რომელ სექსუალურ სკანდალს უკავშირებენ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და წლის რომელი თვე გამოაცხადა მან „ცისფერებისა“ და ლესბოსელების თვედ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2012 წელს ხელმეორედ გეგმავს, კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამის შესახებ მან უკვე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ობამას რეიტინგი ამერიკაში მაღალი რომ არის, ამას არაერთი გამოკითხვა თუ ექსპერტის აზრი ცხადყოფს. ამასთან ერთად, ობამა მსოფლიოს პოლიტიკოსთა შორისაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მისი პერსონის მიმართ გამოწვეული ინტერესის დასაკმაყოფილებლად, „თბილისელების” დღევანდელ ნომერში, მის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები – ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული, დიდი ბრიტანელი მეფეების – ვილჰელმ (ლომი) პირველი შოტლანდიელის (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი, რიურიკების სამეფო საგვარეულოს, რუსეთის მეფის იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყოს. ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი ედ პირველი, რომელიც მეფეების – კარლ და ალფრედ დიდების შთამომავალია.
* ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა კატეგორიულ უარს აცხადებს იმ ფაქტზე, რომ მისი მეუღლე თმას იღებავს. ბარაკ ობამას თმის გაჭაღარავება მას შემდეგ დაეწყო, რაც თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში დაიდო ბინა. პრეზიდენტობის განმავლობაში გადაღებულ ფოტოებზე ობამას ხშირად ეცვლებოდა ვარცხნილობა, იგი ხან ჭაღარაშეპარული, ხან კი სრულიად შავი თმით ჩნდებოდა. თმის შეღებვის ფაქტს თავად ობამაც უარყოფს, თუმცა ფოტოებიდან აშკარად ჩანს, რომ პრეზიდენტი თმის საღებავს მოიხმარს. საინტერესოა, რომ ობამას მსგავსად, თმის შეღებვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა რონალდ რეიგანი, რომელიც ასევე განიცდიდა ჭაღარა თმების გაჩენას.
* ბარაკ ობამამ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, თუმცა ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ამ მოვლენიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი. მიშელ ობამამ მეუღლის მიერ მავნე ჩვევის გადაგდების თაობაზე 2011 წლის თებერვალში განაცხადა, ხოლო თავად ობამამ მოწევას თავი 2010 წლის მარტში დაანება. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა დუაიტ ეიზენჰაუერის შემდეგ პირველი პრეზიდენტია, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
* ამერიკულ პრესაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა პერიოდულად გეი-სკანდალის მონაწილე ხდება. გაზეთ „ვაშინგტონ ინსაიდერის” ცნობით, 90-იან წლებში, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის სენატორობისას ბარაკ ობამა ხშირად სტუმრობდა ერთ-ერთ კლუბს, სადაც გავრცელებული ვერსიით მდიდარი „ცისფერები” იყრიდნენ თავს. გარდა ამისა, ამერიკულ პრესაში გავრცელდა ობამას სავარაუდო საყვარლების ვინაობაც. ესენი არიან: მავანი ლარი სინკლერი, რომელსაც თითქოს ინტიმური კავშირი ჰქონდა ობამასთან; თეთრი სახლის აპარატის უფროსი, რემ ემანუელი და ობამას პირადი მწვრთნელი კალათბურთში, რეჯი ლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით 104 ათას დოლარს იღებდა. საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ბარაკ ობამამ ოვალურ კაბინეტში ჰომოსექსუალების დამცველი ორგანიზაციის წევრები მიიღო, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ივნისი „ცისფერების”, ლესბოსელების, ბისექსუალების, ტრანსვესტიტებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების თვედ გამოაცხადა.
* ბარაკ ობამა ამერიკელებს მისთვის უჩვეულო, სპორტული კომენტატორის ამპლუაში წარუდგა. პრეზიდენტი ამერიკის საკალათბურთო საუნივერსიტეტო ლიგის ერთ-ერთ მატჩს დაესწრო და იმდენად ჩაერთო თამაშის მსვლელობაში, რომ კომენტატორის ჯიხურში შევიდა და იქ ათი წუთის განმავლობაში თამაშის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. იმდენად აზარტულად აკეთებდა ამას, რომ მისმა პირადმა დაცვამ დიდი შრომის ფასად ძლივს მოახერხა პრეზიდენტის კომენტატორის ჯიხურიდან გამოყვანა. მოგვიანებით, ობამამ განაცხადა, რომ კომენტატორობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და ის ყოველთვის გულშემატკივრობს საუნივერსიტეტო კალათბურთს. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია, მაინც ახერხებს და უშუალოდ ტრიბუნიდან ადევნებს თვალს თამაშს.
* არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამერიკის მთავრობა დოკუმენტაციასთან რუტინული მუშაობის გასაიოლებლად იყენებს სპეციალურ ავტომატურ მოწყობილობას – „აუტოპენს”, რომელიც პრეზიდენტის ხელმოწერის იდეალურ ასლს აკეთებს. ფრანგული გამოცემა „გენტსაიდის” ცნობით, ობამა იმდენად არის დამოკიდებული „აუტოპენზე”, რომ პირადად თითქმის აღარ აწერს ხელს დოკუმენტებს. „აუტოპენის” გამოყენება ამერიკაში ჯერ კიდევ ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყეს. ერთ საათში ამ მოწყობილობას 500-მდე დოკუმენტზე შეუძლია ხელმოწერის დატოვება. დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ „პატრიოტის აქტის” განახლებულ ვერსიაზე ობამას ნაცვლად ხელი სწორედ „აუტოპენმა” მოაწერა. თავად პრეზიდენტი კი კანონპროექტზე ხელმოწერის მომენტში ევროპაში იმყოფებოდა. ამ ფაქტს რამდენიმე ათეული სენატორის პროტესტი მოჰყვა. საინტერესოა, რომ „აუტოპენის” გამოყენება მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის დროს, ჯორჯ ბუშ-უმცროსის გაპრეზიდენტებამდე მიზანშეწონილი არ იყო.
* ბარაკ ობამამ მონაწილეობა მიიღო ტელეარხ „დისქავერის” ცნობილ გადაცემაში „ლეგენდების მსხვრეველები”. პრეზიდენტმა პირადად დაავალა გადაცემის წამყვანებს – ექსცენტრიკულ ადამ სევიჯს და ჯეიმი ჰაინემანს შეემოწმებინათ ძველი ლეგენდა, რომლის თანახმადაც ანტიკურმა მეცნიერმა არქიმედემ გადაწვა რომაული საზღვაო ფლოტი მზის სხივებისა და სარკეების სისტემის გამოყენებით.
* მიშელ ობამა მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგ მოდის კრიტიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მსოფლიო მოდის ფოკუსში მყოფი მიშელი ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, ძირითადად, „კელვინ კლაინს”, „იზაბელ ტოლედოს”, „ნარცისო როდრიგესსა” და „ნინა რიჩის”. სამკაულებიდან კი ბოლო დროა, ჩინურ საიუველირო ბრენდს YEWN-ს ირჩევს. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან შეხვედრის დროს, მიშელ ობამას სწორედ ჩინური ბრილიანტებითა და ჟადეიტით მორთული ბეჭედი ეკეთა.
* თინეიჯერი გოგონების კერპი მომღერალი – პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაპირების შესრულებაში დაეხმარება. 11 სექტემბრის ტერაქტის მემორიალზე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ტერორისტული აქტის დროს ერთ-ერთი დაღუპულის 14 წლის ქალიშვილი, მიუახლოვდა ობამას და პირადად სთხოვა ჯასტინ ბიბერთან შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებოდა. ობამა დაჰპირდა მცირეწლოვან მხარდამჭერს, რომ თავის კერპს შეახვედრებდა. ამერიკული პრესა სკეპტიკურად განეწყო ამ ფაქტის მიმართ და წინასწარ დადგმულ შოუდ მონათლა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სინამდვილეს შეესაბამებოდა. ჯასტინ ბიბერმა, მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ, განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაპირება აუცილებლად შესრულდება.