ინტიმური საუბრები
ჩემი ქმრის საყვარელი ორსულად არის
ოთხი წელია, გათხოვილი ვარ და აქედან სამი წლის განმავლობაში მე და ჩემს ქმარს, შეიძლება ითქვას, იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ჩემი დაქალები არც კი მალავდნენ, რომ შურდათ, ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ქმარი რომ მყავდა. ხუმრობით რამეს რომ ვიტყოდი გიაზე, ყველა ერთად მეცემოდა – ხმა არ ამოიღო და შეიფერე, ღმერთმა ასეთი ბედნიერება რომ გარგუნაო. შეფერებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, მართლა ამაყი ვიყავი, რომ მეუღლე ხელისგულზე მატარებდა. მარტო მე კი არა, ჩემს მშობლებსაც თან ჰყვებოდა, ჩემს ქვრივ დასაც (თავისი შვილებიანად) და ჩემს მეგობრებსაც. ერთხელ ერთმა დაქალმა, ვითომ ხუმრობით „მეიაზვა“ – ერთი, ფული არ ჰქონდეს შენს ქმარს, ვნახავდი, როგორც გადაგყვებოდათ თან ან შენ და ან შენს ახლობლებსო. მეწყინა, მაგრამ პასუხი არ გავეცი. თუმცა, პასუხის გაცემა არც მაცადეს გოგოებმა, ისეთი დღე აყარეს: შენ, ეტყობა, მართლა გშურს და იმიტომ იგესლები. მარტო ფულში თუა საქმე, შენს ქმარსაც არ ჰქონდა ნაკლები, მაგრამ, ერთხელაც არ გახსენებია, ცოლისთვის პატივი ეცა. მაშინაც სანახევროდ შენ გარჩენინებდა ოჯახს, ახლა კი, ფული რომ აღარ აქვს, მთელი ოჯახიც აგკიდა, თვითონაც შენ ჩამოგეკიდა კისერზე და თან უკმაყოფილოაო. მოკლედ, რომ იტყვიან, ენა ჩააგდებინეს.
სხვათა შორის, ასეთივე არაჩვეულებრივი მამა იყო. ქორწინებიდან წლისთავზე ტყუპი ქალ-ვაჟი შეგვეძინა, თან, ცოტა მძიმე მშობიარობა მქონდა და, ნაკლებად რომ შევწუხებულიყავი, დღისით სამსახურში დაღლილი, ბავშვებს ღამეებს უთენებდა.
მაგრამ, ჩემი ასეთი ბედნიერება ერთ დღეს მოულოდნელად შეწყდა და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს მოხდა ტყუპების დაბადების დღეზე. სუფრა სახლში გავაწყვეთ (ძველი ტრადიციით). ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარდა, მხოლოდ გიას სამსახურიდან იყო ათი კაცი, უფრო სწორად, შვიდი კაცი და სამი ქალი. ყველამ არაჩვეულებრივი დრო ატარა, სახლში წასვლა აღარ უნდოდა არავის. ბოლოს, ლამის მამალმა რომ დაგვყივლა თავზე, სტუმრები დაიშალნენ. გიამ თანამშრომელი ქალების გაცილება ითავა, რადგან ის შვიდი კაცი ისე დათვრა, გონზე აღარ იყო არც ერთი. ვიფიქრე, გიას დაბრუნებამდე ყველაფერს ავალაგებ-მეთქი და საქმეს შევუდექი. დედაჩემიც მეხმარებოდა. გავიდა ერთი საათი, ორი საათი, სამი, მაგრამ გია არ ჩანდა. ძალიან შემეშინდა და ერთი ათჯერ მაინც დავურეკე, მაგრამ ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ამან მთლად გადამრია. რა აღარ ვიფიქრე – ალბათ, გაძარცვეს, მოკლეს ან გაიტაცეს-მეთქი. თან, ასეთ რამეებს მისგან ჩვეული არ ვიყავი და ამიტომ უფრო შევშინდი. დილის 10 საათამდე ველოდე და, რომ არ დაბრუნდა, მის თანამშრომლებთან ჩამოვრეკე, ვინც ჩვენთან იყო სტუმრად. ქალების ტელეფონის ნომრები არ მქონდა და გიას მოადგილეს, ვისთანაც უფრო ახლოს ვიყავი, ვთხოვე, იმ ქალების მისამართები და ტელეფონის ნომრები გაეგო. ისიც შეშინებული იყო და ათი წუთის შემდეგ უკვე ჩემს სტუმარ ქალბატონებს ვურეკავდი. ორმა მათგანმა მითხრა, რიგ-რიგობით მოგვაცილა სახლებამდე, ბოლოს მხოლოდ ლიკა ჰყავდა მისაყვანი და, აზრზე არ ვართ, სად შეიძლებოდა წასულიყო იმისი მიცილების შემდეგო. იმ ლიკას ნომერზეც დიდხანს ვრეკე, მაგრამ, მასაც გამორთული ჰქონდა მობილური.
გადავწყვიტე, მეორე დილამდე მომეცადა და, თუ გია კიდევ არ გამოჩნდებოდა, პოლიციაში განმეცხადებინა.
გია მართლაც მეორე დილით დაბრუნდა სახლში ჯანმრთელი და საღ-სალამათი, მაგრამ, ისეთი სახე ჰქონდა, კითხვის დასმაც კი ვერ გავბედე, სად იყავი-მეთქი. ჩემთვის ხმა არ გაუცია, იბანავა, დაწვა და დაიძინა. საღამომდე ეძინა, მერე ადგა, ისადილა, ჩაიცვა და სადღაც წავიდა. ჩემთვის არც არაფერი უთქვამს, არც არაფერი უკითხავს. მეც არაფერი ვკითხე. გულში კი გამკენწლა რაღაცამ, მაგრამ ვერაფერს „ისეთს“ ვერ ვუშვებდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხნის განმავლობაში, სახლში გამთენიისას ბრუნდებოდა, ტანსაცმელს იცვლიდა და სამსახურში მიდიოდა. იქიდან სახლში მოვიდოდა, რაღაც პროდუქტს და ფულს მიტოვებდა (თანხაც შემიმცირა), მერე ისევ სადღაც მიდიოდა დილამდე. ბავშვებისკენ თითქმის აღარ იყურებოდა, მეც, პრაქტიკულად, აღარ მელაპარაკებოდა; თუ რამეს ვკითხავდი, გაღიზიანებული მპასუხობდა. ორი თვის შემდეგ თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. გიაც ისევ ძველებურად თბილი და მზრუნველი გახდა, მაგრამ, კანით ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ერთ დღეს კი ვიღაცამ დამირეკა და მითხრა, შენს ქმარს თავისი თანამშრომელი ჰყავს საყვარლადო. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ მერე ჩუმად გავიკითხ-გამოვიკითხე და მართალი აღმოჩნდა. „მართალი“ კიდევ იმას არ გამოხატავს, რაც მე დავადგინე: გიას საყვარელი სწორედ ის ლიკა აღმოჩნდა, სახლამდე რომ მიაცილა; ის ლიკა, რომელიც გიაზე რვა წლით უფროსი იყო და სახლში ქმარიც ჰყავდა და ორი შვილიც. კიდევ უფრო საშინელი კი ის იყო, რომ ლიკა ორსულად ყოფილა და გიას აძალებდა, ცოლად უნდა შემირთო, რადგან ეს შენი შვილიაო. მაგრამ, გიას თურმე, ეჭვი ეპარებოდა – იქნებ, ქმრისგან ხარ ფეხმძიმედო და ამის გამო მოსვლიათ სერიოზული უსიამოვნება.
ლიკა ახლა 7 თვის ორსულია. გიამ არ იცის, რომ მე ყველაფერი გავიგე და „თამაშს“ განაგრძობს. არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ, თუ იმ ქალთან წასვლა გადაწყვიტა, გული აღარ გამისკდება, რადგან, უკვე თვეზე მეტია, დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილების მამა, კაცი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ცარიელი ადგილია. მასთან ერთად ტყუილში ცხოვრებას, მირჩევნია, მის გარეშე ვიყო. იმედი მაქვს, შვილებს მატერიალურად მაინც დაეხმარება.
ეკა, 29 წლის.
ცოლმა მიღალატა
ცოლი სიყვარულით არ შემირთავს, მაგრამ გრძნობა ურთიერთობაში გაჩნდა. უაღრესად მოსიყვარულე და კარგი მეოჯახე ქალი გამოდგა. შეგვეძინა ერთი ვაჟი, რომელიც უკვე 7 წლის გახდა.
ბედნიერებისგან ცაში დავფრინავდი და ჩემს ცოლ-შვილს შევხაროდი, მაგრამ, ადამიანმა არასდროს არ იცის, საიდან მოელის განსაცდელი. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს მყუდრო ოჯახს რამე დაანგრევდა. არადა, ასე მოხდა. ერთმა, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივმა გარემოებამ, ჩემი ნაფერები შვილი უდედოდ დატოვა.
საქმე კი ისაა, რომ შარშან გაზაფხულზე მთელი ოჯახით წავედით ნათესავის ქორწილში. უკან დაბრუნებისას დეიდაჩემმა მთხოვა თავის შვილიშვილზე: დედით ობოლია, მე აღარ მიჯერებს, იქნებ, შენთან წაიყვანო და რამე სამსახური უშოვო, თორემ, მეშინია, უსაქმურობისგან აქ რამე შარს არ გადაეკიდოსო. დეიდას უარი ვერ ვუთხარი და წავიყვანე. სამსახურშიც მალე მოვაწყვე და თან ვყვებოდი. თავიდან გელა კარგად იქცეოდა, თუმცა, მერე რაღაც უცნაურობა შევნიშნე. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ, მალე გაირკვა, რომ გელას ჩემს ცოლთან სასიყვარულო ურთიერთობა გაეჩაღებინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. 19 წლის ბიჭი და ასეთი ნაძირალა – ცხოვრებაში არ შემხვედრია, მაგრამ, უფრო მეტად ჩემი ცოლის საქციელმა აღმაშფოთა. 28 წლის ქალმა, ქმარ-შვილის პატრონმა, როგორ დაიჭირა საქმე ამ ლაწირაკ გარეწართან, დღესაც ვერ გამიგია. იძულებული გავხდი, ცოლი თავის მშობლებთან გამეგზავნა რაიონში. გელამ ბებიამისს რამდენიმე თვის პენსია გამოსძალა და ჩემს ცოლს ჩააკითხა. მერე ცოლი ჩემს მშობლებთან გავგზავნე ბავშვიანად, მაგრამ გელამ იქაც მიაგნო და უკვე არავის აღარ ერიდებოდნენ.
აგვისტოს ბოლოსთვის ცოლ-შვილი ჩამოვიყვანე, რადგან ბავშვი სკოლისთვის უნდა მოგვემზადებინა, მაგრამ, იმის ნაცვლად, შვილისთვის მიეხედა, საათობით ელაპარაკებოდა ტელეფონზე გელას, მე კი მატყუებდა, დედაჩემი მირეკავსო. იქამდე მივიდნენ, რომ სასტუმროში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რაც გაუგებარი არ რჩებოდა. დედაჩემმა, ჩემს ჩუმად, რამდენჯერმე დასვა და დედაშვილურად დაარიგა, ჩემმა დეიდაშვილმაც დაურეკა და დაემუქრა, ოჯახს ნუ ანგრევ, თორემ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, მაგრამ, თავისას მაინც არ იშლიდა. ისიც გვიან გავიგე, რომ გელას გიჟის საბუთი ჰქონია და, თურმე, ყველას უყვებოდა, მანანა ჩემზე გიჟდება და ცოლად უნდა შევირთოო.
ერთ დღესაც, მანანამ რამდენიმე ჩანთაში ჩააწყო ყველაფერი, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო და გელასთან ერთად გაიპარა, შვილი კი ქუჩაში მიატოვა. საწყალი ბიჭი შუაღამემდე სახლში არ მომყვებოდა – დედიკოს ველოდებიო. ღამის 12 საათზე მესიჯი მომივიდა – თურქეთის საზღვარი გადავკვეთეთო, არადა, ვიცი, რომ თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს გელასთან ერთად.
ბავშვი ისე განიცდიდა ამ ამბავს, საჭმელს არ ჭამდა და საავადმყოფოშიც კი მეწვინა. საწყალმა ბიჭმა დედამისს მესიჯი გაუგზავნა, საავადმყოფოში ვარ, წვეთოვანი ჩამიდგეს და მოდიო, მაგრამ დედამისმა მოკლე პასუხი გამოუგზავნა – ვერ გნახავო. ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო. მაგრამ, მე ის მაოცებს და ვერ გამიგია, როგორ მოხდა ამ ადამიანის ასეთი გადასხვაფერება, რა ჯადო გაუკეთა იმ ნაგიჟარმა გელამ ისეთი, რომ მზრუნველი დედა და ცოლი ასეთ უზნეო არსებად იქცა?!
დიმიტრი, 40 წლის.
ღმერთმა მწარედ დამსაჯა
შეიძლება, ყველას გაუკვირდეს, ამისთანა რამეს როგორ წერს საკუთარ თავზეო, მაგრამ, ჩემთვის ახლა ყველაფერი სულერთია, რადგან დასაკარგავი აღარაფერი დამრჩენია. მე ერთი დაღუპული კაცი ვარ, რომელსაც მომავალი აღარ აქვს. მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, ბევრი შვილი მყოლოდა, ღმერთმა კი ისე დამსაჯა, ბევრი კი არა, საერთოდ ვერ დავტოვებ მემკვიდრეს, არადა, ჩემი გვარის ამ შტოს ერთადერთი მამაკაცი მე ვარ.
უკეთ რომ გაგარკვიოთ ჩემს უბედურებაში, მოკლედ გიამბობთ, რაც გადამხდა თავს. ვიცი, რომ ძალიან უღირსად მოვიქეცი და იმიტომაც დავისაჯე ასე. ყველაფერს ძალიან ვნანობ, მაგრამ, ახლა უკვე ვეღარაფერს შევცვლი და ვერც გამოვასწორებ.
საქმე ისაა, რომ მყავდა უახლოესი მეგობარი, რომელიც ცოლის შერთვას აპირებდა და მეჯვარეობა მე მთხოვა. ნინო რომ გამაცნო, მაშინვე გულში ჩამივარდა და იმდენი „ვიჩალიჩე“, სანამ თავი არ შევაყვარე (სხვათა შორის, ძალიან მალე და ადვილად მივაღწიე ამას). მერე კი მე და ნინო გავიპარეთ და ჯვარი დავიწერეთ. მაშინ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს და წარმოვიდგენ, რა დღეში ჩავაგდე ჩემი ძმაკაცი, საკუთარი თავი მძულს.
იმის მოყოლით აღარ შეგაწყენთ თავს, რა მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ ჩემსა და ჩემს ან უკვე ყოფილ მეგობარსა და დანარჩენ საძმაკაცოს შორის. იმ მომენტში ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ნინო ჩემ გვერდით იყო და ჩემი ცოლი ერქვა.
რამდენიმე თვის შემდეგ ნინო დაფეხმძიმდა, რამაც მისი სიყვარული გამიათმაგა. თავს ვევლებოდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდი. ერთხელ კი რაიონში მოგვიწია ერთად გამგზავრება მანქანით. საჭესთან მე ვიჯექი. ნაბახუსევი ვიყავი და ნინომ მთხოვა, ან სხვა დასვი საჭესთან, ან მატარებლით წავიდეთო, მაგრამ, არ ვქენი – ეტყობა, წერას ვიყავი ატანილი. გორთან კი ისეთ ავარიაში მოვყევით, ნინოს მუცელი მოეშალა და თვითონაც ძლივს გადაარჩინეს, მე კი ისე დავილეწე, მოზაიკასავით ამაწყვეს. მართალია, სიკვდილს გადავრჩი, მაგრამ, წელს ქვემოთ მოვწყდი და ახლა ლოგინს მიჯაჭვული ინვალიდი ვარ და, რომელ ცოლ-შვილზეა ლაპარაკი, ტუალეტში დამოუკიდებლად გასვლაც ოცნებად მაქვს ქცეული.
ნინომ არ მაპატია ჩემი გაუფრთხილებლობა – ცოლი და შვილი რომ გდომებოდა, დამიჯერებდი და საჭესთან ნამთვრალევი არ დაჯდებოდიო, ადგა და წავიდა. სიმართლე გითხრათ, სადღაც, გულში, ვერც ვამტყუნებ. მის ადგილას, შეიძლება, მეც ასე მოვქცეულიყავი. მაგრამ, მაინც ძალიან მტკივა გული, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი მიმაგდო ძაღლივით – მე ხომ ვეღარასოდეს გავივლი ფეხით, სხვისი დახმარებითაც კი ვერ შევძლებ ამას. მაგრამ, ყველაზე დიდი დარტყმა ჩემთვის ის იყო, რომ წასვლიდან ორი თვის შემდეგ ნინო თავის ყოფილ შეყვარებულს, ანუ, ჩემს ძმაკაცს გაჰყვა ცოლად და ერთი წლის თავზე ტყუპი ბიჭი გაუჩნდათ. ჩემი მდგომარეობის გამო დედაჩემი ისეა გაბოროტებული, დილიდან საღამომდე ნინოს სწყევლის, რაზეც მე საშინლად ვბრაზობ, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მისთვის ცუდი არ მინდა. რაც მოხდა, ამაში მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, ნინო არაფერ შუაშია. ამიტომაც არის ახლა ის ბედნიერი, ხარობს თავის ქმარ-შვილში, მე კი ვწევარ (უფრო სწორად – ვდევარ) საწოლში ცოცხალი ლეშივით და მხოლოდ სინანული დამრჩენია, რომ ღმერთმა ცოდვები მომიტევოს.
გუჯა, 31 წლის.
ყოფილი შეყვარებული
არ მირიგდება
მე და ჩემი შეყვარებული ორი წელი ერთად ვცხოვრობდით. საერთოდ, დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვჩქარობდით, რადგან, გვინდოდა, შეყვარებულობის პერიოდი გაგვეხანგრძლივებინა. ისე ვიყავით შეხმატკბილებულები, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მასთან ერთად ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი. მაგრამ, ორი წლის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ვიგრძენი, რომ მისი ყველაფერი მაღიზიანებდა: სიარულიც, ლაპარაკიც, სიჩუმეც, საქმიანობაც, სიცილიც, ტირილიც – ერთი სიტყვით, მასთან ყოფნა მომბეზრდა. არადა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვგრძნობდი, რომ მაინც მიყვარდა.
თვითონ ისეთი ერთგული იყო, ისეთი დამთმობი, ისეთი თვინიერი, უკეთეს ცოლს კაცი ვერ ინატრებდა, მაგრამ, აშკარად მიჭირდა მის გვერდით ყოფნა, არადა, არ ვიცოდი, როგორ მეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდი, არ შემემჩნია ჩემი ეს განწყობა, ეტყობა, ანამ მაინც იგრძნო ჩემში ცვლილება და თვითონ შემომთავაზა – ხომ არ აჯობებს, ცოტა ხნით დავშორდეთ, რომ მერე ერთმანეთი ისევ ძალიან მოგვენატროს და უფრო ბედნიერები ვიყოთო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გულში ძალიან გამიხარდა, რომ ასე უმტკივნეულოდ გადაწყდა ეს პრობლემა.
გავშორდით და დავთქვით, რომ ერთი თვე არც კი შევეხმიანებოდით ერთმანეთს (რომ მონატრება უფრო ძლიერი ყოფილიყო). ასეც მოვიქეცით, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ მონატრება კი არა, თავი ისე ლაღად და ბედნიერად არასდროს მიგრძნია. იმის წარმოდგენაზეც კი მბურძგლავდა, რომ ეს თავისუფლება ოდესმე შემეზღუდებოდა.
ერთი კი არა, რამდენიმე თვე ისე გავიდა, ანასთვის არც კი დამირეკავს. ეტყობა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თვითონაც აღარ მირეკავდა – ალბათ, არ უნდოდა, ძალდატანებით აღედგინა ურთიერთობა. ასე გავიდა თითქმის ორი წელი. მე, პრაქტიკულად, არც კი ვიცოდი, როგორ იყო ანა, სად იყო, რას საქმიანობდა. ვცდილობდი, არაფერი გამეგო მასზე და ესეც ჩემი ეგოისტობით იყო გამოწვეული – არ მინდოდა, სინდისის ქენჯნის მსგავსი რამ მეგრძნო.
ამ ორი წლის განმავლობაში რამდენიმე პატარა რომანი მქონდა, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი, ურთიერთობა ძალიან შორს არ წასულიყო, რომ ხელახლა არ დამეკარგა თავისუფლება.
ერთ დღეს კი ჩემი და ანას საერთო ნაცნობი შემხვდა და მითხრა, ანას წლინახევრის შვილი ჰყავსო. გათხოვდა-მეთქი? – გამიკვირდა, თან, რატომღაც, გულში ცუდად გამკენწლა. არ ვიციო, – მითხრა იმ ნაცნობმა, – კაცთან ერთად არასდროს დამინახავს, თვითონ კი ამ თემაზე საუბარს გაურბის. რატომღაც, მგონია, რომ ისე გააჩინაო. ჩემდა გასაოცრადაც კი, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, ისე გადავირიე – როგორ თუ ვიღაცისგან ბავშვი გააჩინა-მეთქი. მისი ასეთი საქციელი ღალატად ჩავთვალე (ვითომ მე მთელი ეს ორი წელი ბერად ვიყავი შემდგარი) და გადავწყვიტე, მენახა და ბრალიც წამეყენებინა. მთელი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, საქმე მაქვს და შეხვედრა მინდა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნებოდა. ბოლოს, ლამის მუქარაზე რომ გადავედი, დამთანხმდა. არასდროს ისე უმწეოდ და არარაობად არ მიგრძნია თავი, როგორც ანასთან ორი წლის შემდეგ შეხვედრისას. თვითონ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ თვალები ჰქონდა სევდიანი და ცრემლებით სავსე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჯერ ეჭვი ავიღე, შემდეგ კი დავადგინე, რომ ის პატარა არსება, რომელსაც ჩემი სახელი ერქვა, ჩემი შვილი ყოფილა. ამ ორი წლის წინ კი ანამ მხოლოდ იმიტომ შემომთავაზა – დროებით გავშორდეთო, იგრძნო, რომ მიჭირდა მასთან ცხოვრება, არადა, უკვე რამდენიმე თვის ორსული იყო (რაც მე არ ვიცოდი) და, მასთან მხოლოდ მოვალეობის თუ ვალდებულების გამო რომ დავრჩენილიყავი, ამიტომ არ გამიმხილა თავის ორსულობა.
სხვათა შორის, ბავშვის შესახებ რომც არაფერი გამეგო, მაინც უკვე ვგრძნობდი, რომ ანა ძალიან მენატრებოდა და გულში ვეძებდი კიდეც მასთან შესარიგებელ გზებს.
ახლა ანასთან ყოველდღე მივდივარ, ბავშვსაც მატანს, მაგრამ ღამით თავისთან არ მტოვებს და არც ხელის მოწერაზე არ არის თანახმა – ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მხოლოდ შვილის გამო მინდა მისი ცოლად შერთვა. არადა, ვეღარ ვუმტკიცებ, რომ ამქვეყნად მასზე მეტად არავინ მყვარებია.
ოთო, 31 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 597 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.