კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ქართულ სპეცსამსახურებს „სკაიპის“ კონტროლის შესაძლებლობა და როგორ დავუკეტოთ უფასო საინფორმაციო წყარო უცხოურ სპეცსამსახურებს

 

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, კერძოდ, „სკაიპის“  პრესსამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის, არსენი რასტარგუევის მიერ, რომ „ეფესბე“ მათგან „შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში და მხოლოდ იურიდიულად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციას მიიღებს“. ასევე, გაირკვა, რომ „სკაიპი“ სამართალდამცველ  ორგანოებთან  არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ტექნიკური კუთხითაც ითანამშრომლებს. გამომდინარე იმ მარტივი ჭეშმარიტებიდან, რომ ვირტუალური სამყაროს გაკონტროლება ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურების სურვილია (უმეტესად კი –  რეალობა), ქართველები კი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან (ის ჩვენს გენეტიკურ მიდრეკილებას პომპეზურობისადმი ჰარმონიულად ესადაგება), უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილი გაგვარკვევს, რას ეძებენ სპეცსამსახურები სოციალურ ქსელებში და როგორ  ვუადვილებთ მათ მუშაობას ჩვენი მიამიტობით, ნებსით თუ უნებლიეთ.

– რუსეთის სპეცსამსახურებმა, როგორც ჩანს, მოიპოვეს „სკაიპის“ კონტროლის საშუალება. რას ნიშნავს ეს? 

– რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი,  ითხოვს, რომ გამჭვირვალე იყოს არა მხოლოდ ბიზნესსტრუქტურების, არამედ ინტერნეტსაინფორმაციო საშუალებების მოღვაწეობა.

– ეს რას ნიშნავს? რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი ამა თუ იმ ქვეყნის და, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის?

– ჰქონდეთ სპეციალური კოდები, პაროლები და ნებისმიერ დროს წაიკითხონ „სკაიპის“ ინფორმაცია.

– ეს არ არღვევს ადამიანის უფლებებს?

– იგივე პატრიოტის აქტიც ამ მიზანს ისახავდა: ელექტრონული ფოსტა, ელექტრონული ურთიერთობები ღია უნდა ყოფილიყო, ამიტომ, ეს დილემა –  ადამიანის უფლებები თუ ეროვნული უსაფრთხოება –  მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეული თემაა. ასე რომ, ამ მოთხოვნაში უჩვეულო არაფერი იყო და დათანხმდნენ, რადგან რუსეთი უზარმაზარი ბაზარია. თუნდაც, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არანაირი დაცულობა და უსაფრთხოება ელექტრონულ ერთიერთობებში არ არსებობს. ზოგს მიამიტურად ჰგონია, რომ დაცულია, არადა, ზოგადად, კომპიუტერთან მუშაობის დროს, როდესაც ხართ ინტერნეტში, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ამ დროს ჯაშუში პროგრამა არ შემოდის და არ მიაქვს თქვენგან ინფორმაცია.

– რა იგულისხმება: რომ სპეცსამსახურებისთვის მუდმივ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი კოდები, ოღონდ ისინი ამას გამოიყენებენ მხოლოდ კანონის შესაბამისად თუ, ის, რომ, როდესაც დასჭირდებათ, მიმართავენ და ისარგებლებენ?

– ძალიან დიდი მიამიტები უნდა ვიყოთ, იმედი გვქონდეს, რომ სპეცსამსახურები მხოლოდ კანონით იხელმძღვანელებენ, განსაკუთრებით –  რუსული სპეცსამსახურები, მაგრამ, ზოგადად ასეთი ფორმულირებაა. მაგალითად, თუ შენს ქვეყანაში ბიზნესმენს მისცემ აფთიაქის გახსნის უფლებას, მით უმეტეს –  უცხოელს, იტოვებ მათი შემოწმებისა და მათი მოქმედების კონტროლის უფლებებს. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ ესადაგება ამ შემთხვევას. ეს ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებს ნებისმიერ მომენტში უნდა შეეძლოთ ამა თუ იმ მომხმარებლის „სკაიპის“ გახსნა, პაროლების დადგენა და ბირთვი ინფორმაციის ნახვა. თქვენ „ფეისბუქში“, „ოდნოკლასნიკებსა“ თუ „სკაიპში“ ვერ შეხვალთ, თუ არ იცით პაროლი, მაგრამ, თვითონ დამაარსებლებმა და პროვაიდერებმა იციან. ზუსტად აი, ასევე უნდა ყველა სპეცსამსახურს, რომ მისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს ინფორმაცია. ეს საბუთდება ტერორიზმთან, დამნაშავეობასთან ბრძოლით, ანუ, კეთილშობილური მიზნებით, მაგრამ, რეალურად, ეს არის მცდელობა, გააკონტროლონ მთელი მოსახლეობა ისეთი ადგილიდან, სადაც ამ მოსახლეობას ყველაზე დაცული ჰგონია თავი.

– რაში იყენებენ ინფორმაციას მოსახლეობის შესახებ, ანუ რამდენად ფასეულია ის?

– წარმოიდგინეთ, ზიხართ სახლში, თქვენთან მოდიან მეზობლები და გიყვებიან, თუ რა ხდება თქვენს საცხოვრებელ კორპუსში ან რაღაც მოკლე ჩანაწერებს აკეთებენ და  გიტოვებენ. ეს ინფორმაცია სპეცსამსახურებს ხელში უცვივდება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ჯაშუშობის საფუძველი არის პიროვნება, ადამიანი, ყველა ადამიანს კი აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები, მისწრაფებები, სურვილები, ვალები და ასე შემდეგ. აი, ეს სოციალური ქსელი იძლევა იმის საშუალებას, რომ აგენტურის შეგზავნის გარეშე მიიღოთ ეს ინფორმაცია. სხვათა შორის, ფრანგები ძალიან ძლიერები არიან ამაში, თუმცა, ისინი ძირითადად სამრეწველო მიმართულებით წავიდნენ. მაგალითად, შექმნილია პროგრამა, რომლის კოდური სიტყვაა „რენო“ და უსწრაფესად ხდება რამდენიმე მილიონი ისეთი ინფორმაციის გაფილტვრა და ამოგდება, სადაც ეს სიტყვა იხმარება. შემდეგ ეს ლაგდება იმის მიხედვით, თუ რა კონტექსტში, დედამიწის რომელ წერტილში ითქვა და ასე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი კონფიგურაცია მისცეთ ამ ინფორმაციას. ფაქტობრივად, ეს განძია.

– ვინ აკეთებს ამას?

– კომპიუტერი. თქვენ აძლევთ კომპიუტერს პროგრამას და ის გილაგებთ ინფორმაციას. მთავარია პროგრამის შექმნა. ვთქვათ, გვაინტერესებს, ვინ იბრძოდა ავღანეთში. „ოდნოკლასნიკებში“ ძალიან ხშირია ქართველების მიმოწერა. ამ მიმოწერით, შესაძლებელია, დაადგინო მათი დღევანდელი მდგომარეობა, რა გასაჭირი აქვთ, სად არიან. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა, თუ მისი დამუშავება ღირებულია. ამას გარდა, სოციალური ქსელები სოციალური ინფორმაციის უზარმაზარი წყაროა. მოსახლეობის განწყობის გასაგებად არ გჭირდება სოციოლოგიური კვლევების ჩატარება –  თუ პროგრამა კარგადაა შედგენილი, უსწრაფესად იგებ, ვის რა პრობლემა აქვს, რომელი სოციალური ფენაა აქტიური, როგორია კმაყოფილება-უკმაყოფილების ხარისხი. ამას ემატება ერთ-ერთი უმთავრესი: ფოტოსურათები. სწორედ ეს არის უდიდესი განძი.

– რასაც ადამიანები დიდი მონდომებით თავად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში.

– პირადად მე ყველას ავუკრძალე ჩემი ფოტოსურათების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში. ასე რომ, სოციალური ქსელებიდან ვიგებთ მოსახლეობის განწყობას, მათ შესახებ ინფორმაციას, ფოტომასალას. ჩვენი ორი-სამი მინისტრი ორიოდე წლის წინათ ტრაბახობდა, რომ „ოდნოკლასნიკების“ მომხმარებელი იყო. მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ეს სასიხარულო არ არის, იმიტომ რომ, მინისტრი არის საჯარო მოხელე, სახელმწიფო საიდუმლოების მატარებელი და მისი, ერთი შეხედვით, ასეთი უწყინარი მოქმედება ჭკვიან ადამიანს ძალიან ბევრ ინფორმაციასა და მინიშნებას მისცემს. მე არ ვიცი, ჩვენები არიან თუ არა ახლაც „ოდნოკლასნიკებში“, მაგრამ, მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ოდნოკლასნიკები“ რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა შექმნილი და ზუსტად იმ მიზანს ისახავს, რაზეც მოგახსენეთ.

– „ოდნოკლასნიკებში“ არ ვიცი, მაგრამ „ფეისბუქში“ ოხრად არიან საჯარო პირები.

– მე ვერ გამოვყოფ რომელიმე სოციალურ ქსელს და ვერ ვიტყვი, რომ ერთი ქსელი დაცულია, მეორე კი –  არა. „ფეისბუქი“ მთელ მსოფლიოს მოიცავს და, ამდენად, ვისაც ხელი მიუწვდება „ფეისბუქის“ ტვინ-ინფორმაციაზე, მასვე შეუძლია, გამოიყენოს ის და იყენებენ კიდეც. რა თქმა უნდა, ამერიკელები ამ შესაძლებლობას არ გაუშვებდნენ ხელიდან. საერთოდაც, ვინ აკონტროლებს ინტერნეტს?!

– სადაც ყველაზე მეტადაა განვითარებული ტექნოლოგიები, ალბათ, ის?

– ძალიან საინტერესო და რთული თემაა, რომ ჩავეძიოთ: როდის შეიქმნა, ვინ არიან პროვაიდერები… ჩემი ინფორმაციით, კვალი ამერიკაში მიდის და რუსები ამაზე გიჟდებოდნენ, სხვათა შორის, ევროპელებიც.

– ეჯობნათ და ისინი შექმნიდნენ და გააკონტროლებდნენ სრულად ვირტუალურ სივრცეს.

– მე მაინც ვფიქრობ, რომ, თუ ჩართული ხარ სოციალურ ქსელებში და, იმავდროულად, საჯარო მოხელედ მუშაობ, რაღაც ზღვარი უნდა იცოდე. არ ღირს საკუთარი პიკანტური და სხვისი ფოტოების გამოქვეყნება.

– გამოდის, რომ იმის აღნუსხვაცაა შესაძლებელი, რომელ საიტებზე შევდივარ, ანუ რა სახეობის ინფორმაცია მაინტერესებს?

– რა თქმა უნდა. მაგალითად, ყველა ავტომობილს აქვს „ჯიპიესი“: ზის ოპერატორი და უყურებს, როგორ და სად მოძრაობენ ეს ავტომობილები. ზუსტად ასეა: დაინტერესების შემთხვევაში, პროვაიდერმა ზუსტად იცის, რა საიტები ნახეთ ინტერნეტში, რამდენ ხანს გაჩერდით, რა გადმოწერეთ. ჩემი აზრით, რეალობაა ორმაგი ტელევიზორის პრინციპიც, როდესაც კომპიუტერიდან ირთვება ტელევიზორი. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ფანტასტიკა.

– მაგრამ, რაღაც ზღვარი ხომ აქვს ნებისმიერი ტექნიკის მეხსიერებას?

– რა თქმა უნდა, მუდმივად ვერ შეინახავ. კომპიუტერსაც აქვს მეხსიერება და ის პერიოდულად უნდა დაცალო. ვფიქრობ, არის არქივი, სადაც ინფორმაცია ინახება და ინტერესების სფეროების მიხედვითაა დალაგებული. კეთდება კატალოგები, დოსიეები და, თუკი მოქალაქე წარმოადგენს დაინტერესების ობიექტს ამჟამინდელი ან მომავალი მდგომარეობის გამო, გამოიყენებენ.

– როგორ დავიცვათ თავი სოციალური ქსელების ჩვეულებრივმა მოკვდავმა მომხმარებლებმა?

– ყველაზე მთავარია, ვიცოდეთ ზღვარი დასაშვებსა და დაუშვებელს შორის. მოერიდეთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ან თქვენ შესახებ ინფორმაციის  გავრცელებას, რადგან, ძირითადად, ინფორმაცია გადის არა პირველი პირიდან, არამედ მისი მეგობრებიდან. ასე რომ, მეგობრებთან მიმართებაშიც უნდა ვიცოდეთ, ვისთან რა და რა დონეზე ვთქვათ.

– ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ზღვარი? რომ ჩვენ შესახებ არ გავცეთ ინფორმაცია თუ, ვიღაცის სამიზნე რომ არ გავხდეთ?

– ზოგადად, ეს არის თავდაცვა, თორემ, იქიდან რამე საფრთხე არ გვემუქრება; თუმცა, თუ საჯარო მოხელე ხარ და სახელმწიფო საიდუმლოებასთან გაქვს შეხება, უნდა გაფრთხილდე. საჯარო მოხელეები საერთოდ არ უნდა იყვნენ არანაირ სოციალურ ქსელში –  ეს უკვე ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

– „სკაიპი“ იძლევა საშუალებას, გამორთო ისტორია, სოციალურ ქსელებში შესაძლებელია, წაშალო შენი კომენტარები, საერთოდაც, გააუქმო შენი გვერდი. ცენტრალურ ადგილას მაინც ინახება?

– რა თქმა უნდა, კოპირება ხდება მაშინვე. ადრე, თუ გახსოვთ, „კაპიროვკას“ იყენებდნენ ნაწერის გასამრავლებლად, იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. თუ თქვენით დაინტერესებული არიან და თქვენზე მუშაობენ, ის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, წაშალეთ თუ არა, დამახსოვრებულია. რეგიონების მიხედვითაა განაწილებული ინტერესები. მაგალითად, ავღანეთიდან, ერაყიდან, ლიბიიდან, სირიიდან, ანუ ცხელი წერტილებიდან შემოსული მოსახლეობა საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ, როგორია იქ მოსახლეობის რეალური განწყობები. ასევე, შესაძლებელია, არჩევნების წინ სოციალური ქსელების მეშვეობით გაიგო ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში მოსახლეობის დამოკიდებულება მინიმალური დანახარჯებით.

– ოღონდ, თუ სპეცსამსახურებთან ხარ შეკრული?

– რა თქმა უნდა და აღარ დაგჭირდება სოფელ-სოფელ სიარული, რომ გაიგო, რა აწუხებს პოტენციალურ ამომრჩეველს: უწყლობა თუ უმუშევრობა.

– ესე იგი, აღმოსავლელი დიქტატორები მართებულად იქცევიან, ბუნებრივია, თავიანთი პოზიციიდან, როდესაც ამბობენ, „ინტერნეტი ეშმაკის მანქანააო“?

– ირანში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, საერთოდ, ისლამურ ქვეყნებში, შეზღუდულია ინტერნეტი. თუ გახსოვთ,  ლუკაშენკომაც შეზღუდა რამდენჯერმე ინტერნეტის მუშაობა, ჩინეთშიც იყო ასეთი შემთხვევა და ამას მოჰყვა ცნობილი გამოსვლები. მოსახლეობამ გააპროტესტა ინტერნეტის გათიშვა. როდესაც ადამიანი მიჩვეულია ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიღებას, მის დაკეტვაზე რეაგირებს. ინტერნეტი ერთგვარად სათამაშო გახდა და მას ყველა ქვეყნის სპეცსამსახური აკონტროლებს.

– ჩვენი სპეცსამსახურები ვერ წაუყენებდნენ პრეტენზიას მფლობელებს, თუნდაც, „სკაიპის“ კოდების გახსნის მოთხოვნით, იმიტომ, რომ მცირერიცხოვანნი ვართ, რუსეთის ბაზრისგან განსხვავებით.

– ჩვენ, მგონია, რომ არც რესურსები უნდა გვქონდეს და არც ნება საიმისოდ, რომ კონფლიქტში შევიდეთ სოციალური ქსელების მფლობელებთან. თანაც ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების სხვა მტკივნეული პრობლემები გვაქვს.

– მაშინ, ასე ვიკითხავ: ჩვენს სპეცსამსახურებს შეუძლიათ, „სკაიპით“, სოციალური ქსელებით ჩვენი პირადი ინფორმაციის ნახვა?

– ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ტექნიკურად, ალბათ, შესაძლებელია. დღეს ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა, ჩვენ კი არავისზე ნაკლები არ ვართ, რომ პროგრამის დაწერა არ შეგვეძლოს.

– საბოლოოდ, ეს მაინც გონიერების საქმეა?

– და თანხებისაც. საერთოდ, სპეცსამსახურებთან ურთიერობა ყველა ქვეყანაში რთულია. ხედავთ, რა ხდება ინგლისში? დიდი სკანდალია და, შეიძლება, ამას პრემიერ-მინისტრიც გადაჰყვეს.

– ჟურნალისტების მიერ უკანონო მოსმენებს გულისხმობთ?

– მათ საამისოდ ტექნიკური საშუალებები ჰქონდათ და დამატებით ინფორმაციას კი სკოტლანდ იარდის თანამშრომლები აწვდიდნენ საზღაურის სანაცვლოდ. კანონის დარღვევაა, როდესაც რედაქცია უსმენდა 4 000-მდე ადამიანს და იქექებოდა მათ ჭუჭყიან საცვლებში. რატომ აკეთებდა ამას? იმიტომ, რომ იყო ტექნიკური საშუალება, ფული და სურვილი.

– ხომ შემიძლია, კვალი ავურიო პროგრამას: შევიდე ოც საიტზე და მათგან მხოლოდ სამი მაინტერესებდეს, „რენოს“ ნაცვლად ვთქვა „მიქელანჯელო“ და ასე შემდეგ?

– მაგრამ, თუ ისე დაშიფრავთ ამ ინფორმაციას, რომ მიმღები ვეღარ გაიგებს, მაშინ აზრი არ აქვს ინტერნეტს, რადგან იქ მთავარი სისწრაფეა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენციაა ინვესტორებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, სამწუხაროდ, ეს არ გვემუქრება, რადგან ჩვენთან, ასევე სამწუხაროდ, ეკონომიკაში საიდუმლოების დაცვის პრაქტიკა არ არსებობს.

– მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ვისხდეთ წყნარად ჩვენს სოციალურ ქსელებში და, რაც შეიძლება, მინიმალური ინფორმაცია გავცეთ საკუთარ თავზე.

 

скачать dle 11.3