სიბრძნე მინიატურებში
რა აქვს საერთო სიხარბეს, თვალთმაქცობასა და შეუძლებლობას
დერვიშმა თქვა:
– ვერავინ გაუგებს ადამიანს, ვიდრე არ გაიაზრებს, სიხარბეს, თვალთმაქცობასა და შეუძლებლობას საერთო რა აქვს.
– ნამდვილი თავსატეხია, – თქვა მოსწავლემ, – თანაც ისეთი, რომელსაც ვერასოდეს ამოვხსნი.
საფიამ ჩაილაპარაკა: ნუ შეხედავ ამას, როგორც რთულ თავსატეხს მაშინ, როდესაც შეიძლება, პასუხი მარტივი ცდით იპოვო.
მან თავისი მოწაფე წაიყვანა ბაზარში, სადაც ხალათებს ყიდდნენ.
– ყველაზე კარგი ხალათი მინდა, – მიმართა საფიამ გამყიდველს, – ყველაზე ძვირფასი რომელიც გაქვს, ის მაჩვენე!
მოუტანეს ყველაზე ლამაზი ხალათი და ძალიან ძვირიც დაუფასეს.
– ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა, – ჩაილაპარაკა დერვიშმა, – მაგრამ თვლებით შემკული და ბეწვმოვლებული საყელოთი რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.
– მაგაზე ადვილი რა არის, – მაშინვე უპასუხა გამყიდველმა, – ზუსტად მასეთ ხალათს მოგართმევ. დამელოდეთ, მაღაზიის უკან რომ სახელოსნოა, იქ მაქვს.
გამყიდველი რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და რომ დაბრუნდა, საყელოზე სახელდახელოდ თვლებმიკერებული და ბეწვმოვლებული ხალათი მოიტანა.
– რა ღირს ეს ხალათი? – ჰკითხა დერვიშმა.
– ოცჯერ მეტი, ვიდრე წინა ხალათი, – უპასუხა გამყიდველმა. – შესანიშნავია! – წამოიძახა დერვიშმა, – ორივეს ვყიდულობ!
გულუხვობის ზღვარი
ხატამს ჰკითხეს:
– გინახავს ვინმე შენზე გულუხვი?
– დიახ, – უპასუხა მან, – ერთხელ ობოლი მონის სახლთან ჩავიარე. მასპინძელმა შინ მიმიპატიჟა. სულ ათი ცხვარი ჰყავდა. მაშინვე ერთი დაკლა, მოხარშა და მომართვა. ხორცი გავსინჯე, მომეწონა და ვუთხარი:
– ვფიცავ უფალს, ძალიან გემრიელი იყო.
ჭაბუკი მაშინვე გარეთ გავიდა, დანარჩენი ცხვრებიც დაკლა და ის ნაწილი, რომელიც მომეწონა, სათითაოდ ყველას ამოაჭრა, შეწვა და მომართვა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როდესაც ეზოში ცხენის შესაკაზმად გამოვედი, სისხლის გუბე დავინახე და ვიკითხე:
– ეს რა არის?
მითხრეს, რომ ჭაბუკმა თავისი ყველა ცხვარი დაკლა. იგი ამის გამო დავტუქსე და ვკითხე:
– ასე რატომ მოიქეცი? – მადლობა ღმერთს, ჩემი საკუთრებიდან რაღაც მოგეწონა. სიძუნწე არაბის ყველაზე სამარცხვინო თვისებაა.
ხატამს ჰკითხეს:
– სამაგიეროდ რა მიეცი?
– სამასი წითური აქლემი და ხუთასი ცხვარი, – უპასუხა მან.
– შენ მასზე გულუხვი ყოფილხარ, – უთხრეს მას.
– ვაი, რომ არა! მან მომცა ყველაფერი, რაც ებადა, მე კი მცირეოდენი გავეცი იქიდან, რაც მაქვს, – მიუგო ხატამმა.