ვისთან ერთად ატარებს ქეთა თოფურია თავისუფალ დროს და რატომ გაუვა მას „ვადა“ 10 წლის შემდეგ
მომღერალი ქეთა თოფურია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ინფორმაციის სიმცირის გამო, ხშირად ამა თუ იმ ადამიანთან აწყვილებდნენ, ხან ათხოვებდნენ, ან პირიქით, ოჯახს უნგრევდნენ. ამიტომ დღეს მისი რჩეულის ვინაობა ინკოგნიტოდ აღარ რჩება. ჩვენმა მკითხველმა ქეთას ერთ-ერთ ინტერვიუში მისგან ზუსტად შეიტყო იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელსაც ქართველი მომღერალი ადრე თუ გვიან საკუთარ ცხოვრებას დაუკავშირებს. ეს ბედნიერი მამაკაცი ლევ ჰეიხმანია.
– ქეთა, ცოტა ხნის წინ „ა სტუდიო” საუკეთესო ჯგუგად აღიარეს. ელოდი ამ წარმატებას?
– ჩვენ მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესია. ალბათ, გულის სიღრმეში მეგონა, რომ გავიმარჯვებდით და საუკეთესო ჯგუფად გვაღიარებდნენ. მე რომ „ა სტუდიოს” წევრი არ ვყოფილიყავი, ხმას „ა სტუდიოს” მივცემდი. მიუხედავად ამისა, ზუსტად მაინც არ ვიცოდი, ჩვენ თუ დაგვასახელებდნენ საუკეთესო ჯგუფად, რადგან გემოვნება სხვადასხვაა. ამჟამად ძალიან ბევრი კონცერტი და გასტროლი გვაქვს, ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ. ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე დავისვენებთ და სექტემბრიდან უკვე შევუდგებით აქტიურ მუშაობას. ახალი კლიპის გადაღებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. პარალელურად, გრანდიოზული დაბადების დღისთვის ვემზადები – 9 სექტემბერს 25 წლის ვხდები.
– სად იხდი დაბადების დღეს?
– დაბადების დღეს მოსკოვში აღვნიშნავ გრანდიოზულად.
– დასვენებას სად გეგმავ?
– ივლისის ბოლოს აუცილებლად ჩამოვალ ბათუმში, მერე კი – იტალიაში და საფრანგეთში.
– უკვე რამდენიმე წელია, მოსკოვში ცხოვრობ და რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავი ხარ. მიუხედავად ამისა, არ იცვლები – ისევ ისეთი ქეთა ხარ.
– მე რა შემცვლის, როგორიც ვიყავი ისეთი დავრჩი და არც ვაპირებ შეცვლას. რაც ვარ, ეს ვარ.
– მართალია, არ შეცვლილხარ და ისეთივე მხიარულ გოგონად რჩები, მაგრამ, როცა პოპულარული ხარ, ინტერესიც დიდია და ბევრ ისეთ რამეს გაიგებ საკუთარ თავზე, რომ თავის შეკავება ცოტა რთულია.
– ფეთქებადი სულ ვიყავი. ოდნავ რამე თუ არ მომწონს, ამას ყოველთვის გამოვხატავ. მართალია, დიდად არ შევცვლილვარ, მაგრამ უფრო „გრუბი” გავხდი.
– სიმკაცრე ხელს ხომ არ გიშლის?
– პირიქით, ხელს მიწყობს.
– ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადე, რომ გათხოვებას არ აპირებ.
– გათხოვებას ჯერჯერობით ნამდვილად არ ვაპირებ. მე არ მითქვამს და, არ ვიცი, საიდან მოიტანეს ის ამბავი, რომ უკვე ვთხოვდები. ჯერ არ ვჩქარობ.
– ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ შენ შესახებ. სანამ გაახმაურებდი, თუ ვინ იყო შენი საყვარელი ადამიანი, ხან ვისზე ამბობდნენ ამას, ხან ვისზე. ამჯერად კი ყველაფერი ნათელია, რომ შენი რჩეული ლევ ჰეიხმანია. როგორც ვიცი, ამის გარკვევას რუსეთშიც დიდხანს ცდილობდნენ. ამჟამად რა ხდება?
– პრინციპში, რუსეთში ყველაფერი იციან, თუმცა ინტერესი მაინც არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ისე აღარ ხდება, როგორც ადრე – ხან ვისზე ამბობდნენ ხვდებაო და ხან – ვისზე.
– ამ ყველაფერმა ხომ არ დაგღალა და ამიტომ ხომ არ თქვი ხმამაღლა მის შესახებ?
– ჰო, უკვე დავიღალე ამ ჭორებით. მაგალითად, შარშან ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ყველა მირეკავდა და ზოგი ვისზე გათხოვებას მილოცავდა, ზოგი – ვისზე. რამდენჯერ გამათხოვეს და გამომათხოვეს, უკვე აღარ მახსოვს.
– როგორია შეყვარებული ქეთა?
– როგორიც ყოველთვის, ისეთივე ვარ, დიდად არ ვიცვლები.
– ანუ, არც სიყვარულმა დაგასერიოზულა?
– არა, პირიქით.
– ხანგრძლივი რომანი ხშირად პარტნიორების შეჩვევას იწვევს და თითქოს სიყვარულიც ჩვეულებრივი ხდება. შეიძლება, სულაც არ განელდეს ეს გრძნობა, მაგრამ, ნაკლებად იყოს სიურპრიზები და სხვადასხვა სასიამოვნო ფაქტები. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– ჩვენს ურთიერთობაში არ არის ასე, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო უკეთესი და უკეთესი ხდება ყველაფერი. რაც უფრო ეჩვევი ადამიანს, მით უფრო ეგუები მას და „სპაკოინად” გრძნობ თავს. სიურპრიზების გაკეთება კი როგორც გვიყვარდა, ახლაც ისევე გვიყვარს და ვართ ასე.
– რომელი უფრო ხშირად აკეთებთ სიურპრიზებს?
– არ ვიცი, ალბათ ის, რადგან ბიჭია.
– თუ აქვს შენს საყვარელ ადამიანს შენიშვნები შენ მიმართ? თუ, ისეთი უყვარხარ, როგორიც თავიდან ბოლომდე ხარ?
– საერთოდ, მისგან არასდროს გამიგია რაიმე შენიშვნის მაგვარიც კი.
– შენ?
– არც მე ვაძლევ მას შენიშვნებს. ერთმანეთს ვუხდებით, ზუსტად ერთნაირები ვართ.
– რომ არ მღერის, ვიცი, მაგრამ არც შენთან ერთად უმღერია, როცა მარტო ხართ?
– ერთხელ დაბადების დღე ჰქონდა კარაოკეში. დავათვრეთ და დავაძალეთ, რომ ემღერა. სხვათა შორის, მშვენივრად იმღერა. სმენა და ხმა ჰქონია. თავიდან, მეგონა, „მეღადავებიან“ და სხვას ამღერებენ-მეთქი. ორჯერ გამოვაცალე მიკროფონი, რომ დავრწმუნებულიყავი.
– კიდევ რით ჰგავხართ ერთმანეთს?
– ხასიათებით და, საერთოდ, ყველაფრით, ფიზიკურადაც კი. სხვათა შორის, ერთად რომ დაგვინახავენ, ხშირად გვეკითხებიან, და-ძმა ხართო?
– ხალხმრავალ ადგილებში, სადაც პრესაც შეიძლება, ყოფილიყო, შენი რჩეულის გამოჩენას ხშირად თავს არიდებდი. მაინც ახერხებენ პაპარაცული ფოტოების გადაღებას? რუსეთი მაქვს მხედველობაში.
– ერთი ორჯერ „შოუ-ბიზნესში” წავედით საერთო მეგობრების დაბადების დღეზე, სადაც, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც იყვნენ. თუ ერთად მივდივართ სადმე, ჩასაფრებულები არიან და ყოველთვის დიდი ინტერესი აქვთ.
– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს ქეთა თოფურია. ალბათ, ძნელია მამაკაცისთვის, რომ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქციო. ამის გამო ეჭვიანი არ გახდა შენი შეყვარებული?
– მე თვითონ არ ვარ ისეთი ადამიანი, ეჭვიანობის საბაბი მივცე. ამიტომ, არც ის ეჭვიანობს.
– არც შენ ხარ ეჭვიანი?
– რაღაც მომენტებში ეჭვიანი ვარ, მაგრამ, მასთან მიმართებაში – არა, რადგან, არც ის მაძლევს ეჭვიანობის საბაბს.
– არ გიყვარს ღამის ცხოვრება და მასობრივი „ტუსოვკები”? სიმღერის გარდა სხვას რას აკეთებ, რით ერთობი?
– ღამის ცხოვრება მართლა არ მიყვარს. თუ მაინც მომიწია, ესე იგი, მეგობრებთან ერთად კაფეში ვზივარ. თუ დრო მაქვს, მეგობრები ერთად აგარაკზე მივდივართ ან სადმე მივფრინავთ და ასე შემდეგ.
– თბილისშიც ხშირად ჩამოდიხარ, თუმცა ეს არასდროს გაგიხმაურებია.
– ჩემი ვიზიტები გასაიდუმლოებული არასდროს მქონია, უბრალოდ სახალხოდ არ ვაცხადებ, როცა თბილისში ვგეგმავ ჩამოსვლას. ერთი ან ორი დღით რომ ჩამოვდივარ, შეუძლებელია, ყველას ნახვა მოვასწრო. მერე იწყება წყენები და ასე შემდეგ. ამიტომ, მირჩევნია, საერთოდ არ ვთქვა.
– რაზე არ იტყვის ქეთა არასდროს უარს?
– არასდროს ვიტყვი უარს მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე, რადგან, სულ მენატრებიან. როგორც კი დრო მაქვს, სულ ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო, დავილაპარაკოთ და გავერთოთ.
– ხშირად ამბობენ, რომ ქეთამ სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კორექტირება გაიკეთა. ამჯერად რას ჭორაობენ, რა დაგრჩა გადასაკეთებელი?
– ერთადერთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული – კეხი მოვიშორე ცხვირზე. საკუთარ თავში სხვა დანარჩენი ნამდვილად მაკმაყოფილებს.
– ბავშვობიდან გამორჩეულ გემოვნებით გაცვია, მით უმეტეს – ახლა. ალბათ, ძნელია, ყოველთვის ფორმაში იყო, მით უმეტეს, რომ ხშირად ძალიან გვიან გიწევს შინ მისვლა.
– ღამით გვიან ვიძინებ, მაგრამ, დილითაც გვიან ვიღვიძებ, როცა ამის საშუალება არის. ამიტომ, მაინც ვახერხებ, რომ ფორმაში ვიყო.
– ახალი წლის ღამეს ყოველთვის სურვილს უთქვამენ. შენ?
– მეც ყოველ ახალ წელს სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე.
– ბოლო სურვილიდან უკვე შვიდი თვე გავიდა. აგისრულდა თუ ჯერ წინ არის?
– იცი რა, დამავიწყდა, რა ჩავიფიქრე. ერთი ორჯერ სპეციალიურად დავიმახსოვრე და ამისრულდა.
– შეიძლება, სხვებიც გისრულდება, მაგრამ, აღარ გახსოვს.
– შეიძლება.
– რაზე ოცნებობ?
– რომ გითხრა, რაღაც განსაკუთრებულზე ვოცნებობ-მეთქი, არა. უბრალოდ, როგორც ყველა ქალი, მეც ვისურვებდი ოჯახსა და შვილებს.
– ახლო მომავალში ხომ არ გეგმავთ დაოჯახებას?
– ჯერჯერობით არ ვფიქრობ გათხოვებაზე, დრო თვითონ მოიტანს ყველაფერს. ჯერ კიდევ მაქვს 10 წელი, მერე ვადა გამივა.