ექიმის რჩევები
კითხვა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარს აქვს C-ჰეპატიტი. ქალი არის ორსულად. პირველი ბავშვი გარდაეცვალა. ახლა მეორეს ელოდება. რამდენად საშიშია ეს დაავადება თვით ახალგაზრდებისთვის და ნაყოფისთვის?
პასუხი: C-ჰეპატიტი, რა თქმა უნდა, სერიოზული დაავადებაა, რომელსაც სჭირდება ყურადღება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორსულმა ყოველთვე უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა C-ჰეპატიტის გამწვავების დროულად სამკურნალოდ. ვირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და ნაყოფის დაზიანება, რაც დამოკიდებულია ვირუსის აქტივობაზე. მშობიარობის შემდეგ ბავშვს იკვლევენ, არის თუ არა ის ვირუსის მატარებელი და მიმართავენ საჭირო ზომებს.
კითხვა: პერიოდულად სხეულზე მიჩნდება წვრილი ხალები. რისი ბრალია ეს და როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: ხალების გაჩენა დაკავშირებულია მზეზე ხანგრძლივად ყოფნასთან. ასაკთან ერთად, მათი რაოდენობა მატულობს. ეს მკურნალობას არ საჭიროებს, უბრალოდ, მოერიდეთ მზეს.
კითხვა: ვარ 75 წლის. ფეხის ფრჩხილზე მაქვს სოკოვანი დაავადება. როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?
პასუხი: სოკოვანი დაავადება ყველაზე ხშირად ფეხის ფრჩხილებს აზიანებს (სითბო და მაღალი ტენიანობა უწყობს ხელს). განკურნება შეიძლება თანამედროვე პრეპარატების გამოყენებით (ლამიზილი, ნიზორალი, ორუნგალი და სხვა; აბების ყოველდღიური მიღება + ადგილობრივად მალამოები ან სპეციალური ლაკი), მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია (თვეების განმავლობაში) და საკმაოდ ძვირად ღირებული. ამიტომ გირჩევთ თვითმკურნალობას მოერიდოთ და მიმართოთ მიკოლოგს ან დერმატოლოგს. პირად ჰიგიენას სოკოს მკურნალობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა ფეხსაცმელი უნდა დაამუშაოთ ან გამოცვალოთ.
კითხვა: ვარ 70 წლის. მაწუხებს ოფლიანობა. ჩიყვი არ მაქვს. რისი ბრალია და რა წამალი მივიღო? არის თუ არა ამ ასაკში ეს კლიმაქსის ბრალი?
პასუხი: ჭარბი ოფლიანობა შეიძლება იყოს ენდოკრინული დაავადების (ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპოფიზი), ჰემატოლოგიური (ლიმფოგრანულომატოზი) და, უბრალოდ, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომი. მიზეზის დასადგენად, დასაწყისისთვის მიმართეთ თერაპევტს.
კითხვა: ვარ 28 წლის, გათხოვილი. მაქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გამოკვლევისას აღმომაჩნდა პაპილომა-ვირუსი. რამდენად საშიშია ეს და შეიძლება თუ არა მისი გაუვნებელყოფა?
პასუხი: საშიშია პაპილომა-ვირუსის ონკოგენური ტიპები (16 და 18). გამოკვლევა ხდება სპეციალური მეთოდებით. დაავადება გადადის სქესობრივი გზით. მკურნალობა ესაჭიროება ორივე პარტნიორს, მაგრამ ვირუსი რჩება სისხლში და იმუნიტეტის დაქვეითებისას შესაძლებელია რეციდივი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი