ზვიად აბაშიძე ტელეკომპანია “მირის„ რჩეული გახდა
ალბათ, ყველას ახსოვს ახალგაზრდა მომღერალი ზვიად აბაშიძე „ნუცას სკოლიდან” და „იმედის ტალღიდან”. „ნუცას სკოლაში” ჯილდოდ მიღებული მისი ვიდეოკლიპი ორი წლის განმავლობაში აქტიურად ტრიალებდა მუსიკალურ არხებზე. მუსიკის სფეროში ზვიადი გვიან მოვიდა. ის პროფესიით მსახიობია, დიდხანს მუშაობდა თელავის თეატრში, სადაც მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები აქვს ნათამაშები. „იმედის” პროექტების შემდეგ ალექსანდრე ბასილაიამ მიიწვია თავის კვინტეტში, სადაც სამი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ახლახან კი, 5-დან 15 ივლისის ჩათვლით, გაიმართა ყველასთვის კარგად ნაცნობი საერთაშორისო კონკურსი „სლავიანსკი ბაზარი”, სადაც პროექტის ორგანიზატორების მიერ ზვიადიც იქნა მიწვეული მამუკა სააკაშვილის პროდიუსინგით. ზვიადს გვერდში ედგა პედაგოგი ნანა ჟღერია. მის მიერ წარმოდგენილმა საკონკურსო პროგრამამ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა როგორც ჟიურის წევრებში, ისე მაყურებლებსა და ჟურნალისტებში. ზვიად აბაშიძე დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით – ის გახდა ტელეკომპანია „მირის“ რჩეული, რის შედეგადაც ჯილდოდ გადაეცა დიპლომი, გლობუსი და ფულადი პრიზი – 2 000 ამერიკული დოლარი. სულ ცოტა ხანში კი იგეგმება ზვიადისა და ბელორუსიის ესტრადის ვარსკვლავის, პიოტრ ელფიმოვის დუეტის ჩაწერა. მომღერალი გეგმავს ალბომის გამოშვებას და მისი პრომო-კლიპის გადაღებასაც.