როგორია ყველაზე სასაცილო, უცნაური და თამამი ტატუები და შესაძლებელია თუ არა, პირსინგს რაიმე გართულება მოჰყვეს
ზაფხულში ძალიან აქტუალურია ტატუსა და პირსინგის გაკეთება, რადგან ამ სეზონზე ყველაზე მეტად ჩანს სხეული და ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, ის რაღაცით კიდევ გაალამაზონ. ტატუს ნახატებსა და მოხატვის ადგილებზე არსებობს მოდა, რაც შეეხება პირსინგს, მისი მოდა არ არსებობს, ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე შეგიძლიათ, გაიკეთოთ თქვენი სურვილის მიხედვით. სხეულის რომელ ნაწილზეა აქტუალური პირსინგის გაკეთება და რა ჯდება საქართველოში ტატუ და პირსინგი, ამ თემაზე ტატუს სპეციალისტი კოტე ადამია გვესაუბრება.
– როგორი ტატუებია წელს მოდაში?
– წელს ბევრნაირი ტატუა მოდაში. გოგონებში აქტუალურია პეპლები, ყვავილები, ორნამენტები, ხშირად იკეთებენ მორიელს. ბიჭები იკეთებენ მგელს, ვეფხვს, ლომს, ასევე, ორნამენტებს. ორნამენტები ყოველთვის იყო მოდაში და, ალბათ, სულ იქნება. რაც შეეხება ზომებს, ახლა უფრო პატარებს იკეთებენ – ზოგს მოსწონს, ზოგიც, იმის გამო, რომ იაფი ჯდება. როდესაც მსურველი მოდის, მოაქვს ნახატი, როგორი ტატუს გაკეთებაც სურს. ხანდახან მე ვაძლევ ხოლმე რჩევას. თუ ვხვდები, რომ ის ნახატი იმ ადამიანს არ მოუხდება, მე არ ვახატავ, რადგან, ის ტატუ სამუდამოა და, შეიძლება, თავიდან ვერ ხვდება, რომ არ მოუხდება, ამიტომ, აუცილებელია ვურჩიო.
– როგორი ტატუების გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოში?
– საქართველოში კეთდება მუდმივი ტატუ. ასევე, ათდღიანი ტატუები, რომელიც იხატება ტუშით. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია ხოლმე, რომ არსებობს ექვსთვიანი ტატუ, რომელიც, სინამდვილეში, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი არ არსებობს. უცხოეთში კეთდება ერთთვიანი ან ორთვიანი ტატუები, რომელსაც სჭირდება სპეციალური საღებავი, რაც საქართველოში არ არსებობს. თუ ინტერნეტით გამოიწერთ, მაშინ მისი გაკეთება შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება მუდმივი ტატუს ფერებს, მასში შეზღუდვა არ არსებობს, ნებისმიერი ფერის ტატუ კეთდება, დროებითში კი არჩევანი ფერებს შორის უფრო შეზღუდულია.
– დაახლოებით რა ჯდება ტატუს გაკეთება საქართველოში?
– გააჩნია ზომებსა და ნახატებს. თუმცა, შეიძლება პატარა ნახატი იყოს, მაგრამ, იმდენად რთული შესასრულებელი, რომ დიდზე ძვირი დაჯდეს. ფასები იწყება ორმოცი ლარიდან და შეიძლება 3 000 ან 4 000 ლარს მიაღწიოს. როგორც უკვე გითხარი, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ ფორმასა და სიდიდეზე.
– რომელი იყო ყველაზე ძვირად ღირებული ტატუ, რომელიც შენ გააკეთე და რა ღირდა?
– ყველაზე ძვირად ღირებული ტატუ, რომელიც მე გავაკეთე, ღირდა 1 500 ლარი. მთელი სხეული მოვუხატე და დაახლოებით 11 საათი დამჭირდა. უცხოეთში ეს ტატუ გაცილებით ძვირი დაჯდებოდა. ჩვენთან ძალიან იაფია. სამუდამო ტატუ, რასაკვირველია, უფრო რთულად გასაკეთებელია, ვიდრე დროებითი, თუმცა, მე დროებითს არ ვაკეთებ, რადგან მუშაობის პროცესი მანიჭებს სიამოვნებას და ნამდვილად არ ვიღლები.
– ზოგადად, მუდმივ ტატუს უფრო ხშირად იკეთებენ თუ დროებითს?
– მუდმივს უფრო ხშირად იკეთებენ ხოლმე. გოგონებიც ძალიან ხშირად მოდიან, მაგრამ ბიჭები მაინც ჭარბობენ. ვინაიდან ახლა ზღვის სეზონია, გოგონები უფრო გააქტიურდნენ. თავიდან დროებითს იკეთებენ ხოლმე, რომ ნახონ, როგორ მიეჩვევიან, შემდეგ კი სამუდამო ტატუს იხატავენ.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ კლიენტი უარით გაგესტუმრებინა?
– ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი შემთხვევა. თუ ვთვლიდი, რომ იმ ადამიანს ის ტატუ არ მოუხდებოდა, არ ვხატავდი. მაგალითად, ერთხელ ერთი გოგონა მოვიდა, რომელსაც უნდოდა მგლის დახატვა, რომელიც აშკარად არ მოუხდებოდა. მისი სურვილის მიუხედავად, არ დავახატე, რადგან, ვიცოდი, რომ შემდეგ ინანებდა.
– ანუ, არსებობს ცალკე გოგონებისთვის განკუთვნილი ტატუები და ცალკე – ბიჭებისთვის?
– რასაკვირველია. ყველა ნახატს თავისი დატვირთვა აქვს. როგორ შეიძლება, ის ტატუ, რომელიც ბიჭებისთვისაა განკუთვნილი, გოგომ გაიკეთოს ან პირიქით? ჩვენთან უმეტესად მოდის გამო იკეთებენ ტატუებს და არა მისი დატვირთვის გამო. ეს კი ნამდვილად არ არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან, შეიძლება ტატუს ისეთი აურა ჰქონდეს, რომელიც ზოგიერთი ადამიანისთვის არ იყოს განკუთვნილი, ანუ, მის ხასიათში არ ჯდებოდეს. უცხოეთში კი მოდას არავინ უყურებს, იხატავენ იმას, რაც მოსწონთ.
– ესე იგი, შესაძლოა, ადამიანის ხასიათი მისი ტატუს მიხედვითაც ამოიცნო?
– შეიძლება თუ იმ ადამიანს გააზრებულად აქვს გაკეთებული ტატუ, მაშინ, ნამდვილად მიხვდები მის სულიერ სამყაროს, მის ხასიათს. საქართველოში კი გააზრებულად ძალიან იშვიათად იკეთებენ ტატუს. ხშირად მათ არც კი იციან, რა დატვირთვა აქვს და მაინც სურთ, გაიკეთონ, რადგან, უბრალოდ, ვიზუალურად მოსწონთ. უცხოეთში კი ტატუს უყურებენ როგორც ხელოვნებას, არ აინტერესებთ, რა არის მოდაში.
– ტატუების მოდა სეზონურად იცვლება?
– ტატუების მოდა დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ, არა სეზონურად. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატუს ყველა ზაფხულში იკეთებს. ზამთარში ძალიან იშვიათად თუ მოვლენ მსურველები. ეს კი ნამდვილად არ შეიძლება. ბევრი მიზეზების გამო, ჯობია, სანამ ძალიან დაცხება, მანქამდე მოიხატონ სხეული.
– რატომ არ არის რეკომენდებული ტატუს ზაფხულში გაკეთება?
– ტატუს გაკეთებიდან ორი კვირა მაინც არ არის სასურველი ზღვაზე წასვლა ან ძალიან სიცხეში სიარული. რამდენიმე დღე მაინც არის საჭირო, სანამ კარგად შეხორცდება. ძალიან ხშირად მოდიან მსურველები ზღვაზე წასვლის წინა დღეს. მე მათ ვუხსნი ტატუს გაკეთების წესებს, მას გაფრთხილება სჭირდება, მზის სხივები კი ხელს უშლის შეხორცებას. მინიმუმ სამი დღე მაინც წყალი არ უნდა შეეხოს ტატუს. ზაფხულში კი ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია.
– კიდევ თუ არსებობს სხვა უსაფრთხოების წესები, რომლებიც ტატუს გაკეთების შემდეგ უნდა დავიცვათ?
– განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ, სიცხეს უნდა მოერიდოთ და ვაზელინი ისვათ რამდენიმე დღის განმავლობაში. არც აუზზე სიარული შეიძლება. მოკლედ, ორი კვირა მსგავს სიამოვნებებზე უარის თქმა მოგიწევთ.
არის უცნაური ტატუებიც. ერთხელ, ერთი ფშაველი ბიჭი იყო მოსული და ვაჟა-ფშაველას პორტრეტი დაიხატა.
– ალბათ, სასაცილო ტატუებსაც ხშირად იკეთებენ?
– ნამდვილად ხშირად მოდიან უცნაური და სასაცილო სურვილებით. მაგალითად, ერთ ბიჭს დავახატე სიმფსონი, რომელიც იყო ჩახდილ მდგომარეობაში (იცინის).
– ყველაზე ხშირად სხეულის რა ნაწილზე იკეთებენ ტატუს?
– გოგონები ძალიან ხშირად იკეთებენ წელზე, ფეხზე – კოჭთან, ბეჭსა და მუცელზე; ბიჭები ფეხზე, ხელზე, ნეკნებზე, მკლავზე. თუმცა, გააჩნია, რა ტატუს იკეთებენ. მკლავზე უფრო ნაწერებს იკეთებენ, ან – ცხოველებს. ფეხზე იხატავენ ხოლმე თევზს ან სხვა მსგავს ტატუებს.
– რა მდგომარეობაა ამ მხრივ უცხოეთში? ალბათ ჩვენ ძალიან შორს ვართ მათგან.
– დიახ, ნამდვილად შორს ვართ. პირველ ყოვლისა როგორც უკვე გითხარი, ისინი არ იკეთებენ მოდის ან „მარიაჟობის“ გამო. უცხოელები უფრო ცხოვრებისეულ ტატუებს იხატავენ, მაგალითად, ერთ შემთხვევას გეტყვით: ერთი ტიპი ჯერ იყო ჯარში, შემდეგ სადღაც დაიწყო მუშაობა, ცოტა ხანში სამსახური გამოიცვალა, გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად და მან ეს ყველაფერი ერთიანად შეკრიბა, ერთ ნახატად აქცია და ის დაიხატა. ანუ, მან თავისი ცხოვრების ნაწილი აისახა სხეულზე, ჩვენთან კი მსგავსი სურვილი არავის გამოუთქვამს.
– რომელია ყველაზე თამამი ტატუ, რომელიც გაგიკეთებია?
– არსებობს ასეთი ტატუ – „ჩინური მეთოდიკა,“ რომელიც არ შედგება მხოლოდ ერთი ტატუსგან, ის არის ტატუების ნაკრები, რომელიც მთელ სხეულზე იშლება. მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და, სხვათა შორის, საქართველოშიც იკეთებენ. მოკლედ, ვერ აგიხსნით, რა არის მისი დატვირთვა, მაგრამ, იმას კი გეტყვით, რომ აქვს 382 ახსნა. როგორც იცით, ტატუს წაშლა შესაძლებელია, თუმცა, ამ ტატუს ნამდვილად ვერ წაშლით. ამიტომ, სანამ ამას გაიკეთებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.
– როგორც ვიცი, უფრო მარტივი გზაა ტატუს გადაკეთება.
– დიახ, ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ამ სურვილით. წაშლა ძალიან მტკივნეულია, ამიტომ, გადაკეთება ურჩევნიათ ხოლმე. თითქმის ყველანაირი ტატუს გადაკეთება ხდება, თუმცა ყველას ვურჩევ, სანამ ტატუს გაიკეთებენ კარგად დაფიქრდნენ, სურთ თუ არა ის სამუდამოდ ჰქონდეთ.
– ზაფხულში ძალიან აქტუალურია პირსინგი. რა სახის პირსინგები არსებობს?
– პირსინგი კეთდება ჭიპზე, ცხვირზე, ტუჩზე, წარბზე, მკერდზე, ენაზე, ინტიმურ ადგილებში – მოკლედ, თითქმის ყველგან. უცხოეთში თავზეც იკეთებენ, ხელზეც და, საერთოდ, სხეულის ყველა ნაწილზე.
– ყველაზე მოდური ადგილი რომელია?
– გააჩნია, ვის სად მოსწონს (იცინის). ძალიან ლამაზია ჭიპზეც, მკერდზეც. მოდა პირსინგებში არ არსებობს, ვისაც სად მოუხდება, იქ უნდა გაიკეთოს. პირსინგს არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.
– ბიჭები თუ იკეთებენ პირსინგებს?
– სხვათა შორის ბიჭებიც ხშირად იკეთებენ, ძირითადად, წარბზე, ენაზე, ტუჩზე. მკერდზე. ზოგიერთ გოგოს დეფექტიანი ჭიპი აქვს და პირსინგი მისი დაფარვის მშვენიერი საშუალებაა.
– შესაძლოა თუ არა, ამას რაიმე გართულება მოყვეს?
– თუ კარგად გაუფრთხილდებით და მოუვლით, არანაირი გართულება არ მოჰყვება. როგორც ყველაფერს, ასევე პირსინგსაც სჭირდება მოვლა.