კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი შვილი უნდა იყოლიოს თითო ქალმა, რომ მომაკვდავი ერების სიიდან ამოვეწეროთ

 

ინტერნეტით გავრცელდა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბუნებრივი მატების ის ნელი ტემპიც კი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, შენელდა, კლებისკენაც წავიდა და, უფრო მეტიც: კლების ბუნებრივ და გარდაუვალ ციკლშიც შევედით. არცთუ სასიამოვნო ცნობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან, გია წულაძესთან გადავამოწმეთ.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ შობადობის ზრდის ბოლო ორი წლის ტენდენცია შეიცვალა კლებისკენ, სიკვდილიანობამ კვლავ გადააჭარბა შობადობას და, იქვე იყო აღნიშნული, რომ ეს ბუნებრივი ციკლის შედეგია.

– გააჩნია, რა პერიოდს შევადარებთ: თუ შევადარებთ გასული საუკუნის 60-იან წლებს, სხვა საკითხია, მაგრამ, თუ შევადარებთ ბოლო ორ წელს, მოხდა მნიშვნელოვანი ძვრები და, ძირითადად, ეს ეხება შობადობას. შობადობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და მცირეოდენი ცვლილებებია მოკვდავობის რაოდენობის ზრდაში.

– ეს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი წილი ხანდაზმულია?

– ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, „დიდი“ –  100-დან 50-პროცენტს ნიშნავს. რეალურად, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 15-20 პროცენტის ფარგლებშია.

– ახალგაზრდა მოსახლეობის წილი რამდენია?

–  ჩვეულებრივ, ასეთი კლასიფიკაციაა: ახალგაზრდა, ანუ ნულიდან 15 წლამდე მოსახლეობა; 15-დან 64-წლამდე მოსახლეობა და 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა. 15-64 ასაკის მოსახლეობის ოდენობა დაახლოებით 60 პროცენტის ფარგლებშია. ძირითადად, შეინიშნებოდა ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის კლების ტენდენცია, შობადობის კლებიდან გამომდინარე, მაგრამ, ბოლო ორი წლის მონაცემებით, ჯერჯერობით იზრდება. პოსტსაბჭოთა პერიოდში, თუმცა, მანამდეც არ ყოფილა იდეალური სტატისტიკა, მთლად აირია ისედაც დაულაგებელი სტატისტიკური მონაცემები, თუმცა, თანდათან სწორდება. მაგალითად: მოწესრიგდა დაბადების მოწმობები და ეს ფუნქცია რეესტრს აკისრია. სინამდვილეში, რეესტრის ინტერესი იყო გარდაცვლილთა აღრიცხვის მოწესრიგება, მაგრამ მოხდა საოცარი რამ: გარდაცვლილთა აღრიცხვა მთლად აირია, სამაგიეროდ, გაუმჯობესდა შობადობის აღრიცხვა, ანუ ის, რაზეც აქცენტი არ იყო. ჩვენ დღეს გვაქვს შობადობის როგორც ობიექტური ზრდა, ისე ისიც, რომ მისი აღრიცხვა გაუმჯობესდა. მაგრამ, გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ორი დღეა, თავს ვიმტვრევ. მოცემულია გარდაცვლილთა სტატისტიკა, მაგრამ გარდაცვალების თითოეულ შემთხვევას აქვს თავისი მიზეზი. გარდაცვალების მიზეზები იყოფა კლასებად, მაგალითად: მეორე კლასია ახალწარმონაქმნები, ანუ სიმსივნეები; მეცხრე კლასი –  ყველაზე დიდი თავისი რაოდენობით –  სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები. სხვათა შორის, პირველ ადგილზე გარდაცვალების მიზეზებს შორის ყოველთვის სისხლის მიმოქცევის დაავადებები იყო, მეორეზე კი – ახალწარმონაქმნები. ერთ-ერთი კლასია –  სასუნთქი ორგანოების დაავადებები, შემდეგი –  კუჭის მომნელებელი სისტემის და სხვა. ამასთან, არსებობს ეგრეთ წოდებული მეთვრამეტე კლასი და ის მოიცავს ისეთ სიმპტომებს, რომლებიც კლასიფიცირებული არ არის. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გარდაცვალების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. თუკი, ჩვეულებისამებრ, წინა წლებში 50 000 გარდაცვლილზე ასეთი დაუზუსტებელი დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000-დან 1 500-მდე ფარგლებში მერყეობდა, წელს ასეთი აღმოჩნდა ნახევარზე მეტი, ანუ, 50 000 გარდაცვლილიდან გარდაცვალების მიზეზი უცნობია 26 000 შემთხვევაში: 26 000 ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ დიაგნოზი ვერ დაისვა.

– ასეთი რამ შესაძლებელია?

– ვერ ან არ დაუსვეს დიაგნოზი და, რადგან კლასიფიკატორი იძლევა საშუალებას, ჩაიწეროს, რომ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ის 26 000 გარდაცვლილი ამ კატეგორიაში მოათავსეს. ამას ბევრი მიზეზი აქვს და მე არ მინდა, ამაზე საუბარი, რადგან სხვა უფრო კვალიფიციურად ისაუბრებს, მაგრამ, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო: რანაირად შეიძლება, რომ საქართველოში გარდაცვლილთა ნახევარზე მეტს ვერ გაურკვიო, რისგან გარდაიცვალა?! მეორე მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ანალიზს ვერ აკეთებ სიკვდილის მიზეზების მიხედვით, არადა, რაზე უნდა იყოს აგებული მთელი ჯანდაცვის პოლიტიკა? იმაზე, თუ რომელ დაავადებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აქ კი რა გამოდის? გარდაცვალების მიზეზების მიხედვით, პირველ ადგილზე არის მიზეზის არცოდნა, სისხლის მიმოქცევის სისტემისა და ახალწარმონაქმნებით გარდაცვალების შემთხვევებმა კი ბოლოსკენ გადაინაცვლეს. დეკლარირებულია, რომ ვატარებთ ჯანდაცვის რეფორმას, მაგრამ, როგორ გაატარებ რეფორმას, როდესაც არ იცი, რა ხდება?!

– ნამდვილად ძალიან საგანგაშო მონაცემებია, იმედია, მიაქცევს ყურადღებას, ვისაც ეს ეხება. რაკი შობადობას არ დაუკლია, ხომ არ შეგვიძლია, ვისაუბროთ ზრდის მიზეზებზე?

– 2008 წელთან შედარებით შობადობა გაიზარდა. რაც შეეხება მიზეზებს: ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ჩვენი პატრიარქის ცნობილი მოწოდება, რომელიც მესამე და ყოველი მომდევნო შვილების მონათვლასთან არის დაკავშირებული. საერთოდ, ნებისმიერ სტიმულირებას ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, მოჰყვება ხოლმე დაბადების კალენდრის გადმონაცვლება. ქალი შვილებს აჩენს გარკვეული პერიოდის განმავლობაში: თუ ვიღაცას დაგეგმილი აქვს ორი ან სამი ბავშვის გაჩენა, ეს განაწილებულია რაღაც წლების განმავლობაში. საქართველოში, მაგალითად, ქალები შვილებს, ძირითადად, ქორწინებიდან პირველ ექვს წელიწადში აჩენენ, შემდეგ –  ძალიან იშვიათად. რაღაც სტიმულმა კი, შესაძლოა, გადმოსწიოს ბავშვის დაბადების თარიღი. ასეთი სტიმული, შესაძლოა, იყოს მატერიალურიც. მაგალითად, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თავის დროზე, გატარდა ასეთი დემოგრაფიული პოლიტიკა: ახალდაქორწინებულებს კრედიტით აძლევდნენ ბინას; თუ ერთ ბავშვს იყოლიებდნენ, კრედიტის 15 პროცენტი იფარებოდა; თუ მეორეს –  კრედიტის 25 თუ 35 პროცენტი, მესამე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში კი ბინა უფასოდ გადაეცემოდათ.  რა ეფექტი გამოიღო ასეთმა სტიმულირებამ? გადმოინაცვლა ბავშვების დაბადებათა კალენდარმა და მოხდა ძალიან ცუდი რამ: გერმანელებმა იმდენი შვილი გააჩინეს, რამდენიც დაგეგმილი ჰქონდათ და ბინაზეც კი უარი თქვეს. ანუ, ერჩივნათ ფული გადაეხადათ, ოღონდ არასასურველი ბავშვი არ გაეჩინათ. ჩვენი ზოგიერთი დემოგრაფის აზრით, ასეთი სტიმული აღმოჩნდა ჩვენი პატრიარქის მოწოდება, თუმცა მე მათ არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შობადობის ზრდა გამოიწვია: აღრიცხვის გაუმჯობესებამ, პატრიარქის მოწოდებამ და, ნაწილობრივ იმანაც, რომ ვიღაცამ შესაძლოა, ამ მოწოდების გამო გადმოანაცვლა ბავშვის გაჩენის კალენდარი.

– უფრო ნათელი რომ იყოს ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც, კონკრეტულად რით გამოიხატება შობადობის ზრდა?

– პირველად მოხდა ბოლო 20 თუ მეტი წლის განმავლობაში, რომ შობადობის დონემ აიწია და 2010 წელი იყო პირველი წელი 1992 წლიდან, როდესაც მოხდა არა მხოლოდ თაობათა განახლება, არამედ, მომდევნო თაობამ გადააჭარბა წინა თაობას. მაშინ, როდესაც, 1992 წლიდან მოყოლებული მომდევნო თაობა ყოველთვის ნაკლები იყო წინაზე. ინტერვიუს დასაწყისში ბრძანეთ, იმ პერიოდში ხომ არ შევედით, როდესაც ბუნებრივი კლება იწყებაო. ჯერ არ შევსულვართ, მაგრამ, შევალთ, რადგან, ისევე, როგორც ყველაფერს, დემოგრაფიულ პროცესებსაც აქვს თავისი კანონზომიერება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც კარგი გველის. ახლა ჩვენ შევდივართ მოსახლეობის აღწარმოების ისეთ პროცესში, რომელიც იქნება დეპოპულაციური.

– მოვიმკით იმას, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვერ ხდებოდა თაობათა განახლება? ანუ, როგორც მივხვდი ვმრავლდებით ჩვენი წინა წლებში კლების ფონზე.

– იმასაც მოვიმკით, რაც 90-იან წლებში მოხდა და კიდევ ერთი: საქართველო ზუსტად ახლა იმყოფება გარდამავალ პერიოდში: ვიდრე ძველიდან გადავალთ ახალზე. შობადობის ზრდას უშველა წინა წლების კლებამ, მაგრამ, ჯერ არ გადაგვიდგამს ნაბიჯი ახლისკენ და ვმოქმედებთ როგორც ძველი ნორმებით, ისე ახლით.

– რა უნდა გავაკეთოთ, რომ სტაბილურად ამოვეწეროთ მომაკვდავი ერების სიიდან, როგორც გაერო გვიწინასწარმეტყველებს?

–  მართალია, ოთხი მსხვილი ორგანიზაცია აკეთებს პროგნოზებს, მაგრამ, პირადად მე ყველაზე მეტად გაეროს მონაცემებს ვეყრდნობი. გაერო პროგნოზებს სისტემატურად აკეთებს და, გაგეცინებათ, 2300 წლამდეც კი აქვს გრძელვადიანი პროგნოზი.

– ჩვენ ვართ 2300 წელს?

– ვართ, მაგრამ, გააჩნია, რამდენნი ვართ.

– „წითელ წიგნში“ შესატანი რაოდენობით?

– დემოგრაფიული განვითარების ტენდენციებიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის ძალიან ცოტა ქვეყანა რჩება, რომელთა მოსახლეობა კიდევ ცოტათი მაინც გაიზრდება. ცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობა იკლებს და ძალიან დიდია ისეთი ქვეყნების რიცხვი, რომლებშიც თაობათა განახლება ვერ მოხდება, მათ შორის, საქართველოშიც.

– რამდენად მართლდება ხოლმე გაეროს ასეთი პროგნოზები?

– გაერო პროგნოზებს აკეთებს 1950-იანი წლებიდან, ანუ, ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს და, თუ ამ გამოცდილებას გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ის მართლდება ოდნავი გადახრით უფრო ცუდი პროგნოზისკენ, ვიდრე კარგისკენ. მოსახლეობის მატებაზე მოქმედებს მიგრაციული პროცესებიც. მაგალითად, ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ მიგრაციული სალდო დადებითია, მაგრამ ის იღებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებს, რაც არ ასახავს რეალობას. მეც დადებით სალდოს ვსვამ, მაგრამ არა დღეს, არამედ, 2020 წლის შემდეგ.

– ანუ, მოსახლეობა გაიზრდება გარედან შემოსულების წყალობით?

– მიგრაცია კავშირშია მოდერნიზაციასთან. ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ, ხომ ვერ ვიტყვით, რომ ისეთივე მიმზიდველები ვართ, როგორც ცივილიზებული სამყარო?! ჩვენთანაც რომ ისეთივე პირობები იყოს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი ჩამოვიდოდა, წაგვლეკავდნენ. კიდევ კარგი, არ ვართ ცივილიზებული სამყაროს განვითარების დონეზე. ხომ გინახავთ, როგორც გადადიან მექსიკიდან ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში?! ჩვენც რომ ამერიკასავით მიმზიდველი ქვეყანა ვიყოთ, გვირაბს გათხრიდნენ ბომბეიდან თბილისამდე.

– როგორც მივხვდი, შობადობა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის ოდენობა –  არა.

– დღეს შობადობა აჭარბებს მოკვდავობას და, თუ ავიღებთ აბსოლუტურ რიცხვებში, ბუნებრივი მატება, ოფიციალური მონაცემებით, 14 000-ია, ჩვენი მონაცემებით კი –  10 000-ის ფარგლებში. ოფიციალური სტატისტიკით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონ 400  ათასის ფარგლებშია, ჩვენი მონაცემებით კი –  3 მილიონ 800 ათასია. იდეალურად არც სტატისტიკის აღება შეიძლება და მეცნიერული შეფასებაც დაშვებებსა და ვარაუდებზეა აგებული. მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაა: მუდმივი, ფაქტობრივი და იურიდიული. სტატისტიკა ითვლის მუდმივ მოსახლეობას, ჩვენ კი, მეცნიერული შეფასებით, არ შეგვიძლია იმის თქმა, რამდენია მუდმივი მოსახლეობა საქართველოში.  როდესაც სტატისტიკა ამბობს, რომ 4 მილიონ 400 ადამიანია, შესაძლოა, ეს ადამიანები, ყველანი, არ იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 3 მილიონ 800 ათასია, ეს რეალური მოსახლეობაა. რეალურად, ჩვენ არ გვყავს 4 მილოინ 400 ათასი. ამ ეტაპზე საქართველო არ არის ის მიმზიდველი ქვეყანა, რომ თავისი მოსახლეობა მასობრივად უკან დაიბრუნოს. ჩვენ, შეიძლება, გვიბრუნდება ძალიან ცნობილი მეცნიერი, ხელოვანი, მაგრამ ისინი ერთეულები არიან. აღწერათა პერიოდში საქართველოდან მილიონამდე ადამიანი გავიდა. მათ შორის ქართველები არ აღემატებიან 25 პროცენტს. დღეს საქართველოში ქართველების წილი 84 პროცენტია.

– რომელი ეროვნებები გავიდნენ ძირითადად?

– შედარებით ნაკლებად გადიან აზერბაიჯანელები; რუსები მასობრივად გავიდნენ, გადიან სომხებიც.

– რომელი ეროვნება რა ტემპით მრავლდება ბუნებრივი გზით?

– ეროვნების მაჩვენებელს სტატისტიკა უკვე ორი წელია, აღარ იძლევა და ძალიან გვიჭირს დადგენა. ბუნებრივი მატება აქვთ ქართველებს, მეორე ადგილას არიან აზერბაიჯანელები, დანარჩენები მინუსებში არიან. მოგიტანთ ციფრებს: თუკი 2005 წელს, მეცნიერული შეფასებით, დაიბადა 50 000 ახალშობილი, გარდაიცვალა 50 260 ადამიანი, ანუ,  დაფიქსირდა კლება; 2009 წელს დაიბადა 64 000 ახალშობილი, გარდაიცვალა 50 224 ადამიანი, ანუ, დაფიქსირდა 3,7-პროცენტიანი მატება; 2010 წელს დაიბადა 63 500 ახალშობილი, ხოლო გარდაიცვალა 53 051 ადამიანი, ანუ, დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი მატება. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელების შობადობამ დაიკლო და მიუახლოვდა ქართველების შობადობის დონეს, მაგრამ, ქართველების მოკვდავობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან ქართველი მოსახლეობის დაბერების დონეა მაღალი და, რაც მთავარია, ჩვენი კლება დაიწყო გასული საუკუნიდან, აზერბაიჯანელების კი –  ცოტა ხნის წინათ. შესაბამისად, ზრდის ტემპი აზერბაიჯანელებს ქართველებზე მეტი აქვთ.

– სამხრეთ კავკასიაში როგორი დემოგრაფიული სურათია?

– იქ უფრო უარესადაა სტატისტიკური აღრიცხვიანობის საქმე, ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანში. აჩვენებენ 8 მილიონს, მაგრამ, რეალურად, 6 მილიონიც არ არიან. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის დემოგრაფიული სურათის დინამიკას: 1897  წელს საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის 44,8 პროცენტს, სომხეთის –  16,9 პროცენტს, აზერბაიჯანის –  38,3 პროცენტს. 1965  წელს: საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა  39,8 პროცენტს, სომხეთის –  19,6 პროცენტს, აზერბაიჯანის –  40,6 პროცენტს; 2010 წელს: საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 26 პროცენტს, სომხეთის –  19 პროცენტს, აზერბაიჯანის –  55 პროცენტს. გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა იქნება 19,4 პროცენტი, სომხეთის –  17,9 პროცენტი, აზერბაიჯანის –  62, 7 პროცენტი. ამასთან, გაითვალისწინეთ, სომხეთის მოსახლეობა ერთგვაროვანია, აზერბაიჯანი კი, მართალია, მრავალეთნიკურია, მაგრამ, არა იმდენად, როგორც ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ვიყავით 70 პროცენტი და გავხდით 84, საქართველო მაინც უფრო მრავალეროვანი ქვეყანაა.

– ეს 84 პროცენტი მაინც პირობითია, რადგან, როდესაც გასული მოსახლეობა დაბრუნდება და, როგორც თქვენ ამბობთ, მათი 75 პროცენტი არაქართველია, სულ სხვა ციფრი დაჯდება. დაბოლოს, რამდენი ბავშვი უნდა გააჩინონ ქალებმა, რომ სტაბილური ბუნებრივი მატება გვქონდეს?

– დღევანდელ პირობებში, ასმა ქართველმა ქალმა უნდა გააჩინოს 213 ბავშვი, რომ მოხდეს თაობათა შენაცვლება. თუ ნაკლები იქნება, არ მოხდება თაობათა განახლება. რაც მეტ ბავშვს გააჩენენ, მით უფრო სწრაფი იქნება გამრავლების ტემპი. ჩვენთან ამ მაჩვენებელმა ას ქალზე 230 ბავშვს მიაღწია და ეს კარგი მაჩვენებელია ამ დროისთვის, იმიტომ რომ, კარგა ხანია, ასეთი მაჩვენებელი არ გვქონია.

 

скачать dle 11.3