ამერიკის დამოუკიდებლობის დღე თბილისში
4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ამერიკელებთან, პრესისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად თბილისშიც იზეიმეს. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და მეშვიდე შეხვედრა კლუბ „ვესტენდში” გაიმართა. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „პირველი სტერეოს” პროდიუსერი კობა ბრეგვაძე და „მიუზიკ-ბოქსის” პროგრამების დირექტორი ლიზა ვადაჭკორია. სტუმრებს შორის იყო ცნობილი ამერიკანოლოგი, ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე; მუსიკალურ პროგრამას შესანიშნავად გაუძღვნენ ცნობილი მომღერლები – ბესიკ კალანდაძე და ბორის ბედია. ამერიკისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ აღარავის მოუწყენია. „შუმის” ღვინომ იმოქმედა და შემდეგ უამრავი გათამაშება ჩატარდა. ჟურნალისტებს შორის საუკეთესოდ აღიარეს მომღერალ-ამომცნობი დიჯეი გიგა ბატკუაშვილი, ხოლო საუკეთესო დიზაინერად „ავტორადიოს” წამყვანი ირინა მიქელაძე დასახელდა.