„აჯიკისათვის“!
ანუ, ყველაფერი დასწრებაზეა
ნათქვამია, უბედურება მარტო არ მოდისო და ასეც დაგვემართა: ჯერჯერობით, მართალია, ქართული ღვინოებიც ვერ დაგვიპატენტებია და ვერც ხაჭაპურ-ჩურჩხელა-თონის პური გამოგვიხსნია ჩვენი მეზობლების სამზარეულოს ტყვეობიდან, რომ ვერაგმა მტერმა სხვა მხრიდანაც შემოგვიტია. კერძოდ, გაირკვა, რომ ევროპულ ბაზარზე არცთუ უცნობი გერმანული მწარმოებლის ეგიდით „აჯიკა“ და მშრალი „ჩახოხბილიც“ გამოჩნდა, რაც ყველაზე გულისმომკვლელია, როგორც რუსული სამზარეულოს ნიმუშები.
ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად ვინ აცნობა ამის შესახებ პატენტის ჩვენებურ სამსახურს, თუმცა, თუკი ხსენებული უწყების ხელმძღვანელის კომენტარით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ აცნობა. შესაბამისად, ბ-ნი ღვალაძეც დაგვპირდა, რომ დაუკავშირდებიან შესაბამის მწარმოებელს და აცნობებენ, რომ „აჯიკა“ და „ჩახოხბილი“ არა რუსული, არამედ ქართული სამზარეულოს ნიმუშებია.
მეტიც, არც იმას დაუმალავენ, რომ „აჯიკა“ და „ჩახოხბილი“ მხოლოდ ქართული სანელებლებით თუ დამზადდება (ანუ ფალსიფიკაციისგანაც დაიცავენ ევროპელ მომხმარებელს, რომელიც, თუ ბ-ნი ღვალაძისვე კომენტარით ვიმსჯელებთ, ფალსიფიცირებულსაც მოუხიბლავს).
იმ მარტივი ლოგიკით, რომ ამ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი დაპატენტებული, ანუ, დასწრებაზეა, საქპატენტის ძალისხმევაც (ოღონდ, ჯერჯერობით, რაღა ძალისხმევა, მხოლოდ სიტყვიერი დაპირება) სავსებით გამართლებულია.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჯერჯერობით ისიც ვერ მოგვიხერხებია, რომ ცნობილ უცხოურ გამოცემებში ქართული ისტორიული ძეგლებისთვის არაქართულობის იარლიყი მოგვეშორებინა, იქნებ ღირსების დაცვა „აჯიკასთან“ იდენტობით დაგვეწყო?!