წითელვაშლგაგორებულები
„სიმწიფის ატესტატი“
იმ მარტივი ჭეშმარიტებით, რომ ეს წუთისოფელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალი („ზოგში“, ძირითადად, სკოლის დირექტორები იგულისხმებიან), მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო კერამ იმ სკოლების დირექტორები დაიფრინა (სახელდობრ, გაათავისუფლა თანამდებობიდან, ხოლო, ვინც ამას თავისით ვერ მიხვდა, მათზე გენინსპექცია მიუშვა), რომელთა მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებში დაბალი მაჩვენებლები მიიღეს, იმ სკოლის დირექტორები დააჯილდოვა, რომელთა მოსწავლეებმა იმავე საატესტატო გამოცდებში მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს.
ბ-ნმა შაშკინმა ბრძანა, რომ ეს მაჩვენებლები, უპირველესად, სკოლების დირექტორების დამსახურებაა (აბა, რა?!).
სავარაუდოდ, მინისტრის ეს შეფასება ისეთთა ყურთათვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც სკოლასთან არანაირი შეხება არ აქვთ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე ცნობისმოყვარეობას ოფიციალური ინფორმაციით იკმაყოფილებენ. ისეთთა ყურთავის, რადგან, ვინც საკუთარი ორთავ თვალით ადევნებს თვალს ცოდნის კერებში მიმდინარე პროცესებს, უწყის, რომ საატესტატო გამოცდებში დირექტორები უბრალონი არიან.
უფრო მეტიც, აღინიშნა, რომ წელს ზოგადი უნარების ტესტებში აბიტურიენტებმა მაღალი შედეგი დაგვანახვეს, რაც ბ-ნმა შაშკინმა კვლავაც სკოლის დირექტორებს მიუთვალა ღირსებად (ხოლო, რაკი აი, იმ მონაცემებს არავინ გვიმხელს, აბიტურიენტთა რა ნაწილი ემზადება რეპეტიტორთან ზოგადი უნარების გამოცდისთვის, სავარაუდოდ, ეს ინფოც ზემოხსენებულთა ყურებზეა გათვლილი).
მეორე მხრივ, ვინაიდან არც ის მონაცემები გვაქვს, რამდენი მოსწავლე ემზადებოდა დამატებით ახლა უკვე რვა საგანში საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად (მოარული ხმებით, აბსოლუტური უმრავლესობა) და რა კორელაციაა ამ მაჩვენებელსა და მოსწავლის მიერ აღებულ ქულას შორის, ვფიქრობ, სკოლის დირექტორებზე უწინარესად სამინისტროსგან ჯილდოს მშობლების ჯიბეები იმსახურებდა (რადგან ჯერჯერობით მშობელთა ჯიბეების სიმსუყეზე ირყევა რეფორმის მეორე ტალღა) და, რა თქმა უნდა, ის რეპეტიტორები, რომლებმაც იმდენი მოახერხეს, რომ რამდენიმე თვეში ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის (აღარაფერს ვიტყვი ისტორია-გეოგრაფიაზე) ანაბანა შეასწავლეს მოსწავლეებს.