როგორ დაკარგეს ერთმანეთი მამიდამ და ძმისშვილმა და ვის ეძებენ თბილისიდან რიაზანის ოლქში
50 წლის მარინა ბონდოს ასული კირცხალია ეძებს დაახლოებით 42 წლის სვეტლანა გენადის ასულ კირილიოვას და 20 წლის მარიამ ანზორის ასულ კირცხალიას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმისშვილს – 20 წლის მარიამ ანზორის ასულ კირცხალიას და ჩემს რძალს – დაახლოებით 42 წლის სვეტლანა გენადის ასულ კირილიოვას. 1992 წლის შემდეგ მარიამი არ გვინახავს – მაშინ ის დაახლოებით 1 წლის იყო. ძალიან გვინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, ჩემი ძმა ცოცხალი აღარაა. მეც და მთელ ჩემს ოჯახსაც ძალიან გვინდა მარიამის პოვნა, თუმცა, დამოუკიდებლად ჩვენ ეს ვერ შევძელით. იმედი გვაქვს, დაგვეხმარებით მის მოძებნაში.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი თქვენ და თქვენმა ძმისშვილმა, როგორ მოხდა, რომ თქვენ თბილისში ხართ, მარიამი კი – რიაზანის ოლქში?
– 1992 წელი იყო. მოგეხსენებათ, რა მძიმე პერიოდი იდგა. ჩემს ძმას თავისი ოჯახი ჰქონდა, მის მეუღლეს ერქვა სვეტლანა გენადის ასული კირილიოვა, მათ შეეძინათ გოგონა – მარიამი, 1991 წელს დაიბადა. 1992 წლის ბოლოს თუ 1993 წლის დასაწყისში ჩემი ძმის ოჯახი საცხოვრებლად რიაზანის ოლქში გადავიდა. პატარა მარიამი მაშინ სულ 1 წლის იყო. ჩვენ მისი ერთადერთი ფოტო გვაქვს, სადაც ის 1 წლის ასაკშია. მას შემდეგ მე ჩემი ძმისშვილი არ მინახავს. მარიამის ეს ფოტო გადაღებულია საქართველოდან მათ წასვლამდე. ამჟამად მარიამი უკვე დიდი გოგოა, 20 წლის უნდა იყოს. ძალიან გვინდა მისი ნახვა და გაგება, როგორ არის, რა მოხდა მის ცხოვრებაში. ძმის ფოტოც გვაქვს, სადაც ჩემი ძმა ანზორი, ახალგაზრდაა – ჯარში მსახურობის დროინდელი ფოტოა. მარიამის პოვნა მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი ჩემი ოჯახის დიდი სურვილია. ვიცით, რომ თქვენ შეგიძლიათ, ეს ისტორია და ფოტოები რიაზანის ნებაყოფლობით დამხმარეებს გაუგზავნოთ. ღვთის წყალობით, გვაქვს მარიამის პოვნის დიდი იმედი. თბილისიდან ჩვენ ის ვერანაირად ვერ ვიპოვეთ, საიტებითაც ვცდილობდით მის პოვნას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის ან ფსევდონიმითაა დარეგისტრირებული, ან სულაც არ დარეგისტრირებულა იმ საიტებზე, სადაც ჩვენ ვეძებდით.
– მაინც, რა იყო იმის მიზეზი, რომ თქვენი ძმის ოჯახი საცხოვრებლად რიაზანის ოლქში გადავიდა?
– როგორც გითხარით, ის პერიოდი დიდი არეულობისა და გაჭირვების დრო იყო, თან ჩემი ძმის სიკვდილიც დაემთხვა ამ ყველაფერს და ამის გამო სვეტლანამ გადაწყვიტა, საცხოვრებლად რიაზანის ოლქში გადასულიყო.
– მას შემდეგ რძალთან კავშირი საერთოდ არ გქონიათ?
– არა. სამწუხაროდ, მას შემდეგ სვეტასთან კავშირი არ მქონია, არც მარიამთან.
– აქამდე თუ გიძებნიათ რძალი და ძმისშვილი?
– დიახ, რამდენჯერმე ვცადე მისი მოძებნა, მაგრამ, დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელით. დავურეკეთ ჩვენს ახლობლებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მაგრამ იმათაც ვერაფერი გაარკვიეს. მათ მოძებნაში მხარში ჩემი მეუღლე მიდგას, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რაიმე ხერხი გამონახოს, რომ მარიამს ან სვეტლანას მივაგნოთ. ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვქონდა მე და სვეტას. გამორიცხულია, რომ მას არ უნდოდეს ჩვენთან დაკავშირება. უბრალოდ ვფიქრობ, შეიძლება, მასაც რაღაც ცხოვრებისეული პრობლემები შეექმნა, ან, რაღაც სხვა მიზეზის გამო ვერ გვიკავშირდება და ასე დაიკარგა ჩვენ შორის კავშირი. მას შემდეგ, რაც მარიამი და სვეტა საცხოვრებლად რიაზანის ოლქში გადავიდნენ, ჩვენ მისამართი არ შეგვიცვლია, ამიტომ, არც ვიცი, დაზუსტებით რა ვიფიქრო. სვეტა ჩვენთან სახლშიც კი არის ნამყოფი, შეიძლება, უბრალოდ, წასვლამდე ჩვენი მისამართი არ ჩაუწერია.
– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, გექნებათ თუ არა ერთმანეთის ნახვის საშუალება?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს. უახლოეს მომავალში, ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ამის საშუალება და, შეიძლება, ჩვენ წავიდეთ მათ სანახავად. მანამდე კი ტელეფონით მაინც ხომ მოვიკითხავთ ერთმანეთს. ჩემს შვილებსაც ძალიან უნდათ ბიძაშვილის პოვნა, მით უმეტეს, რომ ჩემი უფროსი ბიჭი მარიამზე სულ ერთი წლით არის უფროსი, ანუ, ისინი თითქმის ტოლები არიან. იმედი გვაქვს, მარიამსაც ისევე ენდომება ჩვენი ნახვა, როგორც ჩვენ.