კიდევ პატრიარქატი მოქმედებს, თუმცა, შერბილებული ფორმებით. ჩემს ცოლზე ჩემი რეგალიები მაინცდამაინც არ ჭრის. რაჭველი კაცი ვარ, თავს შევიქებ და გეტყვით, რომ ყველას მოეხსენება, რაჭველების მეოჯახეობა საქვეყნოდაა ცნობილი, მეც ასეთი ვარ ოჯახში, ბაზარშიც შეიძლება, მნახოთ მეუღლესთან ერთად სიითა და ჩანთებით ხელში – ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ადრე მამას დავყვებოდი ბაზარში, ახლა ცოლს და ეს არც ისე მძიმე მისიაა ჩემთვის (იცინის).
– რაჭველი მამაკაცები კარგი კულინარებიც არიან.
– ოო, აი ამ სეგმენტში დავარღვიე ჩემი რაჭველობა, ამით ვერ დავიკვეხნი, არც პურის გამოცხობა ვიცი და არც ლობიოს ამოზელა, ეტყობა, ასფალტზე გაზრდილი რაჭველი რომ ვარ, იმის ბრალია (იცინის). ოჯახში ქალების უმრავლესობა იყო და ჩემი კულინარიის ნიჭის განვითარება არ გახდა საჭირო. ახლა კი, რაც ორი ბიჭი გვყავს, ქალები მოყვნენ უმცირესობაში, მაგრამ მე საჭმელების მომზადებას ნამდვილად არავინ მომთხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრობა ჩემს მეუღლეს აქვს შეფერებული და ამ როლს თავს მშვენივრად ართმევს.
– სამსახურშიც სქესობრივ უმრავლესობაში ხართ?
– არა, რატომ, სამსახურში ძალიან ბევრი თანამშრომელი ქალბატონი გვყავს, სქესობრივი ბალანსი თითქმის დაცულია. სხვათა შორის, ერთხელ ერთმა მანდატურმა ქალბატონმა საოცარი თხოვნით მომმართა. ჩვენთან წესრიგს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, მათ შორის გარეგნულ ფორმას. ერთმა ქალბატონმა მთხოვა, რომ ფეხმძიმედ იყო და მისთვის განსხვავებული ფორმის ქვედაბოლოს ჩაცმის უფლება მიგვეცა. დავუშვით გამონაკლისი – ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და, ფეხმძიმე მანდატურებისთვის სპეციალურ ფორმებს შევქმნით (იცინის).
– მთავარ მანდატურს ბევრი საინტერესო ჰობი აქვს?
– არც ამ მხრივ ვარ გამორჩეული. არც ვნადირობ და არც ვთევზაობ, როგორც ეს მამაკაცებს სჩვევიათ. რაჭველი კი ვარ, მაგრამ, არც ისე დინჯი, რომ ორი საათი წყალს ჩავყურო ოქროს თევზის მოლოდინში. არაფერს ვკიდებ ხელს, რაც კარგად არ გამომდის (იცინის). ან, სად მეცალა ჰობისთვის, ადრეული ასაკიდან მომიწია შრომაში ჩაბმა – საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ერთ-ერთი რესტორნის დაცვაშიც კი ვმუშაობდი, რომ საოჯახო ბიუჯეტში ჩემი წვლილი შემეტანა და არც მითაკილია ეს არასდროს. ყველა შრომა საპატიო და დასაფასებელია. ჩემი ყველაზე მთავარი ჰობი და სიამოვნება ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნაა. ძალიან მიყვარს ყველა, ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ, ერთმანეთი არაერთხელ გადაგვირჩენია მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთული იყო.