ვის სულს ელაპარაკებოდა და უმღეროდა ზაურ ბოლქვაძე სიკვდილის დღეს
საქართველო სიმღერის ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ვერც საქართველოში მღერის „ქართული ხმების“ მსგავსად. სამწუხაროა, რომ დროთა განმავლობაში ანსამბლმა და ჩვენ, ხალხმა დავკარგეთ უნიჭიერესი მომღერლები და არაჩვეულებრივი ადამიანები: გოგი დოლიძე, თამაზ თამაზაშვილი, დათო გოგიაშვილი (თავგასა), ზაურ ბოლქვაძე... ახლა მხოლოდ ჩანაწერებიდან თუ გვესმის მათი „საოცარი“ ხმები. ამ ადამიანებმა ლამაზად, სადად და შინაარსიანად იცხოვრეს, ისე, როგორც ეკადრება ნაღდ ქართველ კაცს. ეს ძალიან ძნელია, ყველას თბილად დაამახსოვრო თავი. ზაურ ბოლქვაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისზე საუბარიც არასდროს მოგვწყინდება. ბატონი ზაურის ცხოვრების ეპიზოდებს მისი მეგობრები იხსენებენ.
ჯანსუღ ჩარკვიანი
რესტორანში დატოვებული ვალი
იშვიათია კაცი, ასე სიმღერით ცხოვრობდეს; იშვიათია კაცი, მდიდრად მოჰქონდეს თავი და „ჯიპის“ ნაცვლად ქართული სიმღერისა და სუფრის საჭესთან იჯდეს. ზაურ ბოლქვაძეს ვერც ღვინო ერეოდა და ვერც მწუხარება. მისი მომრევი სიმღერა იყო, უფრო სწორად, სიმღერა და ზაური ერთმანეთს ებრძოდნენ და, ხან ერთი იყო ძირს და ხან – მეორე. ზაურ ბოლქვაძე ერთნაირი შემართებით მღეროდა სამიათასკაციან ფილარმონიაშიც და ხუთკაციან სუფრასთანაც. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: რესტორან „საქართველოში“ ვსხედვართ მეგობრები. შემოვიდნენ კარგად გატიალებული ზაური და ერთი მისი პლეხანოველი ძმაკაცი. შემოიტანეს ორლიტრიანი გრაფინით რუსული არაყი „პშენიჩნაია“ (მაშინ ამ ჭურჭლით იყიდებოდა), დასხდნენ, ილაპარაკეს და ილაპარაკეს. ჩვენს სუფრას თორმეტი ბოთლი შამპანური გამოუგზავნეს – რამდენიც ვისხედით, იმდენი. გავიდა ერთი საათი, მოვიხედე და – აღარ არიან. ოფიციანტი მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა: შამპანურის ფული არ გადაუხდიათ, ისე გაიპარნენო. მე ვუთხარი: კაცო, კი არ გაიპარნენ, დაავიწყდათ. ხომ ხედავ, ის არაყიც არ გაუხსნიათ, რომელიც შემოიტანეს. აზრზე არ იყვნენ, რისთვის შემოვიდნენ. იმის დალევა დაავიწყდათ და გამოგზავნილი შამპანურები გაახსენდებოდათ-მეთქი?! მთელ სუფრას სიცილი აუტყდა, ხოლო იმ შამპანურების ფული პოეტმა ზაურ ბოლქვაძემ გადაიხადა.
თამრიკო ჭოხონელიძე
გოგი დოლიძის
სიყვარულით ამღერებული
მახსოვს, ბათუმში ქორწილში ვიყავი დაპატიჟებული. ეზოში შესვლისთანავე მომესმა საოცარი ჰანგები. ჩემთვის გავიფიქრე, ქორწილიც ჩანაწერით მიდის-მეთქი?! როდესაც დარბაზში შევედი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: სუფრასთან ისხდნენ მამაკაცები და გამაოგნებლად მღეროდნენ. ეს იყო ის, რასაც ერთი სიტყვა ჰქვია – ნიჭიერება! ჩამოსვლისთანავე გოგი დოლიძეს ვუთხარი, ეს ხალხი დასაკარგავი არ არის-მეთქი და ისიც ვთქვი, ნეტავი, კიდევ თუ მომეცემა იმის ბედნიერება, რომ ზაურ ბოლქვაძეს, გურამ თამაზაშვილსა და იმ ხალხს, ვინც იქ ისხდნენ, კიდევ მოვუსმინო-მეთქი. ერთ დღეს მოდის ჩემთან გოგი, მეუბნება, შენთვის სიურპრიზი მაქვსო და მე და ჩემი მეგობრები ერთ ოჯახში წაგვიყვანა, სადაც, თურმე, მართლაც სიურპრიზი მელოდა – ისევ მოვისმინე ის გასაოცარი ჰანგები. მას შემდეგ კი იყო „ქართული ხმები“. სწორედ გოგის ინიციატივით ამღერდა ზაურ ბოლქვაძე ამ ანსამბლში.
ანზორ ერქომაიშვილი
ერთი კაცისთვის
შექმნილი სიმღერები
ზაურ ბოლქვაძე სრულიად ახალგაზრდა მახსოვს. ოზურგეთში მიშა შავიშვილის „შვიდკაცაში“ მღეროდა. ყველა შევნატროდით. შესანიშნავად ასრულებდა გურულ სიმღერებს. ასეთი ხმა იშვიათად თუ მოგვისმენია. მას რომ სპეციალური მუსიკალური განათლება მიეღო, ალბათ, დიდი საოპერო მომღერალი გახდებოდა. გავიდა ხანი, ზაური თბილისში ჩამოვიდა და თავისი რეპერტუარი ქალაქური სიმღერებით გაამდიდრა. კომპოზიტორები სპეციალურად მისთვის წერდნენ სიმღერებს და ამ სიმღერებმა იგი მეტად პოპულარული გახადა. ზაურ ბოლქვაძე ქართული ესტრადისა და ქართული სუფრის მშვენება გახდა. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა და მეამაყება, რომ მეც მათ შორის ვარ.
მეუღლე ჯენარო ბოლქვაძე
ერთი სიყვარულის ისტორია
1989 წელს დავქორწინდით. წლების განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახში გავიცანით, სადაც ზაური ხშირად დადიოდა წვეულებებზე. ზაურის მეგობრის ცოლი ჩემი მეგობარი იყო. ვერ წარმოვიდგენდი და არც არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე შეიძლებოდა, ერთად ვყოფილიყავით. ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი მომღერალი და შესანიშნავი ადამიანი იყო. ჯერ ხუმრობის სახე ჰქონდა ამ ურთიერთობას, მეგობარმა წამოიწყო ჩვენი ამბავი. ამ დროს მეც გაშორებული ვიყავი მეუღლესთან და ზაურიც. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ვგრძნობდი მის სიმპათიებს. ბოლოს ისევ მეგობრებმა შეგვახვედრეს ერთმანეთს. რამდენჯერმე მთხოვა, მაგრამ არ ვხვდებოდი. ისეთი ოფიციალური შემოთავაზება იყო, რომ დავიბენი. მეგობრებთან – გოგი დოლიძესთან და გია ჭირაქაძესთან ერთად მომაკითხა და ერთ-ერთ ოჯახში დამპატიჟა, სადაც წვეულებაზე მიდიოდნენ. მაშინ მითხრა – დიდი ხანია, უკვე ერთმანეთს ვიცნობთ, თან, ისეთი მხრიდან, რომ ხელიდან ვერ გაგიშვებო და ცოლობა მთხოვა. მაშინ 44 წლის ვიყავი. ვიგრძენი, რომ ჩემ მიმართ მისი გრძნობა ნამდვილი, სუფთა იყო და მეც აღარ ვუთხარი უარი. მამაჩემი გაიცნო და დაელაპარაკა. პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი მყავს. ის ოჯახი მალევე დაინგრა, ამიტომ, თავს უფლება მივეცი, ხელმეორედ მეცადა ბედი. ზაური ჩემს სახლში მოვიდა და ვცხოვრობდით ტკბილად და ბედნიერად. რთული იყო მასთან ერთად ცხოვრება იმ მხრივ, რომ სულ გარეთ იყო – ხან გასტროლები, ხან წვეულებები... ყველას უყვარდა და ყველას უნდოდა მის გვერდით ყოფნა. მეც ხშირად დავყავდი თან.
უკანასკნელი
დღეები
დიაბეტი ჰქონდა და ინსულინზე იყო. ძალიან ვუწყობდი ხელს, სულ დიეტაზე მყავდა. თუ სუფრაზე დაპატიჟებდნენ, ეს იყო დიეტის დარღვევა. ამ დაავადებამ გამოიწვია თვალების დიდი პრობლემა. ბოლოს შაქარი დაუვარდა და კომაში ჩავარდა. სამი თვე იწვალა. ჩემ გარეშე არსად აღარ უნდოდა წასვლა. ეპატიჟებოდნენ, მაგრამ, თუ მე არ წავიდოდი, თვითონაც არ მიდიოდა. სულ ჩემს გვერდით უნდოდა ყოფნა: ოთახში ავიდოდი – ამომყვებოდა, სამზარეულოში გავიდოდი – უკან მომდევდა. ამბობდა კიდეც, შენ გარეშე ერთი წუთით ვერ ვძლებო. ეტყობა, ინტუიციით მაინც გრძნობდა, რომ მალე წავიდოდა. მე შენზე უფროსი ვარ და მალე წავალ, შენ უნდა დამიტიროო, – იტყოდა. სულ მადლობებს მიხდიდა. ბოლოს ძალიან უნდოდა, თავის კუთხეში, ოზურგეთში წასვლა, მაგრამ, იმდენად სუსტად იყო, ვერ წავიყვანდი. ბოლო დღეებში კი, სულ გარდაცვლილებს ახსენებდა – დედამისს, გოგი დოლიძეს, თავგასას... ყველას ეფერებოდა, მოვდივარ, ბიჭო, მოვდივარო, – ამბობდა. ბოლო დღეს გაიძახოდა – გოგია ბიჭო, გოგიაო – და „წინწყარო“ წაუმღერა. იმ დღეს, გარდაიცვალა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. ვერ ვიმეტებდი მიწისთვის. ხანდახან ვეტყოდი, როგორი „სტრანნი“ ხარ-მეთქი. „სტრანნიც“ ხარ და „ინასტრანნიცო“, – მეუბნებოდა. საოცარი იუმორი ჰქონდა.