კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დამსახურებული“ ჰონორარი

 

 

 

მისის კალჰეინმა დაკვირვებით შეათვალიერა დაბალი ტანის მამაკაცი, რომელსაც ცოცხალი თვალები და მკვირცხლი მიხრა-მოხრა ჰქონდა. არ შეიძლებოდა, არ ეღიარებინა, რომ ადვოკატს უზადოდ ეცვა, ხაზგასმული გემოვნებით და, საერთოდ, საკმაოდ მოვლილი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამაგიეროდ, კაბინეტი იყო არეული.

მარტინ ერენგრაფმა გაიღიმა:

– იმედია, მაპატიებთ ამ არეულობას. ქაოსი მუშაობაში მეხმარება. თქვენ კლარკ კალჰეინის დედა ხართ. როგორც ვიცი, ადვოკატი უკვე გყავთ.

– დიახ, ელან ფარელი დავიქირავე.

– შესანიშნავი სპეციალისტია, კარგი არჩევანია. ჩემთან რატომღა მოხვედით?

– იმიტომ, რომ მე ის გარანტიას არ მაძლევს. მირჩია, კლარკმა დანაშაული აღიაროს და დაცვა გონების დაბინდვაზე ავაგოთო. წარმოგიდგენიათ? კლარკმა უნდა აღიაროს, რომ მოკლა ის გოგო. ეს აბსურდია. როგორ უნდა აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია? ფარელმა კი მითხრა, წარმატების იმედი არ მაქვს, თუ დაცვას კლარკის უდანაშაულობაზე ავაგებო. მოკლედ, მე ეს პირობები არ მაკმაყოფილებს.

– და, ჩემთან მოხვედით...

– დიახ.

პატარა ადვოკატი დაჯდა და თავის ბლოკნოტში რაღაცის ჩახატვა დაიწყო. მერე თავი ასწია და მისის კალჰეინს ჰკითხა:

– რა იცით ჩემ შესახებ, ქალბატონო?

– ბევრი არაფერი. ამბობენ, რომ თქვენ არასტანდარტული მეთოდები გაქვთ.

– ჭეშმარიტად ასეა, – დაეთანხმა ადვოკატი.

– და რომ საჭირო შედეგს ყოველთვის იღებთ.

– შედეგს ვიღებ, ნამდვილად ასეა, – ადვოკატის ბაგეზე ირონიული ღიმილი გაკრთა, – დიახ, მე ვაღწევ იმ შედეგს, რაც მინდა. მე ვალდებული ვარ, ასე მოხდეს. ძალიან განვსხვავდები ყველა კრიმინალური ადვოკატისგან, იმიტომ, რომ უფრო დეტექტივი ვარ, ვიდრე ადვოკატი.

– მითხრეს, ის უდანაშაულობის პრეზუმპციას იყენებს მთავარ იარაღადო.

– მართალი უთქვამთ. ყოველთვის უდანაშაულობის პრეზუმპციაა ჩემი მთავარი იარაღი და, თითქმის ყოველთვის, საქმე სასამართლომდე არც მიდის ხოლმე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ სუბიექტს ბრალდება მანამდე ეხსნება.

მისის კალჰეინმა ამოიოხრა.

– მე მინდა, ჩემს შვილს პატიოსანი სახელი აღუდგეს.

– კარგია. იცით, ჩემი ჰონორარი საკმაოდ მაღალია. მაგრამ, ფულს მარტო იმ შემთხვევაში ვიღებ, თუ ჩემს შრომას სასურველი ნაყოფი მოაქვს. თუ ჩემს კლიენტს ბრალს მაინც დასდებენ, ფულს ხელს არ ვკიდებ და ხარჯების საფასურსაც არ ვითხოვ.

– თუ თქვენ მართლა შეძლებთ, მიაღწიოთ იმას, რომ კლარკი გაამართლონ...

– მისის კალჰეინ, თქვენ ვერ გამიგეთ. გაამართლონ კი არა, მას ბრალდება უნდა მოუხსნან. მაგრამ, თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებ, ერთი აუცილებელი პირობის შესრულება მოგიწევთ.

– დიახ, გისმენთ.

ადვოკატი ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა.

– მე ასეთი პრინციპი მაქვს – საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა. თქვენ გინდათ, რომ მე გადავარჩინო თქვენი შვილის სიცოცხლე და რეპუტაცია, ხომ ასეა? მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სამხილები საკმარისზე მეტია. მოკლული ელიტა პატონი მისი საცოლე იყო, მაგრამ, ბოლო მომენტში უარი უთხრა.

– არა, ის ჩემმა შვილმა მიატოვა, – გააპროტესტა მისის კალჰეინმა.

– მერწმუნეთ, ბრალდების მხარე ამას ყურადღებას არც მიაქცევს... ქალიშვილი ჰალსტუხით მოახრჩვეს, თანაც, განსაკუთრებული ჰალსტუხით. ასეთებს მხოლოდ კეიდმონის საზოგადოების წევრები ატარებენ, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან. მითხარით, თქვენი შვილი სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში?

– დიახ.

– იყო კეიდმონის საზოგადოების წევრი?

– დიახ.

– აჰა, ხედავთ? ბუნებრივია, ჰალსტუხიც ექნებოდა. მგონი, ჩვენს ქალაქში მხოლოდ თქვენი შვილია კეიდმონის საზოგადოების წევრი. ასეთი ჰალსტუხიც, ბუნებრივია, მის გარდა არავის აქვს. როგორც ვიცი, დაპატიმრებისას მას ჰალსტუხი არ აღმოაჩნდა. არც ალიბი ჰქონდა, მკვლელობის ღამეს.

– ჰალსტუხი დაიკარგა, მოიპარეს...

– რა თქმა უნდა, მკვლელი იზამდა ამას, რომ მკვლელობა თქვენს შვილს დაბრალებოდა... ასეა თუ ისე, მე მოვკიდებ ხელს ამ საქმეს...

მისის კალჰეინმა ხელები ცისკენ აღაპყრო:

– მადლობა უფალს...

– მაგრამ, მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. დაფიქრდით და ისე მითხარით. ჩემი ჰონორარი სამოცდათხუთმეტი ათასი დოლარი იქნება. წინასწარ მხოლოდ ერთ დოლარს მომცემთ, რომელსაც ისევ უკან დაგიბრუნებთ, თუ საქმე არ გამოვა. სხვათა შორის, ნაკლები არც ფარელთან დაგიჯდებოდათ თავისი ხარჯებითა და აპელაციებით. კიდევ ერთი პირობა – თქვენ სამოცდათხუთმეტ ათას დოლარს იმ შემთხვევაშიც გადამიხდით, თუ თქვენს შვილს იმ მომენტში გაათავისუფლებენ, როცა თქვენ ამ კაბინეტიდან გახვალთ.

– ვერ გავიგე...

ადვოკატის შავი თვალებიდან სუსხიანი სხივები წამოვიდა.

– აგიხსნით. მე ასე ვმუშაობ მისის კალჰეინ. ხომ გითხარით, უფრო დეტექტივი ვარ, ვიდრე ადვოკატი-მეთქი. თქვენ ბოლომდე ვერ გაიგებთ, როგორ მივაღწევ ჩემი კლიენტის გამართლებას და, ჯობია, ასეც დარჩეს. დამიჯერეთ, ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი. მოკლედ, მე ამ საქმეს ხელს ვკიდებ. მაძლევთ ერთ დოლარს და თანახმა ხართ, ჰონორარს კი იმ შემთხვევაშიც გადამიხდით, თუ თქვენს შვილს ერთ საათში გამოუშვებენ და შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ მე მის გასათავისუფლებლად არაფერი გავაკეთე, თითი თითზეც არ დავაკარე...

ქალმა ჩანთიდან ერთდოლარიანი ამოიღო და გაუწოდა.

– თანახმა ვარ...

ერთი თვისა და სამი დღის შემდეგ მისის კალჰეინისა და ადვოკატის მეორე  შეხვედრა შედგა. საუბარი ადვოკატმა დაიწყო:

– როგორც იცით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თქვენს შვილს ბრალდება მოუხსნეს და გამოუშვეს. ის თავისუფალი ადამიანია. მისი უმწიკვლო რეპუტაცია კი – აღდგენილი.

– დიახ, დიახ... – თავი დაუქნია ქალმა, – სიმართლე გაირკვა – ეს მანიაკის ჩადენილია. მე ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო. მებრალებიან ის გოგონებიც, მაგრამ ამან ჩემი შვილი იხსნა.

ადვოკატმა ირონიულად ჩაიცინა:

– ჩემი ჰონორარის გადახდის დრო მოვიდა.

ქალი მოიღუშა:

– იცით, რაშია საქმე? ჩემი ოჯახის ადვოკატს მიაჩნია, რომ თქვენ მეტისმეტად ბევრს ითხოვთ იმაში, რაც არ გაგიკეთებიათ, მაგრამ მე დიდსულოვანი ადამიანი ვარ. ფინანსურადაც არ მიჭირს და მზად ვარ, ათი ათასი დოლარი გადაგიხადოთ.

ადვოკატმა ამოიოხრა:

– ოჰ, ეს მდიდრები!.. როგორ არ მიყვარს მათთან საქმის დაჭერა, მაგრამ, ფული მათ აქვთ. მისის კალჰეინ, თქვენ მე თავიდანვე გაგაცანით ჩემი პირობები.

– დიახ, დიახ, მაგრამ...

– ნუ მაიძულებთ, ისეთ რამეზე ვილაპარაკო, რისი მოსმენაც ძალიან არ მოგეწონებათ. მაშ, ასე: ერთი თვის განმავლობაში მოკლულია ორი გოგონა. ორივე ზუსტად ისე დაახრჩვეს, როგორც ელიტა პატონი – ჰალსტუხით. თანაც გოგონები ვიზუალურადაც ჰგავდნენ მას. ერთის გვამი მდინარის პირას იპოვეს, მეორისა  – მონტკლერში. ჰალსტუხიც იქვე ეგდო – კეიდმონის საზოგადოების განსხვავებული ატრიბუტი... ახლა, ჩემს ხარჯებზე ვისაუბროთ. ფინანსური დოკუმენტებით დავიწყებ: ბილეთი კენედის აეროპორტში, მეორე ბილეთი – ლონდონში და უკან... მე ყოველთვის პირველი კლასით ვმგზავრობ – რა ვქნა, მიყვარს კომფორტი. კიდევ ერთი ბილეთი ჰიტროუში და ავტომობილის არენდა ოქსფორდამდე... სხვათა შორის, ის ჰალსტუხები სხვაგან არსად იყიდება და... ბოლოს, მაღაზიის ჩეკი, სადაც გარკვევით წერია, რომ სამი ჰალსტუხის ღირებულება გადაიხადეს... მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძვირია ჰალსტუხისთვის ეს თანხა, მაგრამ, რას ვიზამთ, კეიდმონის საზოგადოების წევრობა ხუმრობა საქმე არ არის... 

მისის კალჰეინს თვალები გაუფართოვდა და ცარცივით გათეთრდა.

– ღმერთო ჩემო!.. ამით რისი თქმა გინდათ... ღმერთო ჩემო!..

– არაფრის... ბედნიერი დედა ხართ – თქვენი შვილი უდანაშაულოა. რა საქმე გაქვთ ვიღაც მანიაკთან, რომელიც ჰალსტუხებით ქალიშვილებს გუდავს? გადამიხადეთ ჰონორარი და მოვრჩეთ.

– კი მაგრამ... მაგრამ... სამი ჰალსტუხი.. მოკლული გოგონა კი ორია... მესამე ჰალსტუხს რა ბედი ეწია?

– ალბათ, ჩემს კარადაშია, როგორც სამახსოვრო სუვენირი. იქნებ, სამივე ჰალსტუხიც იქვეა, ყუთებში ჩაწყობილი და ცისფერი ლენტით შეკრული... იქნებ, მანიაკმაც იცოდა ის მაღაზია, სადაც ეს ჰალსტუხები იყიდება... მისის კალჰეინ, დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით...

ქალი მონუსხულივით იდგა, მერე ჩეკი გამოწერა, ადვოკატს მაგიდაზე დაუდო და კაბინეტიდან უკანმოუხედავად გავიდა...

           თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3