რა არ დათმო ოჯახის შესანარჩუნებლად ია შუღლიაშვილმა და ვინ გაულამაზა მას ცხოვრება
ია შუღლიაშვილს ესტრადიდან და თეატრიდან იცნობთ. ამასთან ერთად, ისიც იცით, რომ ის ულამაზესი სიმღერების ავტორის – ინოლა გურგულიას ქალიშვილია, რომელიც საოცრად ჰგავს დედას. სერიალმა „გოგონა გარეუბნიდან“ ია კიდევ უფრო ცნობილი გახადა და, აქედან გამომდინარე, გაიზარდა მის მიმართ ინტერესიც – როგორია ამ ერთი შეხედვით უბრალო ქალის პირადი ცხოვრება. მსახიობი ბევრ ისეთ მომენტზე გიამბობთ, რაზეც ჯერ არსად უსაუბრია.
– ია, როგორ დაიწყო და დამთავრდა თქვენი პირველი ქორწინება?
– ბავშვობაში მეგონა, რომ გავიზრდები, შემხვდება ისეთი ადამიანი, როგორიც მინდა, მთელი ცხოვრება გვერდით მყავდეს-მეთქი. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რეჟისორი გოგა თავაძე. მოვეწონე და ჩვენ შორის დაიწყო სერიოზული ურთიერთობები. მეც ჩავთვალე, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. საკმაოდ კომუნიკაბელური, მეგობრული, განათლებული, ნიჭიერი ადამიანია. ვმეგობრობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ პროფესიას ვემსახურებით, შვილი გვყავს. ასე, ალბათ, მაინც ძნელია, ვთქვა – რატომ ავირჩიე ეს ადამიანი. სულ ოთხი წელი ვიყავით ერთად.
– მოდი, პირდაპირ გკითხავთ: რატომ არ შედგა თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– იცით რა, შეყვარებულობის პერიოდში უფრო ვუგებდით ერთმანეთს. ცხოვრება არ არის ადვილი, ოჯახში ათასი წვრილმანია, რასაც ცხვირით ეჯახები, ახალ თვისებებს აწყდები, რაც უკვე აღარ მოგწონს, თორემ, სიყვარული კი არ გამქრალა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და ეს აღარ გინდა, გინდა მხოლოდ სიყვარული. ალბათ, თემოს არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ მომხრე ვარ, ოჯახი შენარჩუნდეს. ჩემს შემთხვევაში შეიძლებოდა, შენარჩუნებულიყო, ოღონდ, რომ მოგვენდომებინა, მაგრამ არ მოვინდომეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ვიყავით, ამბიცია გვქონდა, რაღაც არ დავთმეთ, თორემ, წლების წინ მისი მხრიდან ვგრძნობდი – იყო რაღაც მომენტები, ისევ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მე უკვე სხვა სამყაროში ვიყავი. ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ რაღაც უნდა მოითმინო. მე უფრო სხვა რაღაც მინდოდა.
– რა გინდოდათ?
– მივხვდი, რომ მე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, ის – სხვა. ორი ადამიანის ერთად ცხოვრება სხვა რაღაცეებს მოითხოვს, უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის.
– გაიხსენეთ ის დღე, როცა ადექით და წამოხვედით.
– სახლში არ იყო, მაგრამ, იცოდა, რომ მოვიდოდა, აღარ დავხვდებოდი, შემზადებული იყო. ეს არ იყო ერთ დღეს მოფიქრებული გადაწყვეტილება, თვეებისა და წლების განმავლობაში მქონდა ნაფიქრი, ბევრი ფიქრის, განცდის ხარჯზე მოხდა. კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. სტუდენტობის წლებში მოგვწონდა ერთმანეთი და გადავდგით ეს ნაბიჯი, რაც ცოტა არასერიოზულად მოგვივიდა. მასაც ჰქონდა გარკვეული სიამაყის გრძნობა, ანუ, თუ მიდიხარ, წადი და მეც, როცა ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი, მითხრა, არ წახვიდეო, მაგრამ, ასე ხომ არ ხდება, რადგან მითხარი, არ წახვიდე, არ წავიდე.
– ისე წამოხვედით, რომ სულ არ დაგენანათ?
– ჩემი თავი მეცოდებოდა. მგონია, ოჯახი შევქმენი და უცებ უნდა დავანგრიო. მოვითმინე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... შეიძლებოდა, თუნდაც ბავშვის გამო შენარჩუნებულიყო ჩვენი ოჯახი, მაგრამ, როცა ახალგაზრდა ხარ და წინ გაქვს ცხოვრება, გგონია, რომ უკეთესს შეხვდები, უკეთ იცხოვრებ ამ პრობლემების გარეშე, ანუ, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი თვითონ ხარ. ყოველთვის მობილიზებული, ძლიერი ვიყავი. შემეძლო, ჩემი თავისთვისაც მიმეხედა და ბავშვისთვისაც, თუნდაც მატერიალურად. ამიტომ, არაფრის შემშინებია. როცა გადაწყვეტ რაღაცას და დარწმუნებული ხარ რომ სწორია, პირიქით, სიამოვნებას გრძნობ.
– დაიძინეთ და გაიღვიძეთ მარტომ. რა შეგრძნება იყო ეს თქვენთვის?
– გრძნობა აღარ იყო და რა უნდა მენანა? ძაფი რომ ცვდება ნელ-ნელა, ყველაფერი ასე მოხდა. რაღაცას ითმენ სიყვარულის გამო, მაგრამ ბოლოს სიყვარული უფერულდება. როცა ბევრი შეუთანხმებლობაა, თუ კონფლიქტია, მაშინ არც მასთან ერთად წოლა გინდა და არც არაფერი. ბედნიერი ვიყავი, რომ იმ დილას ჩემს შვილთან ერთად გავიღვიძე. შეიძლება, ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ, ჩემთვის იმ მომენტში კარგი იყო, რადგან ერთსა და იმავე ქვაბში ხარშვა, ხარშვა და იქიდან ვერაფრის გამოძერწვა უაზრობაა.
– როგორ გაგრძელდა იმ დღიდან თქვენი ცხოვრება?
– გოგას შაბათ-კვირას მიჰყავდა ბავშვი თავისთან, დანარჩენი დღეები ჩემთან იყო. აქცენტი ძირითადად ბავშვზე იყო. მე არ ვარ ის ადამიანი, გავჯიუტებულიყავი და მეთქვა, ბავშვს არ გაგატან-მეთქი. რა სისულელეა, მამასთან უნდა ჰქონოდა კონტაქტი. მე ჩემი საქმეები მქონდა, თეატრში როლები, ესტრადაზე მაშინ გამოვჩნდი. მერე ძალიან მძიმე წლები გავიარე. ბევრი ადამიანი დავკარგე – მამა, ძმა, დედობილი და ცოტა ტრავმირებული გავხდი ამის გამო. დეპრესიული არ ვარ, მაგრამ, ამ მდგომარეობამ ჩამაფიქრა. მაშინ რომ გავბედე და წამოვედი, მაინც ყველა გვერდით მყავდა. მართალია, დედა აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ, ვინც მყავდა, ჩემთვის იმედის მომცემი იყო. გვერდით რომ არავინ აღარ დამრჩა, შიშის გრძნობა გამიჩნდა. ამიტომ ჩემი ცხოვრებისთვის არ მეცალა და არც მიფიქრია, რომ უნდა გავთხოვდე. ყველაფერს ჩემი ნერვებისა და დატვირთვის ხარჯზე ვაგვარებდი და ეს მაკმაყოფილებდა. ყველაფერი თავის ადგილას, წესრიგში მქონდა. კიდევ ვიღაცის კაპრიზების ატანა აღარ შემეძლო. ბებიას, ბავშვს ვუვლიდი და ასე ვცხოვრობდი. ზუსტად მაგ პერიოდში გამოჩნდა თემო – საქმემ დაგვაკავშირა ერთმანეთს. თემო მუსიკოსია, არანჟირებებს აკეთებს. სიმღერის გაკეთება მინდოდა და ჩემმა მეგობარმა მითხრა ასეთი და ასეთი პიროვნება გაგიკეთებს სიმღერასო. ურთიერთობები ავაწყვეთ. იმან გამიგო, მე გავუგე, თუმცა ჩაკეტილი ვიყავი – მივახვედრე, რომ არ მინდა. ძალიან თბილად მექცეოდა, მოდიოდა, ყურადღებას გვაქცევდა, სიურპრიზებს გვიკეთებდა მეც და ჩემს შვილსაც. ძალიან კარგი მეგობარი გახდა, მაგრამ, მაინც არ მინდოდა გათხოვება. ნებისმიერი სიხარულისა თუ პრობლემის დროს, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო, გვერდით მედგა. ოჯახში ღელავდნენ, რომ ცოლს არ ირთავდა და უთქვამს, ან იას მოვიყვან, ან არავისო. ასე მელოდა ათი წელი. საბოლოო ჯამში, იმედები არ გავუცრუე. ვიცოდი, რომ ვუყვარდი და თითქოს მეც რაღაცეებით ვპასუხობდი, მაგრამ, არ მინდოდა, შორს შევჭრილიყავი, არ მინდოდა, მომეტყუებინა.
– ათი წელი რომ კაცმა ქალს უცადოს, ეს უკვე მართლა სერიოზული ამბავია. რა გქონდათ ამდენი საფიქრალი?
– იმედგაცრუებაც მქონდა და ბევრმა რაღაცეებმაც გადამღალა. მარტო როცა ხარ, არავინ არაფერს გიკონტროლებს, არ გსაყვედურობს, მაგრამ, როცა ვიღაც გყავს გვერდით, ყოველთვის უნდა ასიამოვნო და ამით აგრძნობინო, რომ გიყვარს. ისე დავიღალე, ამდენი გრძნობების გაცემის თავი აღარ მქონდა. ერთ დღეს, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვიგრძენი, რომ, თუ ოდესმე ვინმეს ვყვარებივარ, ყველაზე გამორჩეულად სწორედ მას ვუყვარვარ – აი, ეს არის ნამდვილი სიყვარული. ჩვენს დაქორწინებას გაპარვას ვერ დავარქმევდი, ორივე ზრდასრული ადამიანები ვიყავით, მაგრამ, ცოტა ხნით წავედით სასტუმროში. რომ დავბრუნდით, ჯვარი დავიწერეთ. უკვე შვიდი წელია, ერთად ვართ. ასაკში როცა ხარ, გულთან ერთად გონებაც ერთვება – თოკავ ნერვებს, რომ რაღაცაზე არ ავარდე, ბევრი რამ კარგად აწონ-დაწონო. ეს ყველაფერი, რაც ახლა მაქვს, მაშინ რომ მქონოდა, ალბათ, ასეთი რამ არ მოხდებოდა. მყავს ორი შვილი, ბედნიერი ვარ და მიხარია. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ხელახლა დავიბადე და ახალი ცხოვრება დავიწყე. ჯერ ის რად ღირს, რომ ამხელა ასაკში ბავშვი გავაჩინე. თუმცა, მიმაჩნდა, რომ უნდა გამეჩინა. მართლა იმდენად მძიმე მომენტები გადავიტანე, ჩემი ბავშვობის წლების გახსენების თავიც აღარ მქონდა, მინდოდა, ყველაფერი დამევიწყებინა და იმ წლებში გადის ის პირველი ქორწინებაც. ამიტომ აღარ მინდა, გავიხსენო ის, რაც წარსულში იყო.