კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ რჩება ბიოლოგიური მამა საკუთარი უფლებების გარეშე და როდის ენიჭება უპირატესობა მამაკაცს, რომელიც სხვის შვილს ზრდის

 

 

 

სექტემბრის პირველივე კვირაში პარლამენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს. ამ ინიციატივის მიხედვით, საქართველოში ქორწინებისგარეშე დაბადებული ბავშვის მამობა ახალი წესით დადგინდება. ყველა მამაკაცს, რომელიც  ასეთი ბავშვების მამობაზე უარს აცხადებს, საკუთარი სტატუსის „მოპოვება” კანონის ძალით მოუწევს – მათთვის გენეტიკური ანალიზის, ანუ დნმ-ის, ჩატარება სავალდებულო გახდება. როგორც კანონმდებლები აცხადებენ,  კანონში ცვლილების შეტანა ბოლო პერიოდის სტატისტიკამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ძალიან გაიზარდა ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვებისა და მარტოხელა დედების რიცხვი. როგორ აიძულებს კანონი მამებს, შეასრულონ ის პასუხისმგებლობები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, ამის შესახებ  კანონპროექტის ინიციატორს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილს ვესაუბრეთ. 

– ქალბატონო რუსუდან, რა ცვლილებები შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის გაჩენის დადგენასთან დაკავშირებით?   

–  ეს  არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგანაც, ეხება ჩვენს მომავალ თაობას – ბავშვებს. ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილების დაბადების ფაქტები, ჩვენდა საბედნიეროდ 48 პროცენტით იკლო აბორტების რაოდენობამ, გაიზარდა შობადობის რიცხვი, არარეგისტრირებული ქორწინებები, სამწუხაროდ, ძალიან დიდია მარტოხელა დედების რიცხვი. ძალიან ხშირად, მათ არ შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი უფლებები,  გაზარდონ შვილები და ქონებრივი მდგომარეობისა და მატერიალური პრობლემების გამო უწევთ მათი მიყვანა ბავშვთა სახლებში.  უმთავრესი და, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების   წარმოშობის დადგენა ბევრ  პრობლემას უქმნის როგორც ბავშვებს, ასევე მათ   დედებს.  იმ  მამაკაცებმა, რომლებიც  ქორწინებისგარეშე  ურთიერთობებს იწყებენ, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ბავშვის დაბადების დროს მათ მამობის პასუხისმგებლობაც ეკისრებათ. ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გახშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. ჩვენ მოწმენი გავხდით ისეთი  ტრაგედიების, რომლებიც შემზარავი კრიმინალური ფაქტებით დასრულდა. უმეტეს    შემთხვევებში  ჩვენ დავდექით იმ საკითხის წინაშე, თუ ვინ იყო ბავშვის მამა და სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო ამ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება. ახალი კანონით  უფრო მეტად იქნება დაცული როგორც ბავშვის, ასევე დედის უფლებებიც, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რამდენად რთულია მარტოხელა ქალისთვის, გაუძღვეს იმ ტვირთს, რაც შვილის  გაზრდას უკავშირდება.  ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია  თავისი წარმომავლობის შესახებ, შესაბამისად ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ არის მისი მამა.   განსაკუთრებული სიახლე,  რაც ამ ცვლილებებში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, უკავშირდება  სწორედ მამობის დადგენის   საკითხს  ბიოლოგიური (გენეტიკური)  ან ანთროპოლოგიური ანალიზით. ახალი კანონით, სასამართლო მამაკაცს დააკისრებს ვალდებულებას, ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი და მისი მამობის განსაზღვრის საკითხი ამ ანალიზის საფუძველზე გადაწყდება.  თუ ქალსა და მამაკაცს ერთად არ უცხოვრიათ, ერთად არ უწარმოებიათ მეურნეობა, მეზობლებს არ უნახავთ ისინი ერთად, მაგრამ დედამ იცის, ვინ არის ბავშვის მამა, რომელიც არიდებს თავს მამობას, დნმ-ის ანალიზი არის ერთადერთი საშუალება, რითაც დედას შეუძლია თავისი შვილის მამის ვინაობის დადგენა.  

– თუ დნმ-ის ანალიზით  დადასტურდა, რომ  მამაკაცი ბავშვის მამაა,  რა ვალდებულებებს აკისრებს მას სასამართლო  ქორწინებისგარეშე დაბადებულ ბავშვზე?

– სასამართლო მას აკისრებს ყველა იმ პასუხისმგებლობას, რასაც ერთობლივი მეურვეობა მოიცავს. მამას ეკისრება მშობლის თანაზიარობა და ყველა ის ვალდებულება, რაც აქვს მამაკაცს  ქორწინებაში დაბადებული ბავშვის წინაშე; თავისთავად ცხადია, ეს მოიცავს როგორც  მატერიალურ უზრუნველყოფას, ასევე, ყველა სხვა პასუხისმგებლობას. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი შესაძლებლობა გააჩნია მამაკაცს.  თუ მამაკაცი თავს აარიდებს სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს, ის  დაისჯება კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი პასუხისმგებლობით.    

– დნმ-ის ანალიზი, ალბათ, მაინც ერთგვარი ფორმალობაა. მამაკაცმა მამის როლი  რომ იკისროს, ეს, პირველ ყოვლისა მისი ნება უნდა იყოს. 

–  რა თქმა უნდა, ეს ასეა, ეს უპირველესად მორალის საკითხია, მაგრამ კანონი თანაბარ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს ორივე მშობელს – დედასაც და მამასაც და შესაბამისად, თანაბარი მოთხოვნები უნდა არსებობდეს მათ მიმართ. თუ საზოგადოება ითხოვს დედისგან, რომ მან უნდა არჩინოს შვილი, სანამ ის პატარაა, უნდა იზრუნოს მასზე, რატომ უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებული მამა? მამაკაცს, უნდა თუ არ უნდა ბავშვის მამობა, უნდა გაითვალისწინოს  ყველა ის შედეგი, რაც მოსდევს ქალბატონთან ახლო ურთიერთობაში შესვლას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, რომელიც სამართლიანად მკაცრდება  მამაკაცების მიმართ, ისინი  უფრო მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობებით მოეკიდებიან საკუთარ ქმედებებს.        

– მამაკაცების ადვოკატობას  ნამდვილად  არ ვაპირებ, მაგრამ, იმავე მოთხოვნის უფლება  თუ აქვთ მათ, თუ ბავშვის მამობის გარკვევა სადავო ხდება?

–  საზოგადოებამ ისე   არ გაიგოს, რომ ეს  ცვლილებები მხოლოდ ბავშვებსა და დედებზეა  ორიენტირებული და მამაკაცები დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, არავითარ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება. რა თქმა უნდა, მამაკაცსაც აქვს უფლება, გამოიკვლიოს და იცოდეს, არის თუ არა ის ბავშვის მამა, მოიძიოს თავისი შვილის ნამდვილობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ქალები ცდილობენ, ბავშვით დააშანტაჟონ მამაკაცი, მაგრამ, ეს ზნეობრივი საკითხია, კანონმდებლობა  კი ზნეობას   ვერ არეგულირებს; ზნეობა ან გაქვს, ან – არა, საკანონმდებლო ინიციატივით მას ვერ გააღვიძებ და ამ საფრთხისგან მამაკაცებს ჩვენ ვერანაირად ვერ დავიცავთ. ეს არაა მკაცრად ნათქვამი: მამაკაცმა თავად უნდა მიმართოს ღონისძიებებს და  თავად უნდა იცოდეს, რა მოჰყვება იმ ქმედებას, რაზეც ხშირად უყოყმანოდ მიდის საკუთარი სურვილით.  ეს კანონი არის მამაკაცების  ერთგვარი გაფრთხილება იმ შედეგების გასათვალისწინებლად, რაც არარეგისტრირებულ ურთიერთობებს მოსდევს. ბავშვი იმდენად ღირებული არსებაა, როგორც კანონისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომ, პირველ ყოვლისა მისი ინტერესები უნდა იყოს დაცული. ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მამობის ტვირთს იღებს ის ადამიანი, ვინც ბავშვის ბიოლოგიური მამა არაა, მაგრამ, ბავშვის დედასთან იმყოფება კავშირში; ისინი  ეწევიან  ერთობლივ მეურნეობას,  აქვთ ერთობლივი ჭერი და ერთად ზრდიან ბავშვს. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს და სადავო საკითხის განხილვის დროს გადაწყვეტილება გამოაქვს ბავშვის სასარგებლოდ, უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს მამაკაცს,  რომელიც ბიოლოგიური მამა არაა, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს ბავშვის გაზრდაში. 

– დნმ-ის ანალიზის გაკეთება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ მამაკაცს ამ ხარჯის გაღება არ შეუძლია ან არ სურს, ვინ გადაიხდის გენეტიკური ანალიზის ანაზღაურებას?  

–  სასამართლო  მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა გადაიხადოს დნმ-ის ანალიზის ხარჯი. სავარაუდოდ, მისი გადახდა მოუწევს იმ ადამიანს, ვისაც დაეკისრება, რომ ის არის ბავშვის მამა. ყველა ფინანსური ხარჯი იმ ადამიანის გასაწევია, ვისაც აკისრებენ მამობის ვალდებულებას, თუმცა, სურვილის  გამოხატვის შემთხვევაში, ანალიზის  საფასური, შესაძლოა, დაინტერესებულმა მხარემ, ანუ ბავშვის დედამ გადაიხადოს. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ბავშვის მამობის დადგენის დროს, თუ პირს აქვს ვარაუდი, რომ თვითონაა ბავშვის მამა, შეუძლია, სადავო გახადოს რეგისტრაციის ორგანოში  ბავშვის მამობის შესახებ არსებული  შესაბამისი ჩანაწერი   და ამის შესახებ განაცხადოს შესაბამის ორგანოში, რომ აქვს  პრეტენზია ბავშვის მამობაზე, ოღონდ, ეს განაცხადი გაკეთებული  უნდა იყოს ერთი  წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო ამ  ჩანაწერის არსებობის შესახებ.  ეს ვადა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მამაკაცს პრეტენზია გაუჩნდეს. თუ ის ორი-სამი წელი არ მოიკითხავს ბავშვს, მას მერე  პრეტენზიაც აღარ უნდა ჰქონდეს მამობაზე.  ერთი წლის შემდეგ მას მამობის  უფლების დაყენების  მოთხოვნა აღარ შეუძლია. ასეთ შემთხვევებშიც, კანონი ითვალისწინებს ბავშვის უფლებებს,  სასამართლოს შეუძლია, უარი თქვას მამობის დადგენაზე, თუ ასეთი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს  –  თუ ბავშვი იზრდება ჰარმონიულ გარემოში, ამაზე არსებობს მამტკიცებელი გარემოებები,  მეზობლების განცხადებები და ასე შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ, შეიძლება მამაკაცი არც იყოს ბიოლოგიური მამა, უპირატესობა, შესაძლოა, მას მიენიჭოს  და ბიოლოგიური მამა დარჩეს თავისი უფლებების გარეშე. მამაკაცს საკუთარი დნმ-ით შეუძლია დაადგინოს თავისი მამობა და ქალბატონს არანაირი უფლება არ აქვს, გააპროტესტოს მამაკაცის უფლება – იცოდეს,  არის თუ არა  ბავშვი მისი.  კანონი მას ამის უფლებას აძლევს. ეს ის შემთხვევაა, როცა დნმ-ის ანალიზი თავად მამაკაცს იცავს. მას შეუძლია, მამობის უფლება მოიპოვოს, თუმცა, კანონისთვის ცალსახად უპირველესი ყოველთვის იქნება  ბავშვი და მისი უფლებების დაცვა.  

 

скачать dle 11.3