მწვანე კუთხე
კითხვა: რით მრავლდება მონსტერა და როგორი მოვლის პირობებში ხარობს უკეთ ეს მცენარე?
პასუხი: მონსტერა მრავლდება თესლით და ტოტით. ის ფესვიანდება სამ თვეში წყალში ან გადაწვენით მიწაში. იოლად გასაზრდელი მცენარეა და კარგი სინათლის პირობებში დიდი, ჯანსაღი ფოთლები ექნება. ზაფხულში მოარიდეთ თაკარა მზეს. თავს კარგად გრძნობს ოთახის ტემპერატურაზე, ზამთარში კი მინიმუმ 10 გრადუსი სჭირდება. ზაფხულობით, ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ, ზამთრობით კი – პირიქით. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მონსტერას მით მეტი ტენი სჭირდება, რათა ფოთლებს კიდეები არ გაუყავისფრდეს. ფოთლები რეგულარულად გაუწმინდეთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში, ტენიანობის გასაზრდელად, რეგულარულად დანამეთ. გაზაფხულზე უშიშრად გადაჭერით (რათა ძალიან არ გაიზარდოს). მალე გვერდითი ყლორტები ამოუვა. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი დიდი სააბაზანოა.
კითხვა: ჰოლში დასადგმელად რომელ მცენარეს მირჩევდით?
პასუხი: უამრავი მცენარე ქმნის ჰოლში თბილ და მყუდრო გარემოს, თუმცა, კარის ხშირი გაღების დროს შემოსულ ქარს და ცივ ჰაერს ზოგიერთი მცენარე ვერ უძლებს. ჰოლში დასადგმელად შეარჩიეთ განსაკუთრებით გამძლე მცენარეები, რომლებიც მიჩვეული არიან ცივ ღამეებსა და ყინვას. მე გირჩევდით, რომ ჰოლში დადგათ შემდეგი მცენარეები: აგავა, სპარმანია, ტოლმია და კორდილინა.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს მარაოსებრი პალმა?
პასუხი: ამ მინიატურული სუბტროპიკული პალმის სამშობლო ჩინეთი და იაპონიაა. ბუნებრივ გარემოში ის ტყის ქვედა ზოლში იზრდება, ანუ, ეს მცენარე ოთახის დაჩრდილულ ადგილზე ყოფნასაც გაუძლებს.
კითხვა: ბინაში ფრთიანი პალმა მაქვს. შესაძლებელია რომ იყვავილოს?
პასუხი: მართალია, ამ პალმის მეცნიერული სახელი ასე განიმარტება: „ყვითელი მცენარე, რომლის ნაყოფი პეპლის ჭუპრს ჰგავს”, მაგრამ ოთახის პირობებში ის ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს ისხამს. ამიტომ მისგან ყვავილს ნუ ელით და მხოლოდ მისი სილამაზით დატკბით.
კითხვა: რა განსხვავებაა დიფენბახიას სახეობებს შორის?
პასუხი: მათი განსხვავებულობა მხოლოდ ფოთლების მოხატულობაში მდგომარეობს. მოვლის თვალსაზრისით, თითოეული მათგანი იოლი გასაზრდელია. მათთვის მთავარია, ჰაერი ძალიან არ გამოუშროთ და შეძლებისდაგვარად არ მოაკლოთ სინათლე.