გემრიელი საჭმელი მასზე დამოკიდებულებას იწვევს
„კანადელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ გემრიელი საჭმელი ზოგიერთ ადამიანში მასზე ისეთ დამოკიდებულებას იწვევს, რომელიც თავისი სიმპტომებით ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მიერ გამოწვეული სიმპტომების მსგავსი იქნება“, – ასეთი განცხადება გააკეთა კვებითი ქცევების შემსწავლელმა საზოგადოებამ. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა დიდი ხანია აჩვენა, რომ ზოგიერთი საჭმელი, კერძოდ, შაქრიანი და ცხიმიანი საკვები, ხშირად იწვევს დამოკიდებულებას ზოგიერთ ცხოველში.
„ჩვენი კვლევები მიუთითებს გემრიელ საჭმელზე დამოკიდებულების არსებობაზე ადამიანთა შორისაც. ეს კი დაგვეხმარება, კარგად გავარჩიოთ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მოითხოვენ კლინიკურ ჩარევას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავი დააღწიონ გადაძღომას და ზედმეტ წონას“, – განმარტა ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელმა, კაროლინა დეივისმა.
კვლევის პროცესში სწავლულები იყენებდნენ სპეციალურ ანკეტას, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების განსაზღვრისთვის დაამუშავეს იელის უნივერსიტეტში. ყოველ კითხვაში სიტყვა „ნარკოტიკი“ შეცვლილი იყო სიტყვით „საჭმელი“.
მკვლევრებმა ანკეტის შევსება სთხოვეს ორივე სქესის მსუქან ადამიანებს, რომლებიც წინასწარ დაყვეს „დამოკიდებულ“ და „ჩვეულებრივ“ მსუქან ადამიანებად. „დამოკიდებულები“ გამოყვეს რამდენიმე ნიშნის საფუძველზე: მიჩვევა, ეგრეთ წოდებული „ლომკის“ არსებობა და საკვების მიღების გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
გამოირკვა, რომ „დამოკიდებული“ მსუქანი ადამიანების წონა და ასაკი მცირედ განსხვავდებოდა ანალოგიური მაჩვენებლების მქონე „ჩვეულებრივი“ ჯგუფის წარმომადგენლებისგან, მაგრამ „გურმანები“ მუდმივად განიცდიან უზომო ნდომას საჭმლის მიმართ, მეტად განიცდიან დეპრესიას და ზედმეტად აქტიურები არიან, მაგრამ, ამავე დროს, იშვიათად აღწევენ თავის დასახულ მიზნებს. ამას გარდა, გემრიელად ჭამის მოყვარულები მეტი იმპულსურობით გამოირჩევიან.