კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ლოცვები უნდა წავიკითხოთ განსაცდელის ჟამს და როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სულიერი პრობლემა გვაქვს

 

 

 

ლოცვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომიც არის და საწინდარიც, ლოცვის ძალას კი მას უფალი აძლევს. შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების წესი უნდა გამოხატავდეს იმისკენ სწრაფვას, რასაც ლოცვაში ვითხოვთ.

მამა გურამი (გურამიშვილი) (წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): როგორც ცნობილია, ხილული და უხილავი სამყარო უფალმა შექმნა, ხოლო ადამიანი – თავის ხატად და მსგავსად. მას შემდეგ ადამიანებსა და უფალს შორის ერთგვარი კავშირი დამყარდა. მაგრამ, როდესაც დავკარგეთ სამოთხე, დავკარგეთ კავშირი უფალთან. და დავსახლდით დედამიწაზე – დედამიწა სამოთხე როდია, არამედ სამოთხიდან განდევნის ადგილია, ანუ ცოდვის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც შემდეგში მოციქულების ხელდასხმით აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, რადგან უფალთან, შემოქმედთან კავშირი აუცილებელი იყო; მაგრამ ის კავშირი ისეთი მიახლოებული არ იყო, როგორც სამოთხეში, სადაც ფიზიკურად ხედავდნენ უფალს. ამიტომ, აუცილებელი გახდა, რომ უფალსა და ადამიანს შორის ეარსება სულიერ კავშირს და ამისთვის მოციქულებმა, ეკლესიამ დაადგინეს ლოცვითი კანონები, რომლებიც პერიოდებად იყოფა და განსხვავებულია. ყველასთვის განსაკუთრებული და აუცილებელია დილისა და საღამოს ლოცვების წაკითხვა. მარტივად რომ ვთქვათ,  ძილი წუთიერი სიკვდილია და მეტი არაფერი, ანუ, დაძინების დროს არავის აქვს იმის გარანტია, რომ გაეღვიძება, ამიტომ, ძილის წინ აუცილებელია, უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობიანი და უშფოთველი ღამე მოგვმადლოს, ანუ ლოცვით უნდა შევავედროთ უფალს საკუთარი თავი და ოჯახი. ასევე, როდესაც გავიღვიძებთ, უნდა გამოვისახოთ პირჯვარი, მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს მშვიდობიანი დილა გაგვითენა. საერთოდ, ლოცვის არსი და მნიშვნელობა ძალიან ღრმაა და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი. მარტივად რომ ვთქვათ, ლოცვა არის საუბარი ღმერთთან და მასთან ლოცვითი კავშირით უნდა დავამყაროთ ურთიერთობა. ითხოვეთ და მოგეცემათო – ანუ ჩვენ უფალს ლოცვით ვთხოვთ და, თუ, ღირსი ვართ, მივიღებთ კიდეც ღვთისგან წყალობას. უფალი მოწყალეა და ცდილობს, საკუთარ ქმნილებას ყოველთვის მიჰმადლოს წყალობა. თუმცა, უღირსი საქციელების გამო ვშორდებით უფალს, ვვარდებით ცოდვაში და ბევრ შემთხვევაში უფალი განსაცდელებსაც გვივლენს. მაგრამ ეს განსაცდელები ის არ არის, რასაც ადამიანი იმსახურებს, ეს უფრო მსუბუქია, ისეთი, როგორსაც ვიტვირთებთ. ყველას ჩვენი ჯვარი და ჯვრის სიმძიმე გვაკისრია. წმიდა მამები ამბობენ, უფალმა ის განსაცდელი რომ მოგვივლინოს, რასაც ვიმსახურებთ, ამას ვერ დავიტევთო. ამიტომ უფალი სწორედ ისეთ განსაცდელს გვივლენს, რასაც ვიტვირთებთ. ეს განსაცდელი ერთგვარი წყალობაა ღვთისა, რამეთუ არ დაგვავიწყდეს საკუთარი თავი, უფალი, რომ ჩვენი ხორციელი ცხოვრება დროებითია. ეს ცხოვრება არის ამაოებათა ამაოება და ყოველივე ამაოა. ამიტომ, ამ ცხოვრებაში ყველამ უნდა ვიფიქროთ სულის ცხონებაზე, სულიერ ფერისცვალებასა და სულის განწმედაზე.

– ხშირად ადამიანები განსაცდელის ჟამს, იმის ნაცვლად, რომ ლოცვა გააძლიერონ, პირიქით, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და განსაცდელი კიდევ უფრო მძიმე და ძნელად გადასატანი ხდება. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი?

– ხშირად ბევრი ადამიანი განსაცდელებს, დეპრესიას, ჯვრის სიმძიმეს ღირსეულად ვერ იტვირთავს, პირიქით, უარესად ვარდება დეპრესიაში, უიმედობაში, სასოწარკვეთილებაში და ლოცვას წყვეტს, რაც ყოვლად დაუშვებელია. პირიქით, ასეთ დროს რაც უფრო მეტად, გულმხურვალედ ილოცებ, მით უფრო კარგია. განსაცდელი არ ემსახურება ადამიანის დაღუპვას, პირიქით, ემსახურება პიროვნების გამოფხიზლებას რწმენაში გასამტკიცებლად. ჩვენ თუ უიმედო მდგომარეობაში ჩავცვივდებით, უფსკრულისკენ გავექანებით და უფალს დავშორდებით, ამიტომ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, ლოცვის სიტყვების აზრს უნდა ვწვდებოდეთ. მოძღვრის კურთხევით სხვა ლოცვებიც უნდა წავიკითხოთ და უფალთან სიახლოვით ყველა განსაცდელს დავითმენთ.

– თუ არსებობს ლოცვები, რომლებიც სწორედ განსაცდელის ჟამს იკითხება?

– ფსალმუნები განსაკუთრებული და ძლიერი ლოცვებია. ჩვენ ვიცით, რომ ცოცხლებისთვის, გარდაცვლილებისთვის, ჯანმრთელობისთვის არის ლოცვები, რომელთა წაკითხვაც ყველას შეუძლია. მტრისა და ბოროტი ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად კარგია 50-ე და 90-ე ფსალმუნების წაკითხვა. ასევე, არსებობს განსაკუთრებული ლოცვები – პარაკლისები და დაუჯდომლები, რომლებიც მოძღვრის ლოცვა-კურთხევით შეგვიძლია, წავიკითხოთ და, რომლებიც აუცილებლად გაგვაძლიერებს. ჩვენ, ადამიანებს, ორი მხარე გაგვაჩნია – სულიერი და ფიზიკური. როდესაც ადამიანი ფიზიკურად დასნეულდება, ის წავა ექიმთან, იმკურნალებს, მიიღებს წამლებს, დადგება ფეხზე. მაგრამ, როდესაც სულიერი პრობლემა გვაქვს, აუცილებელია ლოცვების გაძლიერება, მარხვა, აღსარება, ზიარება და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლია ადამიანს სულიერად გაძლიერება. სხვა შემთხვევაში განსაცდელი ექცევა დეპრესიად, რადგან, როდესაც ის უფალზე არ არის მინდობილი, უიმედო მდგომარეობაში იქნება. ადამიანმა უფლის, ხვალინდელი დღის იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს, მას უნდა სწამდეს, რომ უფალი არასოდეს მიატოვებს, მით უმეტეს – განსაცდელში.

– ადამიანების დიდი ნაწილი ლოცვებს თითქმის ზეპირად კითხულობს, ამის გამო შეცდომებს უშვებს და ლოცვის ტექსტი თითქმის იკარგება. შეიძლება თუ არა ასეთი ლოცვა?

– კარგია, როდესაც ადამიანები ეჩვევიან ლოცვის კითხვას, მაგრამ ხშირად ლოცვა მექანიკური გამოსდით. ამ დროს ისინი არ ლოცულობენ გულმხურვალედ. როდესაც მიდიხარ დილით ხატებთან და ლოცვას კითხულობ, ეს არ უნდა ხდებოდეს მოვალეობის მოხდის მიზნით. რადგან ლოცვა ღმერთთან საუბარი, მისი სადიდებელია, ამიტომ ის უნდა იყოს გულწრფელი, ყველა სიტყვას უნდა ვწვდებოდეთ. როდესაც ადამიანი თავიდან იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვების კითხვას, შეიძლება, მისთვის ბევრი სიტყვის მნიშვნელობა გაუგებარი იყოს, მაგრამ, როდესაც წლების განმავლობაში კითხულობ, ყოველი სიტყვის მნიშვნელობას უნდა იყოს ჩაწვდომილი და ლოცვის დროს მისი ყოველი სიტყვა ბაგიდან უნდა გამოდიოდეს და გული გამოთქვამდეს. სხვა მხრივ, ლოცვა მექანიკური და არაფრის მომცემი იქნება. თუმცა, თუ ადამიანი ლოცულობს მექანიკურად და სხვა რამისკენ გაურბის აზრები, არ უნდა მიატოვოს, რადგან, ბოროტსაც ეს უნდა, რომ გონებით სხვაგან გვამყოფოს, დაგვაბნიოს, ბოროტი და ცუდი აზრები მოგვიტანოს, ლოცვა მიგვატოვებინოს.

– აუცილებელია ლოცვის ხმამაღლა წაკითხვა?

– პირადი გამოცდილებიდან გეტყვით: როდესაც ლოცვა გულში წამიკითხავს, გონება სხვაგან გადართულა, ამიტომ უფრო ნელა, ხმამაღლა წარმოვთქვამ სიტყვებს – სწორედ ეს არის გულით ლოცვა. სხვა შემთხვევაში, ლოცვის ტექსტისთვის თვალის გადავლება, უხმოდ კითხვა მექანიკური გამოდის, ამიტომ, ჯობია, იკითხო ხმით, გულით და ნელ-ნელა, არ არის აუცილებელი ძალიან ხმამაღლა. მეჩქარება, ამას უცებ გადავიკითხავ და ჩამეთვლება, რომ დილის ლოცვა წავიკითხეო, ასეთ წაკითხულს ჯობია, მოკლე ლოცვა წაიკითხო, ისიც გამონაკლის შემთხვევაში, ოღონდ, ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა მიეცეს. იმიტომ არსებობს მოკლე ლოცვა, რომ დროის უქონლობის ჟამს გულით, რწმენით წავიკითხოთ. მაგრამ, როცა დრო გვაქვს, აუცილებელია დიდი ლოცვის წაკითხვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვლოცულობთ, ვლოცულობთ პატრიარქისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, ვიხსენებთ გარდაცვლილთა სულებს – ფაქტობრივად, მთელი ერისთვის ვლოცულობთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ლოცულობს, უფრო ძლიერია ერი. ზოგიერთი ეკლესიური ცხოვრების დამწყები ადამიანი ითხოვს, მომეცით კურთხევა, წავიკითხო პარაკლისები, დაუჯდომლებიო, მაგრამ ის ამისთვის მზად არ არის. მოძღვარი ამჩნევს მრევლს, შეუძლია თუ არა მას ამის წაკითხვა, რადგან, ეს ხომ იგივე ჯვარია, ტვირთია. თუ შენ მოძღვარმა მოგცა კურთხევა, მაგრამ არ ასრულებ, ეს ცოდვაში გეთვლება. ამიტომ, ჯობია, ის ვიტვირთოთ, რისი ტარებაც შეგვიძლია. არ შეიძლება, ვიღაცის მოსაწონად, თვითკმაყოფილების მიზნით თქვა – მე პარაკლისზე, დაუჯდომლებზე მაქვს კურთხევაო, მაგრამ არ ასრულებდე. ამიტომ ჯობია, არ გქონდეს კურთხევა და კითხულობდე იმას, რაც უნდა წაიკითხო. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტს კითხულობ, უკეთესია, მაგრამ ადამიანს ლოცვაშიც ზომიერება ჰმართებს. ლოცვა მექანიკური გამოდის, როდესაც ადამიანი საათობით დგას ხატების წინ და ლოცულობს ვიღაცის დასანახავად ან მოვალეობის მოხდის მიზნით – ეს ყოვლად დაუშვებელია, ცოდვაში ჩაგვეთვლება. ყველა ადამიანის ლოცვითი კანონი მისი სულიერი მდგომარეობიდან და, შესაბამისად, მოძღვრის კურთხევიდან გამომდინარეობს, საკუთარ თავს წესები და კანონები არ უნდა დავუდოთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მორწმუნემ აუცილებლად უნდა წაიკითხოს სახარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახარება წმიდა წერილია, სადაც უფლის, მის მიერ მოვლენილი სასწაულების შესახებ წერია. ამიტომ, დღეში ერთი თავის წაკითხვა აუცილებელია და ჩვენმა უწმიდესობამაც მოგვიწოდა ამისკენ. ადამიანი მხოლოდ ფიზიკურად არ უნდა იზრდებოდეს, უნდა იზრდებოდეს სულიერადაც და ის სულიერ საზრდოს მხოლოდ ლოცვის კითხვის დროს ან აღსარებითა და ზიარებით არ იღებს. ადამიანი სულიერ საზრდოს მაშინ იღებს, როდესაც კითხულობს წმიდა წერილებს, მამათა სწავლებას, საეკლესიო ლიტერატურას და მისი რწმენა უფრო მტკიცე იქნება, რადგან, როდესაც ადამიანს რწმენასთან ერთად ცოდნაც გააჩნია, უფრო მტკიცეა სარწმუნოებაში.

 

скачать dle 11.3