კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

 

 

 

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29(551) 

– ბაბუ, ბაბუ, – ვუთხარი ბაბუაჩემს, როდესაც საავადმყოფოდან მის ბინაში მივედით, –  დედ-მამა რომ არ მომკვდარიყო, მართლა არასოდეს შემირიგდებოდი?

– ეჰ, შვილო, – თვალები აუცრემლდა ბაბუას, რომელსაც ასეთ ყოფაში პირველად ვხედავდი, – 22 ივნისს შენი დაბადების დღეზე ვაპირებდი მოსვლას და საჩუქრის მოტანას, მაგრამ... – ბაბუამ ხელი ჩაიქნია, ცრემლები მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა.

– აი, შვილო, შენი იყოს და მშვიდობაში მოიხმარე, – მითხრა ბაბუამ, როდესაც ოთახში დაბრუნდა და ჯიბის საათი გამომიწოდა, რომელსაც სახურავი და კორპუსი მოვარაყებული ჰქონდა, – ნამდვილი „პაველ ბურეა“, საიუველირო საკომისიო მაღაზიაში გიყიდე დაბადების დღეზე და ჩემგან საჩუქრად გქონდეს.

ნამდვილი „პაველ ბურეს“ ფირმის საათი ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია და ისეა დამზადებული, რომ თუკი სპეციალურად, მექანიკურ დაზიანებას არ მიაყენებ, არც არასოდეს გაჩერდება და არც გაცვდება. „ბურეს“ დეტალები ოქროს, პლატინისა და ვერცხლისგანაა დამზადებული და ლალით, ალმასებითა და ბრილიანტებითაა მოჭედილი. ჩემი „პაველ ბურეც“  ასეთი იყო და მოგვიანებით, წლების შემდეგ, ერთ-ერთ ცნობილი ამსტერდამელ იუველირს რომ შევაფასებინე, მითხრა, 450 ათასი დოლარი ღირსო. არანაკლები ღირებულებისაა მამის ნაჩუქარი მაჯის საათიც და მისი ფასი 280-300 ათას დოლარს შორის მერყეობს.

– ჰმ, უცნაურია, – ვუთხარი ბაბუას, როდესაც მან „ბურე“ მაჩუქა. ჯიბიდან მამის ნაჩუქარი საათი ამოვიღე, მაჯაზე გავიკეთე და თვალცრემლიანმა დავამატე, – ეს საათი მამამ იმ საშინელ დღეს მაჩუქა.

– კარგი, – გვეყოფა, შვილო, – მითხრა ბაბუამ და ცრემლი მოიწმინდა, – დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ და ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. დავობლდით, მარტონი დავრჩით და არავის ვათქმევინოთ, მოტყდნენო. თუმცა, ძნელია, ასეთ მდგომარეობაში არ მოტყდე, მაგრამ კაცები ვართ და კაცურად უნდა ვიცხოვროთ. აბა, გაიხსენე, რას გასწავლიდა მამაშენი. ის ნამდვილი მამაკაცი იყო და შენც ასე გზრდიდა.

– ბაბუ, შენ და მამა რატომ ვერ ეგუებოდით ერთმანეთს? – ვკითხე ბაბუას, რადგან სწორედ მისი პასუხი მაინტერესებდა.

– იმიტომ, ბაბუ, რომ ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ თავსდება. – მამაშენს ძალიან დიდ პატივს ვცემდი და ვისურვებ, მას დაემსგავსო. ახლა კი, ბაბუ, მითხარი, მომავალში რას აპირებ, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება და ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

– ჯერ არ ვიცი, ბაბუ, ამაზე არ მიფიქრია, – მივუგე ბაბუას.

– მაშინ, მოდი, ასე მოვიქცეთ. – წელს უკვე გამოცდები აღარ იქნება და მომავალი წლისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიტომ, ორი კვირა იფიქრე, სად გინდა ჩაბარება, მერე კი მითხარი, დავსხდეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ და მომზადება დაიწყე და თავზე ხელი გადამისვა.

ორი კვირის შემდეგ ბაბუაჩემს განვუცხადე:

– მოვიფიქრე, ბაბუ.

– რა, ბაბუ, რა მოიფიქრე? – მკითხა ბაბუამ.

– რა და, სად ჩავაბარო.

– ჰო, აბა, მითხარი, შვილო, – მითხრა ბაბუამ და სკამზე ჩამოჯდა.

– უცხო ენებში, ბაბუ.

– ძალიან კარგი. – დაჯექი და დავილაპარაკოთ. ესე იგი, უცხო ენებზე, ხომ ბაბუ?

– ჰო, ბაბუ.

– ძალიან კარგი, მე თანახმა ვარ, მაგრამ შენ, ერთი ეს მითხარი, რატომ მაინცდამაინც უცხო ენებზე და არა სხვაგან. თუნდაც უნივერსიტეტში?

– ამას ორი მიზეზი აქვს, ბაბუ. პირველი ის, რომ ინგლისური და ფრანგული ენები კარგად ვიცი და ჩაბარება არ გამიჭირდება და მეორე – მოგზაურობა ძალიან მიტაცებს, მინდა, მსოფლიო შემოვიარო. უცხო ენების სპეციალისტი რომ ვიქნები, ისეთი სამსახურის მოძებნა უფრო გამიადვილდება, მსოფლიოს შემოვლაში რომ შემიწყობს ხელს.

– მშვენიერია, შვილო, – მომიწონა ბაბუამ არჩევანი, – შენ ისე არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ამიხსენი ყველაფერი, რომ შეკითხვები არ მაქვს. ხვალიდანვე მოვძებნოთ რეპეტიტორები და მისაღები გამოცდებისთვის მზადება დაიწყე.

თქმა და შესრულება ერთი იყო, სამი დღის შემდეგ უკვე ყველა საგამოცდო საგანში ვემზადებოდი.

– რას შვრები, ბაბუ, ხომ არ ზარმაცობ? – მკითხავდა ხოლმე დროდადრო ბაბუა და თავზე ხელს გადამისვამდა.

– არა, ბაბუ, რას ამბობ, სიზარმაცისა და ფუქსავატობის დრო სად მაქვს?  ჩვენი შეთანხმება ძალაშია, არ დავარღვევ და კაცური კაცი გამოვალ.

– ჰო, შვილო, აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს და იცოდე, არ შემარცხვინო, –  თბილად მეტყოდა ხოლმე ბაბუა და სიყვარულით სავსე თვალებს შემომანათებდა, რასაც მისგან ადრე არ ვიყავი ჩვეული.

მას მერე, რაც ბაბუასთან გადავედი საცხოვრებლად, ისე რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ და უამრავი ისეთი თვისება გამოავლინა, ადრე მისთვის რომ არ შემიმჩნევია. ამგვარად, მილიციის მრისხანე პოლკოვნიკი „ანტონ პავლოვიჩი“, მოსიყვარულე და მზრუნველ ბაბუად გადაიქცა და ჩვენი ოთხწლიანი, ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ გაბრაზებულა და აუწევია ხმისთვის.

უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისურის ფაკულტეტზე უპრობლემოდ ჩავაბარე და ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე მოვეწყვე. თუმცა,  პარალელურად, ფრანგულ და სპარსულ ენებსაც ვეუფლებოდი და პირველი კურსი რომ დავხურე, სამივეს კარგად ვფლობდი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ინსტიტუტში სამაგალითო სტუდენტად ვითვლებოდი, ფრიადოსნის სტიპენდია მქონდა დანიშნული და როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც პატივს მცემდნენ. არც გარეგნობა მქონდა ურიგო, გოგონებშიც საკმაო პოპულარობით ვსარგებლობდი და მეტი რა მინდოდა? ბაბუაც ძალიან გახარებული იყო ჩემი წარმატებებით და მიმეორებდა ხოლმე:

– ყოჩაღ, შვილო, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ, ასე გააგრძელე და ტემპს არ მოუკლო.

ვუკლებდი კი არა და პირიქით, ვუმატებდი და ვუმატებდი. სწავლით ხომ ვსწავლობდი და ვსწავლოდი, ამის პარალელურად, ცურვასა და ძალოსნურ სამჭიდში დავიწყე ვარჯიში და მეორე კურსი რომ დავხურე, ისეთი ნავარჯიშები და ლამაზი სხეული მქონდა, ბევრ სახელოვან სპორტსმენს შეშურდებოდა.

მეორე კურსის ბოლო გამოცდა რომ ფრიადზე ჩავაბარე, ინსტიტუტის რექტორმა მიხმო და მითხრა:

– მოემზადე, კოკი, ერთ კვირაში ერთი თვით სამოთხეში უნდა გაგიშვა.

– სად სამოთხეში? – ვკითხე რექტორს.

– აი, აქ, – მითხრა რექტორმა და საწერ მაგიდაზე გაშლილ ფერად პლაკატს დაადო ხელი, რომელზეც ლაჟვარდოვანი ზღვისა და მწვანეში ჩაფლული კოტეჯების პეიზაჟი იყო გამოსახული.

– ეს რა არის?

– კითხვა ხომ იცი? – გაეცინა რექტორს, – წაიკითხე, რა წერია და გაიგებ.

„საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი მეგობრობა“, – წავიკითხე პლაკატზე დიდი, შავი ასოებით, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი სათაური. რექტორმა კი განმიმარტა:

– ყირიმშია, დაბა გურზუფში. ახალი აშენებულია, შარშან გაიხსნა და როგორც ამბობენ, ნამდვილი ახალგაზრდული სამოთხეა. ხუთასკაციანი „სტუდგარადოკია“, სადაც მთელი მსოფლიოდან სულ ნარჩევ-ნარჩევი ახალგაზრდები იკრიბებიან. ჭამა-სმა, გართობა და დასვენება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და ოცდაათი დაუვიწყარი დღე გელოდება. საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მიემგზავრება იქ. სულ ხუთნი იქნებით, კიდევ ერთი ბიჭი და სამი გოგონა. მოსკოვმა მეტი ადგილი არ გამოუყო საქართველოს, მაგრამ არც ესაა ურიგო. შენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნები და აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინო. ქვეყნის და ინსტიტუტის სახელს გაუფრთხილდი და სირცხვილი არ გვაჭამო. დელეგაციის ხელმძღვანელად შენი კანდიდატურა კომკავშირის ცეკას მე შევთავაზე და მეამაყება, რომ ყველამ ერთხმად დაგიჭირა მხარი.

რექტორის სიტყვებმა სიამაყით ამავსო და მთელი გულით ვინატრე, რომ ამ დღეს ჩემი დედ-მამა მოსწრებოდა.

– ყოჩაღ, ბაბუ! შენით ძალიან ვამაყობ, – აღფრთოვანება ვერ დამალა ბაბუამ, როდესაც რექტორის სიტყვები გავუმეორე. მან ამოიხვნეშა და თვალცრემლიანმა მითხრა, – რა იქნებოდა, ამ დღეს შენი მშობლები მოსწრებოდნენ.

– კარგი იქნებოდა, ბაბუ, – მივუგე ბაბუას, – მაგრამ, რას იზამ. ნუ ტირი, დამშვიდდი, სიცოცხლე გრძელდება.

– ეეჰ, შვილო, – ცრემლებს ვერ იკავებდა გულაჩუყებული ბაბუა, – მე მოვმკვდარიყავი და შენს მშობლებს ეცოცხლათ. შენ იცოცხლე და გაიხარე, შვილო, თორემ ჩემთვის ცხოვრება ტანჯვაა და სიკვდილი მირჩევნია.

– თუ მასეა, მაშინ ერთად ვიტანჯოთ და არსადაც არ მივემგზავრები. ვიყოთ აქ, წავიშინოთ თავში ხელები და ჩვენს უბედურებაზე ვიტიროთ. არც ჩემთვის გრძელდება ცხოვრება და ერთად დაველოდოთ სიკვდილს, როდის მოგვიკაკუნებს კარზე მხარზე ცელგადებული, – ვუთხარი ბაბუას, სავარძელში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე შემოვიდე.

– მაპატიე, ბაბუ, ნერვები ვერ მოვთოკე და ნუ გამიბრაზდები. რაც შეიძლება, დიდხანს უნდა ვიცოცხლო, რომ შენი წარმატებებით გავიხარო. ბოდიში, ბაბუ, ბოდიში, სიცოცხლე გრძელდება, – მითხრა ბაბუამ, თავზე გადამისვა ხელი, მაკოცა და გამიცინა.

მეორე დღეს რაიონის კომკავშირის ცეკას პირველ მდივანთან ვიყავი დაბარებული, რომ როგორც რექტორმა მითხრა, გამსაუბრებოდა. მე სადად, სუფთად გამოვეწყვე და დილის 10 საათზე უკვე მდივნის მისაღებში ვიყავი.

– ამხანაგი მდივანი გელოდებათ, – ოფიციალური ტონით მაუწყა კომკავშირის მდივნის მდივანმა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ ოცდაათი-ორმოცი წლის შემდეგაც, ასეთივე ტონითა და გამომეტყველებით მოიხმობდა ადამიანებს რომელიმე მაღალჩინოსნის კაბინეტში.

– გმადლობთ, – გავუღიმე გოგონას, რომელსაც ძარღვიც არ შეტოკებია პირქუშ, კოპებშეკრულ სახეზე და კაბინეტში შევედი.

– მოდი, მოდი, – თანატოლივით მიმიღო კომკავშირის რაიონის ცეკას პირველმა მდივანმა, რომელიც ექვსი-შვიდი წლით თუ იქნებოდა ჩემზე უფროსი და მდივანი გოგონასგან განსხვავებით, კეთილგანწყობილი და მხიარული ჩანდა. ის შუა კაბინეტში შემეგება, ხელი ჩამომართვა, იქვე, პატარა მაგიდასთან, სავარძლებში ჩავსხედით და მითხრა, – ესე იგი „დრუჟბაში“ მიემგზავრები, არა, – გამიღიმა მან?

– დიახ, –  მივუგე კომკავშირის მდივანს.

– აი, ასეთი ადგილია, – კომკავშირის მდივანმა მარცხენა ხელის ცერა თითი გაბზიკა და დააყოლა, – ნამდვილი სამოთხეა, ნამდვილი. მართალია, მე არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ გადმოცემით ვიცი და შენი თეთრი შურით მშურს.

„რა სულელური მცნებაა „თეთრი შური“. შური შურია, თეთრიცა და შავიც ერთი ჭირია და როგორ ვერ ვიტან, ამ კრეტინულ გამოთქმას“, – გავიფიქრე გუნებაში, კომკავშირის მდივანს, კი ვუთხარი:

– მიხარია, რომ ასეთი პატივი დამდეს და იმ ხუთ კაცში მოვხვდი, ვინც იქ პირველად მიემგზავრება.

– თანაც პირველ ნომრად მოხვდი ამ სიაში და გულწრფელად გილოცავ ამ წარმატებას, – გამიღიმა კომკავშირის მდივანმა.

– გმადლობთ, – მადლობა გადავუხადე და გავუღიმე.

კომკავშირის მდივანი სავარძლიდან წამოდგა. საწერი მაგიდისკენ გაემართა, თან მკითხა:

– ყავას დალევ თუ ჩაის?

იმ პერიოდში ყავა კაპიტალისტების სასმელად ითვლებოდა და ამიტომ ვუთხარი:

– ჩაის.

– ყავა ჯობია, დამიჯერე, – მითხრა კომკავშირის მდივანმა და მეგობრულად ჩამიკრა თვალი. თან მითხრა, ნამდვილი ბრაზილიური ყავა მაქვს, მეგობარმა ჩამომიტანა ბრაზილიიდან, ხათუნა კი ძალიან გემრიელად ამზადებს, კომკავშირის მდივანმა სელექტორს დააჭირა თითი და მდივანს უთხრა:

– ხათო, ორი ყავა გაამზადე შენებურად.

სამიოდე წუთში, კაბინეტში მდივანი გოგონა შემოვიდა, ლანგრით ორი ხსნადი ყავა და საშაქრით შაქარი შემოიტანა. ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა, შემდეგ კი მდივანს ჰკითხა:

– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, ბატონო ილია?

– შენს ღიმილს, ჩემო ხათო, გახსენ ბაგე და გამოაჩინე შენი ბროლის კბილები, – უთხრა, მდივან გოგონას ილიამ, შემდეგ ყავა მოსვა და ხათუნა შეაქო, – ყავაა, ყავის უნახავს გაგხდის, ყოჩაღ, ყოჩაღ, ხათუნა! ჯერჯერობით არაფერი გვინდა, თავისუფალი ხარ.

ხათუნა გავიდა. კომკავშირის მდივანი ისევ სავარძელში ჩაეშვა და მომმართა:

– აბა, გასინჯე, უგემრიელესია.

ყავა მოვსვი, მართლაც, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. მას მერე მრავალ ქვეყანაში ნაირ-ნაირი ყავა დამილევია, მაგრამ მსგავსი გემო ერთადერთხელ რიოში ჩავატანე. იქ ერთი დელიკატური მისიის შესასრულებლად ვიყავი, მაგრამ ამას მოგვიანებით მოგიყვებით.

– რაც მართალი, მართალია, ყავას ჩინებულად ამზადებს ხათუნა, მაგრამ კოპები ვერ გავახსნევინე, – მომიგო კომკავშირის მდივანმა, „მარლბორო“ შემომთვაზა და უარი რომ ვუთხარი, თვითონ გააბოლა, – კარგია, რომ არ ეწევი, ვერა და ვერ დავანებე თავი ამ მავნე ჩვევას. არადა, ოცდაორი წლის ვიყავი, პირველად რომ გავაბოლე და უკვე სამი წელია, ვეწევი.

მისი ნათქვამიდან შევიტყვე, რომ ოცდახუთი წლის იყო.

– გვიან დაგიწყიათ მოწევა.

– ეეჰ, ნეტავ, სულ არ დამეწყო, – ხელი ჩაიქნია ილიამ, – ახლა საქმეზე გადავიდეთ. ერთი სიტყვით, ჩემო კოკი, აქ იმიტომ დაგიბარე, რომ უკეთ გამეცანი. დაუსწრებლად გიცნობდი და შენზე მხოლოდ კარგი მესმოდა. მოხარული ვარ, რომ ინფორმაცია სწორი გამოდგა და ჩემი მოლოდინი გაამართლე. ახლა მე და შენ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში უნდა წავიდეთ და დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად, პირველ მდივანს, ამხანაგ სერგოს შევხვდეთ.

– ამხანაგ სერგოს? – ჩემდაუნებურად წამოვიძახე, რადგან რესპუბლიკის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, იმდენად მაღალი თანამდებობის ადამიანად მიმაჩნდა, რომ მასთან შეხვედრა იმ დროს დიდი მოვლენა იყო. ასეთი რეაქციაც ამიტომ მქონდა.

– კი, ბატონო, ამხანაგ სერგოს, – ილიამ საათს დახედა – ზუსტად შუადღისით გველოდება და ჯერ დრო გვაქვს.

მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ილიამ რომ მაცნობა, ამხანაგ სერგოს უნდა შევხვდეო, მუხლები ამიკანკალდა მღელვარებისგან და გავფითრდი.

– ხომ არ გეშინია? – ეშმაკურად მკითხა ილიამ.

– არა, უბრალოდ, ცოტა ავღელდი, ამხელა კაცს პირველად ვხვდები და იმიტომ, – გულწრფელად ვუთხარი ილიას, მან კი თვალი ჩამიკრა, მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– ასაღელვებელი არაფერია. ამხანაგი სერგოც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც  ჩვენ. უბრალოდ, მაღალი თანამდებობა უკავია, მაგრამ მოვა დრო და ჩვენც წინ წავიწევთ. ესაა და ეს.

რესპუბლიკის კომკავშირის ცეკას პირველ მდივანთან ილიას სამსახურებრივი „პობედით“ გავემართეთ და თორმეტს ათი წუთი აკლდა, როდესაც მის უზარმაზარ მისაღებში ვიყავით. იქვე იყვნენ ჩვენი დელეგაციის დანარჩენი ოთხი წევრიც და მათი თანხლები პირებიც. სულ თოთხმეტი ადამიანი შევიკრიბეთ. ხუთნი წამსვლელები ვიყავით – ოთხი თბილისელი და ერთი ქუთაისელი გოგონა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი საცხოვრებელი რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი გვახლდა და რადგან ხუთივე სხვადასხვა რაიონში ვცხოვრობდით, ხუთი რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი შეიკრიბა. ამათ გარდა, მიღებაზე ოთხი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი მოვიდა: ჩემი ინსტიტუტის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელიც დელეგაციაში ორი წევრით, ქალ-ვაჟით იყო წარმოდგენილი; პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

კომკავშირლები და რექტორები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ჯერ გულითადად მოიკითხეს ერთმანეთი, შემდეგ კი დელეგაციის წევრები გაგვაცნეს ერთმანეთს და ამხანაგ სერგოს მდივანმა, შუახნის ქალმა გულთბილად გვითხრა:

– მობრძანდით, მეგობრებო, ამხანაგი სერგო გელოდებათ.

ჩვენ ერთ რიგად დავდექით და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის უზარმაზარ კაბინეტში შევედით, რომელიც ლამის მინი-ფეხბურთის სტადიონისხელა იყო. საქართველოს პირველ კომკავშირელს გაზეთებიდან და ტელევიზიიდან ვიცნობდი და ცუდ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. აზრი არც მასთან პირადი შეხვედრის შემდეგ შემიცვლია. ილიასგან განსხვავებით, სერგო ასაკითაც უფროსი იყო და დინჯიც. ძალიან უბრალოდ, კეთილგანწყობილად იქცეოდა და სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა.

– მეგობრებო! – მოგვმართა სერგომ, როდესაც უზარმაზარ, მოგრძო მაგიდას აქეთ-იქიდან შემოვუსხედით, – ჩვენი შეხვედრა იმ ღირსშესანიშნავი და უმნიშვნელოვანესი მოვლენითაა განპირობებული, რომელიც ამ დღეებში მოხდება. რომ იტყვიან, ჩვენი რესპუბლიკის საუკეთესო ხუთი ახალგაზრდა, სხვა საბჭოთა ახალგაზრდებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო გოგო-ბიჭებს შეუერთდება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკ „მეგობრობაში“. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ხუთასკაციან ბანაკში საქართველოს ხუთი წარმომადგენლის მიწვევა ჩვენი რესპუბლიკის დიდი აღიარებაა. ეს, ერთი მხრივ, ჩვენი რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობის თავდაუზოგავი შრომის შედეგია კომუნისტური აღმშენებლობის საქმეში, მეორე მხრივ კი, იმ დიდი ნდობისა, რომელსაც საკავშირო პარტიული ხელმძღვანელობა ჩვენს პატარა რესპუბლიკას უცხადებს. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, აქ იმის გამო შეგკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენთაგანს და მათ შორის, მეც. მოდით, პასუხისმგებლობა თანაბრად გადავინაწილოთ და ერთი თვის შემდეგ, აქ, ამ კაბინეტში რომ შევხვდებით, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვეს. მიემგზავრებით ექვსი დღის შემდეგ მატარებლით სიმფეროპოლამდე, იქიდან კი გურზუფამდე ავტობუსით ჩახვალთ. იცხოვრებთ ერთადგილიან, კეთილმოწყობილ ოთახებში. ოთახები ხის კოტეჯებშია და, თითოეულ ასეთი კოტეჯში ხუთი ოთახია. ანუ, ერთი კოტეჯი თქვენს განკარგულებაში იქნება და მასზე საბჭოთა საქართველოს დროშა იფრიალებს. გეცმევათ საბჭოთა საქართველოსგერბიანი მაისურები. მაისურებს უკან საქართველო ეწერება, შესაბამისად, რუსულ და ინგლისურ ენებზე. „მეგობრობაში“ დაჰყოფთ ოცდაათ დღეს. ამაში მგზავრობის დრო – ორი დღე იქით და ორი აქეთ, არ შედის. აი, ის ძირითადი, რაც შეეხებოდა თქვენს გამგზავრებას და იქ ყოფნას. ახლა კითხვები თუ გაქვთ, გისმენთ. ბოლოს კიდევ ორიოდ სიტყვას გეტყვით და ამუნიციასაც გადმოგცემთ.

კომკავშირის ცეკას პირველი მდივნის ინფორმაცია იმდენად  ამომწურავი იყო, რომ კითხვა არავის გაგვჩენია: სხვათა შორის, მრავალი მანკიერების მიუხედავად, კომუნისტები და კომკავშირლები ურიგო ორგანიზატორები არ ყოფილან და თუკი რამეს აკეთებდნენ, აკეთებდნენ საფუძვლიანად და სანიმუშოდ. მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზებული ღონისძიება საერთაშორისო მასშტაბების იყო. სწორედ ამიტომ ფლობდა ასეთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს პირველი კომკავშირელი.

– ნუთუ, კითხვები არ გაქვთ, მეგობრებო? – გვკითხა სერგომ და მზერა შეგვავლო.

ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ჩემი ინსტიტუტის რექტორმა უთხრა სერგოს:

– თქვენ ისეთი ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, ამხანაგო პირველო მდივანო, რომ არც მე და როგორც ჩანს, არც სხვებს, კითხვები არ გასჩენიათ.

– კარგი, მეგობრებო, რადგან ასეა, მაშინ მოდით, კიდევ ორიოდ სიტყვას გეტყვით, – თქვა სერგომ და ჩემკენ გამოიშვირა თითი  – ეს მშვენიერი ყმაწვილი საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია და ეს გადაწყვეტილება სერიოზული განხილვის შედეგად მივიღეთ.

მე ფეხზე ავდექი, სერგომ კი განაგრძო:

– არავინ იფიქროს, რომ თქვენს ხუთკაციან დელეგაციაში ვინმე ვინმეზე ნაკლებია, ან პირიქით და ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ პრინციპს ემყარებოდა. არა, მეგობრებო. უბრალოდ, კოკი ინგლისურ, ფრანგულ და სპარსულ ენებს ფლობს და რადგან ბანაკი საერთაშორისოა, ხოლო სრულფასოვანი კომუნიკაცია ენის გარეშე შეუძლებელია, კოკი სწორედ ამიტომ დავნიშნეთ ხელმძღვანელად. ის იქნება მეკავშირე თქვენსა და დანარჩენ ახალგაზრდებს შორის. მეტიც, მე მიმაჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, კოკი იქნება დაჩაგრული, რადგან რამდენიმე ენაზე ერთდროულად თარჯიმნობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი უმცროსი მეგობარი წარმატებით გართმევს თავს ამ ამოცანას – არც თავს შეირცხვენს და არც რესპუბლიკას შეარცხვენს. რას იტყვი, კოკი, ხომ ღირსეულად გაუძღვები დაკისრებულ მოვალეობას?

– დიახ, ამხანაგო პირველო მდივანო, ღირსეულად გავუძღვები. არც თავს შევირცხვენ, არც რესპუბლიკას შევარცხვენ და არც თქვენ, – დავპირდი სერგოს.

– მჯერა, – გამიღიმა სერგომ და თქვა, ახლა ამუნიცია მიიღეთ და თავისუფლები ხართ. ექვსი დღის შემდეგ კი სადგურზე შევხვდებით ერთმანეთს, სადაც საზეიმო გაცილება მოეწყობა.

საბანაკე აღჭურვილობა სერგოს კაბინეტშივე დაგვირიგეს და მასში შედიოდა – 4 ცალი მაისური, 2 წყვილი სპორტული ფორმა და 2 წყვილი ბოტასები, აგრეთვე ტყავის სპორტული ჩანთა. როგორც გვითხრეს, ეს ყველაფერი სპეციალური შეკვეთით იყო დამზადებული და მართალია, ადგილობრივი წარმოების, მაგრამ იმდენად მაღალი ხარისხის, რომ მსოფლიოს საუკეთესო პროდუქციას არ ჩამოუვარდებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ როგორც ბოტასები, ასევე, სხვა სამოსი ზუსტად ჩვენი ზომის იყო. თუმცა, ჩვენთვის ზომები არავის აუღია და წლების მერე მივხვდი, რომ ამ საქმეში „კაგებეს“ ხელი ერია, რომელსაც არა მარტო ჩვენი დოსიეები ჰქონდა გულდასმით შესწავლილი, არამედ თითოეული ჩვენგანის ფეხის ზუსტი ზომაც კი იცოდა.

საბანაკო ამუნიციის პრეზენტაცია რომ დასრულდა, საქართველოს პირველი კომკავშირელი ყველას ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა, მე კი დარჩენა მთხოვა და სტუმრები რომ წავიდნენ, სავარძელში ჩამსვა. შემდეგ მდივანს ყავა შეუკვეთა და მას მერე, რაც თვითონაც სავარძელში მოკალათდა, მითხრა:

– კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო კოკი, ასეთი საპასუხისმგებლო დელეგაციის ხელმძღვანელობას, თვრამეტი წლის ასაკში ეს უდიდესი დაფასება და პასუხისმგებლობაა. მჯერა, რომ ამ მისიას წარმატებით შეასრულებ.

– ყველაფერს ვიღონებ, ამხანაგო პირველო მდივანო, და არ შეგარცხვენთ, – გავუმეორე სერგოს, მან კი სიცილით მომიგო:

– ჯერ იმ ბანაკში მოხვედრა რამხელა პატივია, დელეგაციის ხელმძღვანელობა კი ასმაგი დაფასება. შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. იცოდე, კოკი, დიდი პერსპექტივები გაქვს და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, „დრუჟბაში“ როგორ მოიქცევით.

კომუნისტებს, ისევე, როგორც ფაშისტებს, პიროვნების დამუშავების საიმედო და კარგად შემუშავებული სისტემა ჰქონდათ. ნებისმიერ, ყველაზე მცირე მიზნის მისაღწევ გზაზე, იმდენი დაბრკოლება ხვდებოდა, რომ მათი დაძლევა, სპეციალური იდეოლოგიური კლიშეების გარეშე, წარმოუდგენელი იყო და მიზანმიღწეული პიროვნება, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიზირებული ადამიანიც იყო. მსგავსი ადგილი იყო ბანაკი „დრუჟბაც“, სადაც მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოებს აგზავნიდნენ. ეს საუკეთესო კი უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ჩინებული კომკავშირელი და მჭიდრო კავშირები ჰქონოდა კომუნისტურ პარტიასა  და უშიშროებასთან. თუმცა, მე გამონაკლისი ვიყავი, რადგან არც აქტიური კომკავშირელი ვყოფილვარ, არც უშიშროებასთან ვთანამშრომლობდი და „დრუჟბაში“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიმავლინეს, რომ კარგად ვსწავლობდი, ენებს ვფლობდი და კარგი გარეგნობა მქონდა. ბანაკში პირველად მიემგზავრებოდა საქართველოს დელეგაცია და რესპუბლიკის ხელმძღვანელებს თავის გამოჩენა უნდოდათ. სწორედ ამიტომ შემარჩიეს მე, მაგრამ ამ ყველაფერს მერე მივხვდი. იმწუთას კი, როდესაც სერგოს წინ სავარძელში ვიყავი მოკალათებული და ყავას მივირთმევდი, ასე ღრმად არ ვიყავი ჩაწვდომილი ამ საკითხს და მომავალი მგზავრობისა და „დიდი პერსპექტივის“ ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებოდი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამორჩენია სერგოს და მითხრა:

– ჩემო კოკი, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რა თქმა უნდა, მეგობრული თავშეყრის ადგილია და „დრუჟბაც“ ამიტომ ეწოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უამრავი მტერი გვყავს და გამორიცხული არაა, მეგობრის ნიღაბაფარებულმა მტერმაც კი შემოაღწიოს იქ. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გმართებს არასაბჭოთა სტუდენტ-ახალგაზრდებთან ურთიერთობისას და ზედმეტი ლაპარაკი და სითამამე უნდა დაივიწყო. გახსოვდეს, რომ თითოეული შენ მიერ ნათქვამი სიტყვა ან საქციელი, შეიძლება, ცუდად დაგიხვდეს წინ. რეკომენდაცია მე გაგიწიე და ასეთი რამ მეც და სხვებსაც გვავნებს.

– გჯეროდეთ ჩემი, ამხანაგო პირველო მდივანო, – უნებლიეთ სიტყვა შევაწყვეტინე სერგოს. მან კი ხელით მანიშნა, დამაცადეო და განაგრძო:

– შენი რომ არ გვჯეროდეს, იქით არც კი გაგახედებდით, მაგრამ მე ვალდებული ვარ, გაგაფრთხილო. მით უმეტეს, რომ შენ აქტიური კომკავშირელი არ ხარ და მსგავსი გამოცდილება გაკლია. შენ თვრამეტი წლის ხარ, შენი მმართველობის ქვეშ მყოფი გოგო-ბიჭები კი ოცი-ოცდაერთი წლისანი. თანაც, თითოეული მათგანი თავისი უმაღლესი სასწავლებლისა და ფაკულტეტის კომკავშირის მდივანია. გესმის, რას ნიშნავს ეს?

– დიახ, ამხანაგო პირველო მდივანო, უდიდეს ნდობას თქვენი მხრიდან, – ვუთხარი სერგოს.

– არა მარტო, ჩემო კოკი, არა მარტო... – სრული სერიოზულობით მითხრა საქართველოს პირველმა კომკავშირელმა და ამ შემთხვევაში ის არაფერს აჭარბებდა, – ესაა ლამის ერთადერთი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც ასაკით პატარა და არაფუნქციონერი პიროვნება თავისზე უფროს ფუნქციონერებს ხელმძღვანელობს საპასუხისმგებლო მისიის დროს.

– მესმის, ამხანაგო პირველო მდივანო, და გპირდებით, არ შეგარცხვენთ, – მესამედ თუ მეოთხედ მივეცი პირობა სერგოს.

– კარგი, ეს საკითხი გავიარეთ, – თქვა სერგომ, საათს დახედა და დაამატა, – ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და თავისუფალი ხარ. შემდეგ შეგიძლია, წახვიდე და მშვიდად მოემზადო მგზავრობისთვის.

სერგოს ეტყობოდა, რომ რაღაცას ელოდა და სწორედ ეს იყო ის ერთი ნაბიჯი. მაგრამ, რას და რა ნაბიჯი იყო, აბა, რა ვიცოდი. როდესაც იდეოლოგიური საუბარი დაასრულა, მან კიდევ ერთხელ დახედა საათს და მკითხა:

– ყავას კიდევ ხომ არ მიირთმევ?

– არა, გმადლობთ, – მივუგე სერგოს.

– არ მოგეწონა?

– როგორ არა, მშვენიერი, ძალიან გემრიელი ყავა იყო, – ვუთხარი, თუმცა მისი ყავა ილიას მდივნის მიერ მომზადებულ ყავასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მაგრამ, ამას ხომ არ ვეტყოდი პირველ კომკავშირელს?

სერგომ კიდევ ერთხელ დახედა საათს, შემდეგ სიგარეტი ამოაცურა ჯიბიდან და მითხრა:

– ხომ არ მოწევ?

– გმადლობთ, არ ვეწევი.

სერგომ „მარლბორო“ გააბოლა.“

– ძალიან კარგი, რომ არ ეწევი და არც გირჩევ. ჯანმრთელობაც იხარჯება და ფულიც.

საინტერესო ფაქტი იყო, რომ იმ პერიოდში „მარლბოროს“ საბჭოთა კავშირი არ აწარმოებდა და ის ან კონტრაბანდული გზით შემოდიოდა, ან სავალუტო მაღაზიებისთვის. თან საკმაოდ ძვირი, ათი მანეთი ღირდა. ათ მანეთად კი, იმ დროს ორი ადამიანი კარგად მოილხენდა სახინკლეში. ფულს ფასი ჰქონდა. „მარლბოროს“ მაშინ რიგითი მწეველი ვერ შესწვდებოდა და მას მხოლოდ, პარტიული ფუნქციონერები, „ცეხავიკები“ და კანონიერი ქურდები ეწეოდნენ. ამგვარად, უკვე მაშინ ჩამოყალიბდა ელიტური კასტა. მოგვიანებით კი, მათ მთელი საქართველოს ქონება გადაინაწილეს. ამ კასტაში ძირითადად სწორედ ამ ზემოხსენებული კატეგორიის ადამიანები შედიოდნენ.

– კარგია, რომ ფილტვებს არ ილპობ, – გაიმეორა სერგომ და თავისი სიტყვების დასტურად ქრონიკული ხველა აუტყდა.

ამ დროს კაბინეტის საათმა და „ვეჩემ“ ერთდროულად დარეკა. სერგო სავარძლიდან წამოხტა, მაგიდასთან ხველებით მიირბინა და წყალი დალია, რომ ხველება შეეჩერებინა. სული რომ მოითქვა, „ვეჩეს“ დასწვდა და უპასუხა:

– დიახ, გისმენთ!

მე, ყურადღებით ვაკვირდებოდი სერგოს, რომელმაც სულ რაღაც ნახევარი წუთი ილაპარაკა „ვეჩეთი“ და ყურმილი რომ დადო, მომღიმარი სახით მითხრა:

– ადექი, პირველთან მივდივართ!

პირველს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს უწოდებდნენ, მაგრამ მაშინ მე ეს არ ვიცოდი და სერგოს მორიდებით ვკითხე:

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ პირველი ვინ არის?

საქართველოს პირველ კომკავშირელს სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი შეკითხვა და ღიმილით მომიგო:

– ამხანაგი პავლე პეტროვიჩი, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი!

– პავლე პეტროვიჩი? – გავიმეორე და ჯერ გავფითრდი, შემდეგ კი მუხლები ამიკანკალდა მღელვარებისგან.

– დამშვიდდი, ნუ ღელავ, კოკი, – სერგომ მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი, – პავლე პეტროვიჩი ძალიან უშუალო ადამიანია და მასთან სულაც არ იგრძნობ თავს უხერხულად. აი, ნახავ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

скачать dle 11.3