მე – დაქირავებული მკვლელი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)
– მადლობა ღმერთს, თვალი გაახილე, – მომესმა თეთრხალათიანი მამაკაცის ხმა, რომელიც ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მიყურებდა, – როგორ ხარ, კოკი?
– არა მიშავს, – მივუგე ჩურჩულით.
– მე გელა ექიმი ვარ, – მითხრა თეთრხალათიანმა, – თავბრუ ისევ გეხვევა?
– ცოტათი, გელა ექიმო.
– ეგ არაფერი. გასაკვირი არც არის, – გამიღიმა ექიმმა, – უმძიმესი შოკი გადაიტანე, სხვა შენს ადგილას უარეს დღეში ჩავარდებოდა. შენ კი ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი გქონია. თუ დამიჯერებ და არ გაჯიუტდები, ძალიან მალე დაგაყენებ ფეხზე.
– დაგიჯერებთ, გელა ექიმო.
– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. ახლა გასაუზმებენ, შემდეგ დაიძინე. შენთვის ახლა ძილია მთავარი. საღამოს ისევ მოვალ და გაგსინჯავ, – მითხრა ექიმმა და წავიდა.
სულ მალე მერი ექთანი მოვიდა, საუზმე მომიტანა, გამიღიმა და მკითხა:
– როგორ ხარ, კოკი?
– კარგად ვარ, მერი ექთანო, თქვენ?
– ოჰო, ჩემი სახელი დაგიმახსოვრებია, – მითხრა ექთანმა, – მეც კარგად ვარ. ისე, შენზე სულ რაღაც ოთხი-ხუთი წლით თუ ვიქნები უფროსი. თითქმის ტოლები ვართ, შეგიძლია, შენობით მომმართო და მერი დამიძახო.
– კარგი, მერის დაგიძახებ.
– ძალიან კარგი. ახლა კი ისაუზმე.
– მერი... – შევიშმუშნე ექთნის წინაშე.
– რა იყო, კოკი?
– მერი, ბოდიშს გიხდი იმ დღის გამო. შენ ნამდვილად არაფერ შუაში იყავი, სხვა მერის ვერჩოდი. არ გეწყინოს, კარგი? – ვუთხარი ექთანს.
– არც მიფიქრია. ახლა კი ჭამე და დაიძინე. როგორც გელა ექიმი ამბობს, კაჟივით ჯანმრთელი ხარ და იმაზე ორჯერ სწრაფად დადგები ფეხზე, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. აბა, შენ იცი, არ დანებდე.
– არ დავნებდები, – მივუგე მერის და საუზმეს შევუდექი.
საავადმყოფოდან 31 აგვისტოს გამწერეს. წასვლის წინ გელა ექიმმა გამსინჯა და მითხრა:
– ხარივით ხარ, ძმაო. შეიძლება, ითქვას, ასე ჯანმრთელი არასოდეს ყოფილხარ. გარანტიას გაძლევ, ას წლამდე უპრობლემოდ იცოცხლებ და ფეხის ფრჩხილიც კი არ წამოგტკივდება, თუ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები. ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში – აი, რა არის შენთვის აუცილებელი. ცურვა და ტანვარჯიში შენთვის მისწრებაა. არ უნდა მოწიო, რა თქმა უნდა, ნარკოტიკებისგან ძალიან შორს უნდა დაიჭირო თავი და ალკოჰოლს არ უნდა მიეჩვიო. გაერთე, გახალისდი, ისწავლე, ერთი სიტყვით, წესიერად იცხოვრე და არანაირი პრობლემა არ შეგექმნება. გასაგებია?
– გასაგებია, გელა ექიმო. ერთი შეკითხვა მაქვს.
– ბრძანე.
– ექიმო, მინდა, დედ-მამის საფლავი საკუთარი ხელით გავაკეთო და, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, – მომიგო გელა ექიმმა, – რაც გულით გინდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ჩემს დედ-მამას მეც საკუთარი ხელებით გავუკეთე საფლავი და, რომ იცოდე, კარგიცაა. ემოციურადაა კარგი და, კიდევ, ერთს გეტყვი: თუ ტირილი მოგეძალება, თავი არ შეიკავო და იტირე. მე ახლაც ვტირი ხოლმე დედ-მამის გახსენებაზე და ეს არც სამარცხვინოა და არც მავნებელი. გეტირება – იტირე, გეცინება – გაიცინე, მაგრამ ყველაფერში ზომიერება შეინარჩუნე. გასაგებია?
– დიახ, ექიმო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენ.
გელა ექიმს იმ 22 ივნისის ტრაგიკული ამბები მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:
– მე ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა და დარწმუნებული ვარ, მერი რომ არ შემხვედროდა იმ წყეულ დღეს, სახლში დროზე მივიდოდი, ტანსაცმლის საყიდლად წავიდოდით და დედ-მამა არ დამეხოცებოდა.
– ესე იგი, შენი მშობლების სიკვდილში მერის ადანაშაულებ?
– დიახ, გელა ექიმო, მერის, – მტკიცედ ვუთხარი ექიმს.
– ჩემი აზრით, მერი აქ არაფერ შუაშია, პირიქით.
– ეგ, როგორ? რას გულისხმობთ?
– რას, ჩემო კარგო და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთმა მერი მფარველ ანგელოზად გამოგიგზავნა. ის რომ არ ყოფილიყო, შენც იმ სახლში დაიწვებოდი, მერიმ კი ეს უბედურება თავიდან აგაცილა. მას თავი კი არ უნდა მოაჭრა, მადლობა უნდა გადაუხადო ხსნისთვის.
– მართლა ასე ფიქრობთ, გელა ექიმო?
– მართლა.
– დარწმუნებული ხართ?
– ისევე, როგორც იმაში, რომ ახლა შენ გელაპარაკები და არა ვიღაც სხვას, – მითხრა გელა ექიმმა, – ჩემს გამოცდილებასა და ინტუიციას ენდე, დამიჯერე და არ წააგებ. აქამდე რომ მიჯერებდი, ხომ ძალიან მალე დადექი ფეხზე? ასეა ამ შემთხვევაშიც და, თუ ნდობაა, მაშინ ბოლომდე მენდე.
– ბოლომდე გენდობით, გელა ექიმო.
– ესე იგი, მერის აღარ ვემტერებით?
– აღარ! – მტკიცედ მივუგე ექიმს.
– ჰოდა, ძალიან კარგი. მე მჯერა შენი და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ამ აზრზე დარჩები.
– გპირდებით, – მივუგე გელა ექიმს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მოვიშორე.
– კიდევ ხომ არ გაქვს კითხვები?
– არა, მეტი არაფერი.
– მაშინ, აქ – მშვიდობით, ისე კი – ნახვამდის. იმედი მაქვს, მეგობრები დავრჩებით. აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, შეგიძლია, ყოველგვარი მორიდების გარეშე დამირეკო. დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, – მითხრა გელა ექიმმა, გადამეხვია და კარამდე მიმაცილა.
საავადმყოფოდან ძალიან გულთბილად გამომაცილეს, თავისი ტელეფონის ნომერი მერი ექთანმაც მომცა, გადამეხვია და ბოლოს მითხრა:
– აბა, ნახვამდის, ჩემო კარგო და იცოდე, არ დაიკარგო, ჩვენი მეგობრობა გრძელდება.
გელა ექიმმა სწორი ფსიქოლოგიური სვლა გააკეთა – მისმა სიტყვებმა ჩემზე მაგიურად იმოქმედა. არადა, ჩემი მშობლების სიკვდილში მართლაც მერის ვადანაშაულებდი და ისე შემძულდა, რომ უეჭველად თავს მოვაჭრიდი და ამაში ვერავინ შემიშლიდა ხელს. გელა ექიმის შეგონებამ კი რადიკალურად შემიცვალა აზრი და მერი სიკვდილს გადაურჩა, მე კი – კაცის კვლით გამოწვეულ ცოდვას. თუმცა, მომავალში კაცის კვლა ავირჩიე პროფესიად და დღემდე არ ვერიდები ამ ცოდვის ჩადენას. მაგრამ, სულ სხვაა, 16 წლის ასაკში რომ კლავ ადამიანს ემოციებს აყოლილი ღლაპი, თუნდაც ეს ემოციები შენი მშობლების დაკარგვასთან იყო დაკავშირებული და სულ სხვა, როდესაც ასეთ რამეს მოწიფულ ასაკში, გააზრებულად და მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებ. მე კი უკვე ვთქვი, რომ ჩემი პროფესია ხელოვნების რანგში მყავს აყვანილი, მაგრამ, ხელოვნებაზე – მოგვიანებით...
საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, საცხოვრებლად ბაბუასთან, დედაჩემის მამასთან გადავედი. ბაბუა ანტონი ძველი ყაიდის ადამიანი იყო, ორგანოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო ნამუშევარი და პოლკოვნიკის ჩინით დაასრულა კარიერა. ის საკავშირო მნიშვნელობის პენსიონერი იყო, ძალიან ამაყობდა ამით და განსაკუთრებით ვერ იტანდა კანონის დამრღვევებს. მცირე დანაშაულის გამო ბაბუაჩემს ყველაზე უახლოესი ადამიანის გაწირვაც კი შეეძლო და ასეთ შემთხვევაში იტყოდა ხოლმე:
– კანონი უზენაესია და სახელმწიფოსა და ხალხის სიმტკიცესა და სიჯანსაღეს ემსახურება. მისი დამრღვევი კი ამ ყველაფრის მტერია, ხალხისა და სახელმწიფოს მტერი და, ჩემი იქნება თუ სხვისი, ერთნაირი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს...
აქ ბაბუაჩემმა დანდობა არ იცოდა და, ბიძაჩემი, თავისი ერთადერთი ვაჟიც კი გაწირა, როდესაც მან დანაშაული ჩაიდინა. არადა, ის სულ რაღაც 17 წლის იყო, ბაბუას კი მისი დახსნა შეეძლო, მაგრამ, არც უფიქრია. ის ქურდობისთვის გაასამართლეს და შვიდი წლით გააციმბირეს. უკან რომ დაბრუნდა, მძიმედ იყო ტუბერკულოზით დაავადებული და სულ რაღაც ცხრა თვეში დალია სული ისე, რომ ცოლ-შვილი არ ღირსებია და ბაბუა ანტონი პირდაპირი მემკვიდრის გარეშე დარჩა.
ეს ისტორია მთელმა საქართველომ იცოდა და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ამართლებდა ბაბუაჩემს, უმრავლესობა კი ამტყუნებდა და ამბობდა: მონსტრია ეს კაცი, დაუნდობელი ურჩხული. ღვიძლი შვილი არ დაინდო და სხვას რას უზამსო. ბაბუა მილიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, თითქმის ყველას ეშინოდა მისი და ცდილობდნენ, მასთან საქმე არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, ბაბუა ანტონს არც არავინ უცემია ოდესმე და პატიმრებთან მუშაობისას ხმასაც კი არ უწევდა ხოლმე. ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმის ხარჯზე აღწევდა წარმატებებს და ისეთი გონიერი იყო და ისეთ გონებამახვილურ ხაფანგებს აგებდა, რომ მასში ყველა ბოროტმოქმედი ებმებოდა.
ბაბუა ანტონი ერთადერთი ცოცხალი ახლო ნათესავი იყო, თუმცა, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამქვეყნიდან, რომ ბაბუა მათ ხმას არ სცემდა, მეც მხოლოდ საავადმყოფოში შემირიგდა. პირველად რომ მოვიდა ჩემს სანახავად, მითხრა:
– როგორ, ხარ, ბაბუ?
– როგორ ვიქნები, არც დედა მყავს და არც მამა, – გაღიზიანებულმა ვუპასუხე ბაბუაჩემს, რადგან მისი შეკითხვა უადგილოდ, სულელურად და ცინიკურადაც კი მომეჩვენა. მან კი მისთვის უჩვეულო ჟესტი გააკეთა – თავზე გადამისვა ხელი და ძალიან თბილად, ისე, როგორც მოსიყვარულე ბაბუას შეჰფერის, მითხრა:
– კარგი, ბაბუ, შევრიგდეთ. რას იზამ, ასეთია ეს ცხოვრება. შენ თუ მშობლები დაკარგე, მე შვილები აღარ მყავს და მე და შენ ერთმანეთის მეტი აღარავინ დაგვრჩა ამქვეყნად. ამიტომ, ერთმანეთს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. აი, ჩემი ხელი, მოდი, შევრიგდეთ.
მე და ბაბუა შევრიგდით. მას მერე მან კიდევ ოთხი წელი იცოცხლა და, არათუ ჩხუბი, უმნიშვნელო უსიამოვნებაც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში. ჩვენი გაბუტვის მიზეზი კი 22 ივნისის ტრაგედიამდე წინა წლის 7 მარტს მომხდარი ამბავი გახდა:
მეცხრე კლასში ვიყავი. ქალთა საერთაშორისო დღე ახლოვდებოდა და, როგორც ყოველთვის, ბიჭებმა ფული შევკრიბეთ, რომ გოგონებისთვის სარვამარტო საჩუქრები გვეყიდა. როგორც ეს მიღებული იყო, გოგონებს მერხებზე ვუწყობდით საჩუქრებს მისალოც ბარათებთან ერთად და როდესაც ისინი კლასში შემოდიოდნენ, გამზადებული საჩუქრები ხვდებოდათ.
ტრადიცია არც იმ წელს დაგვირღვევია და 200 მანეთი შევაგროვეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გოგონებისთვის სუნამოები გვეყიდა და მაღაზიაში ჩვენი ორი მეგობარი გავგზავნეთ. გაკვეთილების შემდეგ, ბიჭები კლასში დავრჩით, რომ სარვამარტო ბარათები შეგვედგინა, საჩუქრები ლამაზად შეგვეფუთა და საზეიმო მინი-კონცერტის რეპეტიცია ჩაგვეტარებინა, რასაც ყოველ წელიწადს ვაკეთებდით. შუა სამზადისში ვიყავით, როდესაც ჩვენი მეგობრები საჩუქრების გარეშე დაბრუნდნენ.
– კი მაგრამ, რა მოხდა, ფული დაკარგეთ? – ვკითხე თავჩაქინდრულ თანაკლასელებს.
– არა, წაგვართვეს, – მომიგეს მათ.
– როგორ, ვინ, რატომ მიეცით? – აღშფოთებას ვერ ვმალავდი, რადგან ორივე სპორტსმენი იყო, ერთი – მოჭიდავე, მეორე კი – მოკრივე.
– ვინ წაგვართვა და, მურაზამ და მისმა შაიკამ, – ამოილუღლუღეს ბიჭებმა.
ვარანცოველი იეზიდი მურაზა ჩვენზე ოთხი წლით უფროსი იყო და სკოლა კარგა ხნის დამთავრებული უნდა ჰქონოდა, მაგრამ, თავში არაფერი ეყარა და ისევ მერვე კლასში დადიოდა. თუმცა, სკოლას იშვიათად აკითხავდა. ძირითადად პლეხანოვზე დაწანწალებდა თავის ძმაბიჭებთან ერთად და გამოუცდელ ბავშვებს, მაშინ რომ ვიტყოდით, არიფებს, წვრილმან ფულს, სხვადასხვა ნივთებსა და ტანსაცმელს ართმევდა.
მე და მურაზა ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და ზეპირი შეთანხმებაც კი გვქონდა, რომ არც გვეჩხუბა და არც ერთმანეთის მეგობრებს შევხებოდით. ერთხელ კარგა მაგრად მივბეგვე მურაზა და ისე შევაშინე, რომ კომპრომისზე წამოვიდა და ჩემს მეგობრებს ვეღარაფერს უბედავდა. ის კი არა, ვინმეზე რომ ვეტყოდი, ჩემიანია-მეთქი, აღარაფერს ერჩოდა. ქუჩაში რომ დამინახავდა, მოვიდოდა, ხელს ჩამომართმევდა და დიდის ამბით მომიკითხავდა: როგორ ხარ, კოკიჯან, ხომ არაფერი გიჭირს, ძმაო? მურაზა მოკვდეს, თუ ძმაობაში გვერდით არ დაგიდგესო. ასეთ დროს ხელს ავუქნევდი ხოლმე და ვეტყოდი: „ჰა, მურაზ, ხომ ჭკვიანად იქცევი და არ ბესპრეძელობ? შენზე რაღაც-რაღაც ხმები მომივიდა და, იცოდე, მართალი არ იყოს“. ჩემს სიტყვებზე მურაზა იბოღმებოდა, მაგრამ, კარგად ახსოვდა ჩემი მუშტის ძალა და ხასიათი. ამიტომ, გამწვავებაზე არ მიდიოდა და ყოველთვის მპასუხობდა: არა, რას ამბობ, კოკიჯან. მე და ბესპრეძელი? ალბათ, ვიღაცამ იხუმრაო.
ერთი სიტყვით, მურაზას კლანჭებიდან არაერთი არიფი დამიხსნია და ვიცოდი, რომ ჩემზე დაბოღმილი იყო. მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ ეშინოდა და ვერაფერს გამიბედავდა. ამიტომ ჩემს თანაკლასელებს ვკითხე:
– ჩემი სახელი არ უხსენეთ?
– თვითონ გახსენა – გვითხრა, თქვენ კოკის მეგობრები არ ხართო?
– რაო, რა თქვით? – გავმწარდი მე, რადგან მივხვდი, რომ მურაზამ ფეხებზე დამიკიდა.
– რა და, კოკის ძმაკაცები რომ ხართ, სწორედ იმიტომ გწეწავთ. წადით ახლა და, სადაც გინდა, მიჩივლეთო, – ცეცხლზე ნავთი დამასხეს თანაკლასელებმა.
– მერე, რატომ არ დასცხეთ? – შევუტიე მეგობრებს, – ბოქსზე და ჭიდაობაზე არაფერი გასწავლეს?
– მიდი და დასცხე, თუ მაგარი ბიჭი ხარ, – აქეთ შემომიტიეს ძმაკაცებმა, – ვირისხელა ავჩარკები ჰყავდათ და, რომ მოეშვათ, თითო ლუკმად არ ვეყოფოდით.
– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – ვთქვი მე, თავში ერთმა აზრმა გამიელვა და თანაკლასელებს ვუთხარი:
– ახლა თქვენ ყველანი არტოს ბაღში წადით და იქ დამელოდეთ. მურაზა და მისი შაიკა აუცილებლად შემოივლიან იქ და რომ დაგინახავენ, აღარ წავლენ, ამასობაში მეც მოვალ და იმათ სეირს განახვებთ.
– კოკი, რას აპირებ? – მკითხეს ბიჭებმა.
– არტოს ბაღში მივალ და განახვებთ. ახლა კი წადით და დამელოდეთ, თან იცოდეთ, მურაზა და მისი შაიკა არ შემიშინოთ-მეთქი, ვუპასუხე, კლასიდან პირველი გავედი და ბაბუა ანტონისკენ გავემართე, რომელიც იქვე, პლეხანოვზე ცხოვრობდა.
არტოს ბაღში სულ რაღაც 45 წუთის მერე მივედი და, როგორც ვვარაუდობდი, მურაზა და მისი შაიკა იქ იყვნენ. მათ ჩემი მეგობრები ალყაში ჰყავდათ მოქცეული და აკაჩავებდნენ, ანუ, ქუჩურად აწვებოდნენ და საკუთარ თავს იქაურობის ბატონ-პატრონად აჩვენებდნენ.
მურაზა და მისი ოციოდე მეგობარი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ, მათი ორი უზარმაზარი ნაგაზი მართლაც რომ კაციჭამიებს ჰგავდნენ, თან, ისე იყურებოდნენ, მათთან ხუმრობა არ ივარგებდა. ეს ყველაფერი კარგად იცოდა მურაზამ და ძაღლების იმედზე იყო. ამიტომ, რომ დამინახა, ირონიულად თქვა:
– ვა, კოკის გაუმარჯოს, ხომ არაფერი გიჭირს, ძმაო?
– კი, მიჭირს, – მივუგე მურაზას.
– რა გიჭირს, ძმაოჯან, მითხარი და, თუ ძმობაში გვერდით არ დაგიდგე, მაშინ ეს ბიჭი მოკვდეს.
– რა და, 200 მანეთი დააბრუნე.
– აი, ამას ხედავ? – მურაზამ სამი თითის კომბინაცია მიჩვენა და თავის ძმაკაცებს უთხრა:
– ხედავთ, ძმებო, რას მეუბნება ეს ფარჩაკი, ფული დააბრუნეო! ვგავარ ახლა მე იმ კაცს, რომელიც არიფებს ვაზვრატებს უკეთებს?
– მურაზ, ნებით დააბრუნებ თუ ძალით წავიღო, თან, ეგ ტურტლიანი შმოტკებიც გაგხადოთ და სახლებში შიშვლები გაგიშვათ? – მშვიდად ვკითხე მურაზას.
– ვაა, ეს ნაგლი ნახეთ, ძმებო, – სასაცილოდ არ ეყო მურაზას ჩემი სიტყვები, – ეს რა თქვა, ძალით წავიღებ და შიშვლებს გაგიშვებთო, – შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:
– შენ რა, თვალები ერთ ადგილას გაქვს თუ გაგიჟდი? ვერა ხედავ, რამხელა ძაღლებია? ერთი „ფას“ რომ ვუთხრა და პავადოკი გავუშვა, თავფეხიანად შეგჭამენ.
თავისი სიტყვების დასტურად მურაზამ ძაღლები მომიქსია, მაგრამ ქამრები მაგრად ეჭირა, რომ არ მცემოდნენ. მე კი ძაღლებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მურაზას გავუმეორე:
– დააბრუნებ თუ ძალით წავიღო?
– ეი, ტუტუც, თვალები დაკარგე? – მითხრა მურაზამ და ძაღლებს ქამრები ოდნავ შეუშვა, რომ შემშინებოდა და გავწეულიყავი ან, სულაც, გამექუსლა. მე კი მოულოდნელად „ტეტე“ ამოვაცურე ქამრიდან, ძაღლებს თითო ტყვია დავახალე თავში და იქვე უსულოდ დავყარე...
უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მურაზა და მისი ძმაკაცები ადგილებზე გაქვავდნენ და ფერი ეცვალათ, ერთ-ერთმა მათგანმა კი შიშისგან უნებლიედ ჩაისვარა და იქაურობა ააყროლა.
– ფულს იზამ თუ ამ ძაღლების გვერდით მიგაწვინო? – ვკითხე მურაზას.
– ვიზამ, კოკიჯან, ფულსაც ვიზამ და ბრილიანტებსაც, ოღონდ ეგ „რაღაცა“ გასწიე, არ გაგივარდეს, – აკანკალებული ხმით მითხრა მურაზამ და ჯიბიდან ამოღებული 200 მანეთი ხელის კანკალით გამომიწოდა.
მე ფული ჯიბეში ჩავიდე და მურაზას ვუთხარი:
– შენი ნაქნარი ბრილიანტები მამაშენ ხორენას მიუტანე. ახლა კი ეგ ტურტლიანი შმოტკები გაიხადეთ ყველამ და პლეხანოვზე „მარშით“ დააწექით!
მურაზამ და მისმა ძმაკაცებმა ჩემი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულეს, გაშიშვლდნენ, ტანსაცმელი იქვე დაყარეს და პლეხანოვის გამზირზე დედიშობილა გაიარეს.
– აი, ფული, – ვუთხარი თანაკლასელებს, – წადით და გოგოებისთვის საჩუქრები იყიდეთ, მე კი სკოლაში შემოგიერთდებით.
ისინი საკმაოდ შეშინებულები იყვნენ. ამიტომ ფული უსიტყვოდ გამომართვეს და საჩუქრების საყიდლად წავიდნენ, მე კი ჩიხებით ვიარე, ბაბუაჩემის ბინაში დავბრუნდი და მისი წარწერიანი „ტეტე“ თავის ადგილზე დავდე, რომელიც მას, როგორც საუკეთესო მსროლელს, პირადად მარშალ ვოროშილოვისგან ჰქონდა მიღებული. პისტოლეტის ტარზეც ასე ეწერა: „საუკეთესო ვოროშილოველ მსროლელს – პირადად მარშალ ვოროშილოვისგან“.
იმ დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. მეორე დღეს კი სკოლაში მილიცია მოვიდა და დამაკავეს.
– ეს შენ დახოცე ძაღლები არტოს ბაღში? – მრისხანე ხმით იკითხა მილიციის მაიორმა, რომელიც პირდაპირ გაკვეთილის დროს წამომადგა თავზე და დაამატა, – აბა, აბრძანდი და წამომყევი.
მიუხედავად იმისა, რომ თოთხმეტი წლის, არასრულწლოვანი ბავშვი ვიყავი. მილიციაში საკმაოდ ცუდად, თითქმის ისევე მეპყრობოდნენ, როგორც მოწიფულ ბოროტმოქმედს. მიყვიროდნენ, მაშინებდნენ, მაშანტაჟებდნენ და ორჯერ მცემეს კიდეც. ერთადერთი, არ ვუწამებივარ, თუმცა, წამება არ არის, როცა ცხვირმოუხოცავ ბავშვს ჯოჯოხეთს გაატარებ? მაინცდამაინც შანთებით ხომ არ უნდა ამოუწვა ხორცი? შემდგომში არც შანთები დამკლებია, მაგრამ ეს წლების შემდეგ იყო, ავღანეთში, ტყვეობისას... მაშინ კი, მილიციელები ჩემგან ძაღლების მკვლელობის იარაღს, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტს მოითხოვდნენ და დაჟინებით ცდილობდნენ, ჩემს გამოტეხვას. განსაკუთრებით ის მრისხანე მაიორი აქტიურობდა, რომელიც, როგორც გავიგე, რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო და ძირითადად სწორედ ის „მტისკავდა“.
– აბა, ჩქარა მითხარი, სად წაიღე პისტოლეტი, – მიღრიალა მაიორმა ჯერ კიდევ მანქანაში, როდესაც მილიციაში მივყავდი.
მაიორის შემოტევას ჯიუტი დუმილით ვუპასუხე. მან კი კოპებშეკრულმა მითხრა:
– ჩუმად ხარ, ხომ? მალე, სულ მალე აგალაპარაკებ. მივალთ ახლა მილიციაში, ფეხებით დაგკიდებ და იმდენს გირტყამ, რომ რაც იცი და არ იცი, ყველაფერს ერთად დაფქვავ. ეგ რა არის, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, ჯონ კენედის მკვლელობასაც საკუთარ თავზე აიღებ.
მაიორის სიტყვების არ შემშინებია და მივუგე?
– რაც არ ვიცი, იმას როგორ მათქმევინებთ?
– ჭრელად, – თქვა მაიორმა, – თავყბას და სხეულს რომ დუბინკით აგიჭრელებ, იტყვი, აბა, რას იზამ?
– თანაც, – ყური არ ვათხოვე მაიორის მორიგ მუქარას და რადგან კენედის მკვლელობაზე წიგნი მქონდა წაკითხული, მივახალე, – ჯონ კენედის მკვლელი ჰარვეი ლი ოსვალდი იყო, რომელიც დიდი ხნის მკვდარია.
– ჰოდა, თუკი ყველაფერს დაფქვავ, უკან მიგაწევ იმ ოსვალდს თუ ბოსვალდს! – შემომიღრინა მაიორმა.
მილიციაში რომ მივედით, მაიორის კაბინეტში ამიყვანეს და სამძებროს უფროსმა იერიში განაახლა.
– რა ხმა ჩაგიწყდა, ბიჭო! – მიღრიალა მაიორმა, – ჩქარა თქვი, რა უყავი „ტეტე“, თორემ ცემით ამოგხდი სულს.
მართალია, ადრე მილიციასთან სერიოზული შეხება არ მქონია და ამ საქმეში გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ენაზე კბილი უნდა დამეჭირა და არ უნდა „გავბოზებულიყავი“. ანუ, მილიციელებისთვის არანაირი ინფორმაცია არ უნდა მიმეწოდებინა, არც საკუთარ თავზე და მით უმეტეს, არც სხვებზე. ამიტომ, მაიორს მივუგე:
– რას მერჩით, რატომ მაშინებთ, არანაირი „ტეტე“ არ მქონია და არც კი ვიცი, რა არის.
ჩემმა უტიფარმა პასუხმა მაიორი გააცოფა, მარჯვენა ლოყაში სილა გამაწნა და მიღრიალა:
– რა არ იცი, შე ნაბიჭვარო? ორი ვეფხვივით „ავჩარკა“ დახოცე „ტეტედან“ არტოს ბაღში და მეუბნები, „ტეტე“ რა არის, არ ვიციო?
– არ ვიცი! – ჯიუტად გავუმეორე სამძებროს უფროსს.
– რა არ იცი, ბიჭო, ვის ასულელებ? – მრისხანება მოემატა მაიორს, – აქ, ამ კაბინეტში ისეთი ხალხი მყავს გამოტეხილი, შენხელა ყვერები რომ ჰქონდათ და შენს ასაკზე ორჯერ მეტი პრისტუპნიკობის სტაჟი. შენ კი ვინ ხარ ისეთი, რომ სიმართლე ვერ გათქმევინო? ჩქარა თქვი, რა უყავი „ტეტე“!
– სიმართლეს ვამბობ, არაფერი ვიცი, – ვუთხარი მაიორს.
სამძებროს უფროსის კაბინეტში მაიორის კიდევ სამი ხელქვეითი იმყოფებოდა, რომლებიც უხმოდ ადევნებდნენ თვალყურს ჩვენს დიალოგს. მაიორი მათ მიუბრუნდა და უთხრა:
– ამ ნაბიჭვარს არ უყურებთ? არაფერი ვიციო, არადა ნახევარმა პლეხანოვმა ნახა, როგორ გააგორა ორი „ავჩარკა“ „ტეტეთი“ და ახლა კი ყველაფერს უარყოფს. რისი ღირსია ახლა ეს? ფეხებით არ უნდა დაკიდო და ურტყა დუბინკა, სანამ ხმას არ ამოიღებს?!
ერთ-ერთმა მილიციელმა, გვარად ყვერშელმა, რომელსაც მასიური ყბები, ბრტყელი თავი და ვიწრო შუბლი ჰქონდა, ძალიან დაუხვეწავი მეტყველებით თქვა:
– უფროსო! მიმიშვით და ისე დავაგუნდავებ, ისე დავკრავ და დავკრავ, რომ ჩაისვრის და ყველაფერს დაფქვავს.
– ყვერშელო, იჯექი მანდ და ხმა არ ამოიღო, სანამ ნებას არ დაგრთავ! – შეუღრინა მაიორმა თავის ბრიყვ ხელქვეითს და მე მომიბრუნდა, რომ რაღაც ეთქვა. მაგრამ, ხმა ვეღარ ამოეღო და გაოცებული მომაჩერდა, რადგან ბრიყვი მილიციელის გვარის გაგონებაზე ხარხარი ამიტყდა...
სიბრიყვის მიუხედავად, ყვერშელი მიხვდა, რომ მას დავცინოდი და გამგელებული მიყურებდა. ნება რომ მიეცათ, ნამდვილად წამებით ამომხდიდა სულს, მაგრამ მაიორისგან უხმოდ ჯდომა ჰქონდა ნაბრძანები და ჩემს „დაგუნდავებაზე“ მხოლოდ ბოროტი ოცნება თუ შეეძლო.
– შეწყვიტე სიცილი და „ტეტე“ გამოაჩინე, თორემ, ხომ ხედავ, როგორ გიყურებს, ყვერშელს მოვუშვებ და რაც მოგივა, ნახავ, – დამემუქრა მაიორი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, რადგან ბრიყვი რიგითი მილიციელის გვარის ხსენება სიცილის საღერღელს მიშლიდა.
– გაჩუმდი, თორემ ჩემი ხელით მოგაგლეჯ თავს, – გამწარდა მაიორი და მარცხენა ხელი ისე მაგრად მომიჭირა სახეზე, რომ ყბის ძვლებმა ტკაცატკუცი დაიწყეს.
– რას მერჩით, რატომ მცემთ, რა უფლება გაქვთ?! – ავუყვირდი მაიორს. მან კი სახიდან ხელი მომაშორა, ოთხჯერ მაგარი სილა შემომკრა და აყვირდა:
– რას გცემ? ცემა შენ არ იცი, რა არის, მაგრამ ახლავე განახვებ. ძვალ-რბილი რომ ერთმანეთში აგეზილება ფარშივით, მერე იცინე...
– უფროსო! დავცხო? – იმედი მიეცა ყვერშელს და ხელების ფშვნეტით წამოდგა.
– გაჩუმდი და აქედან გაეთრიე, შე იდიოტო! – საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან მაიორი და ყვერშელმა რომ კაბინეტი დატოვა, მომიბრუნდა. კიდევ ოთხჯერ გამილაწუნა სილა და მთელი ხმით მიყვირა:
– ჩქარა თქვი, „ტეტე“ რა უყავი, თორემ მოგკლავ!
– რა „ტეტე“, თავი დამანებე! – არც მე დამიკლია ყვირილი, რამაც მაიორი ისე გააოცა, რომ სამწამიანი პაუზა გააკეთა და მომაჩერდა, მაგრამ შემდეგ ბილწსიტყვაობის ნიაღვარი გადმოუშვა პირიდან, გაოფლიანებული მომვარდა, ისევ მარცხენა ხელი მომიჭირა ყბებზე და იღრიალა:
– ჩქარა თქვი, სად წაიღე პისტოლეტი, შენი დედაც... – თორემ აქვე გაგათავებ.
მე, სახით კარისკენ ვიჯექი, მაიორი კი მისგან ზურგით იდგა. უცებ კარი გაიღო, მაიორის კაბინეტში ბაბუაჩემი შემოვიდა და მომნუსხავი მზერა მესროლა. მილიციის მაიორი მკვეთრად შეტრიალდა და შეცბა.
– ანტონ პავლოვიჩ, თქვენ?
– კი, მე ვარ, ზაქრო, – მიუგო ბაბუაჩემმა.
– რისთვის შეწუხებულხართ, ამხანაგო პოლკოვნიკო, რით შემიძლია, გემსახუროთ?
– რისთვისაა აქ? – ბაბუამ ჩემზე მიანიშნა ზაქროს.
– გუშინ, არტოს ბაღში ორი „ავჩარკა“ მოკლა „ტეტეთი“ და იარაღს არ აჩენს.
– აი, ის „ტეტე“, – ბაბუამ ზაქროს „ტეტე“ გაუწოდა.
– სად იპოვეთ, ანტონ პავლოვიჩ? – გაოცებას ვერ მალავდა მაიორი.
– საკუთარი საწერი მაგიდის უჯრაში, – მკვახედ მიუგო ბაბუამ.
– სად? – ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ზაქრო, რაში იყო საქმე.
– ეს იარაღი ვოროშილოვმა მისახსოვრა, ეგ გარეწარი კი ჩემი ქალიშვილის ვაჟია, – კბილებში გამოსცრა ბაბუამ.
– აა, გასაგებია, – თქვა ზაქრომ, „ტეტე“ ყურადღებით შეათვალიერა და ჯერ ხელქვეითები გაისტუმრა კაბინეტიდან, შემდეგ ბაბუას პისტოლეტი გაუწოდა და უთხრა:
– ბოდიში, პავლოვიჩ, მაგრამ ისე გამამწარა ამ ბავშვმა, ერთი-ორჯერ ცოტა წავარტყი კიდეც...
– ეგ იარაღი შენ დაიტოვე, ეს ვიგინდარა კი მოსაკლავია, – ბაბუამ ზიზღნარევი მზერა მესროლა და ისევ ზაქროს მიუბრუნდა:
– რთულადაა საქმე?
– არა, რის რთულად, პავლოვიჩ, – მიუგო ბაბუაჩემს „ტეტეს“ ჩუქებით გახარებულმა მაიორმა, რომელიც გალაპლაპებულ პისტოლეტს გულში იხუტებდა, – ორი ძაღლი მოკლა, ადამიანი ხომ არა. ვარანცოველმა მურაზამ მიუქსია და აბა, რას იზამდა. ბავშვმა თავი დაიცვა.
მილიციის მაიორის ასეთი რადიკალური ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, ბაბუაჩემის საჩუქარმა განაპირობა და ხუთი წუთის წინანდელი ჩემი ჯალათი და ბრალმდებელი, ჩემი თავგამოდებული ადვოკატი გახდა. ბაბუას მალულად ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ ზაქროს საქციელი მის მორალურ-იდეოლოგიურ ნორმებში არ თავსდებოდა, თუმცა მას თავადვე უბიძგა ამისკენ. ბაბუა კიდევ ერთხანს ისმენდა მაიორის ლაყბობას, ბოლოს კი უთხრა:
– შემიძლია, წავიყვანო?
– რა თქმა უნდა, პავლოვიჩ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, წაიყვანოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, საჩუქრისთვის კი დიდი მადლობა, – ზაქრომ კარამდე მიგვაცილა და კაბინეტში დარჩა.
– უკან გამომყევი! – კბილებში გამოსცრა ბაბუამ და როგორც ჩვეოდა, წელგამართული და თავაწეული, ჯარისკაცულად გაუყვა ქუჩას. მე თავჩაღუნული მივდევდი უკან და მხოლოდ მაშინ ავწიე თავი, როცა საკუთარ ეზოში აღმოვჩნდი.
დედა და მამა სახლში იყვნენ და აივნიდან გვიყურებდნენ.
– მამა, მოხდა რამე? – ჰკითხა დედაჩემმა მამამისს.
– მოხდა ის, რომ ვიგინდარა, გარეწარი და ნაძირალა შვილი გყავთ და ვერ მიგიხედავთ, – მიახალა ბაბუამ ქალიშვილს.
– რატომ? კი მაგრამ, რაშია საქმე? – აღელდა დედა და ეზოში ჩამოირბინა. მამა კი აივანზე დარჩა და იქიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას.
– იმიტომ, რომ პისტოლეტი მომპარა და ძაღლები დახოცა. მე კი, ამ ნაძირალას გამო, ჩემი პრინციპები დავარღვიე, თავი დავიმცირე და მილიციიდან გამოვათრიე. აი, ჩაიბარეთ და ახლა მაინც მიხედეთ. ჩემი იმედი კი აღარ გქონდეთ და ნურც ჩემს სახელს ახსენებთ ოდესმე, – მიახალა ბაბუამ დედაჩემს და ისევ წელგამართული გაბრუნდა უკან.
დედამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ბაბუასთან შერიგება, მაგრამ მან სახლშიც კი არ შეუშვა თავისი ქალიშვილი და მიახალა:
– წაეთრიე, არ მინდიხარ, უვარგისი ქმარ-შვილი გყავს და შენც უვარგისი ხარ, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო...
ბაბუაჩემის გამწარების ნამდვილი მიზეზი მამაჩემი იყო, რადგან არ მოსწონდა ის და თავხედს, ამპარტავანსა და არაკანონმორჩილს უწოდებდა.
– ეგ მისი სპარტანული და კაცური აღზრდა, არაკანონმორჩილებაა და სხვა არაფერი, – ამბობდა ხოლმე ბაბუაჩემი, – ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს კანონების შესრულებას, რომ ღირსეული მოქალაქე აღიზარდოსო.
მამას და ბაბუას დამოკიდებულებას კეთილმეგობრულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ არ მახსოვს, არამცთუ ერთმანეთში ეჩხუბათ, ერთი გადაბრუნებული სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის. მართალია, ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ, მაგრამ იმ დროსაც მხოლოდ ხელს ჩამოართმევდნენ, მშრალად მოიკითხავდნენ ერთმანეთს და იქვე შორდებოდნენ. აშკარა იყო, ერთმანეთს ერიდებოდნენ და ამის მთავარი მიზეზი მათი მამაკაცური, მბრძანებლური ხასიათი გახლდათ...
დედაჩემს მამამისზე ცუდს ვერაფრით ათქმევინებდი, მაგრამ ერთხელ დედა ძალიან განერვიულებული დაბრუნდა სახლში და ატირებულმა თქვა:
– არა, არა, ეს კაცი, მგონი, სულ მთლად გაგიჟდა, გადავიდა ჭკუიდან და რას ამბობს და აკეთებს, ვეღარ აკონტროლებს.
– ისევ გამოგაგდო? – ჰკითხა დედას მამამ.
– ისევ, ისევ, – მიუგო დედამ და დაამატა, – როგორ შეიძლება, ადამიანს ასე სძულდეს თავისი შვილი და შვილიშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სიძეზე.
– მერე და ვინ გითხრა, რომ მამაშენს ვძულვართ? – მოულოდნელად თქვა მამამ.
– აბა, მის საქციელს რა ეწოდება?
– რა და, პრინციპშელახული ადამიანის წყენა, – თქვა მამამ.
– წყენა?
– კი, წყენა, – გაიმეორა მამამ, – მამაშენი ჩვენზე იმის გამოა ნაწყენი, რომ თავისი შვილიშვილის სიყვარულის გამო საკუთარი პრინციპები დაარღვია. კაცური კაცისთვის საკუთარი პრინციპების დარღვევა ძნელი ასატანია. პავლოვიჩი კი კაცური კაცია და იმიტომაა ასეთ დღეში. რომელ სიძულვილზე ლაპარაკობ, ნატო, აბა, დაფიქრდი: კაცმა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება კანონს ემსახურებოდა და ღვიძლი შვილიც კი არ დაინდო და გაწირა, შვილიშვილის გამო უხეშად დაარღვია კანონი და ციხეს თუ არა, მინიმუმ სკოლიდან გარიცხვას და მგლის ბილეთს გადაარჩინა. შენ კი ამბობ, მას ვძულვართო? არა მგონია. აი, ნახავ, თუ არ შეგვირიგდეს. უბრალოდ, ამ საქმეს დრო სჭირდება და მოვიცადოთ.
ეს ლაპარაკი 22 ივნისის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე შედგა და დედა ბაბუასთან შესარიგებლად აღარ წასულა, რადგან იმედი ჰქონდა, ბაბუა დაბადების დღეს მომილოცავდა და შერიგება ბუნებრივად მოხდებოდა. თუმცა, 22 ივნისს რაც მოხდა, უკვე ვთქვი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში