კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მდგომარეობაშია სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სამონასტრო ნაგებობები



დღესდღეობით ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უამრავი უმნიშვნელოვანესი ძეგლი მდებარეობს საქართველოს საზღვრებს მიღმა. მათი მიმოხილვისას ბევრ მეზობელ ქალაქსა და სახელმწიფოს მოვივლით ჩვენს რუბრიკაში. მოგზაურობას კი სომხეთით დავიწყებთ. დღევანდელ ინტერვიუში სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების ნაგებობათა შესახებ გვესაუბრება  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ატრიბუცია-მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი გაგოშიძე.
– ბატონო გიორგი, რომელი საუკუნიდან გვხვდება ქართული ეკლესია-მონასტრები სომხეთის ტერიტორიაზე?
– ჩრდილოეთ სომხეთი, იგივე ლორეს, ტავუშის პროვინციები, ისტორიული ქვემო ქართლის ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, ქალაქი ალავერდი, რომელიც საქართველოს საზღვართან დაახლოებით 30 კილომეტრშია, 1921 წლამდე იყო საქართველოს შემადგენლობაში. სასაზღვრო რეგიონი მუდმივად ცილობის საგანია...
– მაგრამ, ხომ არავინ დავობს იმაზე, რომ ისტორიულად ეს ქართული ტერიტორია იყო?
– არც ასეა საქმე. სომხური სამეცნიერო წრეები მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე სომხური იყო. თუმცა, ვერ გაურბიან იმ ფაქტსაც, რომ ძველ სომხურ წყაროებში ქვემო ქართლის ნაწილს „ვრაც დაშტი”, ანუ „ქართველთა ველი” ერქვა. 
ფაქტია, რომ ამ რეგიონში ერთმანეთის გვერდით გვხვდება როგორც ქართული მართლმადიდებლური, ასევე სომხური გრიგორიანული ტაძრები.
განსაკუთრებით მრავლადაა აქ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ქართული ტაძრები. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი ქართული კულტურის აღმავლობის ხანაა და სათანადოდ დღევანდელ ჩრდილოეთ სომხეთშიც მრავალი ქართული ტაძარია აგებული.
ისტორიულად, ოდითგანვე, სომხური მოსახლეობა ჩრდილოეთით მოიწევს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამხრეთიდან მოწოლილ მუსლიმანური ძალებისგან თავის დასაღწევად ჩრდილოეთს აფარებდნენ თავს. ეს ყველაზე მეტად გვიან შუა საუკუნეებში ხდებოდა და ძირითადად, დღევანდელი საქართველოს სამხრეთ რეგიონშიც, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულსა და მეთვრამეტე საუკუნეში არიან შემოსახლებული ლტოლვილი სომხები. მათი დიდი ნაკადი შემოსახლდა, ასევე, მეცხრამეტე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, როდესაც მათი დიდი ნაწილი თურქეთიდან გადმოასახლა კავკასიის მთავარმართებელმა პასკევიჩმა. მეოცე საუკუნის დასაწყისშიც სომეხთა დიდი ნაწილი გამორბის თურქეთიდან და საქართველოს აფარებს თავს.
– სულ რამდენი ქართული ტაძარია დღეს-დღეობით სომხეთის ტერიტორიაზე?
– ძნელია ამის თქმა, რამეთუ ეს რეგიონი ჯერ ისევ არაა სათანადოდ შესწავლილი. რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსია ცნობილი, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე ეკლესია და სამლოცველო დგას. თავისი მნიშვნელობითა და მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ღირებულებით ისინი არ ჩამოუვარდებიან საქართველოში არსებულ ბეთანიის, ქვათახევის, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსებს.
ამას გარდა, ამ რეგიონში უამრავი მცირე ნანგრევია, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს შემორჩენილი. ამ წარწერების ნაწილი ვიცით ჩვენ, ზოგიერთი მათგანი სომხეთის მუზეუმებშია გადატანილი, მაგრამ დიდი ნაწილი ადგილზე უნდა იყოს შემორჩენილი. ყოველ შემთხვევაში, მათი ფიქსაცია და პასპორტიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იქნება. ვფიქრობ, ეს საქმე უნდა განხორციელდეს სომეხ კოლეგებთან თანამშრომლობით. არსებობს ისეთი ძეგლები, მაგალითად, სოფელ აქორის ეკლესია, რომელსაც ქართული წარწერა არ გააჩნია, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული შემკულობა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის ქართული მართლმადიდებლური  ტაძარია. ამგვარი ძალიან ბევრია, მაგალითად, ადრე-შუა საუკუნეების ისეთი ტაძრები (სამეკლესიანი ბაზილიკები), რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და ჩრდილოთ სომხეთში გვხვდება. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ აქაც ქართული ფესვები უნდა ვეძიოთ.
– დღეს რა მდგომარეობაში არიან ისინი?
– დღეს, ცნობილი კომპლექსები, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, თუმცა, გარკვეული კითხვები და შენიშვნები მაინც იჩენს თავს.
– მაგალითად?
– მაგალითად, ახტალის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული კომპლექსია სომხურ ტერიტორიაზე, სადაც შედის 4 ეკლესია, სატრაპეზო, ციხე-გალავანი და კოშკი, აშკარად ითხოვს სარესტავრაციო სამუშაოებს. ახტალის ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის  ინტერიერში იგრძნობა ნესტი. სახურავიდან ჩამოდის წვიმის წყალი. ინტერიერი თითქმის მთლიანად მოხატულია, კედლების მხატვრობას ქართული ასომთავრული წარწერები ამშვენებს. ინტერიერი, ერთი შეხედვით, თავისი მომეტებული ცისფერ-ლაჟვარდოვანი ფონებით, ძალიან მოგვაგონებს ყინწვისის ტაძრის ინტერიერს. ფრესკებიც, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები, მოითხოვს ხელახალ რესტავრაციას.  დაზიანებულია აგრეთვე ტაძარში მდებარე საფლავის ქვები, რომელთაგან ყველას ქართული (ზოგიერთს ქართულ-რუსული) წარწერები ამშვენებს.
– როდის და ვის მიერ აიგო ახტალის სამონასტრო კომპლექსი?
– ახტალის სამონასტრო კომპლექსი და მისი ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძარი დაარსდა მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ივანე მხარგრძელის მიერ. ივანე მხარგრძელი, საქართველოს სამეფო კარის დიდი ვეზირი, ათაბაგად წოდებული, მხარგრძელების ფეოდალური სახლის ცნობილი წარმომადგენელი იყო. თვითონ ივანე მხარგრძელი ამავე მონასტერშია დაკრძალული, მთავარი ტაძრის სამხრეთ დასავლეთიდან მიდგმულ ეკვდერში.
– როგორც მსმენია, მხარგრძელებს არ აქვთ ქართული წარმომავლობა და, იქნებ ეს სომხური მხარის მიერ იმის დასტურად იყოს გამოყენებული, რომ ახტალის ტაძარში არაქართული ფესვები უფრო დიდი რაოდენობით აღმოაჩინონ. თქვენ რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?
– მხარგრძელების წარმომავლობაზე მოგვითხრობს მეცამეტე საუკუნის სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკელი. იგი ამბობს, რომ მხარგრძელები ქურთული წარმომავლობის არიან. მართლაც, მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებში ირანის ქურთისტანიდან გადმოსახლებული მხარგრძელთა წინაპარი ჩამოდის და სახლდება კავკასიაში, კერძოდ ტაშირ-ძორაგეტის სომხურ სამეფოში. ტაშირ-ძორაგეტის სომხური სამეფო-სამთავრო მეათე საუკუნის მიწურულს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა. ერთხანს მათი დედაქალაქი სამშვილდეც კი იყო. 1065 წელს სამშვილდე ბაგრატ მეოთხემ გაათავისუფლა. პირველმა კავკასიელმა მხარგრძელმა, ხოსრომ, სომხური გრიგორიანული სარწმუნოება მიიღო. იგივე სარწმუნოების მიმდევარი იყო მისი შთამომავალი სარგისიც. ეს უკანასკნელი ივანე და ზაქარია მხარგრძელების მამაა. ეს ის ივანეა, რომელმაც ახტალის ეკლესია ააგო.
– გამოდის, რომ გრიგორიანელს აუგია ქართული ქალკედონული ტაძარი?
– არა, ივანე მხარგრძელი მოინათლა მართლმადიდებლურად, ხოლო მისი ძმა, ზაქარია, დარჩა სომხურ გრიგორიანულ რჯულზე. მინდა აღვნიშნო, რომ ზაქარიას შვილი, საქართველოს ისტორიაში ცნობილი ამირსპასალარი შანშე მხარგრძელი, ბავშვობაშივე მოინათლა მართლმადიდებლურად. მეტსაც გეტყვით, ზაქარია უკანასკნელი გრიგორიანელი მხარგრძელი იყო.
ივანე მხარგრძელი უკვე მართლმადიდებელი იყო, როდესაც ახტალის სამონასტრო კომპლექსი ააგო. ახტალა საქართველოს სამხრეთ რეგიონში ერთ-ერთი დიდი სამონასტრო და სამწერლობო კერა იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ტაძრის კუთვნილებას წარმოადგენს ერთ-ერთი ქართული ტიპიკონი, რომლის ფრაგმენტებიცაა შემორჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის კედლის მხატვრობაში შემორჩენილია ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს ფრესკული გამოსახულება. მართალია, დღეს მისი სახე ჩამომტვრეულია, მაგრამ შარავანდისა და წარწერის ფრაგმენტი კარგად ჩანს. აქვეა გამოსახული საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლების, ასურელი მამების: იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, ასევე, ათონელი მამების – გიორგი და ექვთიმე ათონელების, ილარიონ ქართველის და სხვათა ფრესკები.
 ახტალის მონასტერი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ფუნქციონირებდა. მეთვრამეტე საუკუნეში ერეკლე მეფემ ის ალავერდის სპილენძისა და ვერცხლის საბადოებზე სამუშაოდ ჩამოყვანილ ბერძნებს გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური დარჩა. დღეს ამ კომპლექსში ოფიციალურად სომხურ-გრიგორიანული საეკლესიო მსახურება არ მიმდინარეობს, თუმცა, საკურთხეველი ლიტურგიისთვის მზადაა და გამართულია. სამონასტრო კომპლექსის ჩრდილოეთით, სოფლის შუაგულში, მცირე ბორცვზე დგას ნათალი ქვით ნაგები, წმიდა გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე 10-სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ივანე მხარგრძელის შვილის, ავაგ ათაბაგის საწირველოა, რომელიც მეცამეტე საუკუნის 50-იან ელბში აუგია პეტრე წინამძღვარს.
ამავე სოფელშია სამების ეკლესია – ორნავიანი ნაგებობა, რომელზეც მოსე კანდელაკის წარწერაა. ეს ეკლესიაც მეცამეტე საუკუნით თარიღდება.
სამების ეკლესიის საკურთხეველი ქართული ჩუქურთმიანი ქვებითაა აგებული.  დღესდღეობით არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს.

скачать dle 11.3