რომელი მალაიზიელი მილიარდერი ფლობს „ფეისბუქის“ აქციებს და ვის აქვს დაბანდებული 2,5 მილიარდი დოლარი მალაიზიაში 4G ქსელის განვითარებაში
მალაიზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც აზიის ექვს ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას შორის ფიგურირებს და 2020 წლისთვის ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოდ ქცევას აპირებს გეგმით, რომელიც ჯერ კიდევ 1991 წელს დაამტკიცა მალაიზიის მთავრობამ. „ფორბსის” მონაცემებით, მალაიზიაში ცხრა მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონება 44 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. „თბილისელების” ამ ნომერში სწორედ ამ აზიური ქვეყნის მილიარდერებზე შემოგთავაზებთ ინფორმაციას.
რობერტ კუოკი (87 წლის) – 12,5 მილიარდი დოლარი
მალაიზიის უმდიდრესმა ადამიანმა, რობერტ კუოკმა, თავისი კაპიტალი შაქრის, პალმის ზეთის, გადაზიდვის და უძრავი ქონების ბიზნესში გააკეთა. მისი კუთვნილი „კუოკ გრუპი” ფლობს ჰოლდინგებს როგორც მალაიზიაში, ასევე სინგაპურსა და ჰონკონგში. კუოკის მფლობელობაშია აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდტირაჟიანი და პოპულარული გაზეთი „საუს ჩაინა მორნინგ პოსტი”. კუოკის კაპიტალის დიდ ნაწილს, „უილმარში” – პალმის ზეთის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი კომპანიის მფლობელობა განაპირობებს. გარდა ამისა, კუოკი ფლობს წილებს რუსული ალუმინის გიგანტ კომპანია „რუსალში” და, ასევე, აკონტროლებს ჰაი-კლასის სასტუმროების ქსელს კანადაში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, იაპონიაში, ტაილანდსა და სინგაპურში. კუოკი ორჯერ იყო დაქორწინებული და მას რვა შვილი ჰყავს, რომელთაგან ქალიშვილი, კუაკ კუოკი, ერთ დროს აზიის ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა. იგი ცოლად გაჰყვა ჰონკონგის „ვერმიშელის მეფედ” წოდებულ ბიზნესმენს.
ანანდა კრიშნანი (73 წლის) – 9,5 მილიარდი დოლარი
კრიშნანის საკუთრებას წარმოადგენს მალაიზიის ყველაზე დიდი ფიჭური კავშირგაბმულობის პროვაიდერი „მაქსის კომუნიკეიშენი”. ასევე მას აქვს ბიზნესინტერესები ინდოეთისა და ინდონეზიის სატელეკომუნიკაციო და მასმედიის ბიზნესში. ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული კრიშნანი ამჟამად ფილანტროპობით არის დაკავებული და მალაიზიის განათლების სფეროს უდგას გვერდში, აფინანსებს სასკოლო პროგრამებსა და სამეცნიერო დარგების განვითარებას. მისი პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა თავის სასახლეში, კუალა-ლუმპურის ცენტრში.
ლი შინგ ჩენგი (72 წლის) – 5 მილიარდი დოლარი
ლი შინგი სათავეში უდგას „IOI გრუპს“, პალმის ზეთის მწარმოებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში და, ასევე, იგი ითვლება მალაიზიის ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერად, რომლის დაქვემდებარებაშია 30 ათასამდე დასაქმებული ადამიანი. ლი შინგს 11 წლის ასაკში მოუხდა სკოლის დატოვება და ის ოთხი წლის განმავლობაში ველოსიპედით დაატარებდა ნაყინს გასაყიდად, რათა ოჯახი ერჩინა. ამჟამად მისი ყველა შვილი თავისივე კომპანიაში არიან დასაქმებული.
კუეკ ლენგ ჩანი (70 წლის) – 4,8 მილიარდი დოლარი
ჩანი კონგლომერატ „ჰონგ ლონგ გრუპის” მფლობელია, რომელიც ძირითად მოგებას ჰონკონგში რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია „გუოკო გრუპიდან” იღებს. იგი, ასევე, ფლობს ინტერესებს საფინანსო სექტორში, უძრავ ქონებასა და სასტუმროების ბიზნესში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. ჩანის კომპანია სათავეს 1920 წლიდან იღებს, როდესაც მამამისმა ერთ-ერთი პირველი საფინანსო კომპანია ჩამოაყალიბა მალაიზიაში.
ტე ჰონგ პიუ (81 წლის) – 4,7 მილიარდი დოლარი
მისი დაარსებული „ფაბლიკ ბანკი” ამჟამად მალაიზიის სიდიდით მესამე საბანკო ჯგუფია, სადაც დასაქმებულია 14 ათასი ადამიანი, ხოლო ფილიალები გახსნილია ჰონკონგში, ვიეტნამში, ჩინეთსა და კამბოჯაში. ჯგუფი, ასევე, ფლობს სადაზღვევო კომპანიებს მალაიზიაში, სინგაპურსა და კამბოჯაში. ტე ჰონგის საბანკო კარიერა 1950 წელს დაიწყო, როდესაც იგი ფინანსურ კომპანია „ოვერსის-ჩაინაში” მიიღეს სამუშაოდ.
იეო ტიონგ ლაი და ოჯახი (81 წლის) – 2,7 მილიარდი დოლარი
კონგლომერატი YTL, რომლის სათავეში იეო ტიონგ ლაის ოჯახი დგას, 1955 წელს დაარსდა და ის არის პირველი არაიაპონური კომპანია, რომელიც 1996 წლიდან ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს. კომპანიის აბრევიატურა მისი დამაარსებლის სახელისა და გვარის პირველი ასოებისგან შედგება. კონგლომერატი აკონტროლებს საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მალაიზიასა და სინგაპურში. გარდა ამისა, ოჯახს 2,5 მილიარდი დოლარი დაბანდებული აქვს მალაიზიაში 4G ქსელისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარებაში.
სიედ მუხტარ ალბუხარი (59 წლის) – 2,5 მილიარდი დოლარი
ბრინჯის ყოფილი გამყიდვლის მთლიანი მოგება დაფუძნებულია მალაიზიის სამთო-გადამამუშავებელ კომპანიაზე, რომელსაც იგი სრულად აკონტროლებს. აგრეთვე, მის საკუთრებას წარმოადგენს საზღვაო პორტი და აეროპორტი ქალაქ ჯოჰარში. ალბუხარის საკუთრებაა მალაიზიის „ჰეროდსის” ქსელის სავაჭრო ცენტრიც. ასევე, იგი დაკავებულია ქველმოქმედებით და მალაიზიის ისლამურ მუზეუმს ასპონსორებს.
ტიონგ ჰიუ კინგი (76 წლის) – 1,2 მილიარდი დოლარი
ტიონგ ჰიუ კინგს „აზიელ რუპერტ მერდოკს“ უწოდებენ, რადგან იგი ფლობს 30-მდე გაზეთსა და ჟურნალს ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია პალმის პლანტაციები მალაიზიაში, პაპუა-ახალ გვინეასა და ახალ ზელანდიაში. ახალგაზრდობაში პირველი ფული ტიონგმა კაუჩუკის პლანტაციაზე გამოიმუშავა, სადაც იგი ოჯახის სიდუხჭირის გამო მუშაობდა. „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში ტიონგს 993-ე ადგილი უკავია.
ვინსენტ ტანი (63 წლის) –
1,2 მილიარდი დოლარი
11 შვილის მამა, ვინსენტ ტანი, ფლობს ბიზნესკონგლომერატ „ბერჯაის”, რომლის აქტივშია: სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” აქციები, ვებ-გვერდი „ფრენდსტერ.კომი“ და საკუთარი ინტერნეტკომპანია „მოლ.კომი“. ამას გარდა, ტანი ფლობს აქტივებს „სტარბაქსში”, „პაპა ჯონზ პიცაში”, „კრისპი კრემში” და წიგნების მაღაზიათა ქსელს მალაიზიაში „ბორდერშს”. თავისუფალ დროს ვინსენტს სკუბა-დაივინგი იტაცებს .