კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-29(551)

 

გოგონა გულსაკლავად სლუკუნებდა. სახეზე აფარებულ თითებს შორის მოჩანდა მისი გაწითლებული ცხვირი და მოცახცახე ტუჩები. თემომ ადროვა, მერე მარიკას ანიშნა, წყალი მოუტანეო. გოგომ თავის გაქნევით იუარა მისკენ გაწვდილი წყლიანი ჭიქა და ზლუქუნს უმატა.

– არა, არა, ასე არაფერი გამოვა, – მარიკა მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი, – დამშვიდდი, ტირილით საქმეს ვერ უშველი. წყალი დალიე და წყნარად დავილაპარაკოთ. უნდა გვითხრა, რატომ მოგვატყუე.

თემო ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა, თითქოს  ამით მარიკას უთხრა, შენ იცი, მე შენს საქმეში არ ჩავერევიო.

– მეც მომაწევინეთ, თუ შეიძლება, – თქვა გოგომ და ცრემლით სველი ლოყები ხელისგულებით მოიწმინდა. მარიკამ ქაღალდის ხელსახოცი, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა გაუწოდა.

– საერთოდ, არ ვეწევი, მაგრამ, ახლა... დამიჭერთ? მე ახლა დაპატიმრებული ვარ?

მარიკამ თემოს გახედა. პაპავა აშკარად არ აპირებდა მათ საუბარში ჩარევას.

– დაპატიმრებული არ ხარ. რატომ გგონია, რომ დაგიჭერთ? საამისო მიზეზი არის? გულახდილი იყავი, კარგი? სულერთია, ტყუილს მაინც მივხვდებით და ეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ჩაგაყენებს.

– მაგას ვხვდები... გაოგნებული ვარ, როგორ გაიგეთ.

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. საინტერესო ის არის, რატომ მოგვატყუე?

– შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, ეს არ ყოფილა ბოროტი ტყუილი.

– კეთილი და ბოროტი ტყუილის განსაზღვრება იურისპრუდენციაში არ არსებობს. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მხოლოდ ფაქტებია. მიხვდი, ხომ? 

– დიახ, მაგრამ... – გოგომ შიშით დააცეცა თვალები.

– ნია, მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: თუ ახლაც არ იქნები გულწრფელი, მაშინ ჩვენც იძულებულები გავხდებით, სხვანაირად დაგელაპარაკოთ. არ გემუქრებით, მაგრამ, აუცილებელი იქნება ამ ამბავში შენი მშობლების ჩართვაც, ანუ, თუ ახლა უფლებას გაძლევთ, სიმართლე გვითხრა და წახვიდე, მერე ასე მარტივად აღარ გამოვა.

– ჩემგან რას მოითხოვთ? დედაჩემმა და მამაჩემმა არაფერი არ უნდა იცოდნენ. გესმით? დავიღუპები!

– ეს უკვე შენზეა, ნია, დამოკიდებული. გვეტყვი, სიმართლეს?

გოგომ თავი დააქნია.

მარიკამ შვებით ამოისუნთქა და გაუღიმა:

– ძალიან კარგი. შენ თვითონ მოყვები, რატომ დაურეკე ნოდიას მკვლელობის დღეს თუ, გირჩევნია, კითხვებზე გაგვცე პასუხი?

გოგომ თავი ჩაღუნა.

– აღიარებ, რომ დაურეკე?

– დიახ. დავურეკე.

– წინა დღესაც ურეკავდი?

– წინა დღესაც და იმის წინა დღესაც... უნდა შევხვედროდი და ვერ შევხვდი.

– რისთვის უნდა შეხვედროდი?

– ფული უნდა მოეცა.

პაპავამ ნამწვი გადააგდო და მაგიდასთან მივიდა:

– ეს უკვე საინტერესოა. თითქმის ვხვდები. აქამდე რატომ გვიმალავდი ამ ამბავს? ფული რომ არ ემართა შენი, ეს გასაგებია. აბა, მოყევი!

– მოსაყოლი ბევრი არაფერია. სასწრაფოდ დამჭირდა ფული. ძალიან დამჭირდა. ჩემს მშობლებს ვერ ვთხოვდი, ამიტომ, იძულებული გავხდი, მისთვის დამერეკა. ვიცოდი, ფული ყოველთვის ჰქონდა.

მარიკამ ყურადღებით შეხედა გოგოს:

– ნია, შენ კიდევ არ ამბობ ყველაფერს.

 გოგომ სახეზე აიფარა ხელები და აზლუქუნდა?

– როგორ არ ვამბობ. არ მესმის, კიდევ რა გინდათ? ხომ გითხარით, რაც გაინტერესებდათ. ფულის მოცემას დამპირდა, მაგრამ, ვერ შევხვდი – უკვე აღარ მპასუხობდა.

– რისთვის გჭირდებოდა ფული?

– ამას ვერ გეტყვით, ძალიან პირადულია და არანაირად არ უკავშირდება ნოდიას მკვლელობას.

თემო შეიჭმუხნა:

– დასკვნების გაკეთება ჩვენი საქმეა. კიდევ გიმეორებ, რაც მარიკამ გითხრა: ისევ შენთვის იქნება უკეთესი, თუ დროს არ დაგვაკარგვინებ და მოყვები, რა გაკავშირებდა მოკლულთან! – გამომძიებლის ხმა მკაცრად და კატეგორიულად ჟღერდა. ამან გაჭრა. გოგომ მაშინვე შეწყვიტა სლუკუნი და მარიკას კიდევ ერთი ღერი სიგარეტი სთხოვა.

– კარგი, გეტყვით. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ დამიჯერებთ და მკვლელობასთან კავშირში არ დამდებთ ბრალს.

– სიმართლის თქმა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მომგებიანია შენთვის. დამნაშავესაც კი, გამოძიებასთან თანამშრომლობა სასჯელის ზომას უმსუბუქებს. მისი საყვარელი იყავი?

– არა, არა... ეგ როგორ იფიქრეთ? თუმცა, მას კი ჰქონდა ამისი სურვილიც და მცდელობაც...

– ეს ხომ არ იყო მიზეზი, რის გამოც მის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრება არ ისურვეთ?

– დიახ, ნაწილობრივ ესეც იყო, რადგან, როცა ჩემგან უარი მიიღო, მაგრძნობინა, რომ ტყუილად ფულს არ გადამიხდიდა. მაგრამ, მერე ისევ დამიტკბა – მითხრა, ქირას გადაგიხდი, თუ შენს რომელიმე მეგობარს გამაცნობ. ზოგს სჭირდება კარგი სპონსორი და, ხელს თუ შეუწყობ ჩვენს დაახლოებას, ამით შენც მოიგებო.

– იცით, ამ შეთავაზებას რეალურად რა ჰქვია?

ნიამ არ უპასუხა. თემომ საჭიროდ მიიჩნია, განემარტა:

 – სუტენიორობა, ანუ – მამაშობა. გამოდის, რომ ნოდიას ნაშებით ამარაგებდი და ამაში გასამრჯელოსაც იღებდი.

გოგომ ტირილი ვერ შეიკავა:

– არა, არა, არც მამაშა ვარ და არც სუტენიორი! ქირის გადახდაზეც უარი ვუთხარი. მხოლოდ ორჯერ გადმომცა კონკრეტული თანხა.

– იმიტომ, რომ ვიღაცასთან დააახლოვე, ხომ მართალია?

– დიახ, მაგრამ, იმ გოგოს თვითონაც უნდოდა, ძალიან უნდოდა. იცით, როგორ მთხოვდა?

– ეს შენს საქციელს არ ამართლებს.

– ვიცი,. მაგრამ ფული მჭირდებოდა ძალიან.

– ფული ყველას სჭირდება, მაგრამ, ასეთი ბინძური საქმეების კეთება ფულისთვის?! ეს დანაშაულია, ჩემო კარგო! მე შემიძლია, ამას დანაშაულის კვალიფიკაცია მივცე. იმ გოგოსთან რა ურთიერთობა ჰქონდა ნოდიას?

– თქვენც ხომ მიხვდით, როგორი ექნებოდა...

– კონკრეტული პასუხი გვჭირდება.

– ხანმოკლე რომანის მსგავსი, კარგი ანაზღაურებით. ნოდიას მრავალფეროვნება უყვარდა. დიდხანს არავის სწყალობდა.

– ბოლოს რისთვის სთხოვე ფული და სანაცვლოდ რა შესთავაზე?

– არაფერი არ შემითავაზებია, ვუთხარი, მასესხე-მეთქი. კარგიო, მაგრამ, ვერ შევხვდი. უნდა დამიჯეროთ, ძალიან გთხოვთ...

– ტირილი საჭირო არ არის. დაგიჯერებთ, თუ ბოლომდე გულახდილი იქნები. რატომ დაგჭირდა ფული?

ნიამ ამოიოხრა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და სახე ხელისგულებში ჩამალა...

***

 ნიკამ კარზე დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შეაღო:

– დედა, პაციენტი გყავს?

– საერთოდ, ჯობდა, დაგეცადა, სანამ შემოსვლის ნებას მოგცემდი, მაგრამ, რადგან უკვე აქ ხარ, მოდი... მოხდა რამე? – ქალმა ეჭვით შეხედა შვილს.

– ისეთი არაფერი. ცოტა ფული მჭირდება.

– აჰა, თითქმის მივხვდი. მაგრამ, აჯობებს, შენ მითხრა. ვინ არის?

ნიკა ყაყაჩოსავით გაწითლდა:

– შენ ვერაფერს გამოგაპარებ და არც მქონია ამის იმედი. თუმცა, ის არ არის, რაც იფიქრე. მართლა ძალიან მომწონს. პირველად მაქვს გოგოსთან ურთიერთობაში ისეთი განცდა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მას ვეძებდი.

– ზედმეტი სენტიმენტალიზმი და რომანტიზმი კარგს არაფერს მოგიტანს, – ამოიოხრა ქალმა, – ფული რისთვის გჭირდება, მანქანა ხომ არ უნდა აჩუქო?

ნიკას ეწყინა დედის სიტყვები:

– შენ, მგონი, არ გაგიხარდა ის, რაც ახლა ვთქვი.

– მე უნდა გამხარებოდა? კი მაგრამ, რატომ? ნიკა, მითხარი, რა უნდა გამიხარდეს. ჩემს შვილს რომ ვიღაცა ნაშამ თავგზა აუბნია და აამჩატა?

– დედა, მეგონა, მიხვდებოდი, როგორი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის.

– ნუ აჩქარდები. – ერთადერთი, რაც შემიძლია, გირჩიო, ეს არის, – პირქუშად და მკაცრად თქვა ქალმა. შვილს უკმაყოფილოდ შეხედა და ჩაილაპარაკა, – მე მინდა, ჩემი შვილი კაცი იყოს.

– ამით რისი თქმა გინდა? – ფერი დაკარგა ნიკამ.

– იცი, რისი თქმაც მინდა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ხომ ასეა? ფულს მოგცემ, მაგრამ შენი გაუგებარი აღფრთოვანება არ მომწონს. შეეცადე, თავი შეიკავო. 

ნიკამ წყენა ვერ დამალა:

– ზოგჯერ საერთოდ არ მესმის შენი.

– რატომ? იმიტომ რომ, არ მინდა, ცხოვრებამ გაგთელოს? იმიტომ რომ, არ მინდა, ჩემი შვილი იქ აღმოჩნდეს სუსტი, სადაც ძალის გამოჩენა იქნება საჭირო? იმიტომ, რომ...

– დედა! ძალიან გთხოვ! უბრალოდ, შემიყვარდა – სულ ეს არის...

– მეც სწორედ ეგ მაწუხებს შენი სიყვარული... უფრო სწორად, მოულოდნელი შეტევა ფსევდო-სიყვარულისა... ეს კარგად არ დამთავრდება.

ნიკამ ნაძალადევად გაიღიმა:

– ძალიან უცნაურად ლაპარაკობ... რატომ არ დამთავრდება კარგად? სიყვარული რა, სტიქიური უბედურებაა?!

– შენისთანა ადამიანისთვის ბევრით არაფრით განსხვავდება.

ნიკამ ამოიოხრა და ნელი ნაბიჯით კარისკენ გაემართა.

– სად მიდიხარ? – სიტყვა დააწია ქალმა. ბიჭი შედგა და შემობრუნდა.

– დღეს აშკარად ვერ ხარ გუნებაზე და ძალიან მინდა, სწორედ ეს იყოს შენი უცნაური საქციელის მიზეზი...

– მოიცადე, ფულის წაღება დაგავიწყდა, – თითქოს სინდისმა შეაწუხა ქალი.

– არ დამვიწყებია, აღარ მჭირდება, – თქვა ნიკამ და კარი გაიჯახუნა...

***

ბარში, როგორც ყოველთვის, სუსტი განათება იყო და მუსიკაც გამაყრუებლად გუგუნებდა. ზეამ დაძაბული მზერა მოატარა იქაურობას... მაგიდებთან მიმჯდარი ადამიანების სახეების გარჩევა გაუჭირდა. ცოტა ხანს კიდევ იწვალა, სანამ იმას მოჰკრავდა თვალს, ვისაც ეძებდა... თუმცა, მაშინვე მისკენ არ წასულა, ბართან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა. 

ბარმენმა გაუღიმა:

– დიდი ხანია, არ მინახავხარ. „იქით“ იყავი? ბოლო დროს ყველა ცდილობს, ერთი თვით მაინც გაისეირნოს...

– არა, სახლში ვიჯექი, – ტუჩები უკმაყოფილოდ გაბურცა ზეამ, – ენცოს მძიმე პერიოდი ჰქონდა და ვბალეშჩიკობდი. ძალიან დავიღალე. აქ ყველაფერი ძველებურად არის – იგივე სასტავები... მოკლედ, არაფერი ახალი.

– ჰო, არაფერი ახალი. თითქოს არც არაფერი მომხდარა... – ჩაიცინა ბარმენმა და ზეას მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი.

– რას გულისხმობ?

– „ის“ ნახე? – კითხვაზე კითხვით უპასუხა ბარმენმა.

ზეამ იქით გაიხედა, საითაც ბარმენმა მიანიშნა.

– ჰო. თავის სტიქიაშია? რაღაც, მგლოვიარეს აღარ ჰგავს.

– ერთი კვირაა, ყოველდღე მოდის... გაძლიერებული დაცვის ქვეშ. ისე, მიკვირს, ისევ აქ რომ არის. იმ ამბის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მამამისი სამშობლოში გაისტუმრებდა.

– მგლოვიარესაც არ ჰგავს, – ზეამ ბარმენს გაუღიმა, – მინდოდა მისი ნახვა. ძალიან მაწყობს, უნუგეშო ქვრივის როლში რომ არ ვხედავ. მარტინი დამისხი, ორი... მივალ, დაველაპარაკები...

ბარმენი შეყოყმანდა:

– რა ვიცი, მაინც არ გირჩევ. შარია, ხომ იცი. შენს ადგილას, მოვერიდებოდი. გაძლიერებული კონტროლის ქვეშ ჰყავთ.

– მერე მე რა... ხომ იცი, ჩემნაირებს პრობლემები არავისთან არ აქვთ.

– მაგაში გეთანხმები, მაგრამ, მაინც ფრთხილად იყავი, ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული.

– აბა, ვიღაც დააპატიმრესო?! – ჩაილაპარაკა ზეამ და ჩურჩულზე გადავიდა, – ენცომ გაიგო, ვიღაც ქალს მოუკლავს...

– მაინც ნურსად ილაპარაკებ ამაზე, კარგი? – ჩურჩულითვე მიუგო ბარმენმა, – მაგას მეც მოვკარი ყური, მაგრამ...

– მაგრამ რა, არ გჯერა?

– მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო. კოქტეილს მოგიმზადებ...

– არა, ორი... მარტინი დამისხი... – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა ზეამ.

– შენ იცი. მე გაგაფრთხილე... – მხრები აიჩეჩა ბარმენმა...

***

ნიკა თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა. მისთვის  განსაკუთრებით მძიმე იმის გაცნობიერება იყო, რომ ყველაზე ახლობელმა, მისთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა დაამცირა. მაგრამ, ვერაფერს შეცვლიდა – რეალობა ასეთი უნდა მიეღო. გაცეცხლებულმა იქვე, კლინიკის ეზოში იხეტიალა, დამშვიდებას ცდილობდა... ზოგჯერ დედის საერთოდ არ ესმოდა. იყო დრო, როცა დედა ადამიანური ღირსებების ეტალონად მიაჩნდა. უზარმაზარი იყო სიხარულის განცდა: – შემომხედეთ, ჩემნაირი დედა არავის ჰყავსო, ამბობდნენ მისი თვალები და ამით თითქოს იმის კომპენსაციას ახდენდა, მამა რომ არ ჰყავდა. გაუცნობიერებლად დამოკიდებული იყო დედაზე და აღმერთებდა მას. მერე ერთბაშად აღმოაჩინა, რომ.... – ნიკამ ამოიოხრა. პირველივე მაღაზიაში შევიდა, სიგარეტი იყიდა და ერთმანეთის მიყოლებით სამი ღერი მოწია. მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. მანქანის კარი გამოაღო, ჩაჯდა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. ცდილობდა, რამე ახსნა მოეძებნა დედის საქციელისთვის... „ეს, ალბათ, დედური ეგოიზმია. არავისთან გასაყოფად არ ვემეტები... შეიძლება იმიტომ, რომ ჩემ გარდა სხვა არავინ ჰყავს. ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა და არ უნდა, მეორეც დაკარგოს. ალბათ, უნდა მესმოდეს მისი... ჰო, უნდა მესმოდეს, მაგრამ როგორ? – პირად ბედნიერებაზე უარი ვთქვა?! როგორ არ მინდა, დედაჩემიც იმ დედებს დაემსგავსოს, რძლებს წინასწარ, უნახავად რომ შეიძულებენ ხოლმე და მათ ოჯახში შემოჭრილ მოსისხლე მტრებად აღიქვამენ. უნდა დაველაპარაკო, მაგრამ, რანაირად, როგორ არ ვაგრძნობინო, რომ ძალიან მატკინა და მაწყენინა? გული მომიკლა და ეს შეგნებულად გააკეთა. არ მინდა მასთან კონფლიქტი, უარესად მეტკინება... მაგრამ, თუ ის, რასაც მარიკას მიმართ განვიცდი, სერიოზულია, მაშინ?! რა მოხდება მაშინ?! – ნიკამ ამოიოხრა და კიდევ ერთი ღერი გამოაცოცა სიგარეტის კოლოფიდან...

***

დათოსთვის სულერთი იყო, ნიკას შეხვდებოდა თუ საღამომდე დარჩენილ დროს მაკასთან გაატარებდა. ჩვეულ ამპლუაში იყო, ანუ, ანცობისა და გართობის გუნებაზე. საერთოდაც, იშვიათად იყო მოწყენილი ან „დაგრუზული“. მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავის გახალისებას. ერთი პრინციპი ჰქონდა, რომელსაც მკაცრად იცავდა: „არასდროს მოიწყინო, თუ ამისთვის რეალური მიზეზი არ გაქვს. რეალური მიზეზი კი მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს – შენი გარდაცვალება!“

დათო გაიზმორა. ხელები ფართოდ გაშალა და მთელი მკერდით ჩაისუნთქა ჰაერი. მისი მობილური დუმდა. „ვა, ნიკუშა არ რეკავს. თუ იმ გოგოსთან გაძვრა პაემანზე, გავგიჟდები! გავუჩალიჩე, რა, ბიჭს...“ – გაიფიქრა და თვითონ დაურეკა:

– სად ხარ? შენი ნახვა მინდა. დღეს არ უნდა შევხვედროდით? რას ნიშნავს, რისთვის? იმიტომ, რომ უნდა შევხვედროდით... მარიკასთან ერთად ხარ? არა? მით უმეტეს! დაქოქე მანქანა და წამოდი. ჩემს სახლთან რომ პარკია, ხომ იცი? იქ ვარ... მერე გეტყვი... რას ნიშნავს, იფიქრებ! ახლავე წამოდი, გელოდები!..

... დათო დაიხარა, ფანჯრიდან მანქანაში შეიხედა და წაუსტვინა:

– ეს რა არის, სიგარეტი? გააფრინე, ტო? შენ მოწიე? მაჩვენე ერთი... გაგიფრენია და ეგ არის. დანიელოვიჩმა რომ გაიგოს, იცი, რა მოხდება? ეგრევე მოგხსნის შეჯიბრებიდან.

– ჰოო?! იცი, რომ ეს ამბავი დიდად არ მაღელვებს?

დათომ მსუბუქად დაჰკრა მხარზე:

– აბა, ერთი მოყევი, რა გეტაკა. ოღონდ, არ მითხრა, რომ შეყვარებული ხარ, თორემ, თავს მოვიკლავ.

– არც უმაგისობაა... – ამოიოხრა ნიკუშამ, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც სხვაა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩემი უგუნებობის მიზეზი მარიკა არ არის. არც კი მინახავს. მესიჯი მივწერე და არ მიპასუხა. ეტყობა, ძალიან დაკავებულია.

– ჰო, აბა?! იმიტომ გაფრთხილებდი, გული არ ჩართო ამ საქმეში, თორემ, გაიჩალიჩებ-მეთქი. რატომ არ დამიჯერე? ახლა თავს უხერხულად მეც ვგრძნობ. უხერხულობას ვინ ჩივის, ნერვიულობა დამეწყო და ჩემს პრინციპს ვღალატობ.

– დათო, ისედაც საშინელ გუნებაზე ვარ. არ გინდა, დამამშვიდო?

– ვცდილობ, მაგრამ, თუ არ მეტყვი, რა გჭირს, ვერაფრით გიშველი. მარიკაა შენი უგუნებობის მიზეზი?

– არა, დედაჩემი... – თქვა ნიკამ და სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი, მაგრამ დათომ მოასწრო და ცხვირწინ ააცალა:

– აბა, გეყოფა, სულ ნუ გააფრენ! დედაშენთან პრობლემა როდის გქონდა? შენ რომ დედა გყავს, ეგეთი უნდა.

– ჰო, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ... ზოგჯერ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ვიცნობ.

დათომ შუბლი მოისრისა:

– სულ ეს არის?

– ახლა შენ მოგიყვე და აგიხსნა? – იფეთქა ნიკამ, – რა სისულელეს მეკითხები.

– რატომ არის სისულელე? მეუბნები, მეჩვენება, რომ დედაჩემს არ ვიცნობო. მე მიცნობ? შეგიძლია, თქვა, რომ კარგად მიცნობ? არა, ძმაო, ადამიანი გამოცანაა, თვითონ ბუნებამ გადაწყვიტა ასე.

– ნუ ფილოსოფოსობ, თუ ღმერთი გწამს. დიდი ხანია, ფიქრს დაეჩვიე?! 

დათომ მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი:

– გპატიობ, შენი სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით. მიდი, მოყევი, რა მოხდა. მეეჭვება, ქალბატონი ია რამეში დამნაშავე იყოს. შენ გაჭედავდი. რა უთხარი იმ ქალს, რით გადარიე?

– რა აზრი აქვს, გელაპარაკო, მაინც ვერაფერს გაიგებ.

– მაშინ, იყავი გაფუყული და მოწიე სიგარეტი, სანამ არ დაბოლდები... დებილი ხარ, შე ჩემა?! რისთვის იგლეჯ ნერვებს, მოყევი-მეთქი. დროზე!.. ხომ იცი, როგორი მაგარი ფსიქოლოგი ვარ. მაკა ეგრევე ჩემთან გამორბის ხოლმე და ისე ვაწყნარებ – სუპერ!

– მეეჭვება, რამე მიშველო, ამიტომ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს და სადმე წავიდეთ.

– სად სადმე, ტო!.. ახლა, არ მითხრა, რომ ახლა დალევაც გინდა, თორემ გავაფრენ!

– არა, არა... უბრალოდ, ცოტა უნდა გავნიავდე, თორემ შევიშლები.

 – კარგი... დააწექი, კუს ტბაზე ავიდეთ. იქ კარგად განიავდები...

***

თემომ სკამი გამოსწია და გოგოს წინ დაუჯდა.

– ახლა მომისმინე: მაგარ შარში ხარ, ამას უნდა ხვდებოდე და, გეტყობა, რომ ხვდები კიდეც. დამშვიდდი. დაფიქრდი, რა არის შენთვის უკეთესი და მერე გვიპასუხე შეკითხვებზე.

ნიამ გაურკვევლად გააქნია თავი.

– მარიკა, რამე თუ უნდა, იქნებ შენ გითხრას. მთავარია, ახლა დავამშვიდოთ, რომ შეცდომა არ დაუშვას. ძალიან არ მინდა, დროებითი პატიმრობის საკანში გაატაროს ღამე.

ნიამ შიშით შეხედა გამომძიებელს.

– რაა?! წინასწარი პატიმრობის საკანში რა მინდა?

– აბა როგორ?! ეჭვმიტანილი ხარ, ჩემო კარგო!

– მე? რანაირად? მარტო იმიტომ, რომ იმ დღეს გიას დავურეკე?

– მარტო მაგიტომ არა, თუმცა ეგეც არის საკმარისი მიზეზი, ეჭვმიტანილად მოიაზრებოდე. რატომ გაგიკვირდა, მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოვისმინეთ? შენი ერთადერთი შანსი სიმართლის თქმა და გამოძიებასთან თანამშრომლობაა.

– სიმართლე ხომ გითხარით, კიდევ რა გინდათ?

– ბოლომდე არ გითქვამს. მარიკა, გოგოებს უთხარი, ყავა მოადუღონ და მოუტანე. ცოტას დაამშვიდებს და კონცენტრაციაშიც შეუწყობს ხელს.

– არ მინდა ყავა, საერთოდ არაფერი არ მინდა...

მარიკამ წყლიანი ჭიქა ახლოს მიუჩოჩა:

– ეს მაინც დალიე.

– არ მინდა, – გაჭირვეულდა გოგო, – გამიშვით სახლში!

– ნია, პატარა აღარ ხარ, ვერ ხვდებოდე, რა სიტუაციაში აღმოჩნდი. შენი მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, ძალიან მძიმე. ჯერ აქ, ამ კაბინეტში გელაპარაკებით, მაგრამ, სულ ასე არ იქნება.

– მემუქრებით? კი მაგრამ, რატომ? მე არ მომიკლავს. გეფიცებით, მართლა...

– რატომ უნდა დაგიჯეროთ? – თემომ ამოიოხრა, – მარიკა, დევის დაურეკე, მოვიდეს.

ნია საბოლოოდ დაფრთხა და მოტყდა:

– დევი ვინ არის? მართლა მიჭერთ? არა, ძალიან გთხოვთ... ძალიან... ვერ გავძლებ ციხეში... მოვკვდები... მე... მე ფეხმძიმედ ვარ...

მარიკა გაშრა. თემოსკენ შებრუნდა და რაღაც ანიშნა. გამომძიებელი ატირებული გოგოსკენ დაიხარა და თმაზე ალერსით გადაუსვა ხელი:

– ჩემო კარგო, ეს მთლიანად ცვლის საქმის ვითარებას. მართლა ძალიან მეცოდები... მით უმეტეს, ყველაფერი უნდა გვითხრა, რომ დაგეხმაროთ კიდეც.

– თქვენ ვერაფრით დამეხმარებით. ვიცოდი, ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა! ისეთ ჩიხში ვარ, აქედან გამოსავალს ვერ ვიპოვი. ყველა გაიგებს... ეს კატასტროფაა... დავიღუპე. პრინციპში, მნიშვნელობა აღარც აქვს, სად ვიქნები, ციხეში თუ გარეთ. ჩემი ცხოვრება დამთავრდა....

– არა, არა, ამას რატომ ამბობ? – მარიკამ გადაწყვიტა, მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე აეღო. ნიას მიუჩოჩდა და ხელებზე მოეფერა, – ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, უნდა დაგვიჯერო.

– რა იქნება კარგად? თქვენ, ალბათ, ვერ გაიგეთ... ფეხმძიმედ ვარ! სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ფული და ვურეკავდი გიას.

კაბინეტში შემოსულმა დევიმ ნიას ნათქვამი გაიგონა და დაუსტვინა:

– ეჰე, აქ თურმე „ცხელა“, მაგრამ, მე რომ ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ? აჯობებს, გინეკოლოგთან წაიყვანოთ, ან, აქ გამოვიძახოთ.

თემომ არაფერი უპასუხა. მივიდა, მკლავში მოჰკიდა ხელი და ოთახის შორეული კუთხისკენ გაიხმო.

– შენ, რა, ვერ ხვდები, რა თქვა ახლა ამ გოგომ? რა გინეკოლოგზე ლაპარაკობ ან სად უნდა წავიყვანოთ, რა სისულელეა! ამ ოთახიდან ამისი გაშვება არ შეიძლება, ბოლომდე უნდა გვითხრას ყველაფერი.

– ჰო, მაგრამ, შენ ფიქრობ, რომ იმ ნოდიასგან არის ფეხმძიმედ?

– მაგას ახლა ვერ გეტყვი, მაგრამ, დიდი ალბათობაა, ხომ ხვდები.

– ჰო.

– ჰოდა, თუ ხვდები, მიდი და დაელაპარაკე. ფსიქოლოგიც ვარო, ხომ ამბობ?

– მაშინ, გადით და მარტო დამტოვეთ.

– რატომ? ვითომ, მარიკას აქ ყოფნა საქმეს უფრო არ წაადგება?

– ვნახოთ, თუ დამჭირდება, დავუძახებ.

თემომ მხრები აიჩეჩა:

– ზედმეტი არ მოგივიდეს.

– ნუ გეშინია. ახლა ეგ ისეთი შეშინებულია, დიდი დრო არ დამჭირდება, რომ ავალაპარაკო.

– კარგი, შენ იცი. წარმოიდგინე, თუ ეს გოგო ნამდვილად მოკლულისგან არის ორსულად, საქმის ვითარება მთლიანად იცვლება.

– ჰო, თუმცა, ვინ იქნება მთავარი ეჭვმიტანილი, ძნელი საქმეა.

– მაგაზე მერე ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ, ისე, შენ კარგად თქვი. ეს ძალიან ნერვიულობს და ჩემს ეჭვს ამძაფრებს, რომ სწორედ იმ კაცისგან არის ფეხმძიმედ...

***

ზეამ ცოტა ხანს შორიდან უყურა ქალს, თითქოს ზვერავდა და ნიადაგს უსინჯავდა. მერე მარტინით სავსე ფუჟერებს ხელი მოჰკიდა და თეძოების ნელი რხევით მაგიდისკენ გაემართა, რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა იქ მჯდარი ქალისგან, რომ ორმა მხარბეჭიანმა, ზორბა მამაკაცმა გზა გადაუღობა.

– მე მისი მეგობარი ვარ... – გაინაზა ზეა, – ბიჭებო, რა დაგემართათ... ოი, თქვენ ახლები ხართ? მე არ მიცნობთ? ნუ ღელავთ, ჩემგან საფრთხე გამორიცხულია. პირიქით, ნახავთ, როგორ გაუხარდება ჩემი დანახვა!

„ბიჭებს“ ყურადღება არ მიუქცევიათ მისი სიტყვებისთვის, კლდესავით აღიმართნენ, მაგრად იდგნენ და თავიანთი დაცვის ობიექტთან ზეას მიშვებას არ აპირებდნენ. ზეამ შეურაცხყოფილმა ააფახურა წამწამები:

– გამატარეთ, რა... ეს თავისუფალი ქვეყანაა და საშუალება მომეცით, ჩემი მეგობარი ვნახო. ძალიან მომენატრა და უნდა დაველაპარაკო. მივუსამძიმრო, ბოლოს და ბოლოს...

– თქვენს ადგილზე დაჯექით, ქალბატონთან მისვლისა და ლაპარაკის უფლებას ვერ მოგცემთ!

– მეგობარი ვარ, საყვარელო, მეგობარი...

– სულერთია. ქალბატონს ლაპარაკი არ უნდა. ვერაფრით დაგეხმარებით. პრობლემას ნუ შეიქმნით!

ზეამ უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები. ქუსლებზე შემოტრიალდა და უკან, ბარის დახლისკენ გაემართა.

ბარმენმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა:

– გითხარი? იმ ამბის შემდეგ მესამედ მოდის და სულ ასეთი გაძლიერებული დაცვით, თითქოს რაღაცის ეშინიათ.

– რისი უნდა ეშინოდეთ, მე ხომ სრულიად უწყინარი არსება ვარ. ჩვენნაირები მკვლელები არ არიან, არ იცოდი?

– მე კი ვიცი, – გაიცინა ბარმენმა, – მაგრამ, ეტყობა, მამიკო მთლად დარწმუნებული არ არის ამაში. რა იცი, იქნებ, სწორედ ელჩია დამნაშავე სასიძოს მკვლელობაში? იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ამ ოჯახის ინტერესებს შეეწირა-მეთქი.

– არააა... – ზეამ თეატრალურად გაატკაცუნა თითები, – საყვარელო, სერგის არ იცნობდი? ის ისეთი იყო, დარწმუნებული ვარ, ბევრს ექნებოდა მისი მოკვლის სურვილი. ელჩი არაფერ შუაშია, არც ნეილი... ისეთი უწყინარი და საყვარელი გოგოა...

– ჰმ, უნდა გენახა, ეგ საყვარელი და უწყინარი გოგო ბარში ჭურჭელს როგორ ამტვრევდა... დათვრა და გააფრინა.

– ეგ როდის იყო?

– მგონი, ერთი კვირის წინ. დღისით დასალევად შემოვიდა. დაცვას გამოეპარა თუ როგორ იყო, არ ვიცი, ისეთები მოცვივდნენ... პოლიცია მოვიდა და მაგან უშველა.

– რისგან?

– ჟურნალისტებისგან. მაგათ ხომ მეტი არც უნდათ. ერთი თვე ეყოფოდა ამ ქალაქს საჭორაოდ და ელჩი ამაზე გაგიჟდებოდა. ისედაც ამბობენ, სიძის მკვლელობის შემდეგ პრობლემები აქვსო.

ზეამ უკმაყოფილოდ აახამხამა წამწამები:

– შენ დიდი ხანია, პოლიტიკით დაინტერესდი? არ გირჩევ, ეს სიკეთეს არ მოგიტანს, საყვარელო... შენი საქმე აკეთე და ჩუმად იყავი. ძალიან დამწყდება გული, თუ მაგ ლამაზ ცხვირს წაიმტვრევ, – ირონიულად გააფრთხილა ზეამ.

– შენ რას აკეთებ, როცა იმ ქალს ეტენები? ესეც პოლიტიკაა.

– მე მისი მეგობარი ვარ, მეგობარი, სულელო! თანაც, მინდა, ცოტა გავამხიარულო.

– მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ, – ბარმენმა კიდევ დაუსხა მარტინი და კარისკენ გაახედა, – შეხედე, ვინ მოვიდა? აბა, დეპრესია აქვსო, რომ ამბობდი?

ზეამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და ენცო დაინახა. მისი პათოსი მაშინვე სადღაც გაქრა. ფერწასულმა მარტინი მოსვრიპა და ათრთოლებული თითებით სიგარეტს მოუკიდა.

– რა მოგივიდა? თითქოს შეგაშინა მისმა დანახვამ.

– არ მითქვამს, აქ რომ მოვდიოდი, – ენა დაება ზეას.

– მერე რა, დედაშენი ხომ არ არის, კუთხეში დაგაყენოს? რატომ ხარ მასზე დამოკიდებული?

ზეამ არ უპასუხა. გაფაციცებით ადევნებდა თვალს ენცოს ყოველ მოძრაობას და თითქოს რაღაცას ელოდა, მაგრამ იმას არც კი შეუნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, გულგრილად აუარა გვერდი და პირდაპირ ნეილის მაგიდისკენ გაემართა. დაცვას მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია...

***

დევიმ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა კაბინეტში და ნიას წინ გაჩერდა. გოგოს მისთვის საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება. თემოსა და მარიკას გასვლის შემდეგ გაშტერებული იჯდა და არაფერზე რეაგირებდა. დევისაც არ შეუწუხებია, თავისთვის სცემდა ბოლთას და აკვირდებოდა. მერე მის წინ გაჩერდა და თქვა:

– მეც ასე მოვიქცეოდი, როგორც შენ. მესმის, ეს რატომაც გააკეთე და, გეუბნები, ის სიკვდილის ღირსი იყო.

ნიამ თავი ასწია:

– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ...

– შენზე და იმ ნაძირალაზე... წარმომიდგენია, როგორ მოგექცა, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყავი. იმიტომ გეუბნები, სიკვდილის ღირსი ნამდვილად იყო-მეთქი, მაგრამ, შენ თავი არ უნდა დაიღუპო. საკუთარ თავზეც იფიქრე და ბავშვზეც... მამამისის ცოდვების გამო მაგან პასუხი არ უნდა აგოს. სხვათა შორის, არც შენ...

ნიამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და თავი გააქნია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3