კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი შიში ანგრევინებს ოჯახს ზოგიერთ ქალს და რჩება თუ არა ის წაგებული

 

კომპლექსი ისე არ ჩნდება, ის აუცილებლად არის ცხოვრებაში გადატანილი სტრესის შედეგი, – ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები და საკმაოდ მრავალფეროვან კომპლექსებზე საუბრობენ. ადამიანის ფსიქიკა არც ისე მყარია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ცუდი ის არის, რომ ზოგჯერ საერთოდ არ ვიცით, რა მოჰყვება სტრესს, რომელსაც ჯეროვნად მომზადებული ვერ დავხვდით, ვერ გავუმკლავდით. ღალატით მიყენებული სტრესი ძლიერია და დამანგრეველი. მას ადამიანისთვის ცხოვრების დანგრევაც ძალუძს; შეუძლია, ისეთი გადაწყვეტილება მიგაღებინოს, მთელი დარჩენილი სიცოცხლე სანანებლად რომ გექნება. როცა შენს ცხოვრებაში კრიტიკული მომენტია, როგორმე უნდა დამშვიდდე და ჰკითხო საკუთარ თავს, სამომავლოდ, რა იქნება შენთვის უკეთესი...

ნატალია (39 წლის): ათი წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ორმოცს მიტანებულ ქალებს სასიყვარულო პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ. ჩემთვის ვვარაუდობდი, ათი წლის შემდეგ ქმარი და შვილები მეყოლება და ჩემი საზრუნავი ოჯახი იქნება. რაღა დროს სიყვარულია, როცა ცხოვრება თითქმის ჩავლილია-მეთქი. თურმე, როგორ ვცდებოდი! უბრალოდ, ცხოვრების არაფერი მესმოდა. სამწუხაროა, რომ საკუთარ მაგალითზე მომიწია სწავლა. 39 წლის ვარ და მაინც შეცდომას შეცდომაზე ვუშვებ. ერთხელაც კი ვერ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. გავთხოვდი გიჟური სიყვარულით, სერიოზულად გეუბნებით. ერთმანეთი ოფისის კაფეში გავიცანით. უფრო სწორად, ერთ შენობაში იყო ჩვენი ოფისები და ერთ კერძო კაფეში ჩავდიოდით. თავიდან, უბრალოდ, ვესალმებოდით ერთმანეთს. მერე, არ ვიცი, რა მოხდა, ერთბაშად რა დამეტაკა, მაგრამ, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ არანორმალურად მიყვარდა.

– ეს როგორ?

– არ ვიცი, ერთბაშად შემიყვარდა. მართლა. ერთი დღეც აღარ შემეძლო მის გარეშე ცხოვრება. ძალიან სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი. გონზე რომ მოვედი, უკვე მისი ცოლი ვიყავი, თანაც, ქმარზე უზომოდ შეყვარებული. ფაქტობრივად, მისი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება და ყველაფერს უკვე მისი თვალებით ვუყურებდი. მინდოდა, გამენებივრებინა, მესიამოვნებინა. მართლა იდეალური ცოლი ვიყავი, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი, ასეთი ვყოფილიყავი, მაგრამ, რაც შუბლზე გაწერია, იმას ვერ ასცდები.

– შუბლზე გეწერათ, რომ ქმარს თქვენთვის უნდა ეღალატა?

– ეს კარგ იუმორს ჰგავს, მაგრამ ეს ყველა ქალს აწერია, ჩემო კარგო. არავინ დაიფიცოს, რომ ქმარს მისთვის ერთხელაც არ უღალატია. შეიძლება, ასეთებიც არსებობენ, მაგრამ, ასპროცენტიანი გარანტიები, როცა საქმე მამაკაცს ეხება, არ არსებობს.

– ასპროცენტიანი გარანტიები საერთოდ არაფერში არ არსებობს. მამაკაცი ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის.

 – არ ვიცი, შეიძლება, ასეც არის, მაგრამ, ქალები რომ გაცილებით ერთგულები ვართ მამაკაცებზე, ეს ისეთი ფაქტია, ნამდვილად ვერ უარყოფთ. პროცენტულად რომ ავიღოთ, კაცის ღალატის მიზეზით ბევრად უფრო ხშირად ინგრევა ოჯახები, ვიდრე ქალის ღალატის მიზეზით.

– სამაგიეროდ, ქალები ფიქრში ღალატობენ ხოლმე ქმრებს და, თანაც, საკმაოდ აქტიურად – ესეც ხომ ღალატია!

– კი, ღალატია. მაგრამ, მოდი, სიმართლე ვთქვათ – ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მაინც არ აღიქმება ღალატად, ხომ მართალია?

– არ აღიქმება ღალატად საზოგადოებისთვის? მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარია, ჩვენ რა გვტკენს გულს.

– ჰო, მაგრამ, ფიქრს ხმამაღლა იშვიათად გამოვთქვამთ, მით უმეტეს – ასეთ ფიქრს. მერე, შეიძლება, ვინანოთ კიდეც, რომ საერთოდ გავიფიქრეთ ეს. რეალურად რომ გიღალატებენ, გაცილებით მტკივნეულია. სხვა რას გრძნობს, არ ვიცი, მაგრამ, მე ცა ჩამომენგრა თავზე. კარგა ხანს ვერაფერი შევამჩნიე. მატერიალურად არ გვილხინდა, ამიტომ, ქორწინებიდან ძალიან მალე, ჩემმა ქმარმა მეორე სამსახური მოძებნა. სახლში თითქმის არ იყო. მოდიოდა ძალიან გვიან, გადაქანცული და მაშინვე იძინებდა. ჩემი ძირითადი საზრუნავი გადასახადები, ბანკის კრედიტები და შემოსავლის ისე განაწილება იყო, რომ გვყოფნოდა. საერთო თითქმის აღარაფერი გვქონდა და ეს წელიწად-ნახევარში მოხდა. ვინმე ნათესავის პანაშვიდზე თუ წავიდოდით ერთად, თორემ, კინოსა და თეატრზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას რომ მივხვდი, ძალიან შემეშინდა. დავიწყე ფულის „მოჟოჟკვა“ – ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებდი და ვაგროვებდი. რაღაც თანხას მოვუყარე თავი და ჩემს ქმარს ვახარე, სამი დღით თხილამურებით დავტკბებით. რამდენი ხანია, ეს სიამოვნება აღარ მიგიღია. მეც მომენატრა შენთან ერთად ყოფნა და პრობლემებისგან დასვენება. ბაკურიანში წავიდეთ-მეთქი. მეგონა, სიხარულით გადაირეოდა, მაგრამ, არანაირი დადებითი ემოცია არ გამოუხატავს. ამან დამაეჭვა. ვიცოდი, როგორ გიჟდებოდა თხილამურებზე და რომ მეჩხუბა – ამდენი საქმე მაქვს, შენ კი რაღაც სისულელეებზე ფიქრობო, – მეწყინა. მერე კი გავბრაზდი და დავეჭვდი. ეჭვი კი ისეთი რამ არის, ყველაფერზე წაგიყვანს. დავუწყე ქმარს თვალთვალი და ვიპოვე კიდეც, რასაც, უფრო სწორად – ვისაც ვეძებდი. მისივე კოლეგა აღმოჩნდა, იმასთან მღალატობდა. იმიტომაც გაუტკბა ბოლო დროს თავისი სამსახური. მე ემოციური ადამიანი ვარ და, რასაც განვიცდი, იმას ვერც ვმალავ, არ გამომდის. ეგრევე ვფეთქდები. ყოველთვის გულისა და ემოციის კარნახით ვმოქმედებ. გონება მერე იწყებს აქტიურობას, როცა უკვე ყველაფერი დამთავრებულია და საქმე გაფუჭებული. ჩემს შემთხვევაში ემოცია აბსოლუტურად გაუმართლებელი და უაზრო იყო. არც კი მიცდია, გადამერჩინა ჩვენი ურთიერთობა და ოჯახი. პირდაპირ ვეცი და საშინელი სკანდალის შემდეგ ვუთხარი, წადი, აღარაფერში მჭირდები-მეთქი.

– თქვენ არ სცადეთ ოჯახის გადარჩენა, რადგან მან დანაშაული არ აღიარა თუ შეურაცხყოფა ვერ აპატიეთ?

– არ ვაპატიე. არადა, ადამიანისთვის ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ გიყვარს და გიღირს ის რამედ. ამას მხოლოდ ახლა ვხვდები და ვამბობ, მაგრამ მაშინ „შიშველი ემოცია“ ვიყავი და წავაგე.

– ანუ, ნანობთ, რომ არ აპატიეთ?

– შეიძლება ითქვას, რომ, ვნანობ, როგორც კი კედელთან მივაყენე, მაშინვე აღიარა, რომ მიღალატა. დაიწყო ბოდიშების მოხდა. ცდილობდა, დავერწმუნებინე, რომ ძალიან ნანობდა ამას, რომ აწუხებდა სინდისი და იტანჯებოდა. მეუბნებოდა, შემეშალაო. არ დავუფიქრდი, რას ვაკეთებდი, ცდუნებას ავყევიო. ყველანაირად ცდილობდა, დავემშვიდებინე და ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. იქამდეც კი მივიდა, რომ ყველაფერი დაიფიცა, ისევ შენ მიყვარხარ და სხვა ქალი არ მჭირდება გვერდით. ჩემი  მომავალი შვილების დედად მარტო შენ წარმომიდგენიხარ. გეხვეწები, მაპატიე და დაივიწყე. ცხოვრებაში აღარ გიღალატებ. კარგი გაკვეთილი მივიღეო.

– თქვენ მის სიტყვებში სიყალბე დაინახეთ?

– იცით, ამას არ დავკვირვებივარ, გულახდილად გეუბნებით. მართლა არ მიფიქრია, იმ მომენტში გულწრფელი იყო თუ ყალბი. მე მას ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამ ნაძირალასთან როგორღა უნდა ვიცხოვრო-მეთქი და ეს ხმამაღლაც ვუთხარი. წარმოუდგენელია, შენგან შვილის გაჩენაზე ვიფიქრო, არანაირად არ მომინდება, ჩემს შვილს შენნაირი მამა ჰყავდეს-მეთქი. მძაფრი რეაქცია ჰქონდა ამაზე. ქმრებს ცოლები უარესებს პატიობენ. ერთხელ შემეშალა. ნუთუ იმ დონეზე არ გიყვარვარ, რომ მაპატიო და ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელოთო? ჩვეულებრივად ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ, მე შენი აღარ მჯერა და არ გენდობი. არ მინდა, მოგატყუო. ის ქალი არ ვარ, ვინც მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრებას შეძლებს, არიქა, ჩემს ქმარს ისევ ვინმეზე არ წაუცდეს თვალი და არ მიღალატოსო. მე ამას ვერ გავუძლებ. დავავადდები და მოვკვდები. მირჩევნია, ახლა დავამთავრო ყველაფერი-მეთქი. მან კი მითხრა: სამსახურიდანაც წამოვალ, თუ ფიქრობ, რომ იმ ქალს ისევ შევხვდები. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო.

– ალბათ, ღირდა, ერთი შანსი მიგეცათ.

– ჰო, ალბათ, ღირდა. უნდა მიმეცა, მაგრამ ვერ ვაჯობე საკუთარ ემოციას, ვერ მოვერიე იმ ტკივილს, რომელიც გულსა და ტვინს მიღრღნიდა. ალბათ, ძალიან სუსტი ქალი ვარ, ან – სულელი, თუმცა, შედეგისთვის რა მნიშვნელობა აქვს. გაფუჭებული მაგნიტოფონივით „ჩავიხვიე“ და დაუსრულებლად ვიმეორებდი, ეს როგორ გამიკეთე, ეს როგორ გამიკეთე-მეთქი. თან ვტიროდი და ვკიოდი. არაფერმა გაჭრა. არც მოფერებამ, არც ხვეწნა-მუდარამ. კარადიდან გადარეულივით ვყრიდი მის ნივთებს და ჩანთებში ვტენიდი – კარი გააღე და გაეთრიე აქედან-მეთქი.

– ვერ მოგერიათ თქვენი მეუღლე? მოჰკიდა ნივთებს ხელი და კარი გაიხურა?

– „მოჰკიდა ხელი“ მარტივად ნათქვამია. მოყოლით ძნელი წარმოსადგენია, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. მერწმუნეთ, ბოლომდე იბრძოდა, ბოლომდე ებღაუჭებოდა ხავსს და იმედი ჰქონდა, რომ მოვლბებოდი და დავტოვებდი. ბოლოს, როცა მივხვდი, რომ წამსვლელი არ იყო, მე თვითონ გავვარდი ბინიდან ტირილით. ძლივს დამიჭირა და ოთახში დამაბრუნა – კარგი, ოღონდ დაწყნარდი და წავალო. სხვა გზა მართლა აღარ ჰქონდა. მთელი ხმით ვკიოდი, წაეთრიე სამუდამოდ-მეთქი. როცა წავიდა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მაგრამ, იმავდროულად, დავმშვიდდი კიდეც. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ეს ნაძირალა შენი ღირსი არ არის, უკეთეს მამაკაცს შეხვდები და ბედნიერიც იქნები. ამას რატომ უნდა გამოეტირო-მეთქი.

– ანუ, ქმარი საბოლოოდ ამოიღეთ გულიდან?

– მეგონა, რომ ამოვიღე, მაგრამ, რეალურად მხოლოდ თავს ვიტყუებდი. ყველა მამაკაცში ჩემს ქმარს ვხედავდი. გავწამდი. ვერ ვიტყვი, რომ არ ვეძებდი ახალ ურთიერთობას... ერთი პერიოდი აქტიურადაც კი ვიყავი ამაზე გადართული...

– ახალ მამაკაცს ეძებდით?

– ჰო, რატომ გაგიკვირდათ? ეს რაღაცნაირი ჯიბრიც იყო – პროტესტი თუ რაღაც მაგდაგვარი. თუმცა, ჩემი ძებნის პროცესი უბრალო შეხვედრებზე შორს არ წასულა – უფრო ახლო ურთიერთობა არ გამომდიოდა. ჩემი ქმრის აჩრდილი მიშლიდა ხელს და ვნერვიულობდი. 

– მეუღლეს არ ჰქონდა მცდელობა, დაგკავშირებოდათ?

– კი, ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ არ შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, უკვე წასვლის შემდეგ. მაგრამ, რამდენჯერმე დარეკვით შემოიფარგლა და, რადგან შეხვედრაზე კატეგორიული უარი ვუთხარი, აღარ შევუწუხებივარ.

– გაყრა, ქონების გაყოფა?

– არაფერი მსგავსი. ოფიციალურად დღესაც მისი ცოლი ვარ. ბინაზე არც შემომდავებია. უმტკივნეულოდ წავიდა. გულახდილად გეტყვით, არ მიძებნია, არც იმით დავინტერესებულვარ, იმ ქალთან წავიდა თუ სხვასთან. ჩემი ახლობლები შოკში იყვნენ, ვერ გაიგეს, რა მოხდა. იდეალურ წყვილად მივაჩნდით და უცებ... მე არავისთვის არაფერი ამიხსნია. მხოლოდ ერთ-ორ მეგობარს ვუთხარი, რა მოხდა სინამდვილეში. არც სიბრალულისა და თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვების მოსმენა მინდოდა და არც იმის მოყოლის სურვილი მქონდა, რას ვგრძნობდი სინამდვილეში. სწორად გამიგეთ, ძალიან გთხოვთ. გასაგებია, რომ ვიღაცას მართლა შესტკივა შენზე გული. მაგრამ, რა იცვლება ამით? რეალურად ხომ მარტო ხარ შენს ტკივილთან და პრობლემასთან? შეუცნობლად დავიწყე ნერვიულობა იმაზე, რაც გავაკეთე.

– გულისხმობთ იმას, რომ ქმარს კიდევ ერთი შანსი არ მიეცით?

– დიახ. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. ჯიუტად არ ვეცემოდი ბეჭებზე. გულის სიღრმეში კი ვნატრობდი, იქნებ, სასწაული მოხდეს და დაბრუნდეს-მეთქი.

– დაგერეკათ, როგორმე ხმა მიგეწვდინათ. ან „შემთხვევითი“ შეხვედრა მოგეწყოთ...

– ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ, ჩემი სიამაყე? რამდენჯერ ამიღია ხელში მობილური და უკანვე დამიდევს. რადგან ამ დროს წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ეფერებოდა და ეხუტებოდა იმ ქალს და ეს სრულიად საკმარისი იყო ჩემს ხელახლა ასაფეთქებლად – კარგად მოვიქეცი, რომ გავაგდე. ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა და მერე კიდევ უფრო მეტკინებოდა-მეთქი, ვფიქრობდი. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდებოდა ჩემი თვითგვემა, ჩემი ქმარი თავად რომ არ მომდგომოდა კარზე. ამ შოკისგან დღესაც არ ვარ გამოსული.

– როგორც მივხვდი, რამდენიმე წელი იყო წასული.

– დიახ. ასეა. ამიტომაც მივიღე შოკი. თვალებს არ ვუჯერებდი. შემოვიდა და, დავბრუნდიო, – თქვა. მეც ხმა არ ამომიღია. ვერ მოვიფიქრე, რა უნდა მეთქვა. თითქოს დავმუნჯდი, თითქოს ეს წლები არც ყოფილა, ისე იქცეოდა. მარტო ის მითხრა, არაფერი მკითხო, რადგან აქ ვარ, ესე იგი, შენზე ახლობელი და ძვირფასი ადამიანი არ მყავსო.

– და ამით ამოიწურა პრობლემა?

– არა. ასე რომ ყოფილიყო, თქვენთან ხომ არ მოვიდოდი? თითქოს შევურიგდი და ისევ ერთად ვართ, მაგრამ, ჩვენს ურთიერთობას რაღაც აკლია. ვერ ვისვენებ, ადგილს ვერ ვპოულობ და ვნერვიულობ. წონაშიც კი შესამჩნევად დავიკელი. სულ ცუდის მოლოდინში ვარ. მართლა გაიგო ჩემი და ოჯახის ფასი თუ თამაშობს? იქნებ, ახლაც შევცდი, რომ ჩემს ცხოვრებაში დავაბრუნე?!

 

скачать dle 11.3