რატომ აშანტაჟებს ილჰამ ალიევი დასავლეთს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების განახლებით და რა სათავისო დასკვნები გააკეთა აზერბაიჯანმა რუსეთ-საქართველოს ომით
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმამაღლა და მკაფიოდ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანი, ომით თუ მშვიდობით, მაგრამ, დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ხოლო, რაკი სომხეთი მათ მშვიდობიანად დაბრუნებას არ აპირებს, აშკარაა, რომ აზერბაიჯანი ომისკენ იხრება, ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის დონეზე. მეორე მხრივ, სომხეთი ირწმუნება, რომ „აგრესორს კუდით ქვას ასროლინებს“. ყარაბაღის კონფლიქტის განახლების პერსპექტივებსა და ამ პერსპექტივაში საქართველოს როლსა და ადგილზე უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გაგვარკვევს.
– აზერბაიჯანის ამბიციები საფუძვლიანია?
– თეორია და პრაქტიკა მოწმობს, რომ კონფლიქტები, რომლებიც დროში იწელება, ყოველ ათ წელიწადში ერთხელ რაღაც სახით გააქტიურდება ხოლმე. ჯერ ერთი, ტერიტორიების დაბრუნებით ხდება საზოგადოების კონსოლიდირება, რაც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებთანაც არის დაკავშირებული. მსგავსი ტიპის პრობლემა აქვს დღეს ალიევს, რომელიც ძალიან დიდ თანხას დებს სამხედრო ძალებში და პოლიტიკურ დონეზე არ აქვს არათუ კონფლიქტის მოგვარების, არამედ სომხეთის მიერ მიტაცებული აზერბაიჯანის ტერიტორიების მშვიდობიანად უკან დაბრუნების შედეგიც. ამიტომ მისი ერთგვარად მილიტარისტული განცხადებები უნდა გავიგოთ პირდაპირ: ის უფრო ემსახურება მოსახლეობის კონსოლიდირებას მისი და საერთო მიზნის გარშემო; განცხადება, რომ აზერბაიჯანი შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას, იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი, მივაღწიოთ ამას ჩვენი ძალებით, გამარჯვება კი ერის კონსოლიდირებისა და ძალაუფლების განმტკიცების ძლიერი საშუალებაა. მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ალიევი მართლაც გადადგამს ამ ნაბიჯს, რადგან არსებობს დიდი რისკები და, ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ალიევი უფრო გონივრულად უდგება სიტუაციას.
– ალიევს არ აქვს ხელისუფლების ვინმესთან გაყოფის გაჭირვება, ანუ მას არ ჰყავს რეალური კონკურენტები და საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ კარგა ხანს არც ეყოლება. კონსოლიდაცია რაში სჭირდება?
– ალიევმა რუსეთ-საქართველოს ომიდან თავისი დასკვნები გამოიტანა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი მილიტარისტული განცხადებები არის ზეწოლა დასავლეთზე: მე მაქვს იარაღი, მყავს შეიარაღებული ძალები და, მართლაც, აზერბაიჯანს კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეები ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორები უფრო ცოტანი არიან, ვიდრე წვევამდელები. თუ დასავლეთი მშვიდობიანად მოაგვარებს ამ კონფლიქტს, მაშინ დაველოდები, ხოლო, თუ არ იმოქმედებთ აქტიურად, მაშინ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი და, ჩემი ეს ნაბიჯი დასავლეთმა უნდა აღიქვას არა როგორც აგრესია, არამედ როგორც დაშვებული შეცდომების შედეგი, მათ შორის, დასავლეთის მხრიდან, რომელმაც ვერ შეძლო საერთო ენის გამონახვა რუსეთთან აზერბაიჯანის სასარგებლოდ. რუსეთი აქამდე კონფლიქტებით მანიპულირებდა. მათ სპეციალურად არ აგვარებდა და წელავდა ამ პროცესს, რომ დაებალანსებინა მხარეების ინტერესები და ეს გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისთვის: ვიღაც გადმოექაჩა რუსეთის ორბიტაზე, ვიღაც გაეხადა პარტნიორად, ვიღაცისგან მიეღო ფინანსური სარგებელი, საკუთარი ინტერესები დაემყარებინა რეგიონებზე და ამას ახერხებდა კიდეც. მათ შორის, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ყარაბაღის კონფლიქტში, რომელშიც რუსეთი აშკარად სომხეთის მხარეზეა, მაშინ, როდესაც მანამდე აზერბაიჯანთან ვაჭრობდა ნავთობის მის ტერიტორიაზე გატარებით, რასაც აზერბაიჯანი ნაწილობრივ თანხმდებოდა და, იყო მომენტები, როდესაც აზერბაიჯანელები და რუსები უფრო იკვეთებოდნენ პარტნიორებად, ვიდრე სომხები და რუსები. მაგრამ, ბოლო შეთანხმებამ რუსეთსა და სომხეთს შორის საბოლოოდ დაუსვა წერტილი რუსულ არჩევანს.
– იმ შეთანხმებას გულისხმობთ, რუსეთი თავის თავზე რომ იღებს სომხეთის დაცვას გარე სამხედრო აგრესიისგან?
– დიახ. რუსეთმა საბოლოო არჩევანი სომხეთზე გააკეთა ამ ბოლო შეთანხმებით: ჯერ ერთი, რუსული სამხედრო ბაზები მყარად იდგება სომხეთში რამდენიმე ათეულ წელს და, რაც მთავარია, გაკეთდა მინიშნება, რომ რუსეთი და სომხეთი ერთად უზრუნველყოფენ სომხეთის უსაფრთხოებას. ეს ნიშნავს კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის პირდაპირ და აშკარა ჩარევას.
– რატომ ჩამოვიდა ფსონს რუსეთი სომხეთზე, სამხრეთ კავკასიის ყველაზე მოწყვლად ქვეყანაზე? გაცილებით უკეთესი პოზიცია არ ექნებოდა, მოკავშირედ საქართველო ან აზერბაიჯანი რომ ჰყოლოდა?
– აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანაა, მისით დაინტერესებულია დასავლეთი და აზერბაიჯანი არ ისურვებდა ისეთ სუსტ პარტნიორს, როგორიც რუსეთია; ის ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოინდომებდა, რუსეთს რომ მისთვის კონფლიქტი მოეგვარებინა, მაგრამ, თუ რუსეთი კონფლიქტს მოუგვარებდა, მაშინ ის მთლიანად დაკარგავდა სომხეთს და მასზე ზეგავლენას, ხოლო აზერბაიჯანი თავისი რესურსებით და უკვე მიღწეული შედეგით ნელ-ნელა გავიდოდა რუსეთის ორბიტიდან. იგივე პრობლემა ჰქონდა რუსეთს საქართველოსთან: თუ საქართველო აღიდგენდა თავის ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ რუსეთისკენ მხოლოდ მწვანილის გასაყიდად გაიხედავდა.
– დაგვასწრო და ამიტომ აღარ უნდა ჩვენი მწვანილი?
– მართალია, სომხეთს აზერბაიჯანთან შედარებით სუსტი პოზიციები აქვს, ის მოწყვეტილია რუსეთთან უშუალო საზღვარს, მაგრამ ის სამხრეთ კავკასიის სამხრეთი ნაწილია და თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: სომხეთი ახლოსაა ირანთან, ირანისადმი კი რუსეთს ყოველთვის ჰქონდა და აქვს თავისი ინტერესები და მნიშვნელოვანი კავშირები. მით უმეტეს, ირანი არის იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დასავლეთს. თუ დამისვამთ კითხვას, რატომ იკლავს თავს რუსეთი საქართველოსთვის?
– იკლავს კი?
– ყოველ შემთხვევაში, იკლავდა. საქართველოს სრული ოკუპაციით ან პოლიტიკური კონტროლით, რუსეთი სახმელეთო გზით დაუკავშირდებოდა ირანს, რაც, ერთი მხრივ, იქნებოდა შლაგბაუმი დასავლეთისთვის აღმოსავლეთისკენ; მეორე მხრივ კი, ირანი დარწმუნდებოდა რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში. დღეს ის ამაში ვერ არის დარწმუნებული, რადგან რუსეთსა და ირანს პირდაპირი სახმელეთო კავშირი არ აქვთ. ამიტომ, როდესაც სომხეთზე გააკეთა არჩევანი, რუსეთი ფიქრობდა, რომ საქართველოს როგორღაც მოაქცევდა რუსულ ორბიტაზე.
– გამოდის, რომ რუსეთს კარგად აქვს დახლართული ქსელი სამხრეთ კავკასიაში და არცთუ ცუდადაა მისი საქმე?
– არა, რუსეთი მიიჩნევს, რომ, თუ ის ყარაბაღის კონფლიქტში პოზიტიურ როლს არ შეასრულებს და როგორმე არ მოაგვარებს, შესაძლოა, თამაშგარედ დარჩეს – საბოლოოდ ჩაიკეტოს სომხეთში და დაკარგოს აზერბაიჯანთან მისასვლელი პირი. თუ აზერბაიჯანი ომს დაიწყებს, რუსეთი საკმაოდ რთული არჩევნის წინაშე დადგება: თუ ის აზერბაიჯანს გამოუცხადებს ომს, ჩათვალეთ, რომ აზერბაიჯანი მთლიანად შეწყვეტს ეკონომიკურ და სხვა ტიპის ურთიერთობას რუსეთთან, აზერბაიჯანის დამარცხება კი მარტივი საქმე არ არის, მით უმეტეს, როდესაც აზერბაიჯანის გვერდით დგას თურქეთი, რომელთანაც რუსეთს სურს, ჰქონდეს კარგი ურთიერთობა. რუსეთი ერთგვარად პარტნიორად განიხილავს თურქეთს, რადგანაც თურქეთს თავისი პრეტენზიები აქვს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ და რუსეთ-თურქეთი ერთად, შეიძლება, ძლიერი პარტნიორები გახდნენ ევროპის გაზით მომარაგებაში. რატომ უჭერს რუსეთი მხარს სამხრეთ კავკასიის დერეფნის ჩაკეტვას? იმიტომ რომ, მაშინ რუსეთი დარჩება ერთადერთი, ვინც ევროპას ენერგორესურსებით მოამარაგებს. ის აღმოსავლეთში კაპიკებად ყიდულობს გაზს და შემდეგ ცეცხლის ფასად მიჰყიდის ევროპას. თავის დროზე, თურქეთსაც იგივე რამ შესთავაზა.
– აზერბაიჯანსაც იმავეს არ უკეთებს თურქეთი?
– თურქეთმაც იგივე შესთავაზა დასავლეთს, ჩემი აზრით, რუსეთის წაქეზებით: მე ჩემს ტერიტორიაზე გავაკეთებ გაზის რეზერვუარებს, მე ვიყიდი აღმოსავლეთში გაზს და თქვენ მოგყიდითო. ანუ, რუსეთი და თურქეთი ერთობლივად გახდებოდნენ ძირითადი „ბარიგები“ – ენერგორესურსების გადამყიდველები, რაც ევროპას ცხოვრებას გაუძვირებდა. ამიტომ რუსეთი ასე მარტივად აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებს ვერ უგულებელყოფს და, კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, რთული არჩევნის წინაშე დადგება: ან არსებული ხელშეკრულება უნდა შეასრულოს და სომხეთი დაიცვას და, თუ ვერ დაიცვა სომხეთი, ჩათვალეთ, რომ სომხეთს არაფერში აღარ სჭირდება შემდგომ რუსული სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე.
– მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, სომხეთი ძალიან ბევრი სუსტი წერტილით რჩება ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის.
– რთული გეოპოლიტიკური ვითარება აქვს სომხეთს და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ სომხეთს ძლიერი ლობი ჰყავს მსოფლიოში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. მეორე მხრივ, ამ კონფლიქტმა სომხეთი „გაყიდა“: ის ვეღარ აუდის აზერბაიჯანთან კონკურენციას. აზერბაიჯანი მილიარდობით დოლარს დებს სამხედრო სფეროს განვითარებაში და სომხეთი მას ვერ ეწევა. ამდენად, თუ ასე გაგრძელდა, აზერბაიჯანი კიდევ უფრო გაძლიერდება, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რასაც სომხეთი ვერ დაეწევა, თუნდაც რუსეთის ზურგით.
– და რუსეთის შეიარაღებამ საქართველოზე უნდა გაიაროს?
– ეს ცალკე თემაა. მეორე მხრივ, სომხეთის ირანიდან მომარაგებაც გაჭირდება, რადგან, ჯერ ერთი, ძვირი დაჯდება და, მეორე – რთული იქნება ოპერატიული საკითხების მოგვარება. რაც მთავარია: მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და აზერბაიჯანს, ისევე, როგორც თურქეთს, განსხვავებული რწმენა აქვთ, ირანი მაინც ითვალისწინებს მუსლიმანურ პოზიციებს, მით უფრო, რომ ირანში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ამიტომ, ასე მარტივად ირანი რუსეთის თხოვნას არ დააკმაყოფილებს სამხედრო ტვირთების გატარებაზე. ყარაბაღში კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ცხადია, თავის როლს შეასრულებს სომხური ლობი ამერიკაში, რუსეთი კი თავის ზეწოლას განაგრძობს საქართველოზე. კონფლიქტის ძალისმიერად განახლების შემთხვევაში, ჩვენი პოზიციის გამოკვეთა ყველა მიმართულებით ძალიან სახიფათო იქნება: შესაძლოა, თურქეთმა ითხოვოს ჩვენი ტერიტორია, რომ აზერბაიჯანს დაეხმაროს და ასე შემდეგ. როგორც კი რამე ნიშნები იქნება ყარაბაღის კონფლიქტის განახლებისა, საქართველომ მაშინვე აშკარად უნდა გამოხატოს თავისი ნეიტრალური პოზიცია, მათ შორის, იმ კუთხით, რომ ის არ გამოიყენებს თავის ტერიტორიას იარაღის მისაწოდებლად არც ერთი და არც მეორე მხარისთვის. ჩვენს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი ტვირთი.
– უხერხულია, მაგრამ, რადგან ყველას თავისი ინტერესი აქვს, ვიკითხავ: ყარაბაღის კონფლიქტის განახლებით ხეირის ნახვის საშუალება არის?
– ხეირი იქნებოდა ის, თუ რომელიმე მხარის პოზიციას დავიკავებდით.
– იქნებოდა?!
– რა თქმა უნდა. ქვეყანა, რომელსაც დავეხმარებოდით, იქნებოდა ჩვენი მადლიერი და, შესაბამისად, ეს დაგვიფასდებოდა კიდეც.
– თუ სწორად გავიგე, ასეთ მხარედ გულისხმობთ აზერბაიჯანს, რადგან, თუ რუსეთი და სომხეთი ერთ მხარეს იქნებიან, საქართველო რუსეთის მხარეს ვერ იქნება?
– დიახ. მაგრამ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „მაგრამ“: ჩვენ ამ კონფლიქტის გამო არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ისტორიული კავშირები ჩვენს მეზობლებთან და, მეორე – უნდა ვიფიქროთ მომავალზე, რადგან, არ შეიძლება, ერთი, თუნდაც, მომგებიანი გარიგების გამო, დავაზიანოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან. ეს იქნება ისტორიული შეცდომა, რისი მაგალითები არის მსოფლიოში და ამის შედეგს დღემდე იმკის მსოფლიოს ბევრი ქვეყანა. ასე რომ, ჩვენი ნეიტრალიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ნეიტრალიტეტიც შეიძლება, გახდეს უკმაყოფილების მიზეზი სომხეთისთვის, რადგან, თუკი აზერბაიჯანს აქვს მეტი შესაძლებლობა, სომხეთი არათანაბარ პირობებშია და, მისთვის ჩვენი, ფაქტობრივად, ერთადერთი ტრანზიტული ქვეყნის ტერიტორიის გადაკეტვა სამხედრო ტვირთებისთვის, სომხეთის უკმაყოფილებას გამოიწვევს. მაგრამ, ნეიტრალიტეტი მართებული პოზიციაა და ის გამართლებულია საერთაშორისო სამართლით. როდესაც კონფლიქტი წარმოიქმნება ჩვენს მეზობლებს შორის, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწოდებული მშვიდობისთვის და არ უნდა დავუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე იარაღის გატარება.