ვინ ეძებს თბილისში მცხოვრებ ნათლიას ციხიდან და ვინ ეხმარება პატიმარს ამ საქმეში
74 წლის ჟენია გრიგორის ასული აბრამიშვილი და 22 წლის ნოდარ ნოდარის ძე გოგატიშვილი ეძებენ დაახლოებით 40 წლის მარინა მიშველიძეს (მამის სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემი შვილის ნათლიას – დაახლოებით 40 წლის მარინა მიშველიძეს. ბოლოს მარინა დაახლოებით 1999 წელს ვნახეთ. მარინა გათხოვდა და საჩხერის რაიონის სოფელ სავანიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სამწუხაროდ, მარინას მეუღლის სახელი და გვარი ჩვენთვის უცნობია. ჩემი შვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და მას ძალიან უნდა ნათლიის პოვნა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის მოძებნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონი ჟენია საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან დაგვიკავშირდა და შვილის ნათლიის პოვნაში დახმარება გვთხოვა. ქალბატონი ჟენიას შვილი, ნოდარ გოგატიშვილი, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს გლდანის საპყრობილეში იხდის. მას ქურდობისთვის 12 წელი აქვს მისჯილი. ამჟამად ის ციხის საავადმყოფოშია. მას გაუკეთდა თიაქარკვეთის ოპერაცია. ნოდარს ძალიან უნდა ნათლიის პოვნა. იმედია, მარინა კვლავ თბილისში ცხოვრობს და ამ სტატიას გამოეხმაურება.
ინტერვიუ ნოდარის დედასთან, ქალბატონ ჟენიასთან:
– მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი თქვენ და თქვენი შვილის ნათლიამ და რა იცით მარინას შესახებ?
– ჩემი მეუღლე ინჟინერ-მშენებელი იყო, მარინა კი, თუ არ ვცდები, მასთან მდივნად მუშაობდა. სამსახურში დამეგობრდნენ ისინი და ჩემმა მეუღლემ სწორედ მარინა აირჩია შვილის ნათლიად. 1999 წელს ჩემი ქმარი გარდაიცვალა. მახსოვს, მარინას მაშინაც ვერ შევატყობინე ეს ამბავი, რადგან მისი მისამართი არ ვიცოდი. ვიცით, რომ მარინა დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ სავანეში, მისი მეუღლე კი სოფელ სპეთიდან იყო. დაოჯახების შემდეგ ისინი საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ და ასე დავკარგეთ ერთმანეთი. ვიცი, რომ მარინას ჰყავდა ძმა, სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. შეიძლება, ის ამჟამად საჩხერეში ცხოვრობდეს. ასევე, მახსოვს, რომ მარინას მამა არ ჰყავდა (გარდაცვლილი იყო, თუ არ ვცდები), დედა კი იმ პერიოდში ცოცხალი იყო. ძალიან გვინდა, მარინა ვიპოვოთ. ვალდებულიც ვარ, მას ჩემი შვილის ამბავი შევატყობინო. მით უმეტეს, რომ ჩემს ბიჭს ძალიან უნდა მარინას პოვნა. ის მისი ნათლიაა და ამჟამად ძალიან აკლია მისი გვერდში დგომა. მინდა, რითაც შემიძლია, დავეხმარო ჩემს შვილს ნათლიის პოვნაში, მით უმეტეს, რომ ნოდარის გარდა მე არავინ მყავს – ის ჩემი ერთადერთი შვილია. უგუნურობის გამო ჩაიდინა მან შეცდომა და თავი საციხოდ გაიხადა. პირადად თვითონ ძალიან ნანობს ჩადენილს, უკვე მე-4 წელია, რაც სასჯელს იხდის, ისე კი მას 12 წელი აქვს მისჯილი (ტირის).
– რა ჩაიდინა თქვენმა შვილმა და რის გამო აქვს მისჯილი პატიმრობის 12 წელი და აქამდე თუ ჰქონდა მცდელობა, ნათლია ეპოვა?
– ნოდარს სულ უნდოდა ნათლიის პოვნა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. როგორც გითხარით, მისი მისამართი ჩვენ არ ვიცით და, სამწუხაროდ, სურათიც არ გაგვაჩნია. ნოდარი ცუდი ადამიანი არაა, უბრალოდ, ის ერთხელ უკვე შეცდა და დასკვნა ვერ გამოიტანა – ქურდობა მეორედაც ჩაიდინა. ამის გამო 12 წელი მიესაჯა. პირველი შემთხვევის შემდეგ თავდებით გამოვიყვანე და მეორედ გაეხვია ამ ამბავში. ამჟამად ის მართლა ნანობს თავის დანაშაულს, მაგრამ, რა გაეწყობა (ტირის). ახლა ის „რეზბალნიცაზეა“ და დიდი იმედი აქვს თქვენი. უნდა, რომ თქვენი რუბრიკის საშუალებით იპოვოს ნათლია. მთხოვა, თქვენთვის მომემართა. მე უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ და მარინას მარტო ვერ ვიპოვი.
– კიდევ რა იცით დაკარგული ნათლიის შესახებ, გარდა იმისა, რომ ის ამჟამად თბილისში უნდა ცხოვრობდეს?
– დაზუსტებით ვიცით, რომ ამჟამად მარინა თბილისში ცხოვრობს. არა მგონია, ის საცხოვრებლად საჩხერეში დაბრუნებულიყო, ამას როგორმე გავიგებდი. ასევე, ვიცით, რომ მისი მეუღლე სოფელ სპეთიდან იყო. სამწუხაროდ, მის სახელს ვერაფრით ვერ ვიხსენებ. ჩემს შვილს მართლაც გული წყდება, რომ ნათლიას ვერ პოულობს. მოგეხსენებათ, ნათლია ყველა ადამიანისთვის სულიერი მშობელია. როდესაც ადამიანი რაიმე განსაცდელშია, ის აუცილებლად გვერდში უნდა ჰყავდეს და სულიერად ეხმარებოდეს თავის ნათლულს. როგორც ჩანს, ნოდარს ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება სულიერი დედის გვერდში დგომა. თუკი მარინას ვიპოვით, ვიცი, რომ ნოდარზე ბედნიერი არავინ იქნება ამქვეყნად. მინდა, ჩემს შვილს ნათლიის პოვნით მაინც შევუმსუბუქო ციხეში ყოფნის დღეები.
– ანუ, ნათლიის პოვნა ნოდარის ინიციატივაა?
– დიახ. უბრალოდ, როგორც გითხარით, ის პატიმარია და ამიტომ ეს საქმე მე მომანდო, ძალიან უნდა და სჯერა, რომ ნათლიის პოვნაში დაგვეხმარებით. მესმის და ვიცი, რომ ჩემმა შვილმა შეცდომა დაუშვა და შეცდომისთვის სასჯელსაც იხდის, მაგრამ, პატიმარიც ხომ ადამიანია და აქვს იმის უფლება, მოინდომოს ახლობლის ნახვა, შეხვედრა პაემნის დროს. ჩემი აზრით, ნათლიის პოვნა კეთილშობილური აზრია.
– თუკი იპოვით ნათლიას, როგორ ფიქრობთ, მოინდომებს ის პატიმართან პაემანზე მისვლას?
– იმედია, ამ ყველაფერს რომ გაიგებს, აუცილებლად მოუნდება ნოდარის მონახულება ან წერილის მიწერა მაინც. ნოდარი დარწმუნებულია ამაში და მეც დიდი იმედით ვარ განწყობილი.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.