მეცნიერებმა ატლანტიდის ნარჩენები აღმოაჩინეს
ნავთობის მოპოვების სამუშაოების ორგანიზაციისთვის ოკეანის ფსკერის დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებისას სწავლულებმა ისტორიამდელი ლანდშაფტი აღმოაჩინეს. ახლანდელი შოტლანდიის კუნძულების დასავლეთით, ზედაპირიდან ორი კილომეტრის სიღრმეზე, ატლანტის ოკეანის ფსკერზე არსებული მთებისა და მდინარეთა კალაპოტების მიხედვით, მეცნიერებმა 56 მილიონი წლის წინათ არსებული ქვეყნის სახმელეთო რუკა აღადგინეს. ამ საქმეში მათ მენავთობეები დაეხმარნენ, რომლებიც ზღვის ფსკერის კვლევას ექოლოტების საშუალებით ასრულებდნენ.
გამოკვლეული ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 10 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. სწავლულთა ვარაუდით, ჯერ კიდევ ადამიანის გამოჩენამდე ეს მიწა ახლანდელი შოტლანდიის ტერიტორიასთან ერთ მთელ ხმელეთს შეადგენდა და გადაჭიმული იყო ნორვეგიის ნაპირებამდე.
მითიურ ატლანტიდაზე მეცნიერებს შეახსენა ნაოჭებით დაღარულმა ფენამ. ამ ფენის კვლევის დროს სწავლულებმა რვა დიდი მდინარის კალაპოტი აღმოაჩინეს, ხოლო ფსკერის გაბურღვის შემდეგ ამოღებული ქანების ნიმუშებში მტვრისა და ნახშირის ნაწილაკები იპოვეს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ზღვის ფსკერის ქვეშ დამალულ მიწაზე ოდესღაც სიცოცხლე იყო, თუმცა აქ მხოლოდ ზღვის სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშნები იპოვეს. სპეციალისტების აზრით, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ქვეშ ამოიწია მიწის მანტია.
რადგან მსგავსი გეოლოგიური პროცესები დედამიწის სხვადასხვა ადგილებში ხდებოდა, მეცნიერები ანალოგიური „ატლანტიდების“ აღმოჩენას ოკეანეების ფსკერის სხვა მონაკვეთებზეც ელოდებიან.