დაფინანსებაგაუქმებული
„მებაღე გავაგდოთ, ბაღი ჩვენია…“
რაკი ჩვენმა ეკონომიკამ წარმატებით დაძლია ტერმინ „სტრატეგიულის“ მავნე ზეგავლენა და თვით ფოთის პორტიც კი, ღმერთმა უწყის, ვისი საკუთრებაა, ბუნებრივია, ამ ლოგიკაში თვით არისტოტელეც კი არ შეეწინააღმდეგებოდა აზრს, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი იყიდება. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ბოტანიკური ბაღის 200-მდე თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება. როგორც აღმოჩნდა, ამ ჩვენს ქვეყანაში, ბაღია თუ სამეცნიერო ინსტიტუტი, ილიას სახელობის უნივერსიტეტის გარშემო ტრიალებს. ამიტომაც, აგერ უკვე ოთხი წელია, ბოტანიკური ბაღი ხსენებული ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია. ხოლო, რაკი არის, ივლისის დასაწყისში თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ ხელფასებს ილიას სახელობის უნივერსიტეტი აღარ გადაუხდის და მათი ყოფნა-არყოფნაც მხოლოდ საქველმოქმედო ფონდ „ქართუზე“ იქნება დამოკიდებული.
როგორც ითქვა, ხსენებულ უნივერსიტეტს დაფინანსება შეუმცირდა, ამ უკანასკნელმა კი მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს არათუ შეუმცირა, საერთოდაც გააუქმა (მათ შორის მოხვდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტიც). მართალია, თანამშრომლები არ აპირებენ, ხელი მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას, თუმცა ხსენებულ დაფინანსებაშემცირებულ უნივერსიტეტს თადარიგი უკვე დაუჭერია: თუკი ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ, მათ ერთთვიან კომპენსაციას გადაუხდიან და იძულებით პენსიაზე (ბუნებრივია, 65-წლამდე უპენსიო პენსიაზე) გაუშვებენ.
ცნობისთვის: ბაღს 128 000 ჰექტარი უჭირავს, ფლობს საქართველოსა და კავკასიაში მცენარეთა უნიკალურ ნაკვეთებს, ტროპიკულ ორანჟერეას და იქ „წითელ წიგნში“ შეტანილი მცენარეებიც ინახება.
ჩვენ არ ვიცით, მართლაც უქმდება თუ არა ბოტანიკური ბაღი, თუმცა, რაკი ვიცით, რომ ამ ბაზრულ ეკონომიკაში ყველაფერი იყიდება (მაგალითად, მუშთაიდის ბაღი უკვე გადაეცა ახალ მფლობელს 49 წლით და მის გზას ოთხ დანარჩენსაც გაუყენებენ), მაქვს იდეა: თითოეულ ბაღს ცოცხალ თვალსაჩინოებებად მოქალაქეებიც მივაყოლოთ, ბოლოს და ბოლოს, ზეზვასა და მზიას პირდაპირი შთამომავლები არიან!