ჩხუბის წესები
ხშირად მშვიდად ვერ უყურებ, როგორ ცდილობენ ვიღაცეები, თავს სისულელე მოგახვიონ; დაგიმტკიცონ ის, რაც შენთვის სრული აბსურდია. ამ დროს შენში თითქოს მეამბოხე სული იღვიძებს და ვეღარც ჩერდები. ჩხუბის პროვოცირება ძალიან ადვილია. მაგრამ, ხომ უნდა იცოდე, რისთვის ჩხუბობ? მით უმეტეს, თუ ჩხუბობ შენს საყვარელ მეორე ნახევართან. ფსიქოლოგებს ჩხუბის ორიგინალური კლასიფიკაცია აქვთ: პირველი – ჩხუბი ჭეშმარიტების დასადგენად; მეორე – ჩხუბი გამარჯვებისა და შენი სიმართლის გასატანად; მესამე – ჩხუბი ჩხუბისთვის. პირველ ორს, ალბათ, არ სჭირდება განმარტება, ისედაც ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, მესამე ვარიანტი ის შემთხვევაა, როცა მასში მონაწილეებს საერთოდ არ აინტერესებთ, ვინ გამოვა გამარჯვებული ან ვისი სიმართლეა ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს. ერთი სიტყვით ჩხუბი უნდათ და ჩხუბობენ. ამ დროს ისიც კი კარგავს აზრს, რომელმა დაიწყო ის პირველად. მთავარი აზარტია, ვის აინტერესებს არგუმენტები!..
გიყვართ თუ არ გიყვართ ჩხუბი, მისი „თამაშის“ წესები მაინც უნდა დაიცვათ. ერთი, რომ ამ ჩხუბიდან დამარცხებული არ გამოხვიდეთ და მეორე, მთავარი: ხომ არ გინდათ, ერთი ჩხუბი მუდმივ თავის ტკივილად და პრობლემად გექცეთ?
1. შეეცადეთ, თავიდანვე შეუთანხმდეთ პარტნიორს, რომ ჩხუბით ურთიერთობის დანგრევა თქვენი მიზანი არ არის. რომ ილაპარაკებთ ერთსა და იმავე თემაზე, თუმცა, საკუთარი პოზიციიდან.
2. ეჩხუბე და ეკამათე არა კონკრეტულად პიროვნებას, არამედ მის მოსაზრებებს, შეხედულებებსა და პოზიციას, ანუ, ნუ გადახვალთ პიროვნულ შეურაცხყოფაზე.
3. გქონდეთ ფაქტები, რითაც საკუთარ პოზიციას გაიმყარებთ. გახსოვდეთ, მთავარი სწორედ ფაქტებია და არა ის, რომელს უფრო მაღალი ხმის ტემბრი აქვს.
4. ჩხუბშიც კი იყავით ზრდილობიანი, ტაქტიანი და გაწონასწორებული. თავხედობა ყველაზე ცუდი მეთოდია ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენად.
5. თუკი ხედავთ, რომ „მოწინააღმდეგე“ ისე გაანადგურეთ, მისი შემართებისგან „ბუნდღაც“ კი აღარ დარჩა, გამოიჩინეთ დიდსულოვნება და გაუღიმეთ. დამარცხებული „მტრის“ პატივისცემა მხოლოდ აგამაღლებთ მის თვალში.
P. S. თუ ყოველთვის წესების დაცვით იჩხუბებთ, თქვენთან ყველა „ხალისით“ ჩაებმება პაექრობაში და ორივე მხარე სიამოვნებას მიიღებთ.