კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღკვეთა ერეკლე მეორემ გენერალ ტოტლებენის ავანტიურა



1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი. იმერეთის მეფე სოლომონ პირველი და ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე ომში რუსეთის მოკავშირედ გამოვიდნენ. შეთანხმებისამებრ, საქართველოში შემოვიდა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი გენერალ გოტლიბ-კურტ-ჰენრიხ ტოტლებენის მეთაურობით. 1770 წელს  რუსთა და ქართველთა ლაშქარი მტკვრის ხეობაში სალაშქროდ დაიძრა. ამ ლაშქრობის მიზანი ოსმალთაგან სამცხე-საათაბაგოს გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც სულ მალე გახდა ცხადი, პეტერბურგში აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება ყოფილა საიდუმლოდ მიღებული. ამ საიდუმლო გეგმის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.
– რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების შემდეგ, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ რუსეთის საიმპერატორო კარს სამხრეთ კავკასიის ქრისტიან ხალხებსა და სახელმწიფოებში მოკავშირე ეძებნა და ოსმალეთთან ომის სიმძიმე შეემსუბუქებინა. ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ სოლომონ პირველი და ერეკლე მეორე. მოვლენათა განვითარებამ გვიჩვენა, რომ ქართველი მეფეები მწარედ მოტყუვდნენ. რუსეთის საიმპერატორო კარზე მიიღეს სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილება, რომელმაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოები.
– რა გადაწყვეტილება მიიღეს პეტერბურგში და რატომ ვერ შეძლეს მისი ამოცნობა სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ?
– რუსეთს უნდა ესარგებლა სოლომონ პირველისა და ერეკლე მეორის თხოვნის საფუძველზე საქართველოში ჯარის შემოყვანით და მოეხდინა საქართველოს ოკუპაცია. ამ პერიოდისთვის რუსეთი მაინცდამაინც იმერეთის სამეფოს დაპყრობით არ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რადგან სოლომონ პირველი დიდი ხნის განმავლობაში ღიად ებრძოდა ოსმალეთს და ამ ბრძოლაში დახმარებას სწორედ რუსეთისგან ითხოვდა. ამდენად, სოლომონ პირველი რუსეთს კავკასიური პოლიტიკის განხორციელებაში ხელს არ უშლიდა. რაც შეეხება ერეკლე მეორეს, ის რუსეთისთვის სავსებით მიუღებელი იყო, რის გამოც მისი ტახტიდან ჩამოგდება და ქართლ-კახეთის ოკუპაცია რუსეთის კავკასიური პოლიტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ.
– რატომ უნდა ყოფილიყო ერეკლე მეორე რუსეთის საიმპერატორო კარისთვის მიუღებელი?
– თქვენი კითხვა სრულიად ლოგიკურია, რადგან ტრადიციულად ერეკლე მეორე მიჩნეულია პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ მოღვაწედ. უფრო დაწვრილებით გავადევნოთ თვალი ერეკლე მეორის პოლიტიკური ორიენტაციის ევოლუციას. 1735 წელს, კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლებმა – თეიმურაზ ერეკლეს ძემ და მისმა ვაჟმა, ერეკლემ, გეზი აშკარად პროირანულ ორიენტაციაზე აიღეს და სახელგანთქმული ირანელი სარდლის, ნადირ-ხანის (მომავალი ნადირ-შაჰის) მოკავშირეები გახდნენ. თეიმურაზისა და ერეკლეს ამ ნაბიჯმა ნადირ-შაჰს ქართლ-კახეთის დაპყრობა გაუადვილა. წარმატებული პროირანული ორიენტაციის შედეგი იყო ის, რომ 1744 წელს ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის მეფედ დაამტკიცა. პროირანული ორიენტაცია თეიმურაზსა და ერეკლეს არც ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ შეუცვლიათ. უკვე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე მეორეს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანის გამგებელთან – ქერიმ-ხანთან. პრაქტიკულად, ერეკლე მეორე ირანში ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პირობებში თავის გავლენას ავრცელებს განჯის, ერევნის, ყარაბაღის, ნახჭევნის, შუშის ირანულ სახანოებზე. ერეკლე ცდილობდა, პოზიციები მოეპოვებინა ჩრდილო კავკასიის ხალხებში. ქართლ-კახეთის მეფემ შეძლო მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება ოსმალეთთან. როგორც ვხედავთ, ერეკლე რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების დროისთვის სულაც არ იყო პრორუსული ორიენტაციის მეფე, უფრო მეტიც, იგი აშკარად პროირანულ ორიენტაციას ადგა და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ოსმალეთთან. ამდენად, რუსეთისთვის ოსმალეთის წინააღმდეგ შეურიგებლად მებრძოლი სოლომონ პირველი სულ სხვა მეფეა, ხოლო პროირანული ორიენტაციის მქონე და ოსმალეთთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ერეკლე – სულ სხვა.
– მაშ, როდის და რა მიზნით დაადგა ერეკლე პრორუსულ ორიენტაციას?
– ერეკლე მეორის პოლიტიკური ორიენტაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა რუსეთის კავკასიურ პოლიტიკასთან. რუსეთს სჭირდებოდა არა დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის მატარებელი ქართლ-კახეთის მეფე, არამედ ირანთან და ოსმალეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული და რუსეთის იმედად მყოფი მონარქი. ცხადია, ყოველივე ამას ერეკლე მეორეც კარგად გრძნობდა და ცდილობდა, თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაემყარებინა.
– რატომ თამაშობდა რუსეთის იმპერატორი ორმაგ თამაშს?
– ერეკლე კარგად გრძნობდა რუსეთის საიმპერატორო კარის მისადმი დამოკიდებულებას, თუმცა, გადამჭრელი ზომები ვერ გაატარა. ამის მიზეზი იყო ის, რომ ირანი დღითიდღე სუსტდებოდა, ხოლო დასუსტებული ირანის იმედად დარჩენა ძალზე სახიფათო იყო. ერეკლეს ანგარიში უნდა გაეწია რეალობისთვის – სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი რუსეთი პროირანული ორიენტაციის მქონე ერეკლე მეორეს აუცილებლად დასჯიდა. ამიტომ იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფემ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ გამოვიდა. ცხადია, ერეკლე რუსეთს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ეხმარებოდა, მაგრამ, რუსეთის მოკავშირე ერეკლე მეორე უკვე ძალზე აღიზიანებდა ირანსაც. შეიძლება, ვინმემ ერეკლე მეორე გაამართლოს კიდეც და მისი პრორუსული ორიენტაცია იმით ახსნას, რომ მეფეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ, ერთი რამ უდავოა – ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მხარეზე, ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა.
– დავუბრუნდეთ ქართველთა და რუსთა ერთობლივ ლაშქრობას ოსმალეთის წინააღმდეგ.
– ქართველთა და რუსთა ლაშქარი, ერეკლე მეორისა და გენერალ ტოტლებენის სარდლობით, 1770 წლის მარტში სურამიდან აწყურის ციხისკენ დაიძრა. ქართველთათვის ლაშქრობის მიზანი იყო მტკვრის ხეობაში განლაგებული ციხეების (აწყური, ხერთვისი, ახალციხე, ახალქალაქი) ოსმალთაგან გათავისუფლება. როგორც გაირკვა, გენერალ ტოტლებენს სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა – მას პეტერბურგში სულ სხვა დავალება ჰქონდა მიცემული. გენერალი ლაშქრობის დასაწყისშივე საეჭვოდ იქცეოდა. ჯერ იყო და, საექსპედიციო კორპუსის ნახევარი მან სურამში დატოვა, შემდეგ უგზოობა მოიმიზეზა და არტილერიის ნაწილის სოფელ სადგერში დატოვება დააპირა, მაგრამ ეს ზარბაზნები ერეკლეს არტილერისტებმა გადაიტანეს აწყურისკენ. ქართველთა და რუსთა ლაშქარი აწყურის ციხეს მიადგა, რომელსაც არცთუ ისე დიდი გარნიზონი იცავდა. დაიწყო ბრძოლა, მაგრამ მოულოდნელად გენერალმა ტოტლებენმა, ისე, რომ ერეკლე არც კი გაუფრთხილებია, ბრძოლა მიატოვა და სურამში დაბრუნდა.
– რატომ მოიქცა ასე ტოტლებენი?
– გენერალი ტოტლებენი დიდი სარდალი არ იყო, მაგრამ ბევრ ომში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და კარგად უწყოდა, თუ რა დამღუპველ გავლენას ახდენს ჯარზე მოკავშირის ღალატი. ტოტლებენი ვარაუდობდა, რომ მიტოვებული ქართველთა ლაშქარი ოსმალეთთან ბრძოლაში განადგურდებოდა და ერეკლე დაიღუპებოდა, რის შემდეგაც ქართლ-კახეთის ოკუპაციას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. საკმაოდ ეშმაკმა და ინტრიგებში გამოწვრთნილმა გენერალმა ის კი ვეღარ გათვალა, რომ ერეკლე მეორის დამარცხება და ქართლ-კახეთის ლაშქრის ამოჟლეტა არც ისე ადვილი საქმე იყო.
– რა მიზნით დაბრუნდა ტოტლებენი სურამში?
– ჯერ ერთი, ტოტლებენი სურამში დაბრუნდა იმიტომ, რომ იქ დატოვებული ჰყავდა საექსპედიციო კორპუსის ნაწილი. მეორე და მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ტოტლებენს საიდუმლო კავშირი ჰქონდა ერეკლეს მოღალატე ქართლელ თავდებთან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ერეკლეს ქართლის ტახტი უკანონოდ ეკავა. სულ რამდენი თავადი მონაწილეობდა ერეკლეს წინააღმდეგ ამ შეთქმულებაში, ცნობილი არ არის. მოგვიანებით, ერეკლე მეორის ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ ორი თავადი – დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი ნამდვილად უჭერდნენ მხარს გენერალ ტოტლებენის ავანტიურას. სურამში დაბრუნებულ ტოტლებენს სწორედ მისი მოკავშირე ქართლის თავადების იმედი ჰქონდა, მაგრამ შეთქმულთა გეგმებს განხორციელება არ ეწერა.
– ალბათ იმიტომ, რომ ასპინძის ბრძოლაში ერეკლე მეორემ ოსმალები და ლეკები სასტიკად დაამარცხა.
– ცხადია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ერეკლეს გამარჯვებამ ტოტლებენს თავზარი დასცა, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. კონკრეტულად რა გეგმები დასახეს ბოლო მომენტში მან და მოღალატე თავადებმა, უცნობია. შეთქმულებას საბოლოოდ ლახვარი ჩასცა ერეკლეს გონივრულმა მანევრმა: ასპინძის ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ერეკლე თბილისში სურამის გავლით კი არ დაბრუნდა, არამედ, ჯავახეთის გზით. ჯავახეთის გზით თბილისში დაბრუნება საკმაოდ სარისკო იყო, მაგრამ ერეკლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ქართლ-კახეთის მეფემ არ იცოდა, რა ჩანაფიქრი ჰქონდა გენერალ ტოტლებენს. მეფემ იცოდა, რომ ტოტლებენმა და ქართლის თავადებმა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე მოსახლეობის დაფიცება დაიწყეს. ეს, პრაქტიკულად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ერეკლემ არ იცოდა, რამდენად შორს შეტოპავდა ავანტიურისტი გენერალი. ცხადია, ასპინძის ბრძოლაში გამარჯვებული ერეკლე სურამში დაბანაკებული რუსების დამარცხებასაც შეძლებდა და თბილისისკენ გაიკვალავდა გზას, მაგრამ, მოკავშირესთან ომი ვითარების გარკვევამდე არ სურდა. როგორც კი ტოტლებენმა ერეკლეს ჯავახეთის გზით თბილისში დაბრუნების შესახებ შეიტყო, შეშინდა და იმერეთში გადავიდა. ამჯერად, ასე სამარცხვინოდ დამთავრდა,  რუსეთის ავანტიურა საქართველოში. მიუხედავად გამარჯვებისა, ერეკლე მიხვდა, რომ რუსეთი მას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას აღარ მისცემდა და ქართლ-კახეთის მეფე ვეღარც ირანთან და ოსმალეთთან შეძლებდა ურთიერთობის მოგვარებას. პეტერბურგმა ქართლ-კახეთის მეფეს თავისი ძალა იმითაც აგრძნობინა, რომ არც გენერალი ტოტლებენი დასაჯა და არც მოღალატე თავადების დასჯის უფლება მისცა ერეკლეს.

скачать dle 11.3