რა პრაქტიკას გადის შინაურებზე „მედ-ძმა“ ლევან სუხიტაშვილი და რატომ ესწრებოდა ფეხის მოკვეთას და უცხო ადამიანის მშობიარობას გიორგი სუხიტაშვილი
ძმებმა, ლევან და გიორგი სუხიტაშვილებმა, კომპანია „პოპ კორნი“ დააარსეს და ერთად საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. აგვისტოში კი ბათუმში ატარებენ ბარმენების ფესტივალს, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ საინტერესო იქნება.
ლევანი: ჩვენი კომპანია „პოპ კორნი“ ეგზომ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. ახლა ბათუმში ვატარებთ „კავეენის“ ფესტივალს, ანუ, რაც ჩატარდა, იქიდან კარგი ნომრების ფესტივალი მოეწყობა, თავისი დაჯილდოებით, ჟიურით.
გიორგი: ნებისმიერი ჟანრის, ტიპის ივენთს, კონცერტს, ფესტივალს ვუკეთებთ მთლიან ორგანიზებას და, რაც მთავარია, ძალიან კომფორტულად და მაღალი ხარისხით. ტელესივრცეში და ცოცხლადაც, ხშირად არის დაბალ დონეზე ორგანიზებული კონცერტები. ეს შეიძლება, იყოს განათების, ხმის სისტემა. მეც მიწევს ანალოგიურ რაღაცეებში მონაწილეობის მიღება და შემაწუხა ამ პრობლემამ.
– რატომ დაარქვით „პოპ კორნი“, გემრიელია და ხრაშუნა?
ლევანი: გემრიელია, ხრაშუნა, საყვარელი, მსუბუქი, მარტივი და ეკოლოგიურად სუფთა.
გიორგი: სანამ ამ საქმეს დავიწყებდით, ის ადამიანები, რომლებიც ასეთი სახის ღონისძიებების ორგანიზებას აკეთებდნენ, ძალიან რთულად გამოიყურებოდნენ. არადა, პირიქით, ძალიან მარტივი და მსუბუქი უნდა იყოს ყველაფერი.
ლევანი: 5 დღეში დავაპროექტეთ, დაიდგა და გაკეთდა 5-დღიანი სტუდენტური დღეები.
გიორგი: როგორი ხარისხით დაიდგა და, საერთოდ, როგორი იყო, ამას ნახავთ. ეს იყო ჩვენი პირველი ღონისძიება.
– ამ ყველაფერს თქვენ ორნი აკეთებთ?
ლევანი: დიახ და კიდევ გვყავს თანდარა – გოჩა თანდარაშვილი, ქაცვიც გვეხმარება ძალიან ხშირად, ასევე, არიან ჩვენი მეგობრები. ნორმალური, პატარა „სტაფუნია“ გვყავს. ბარმენების ფესტივალის მოწყობაში გვეხმარება ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შავერდაშვილი.
– როგორი ბიზნესპარტნიორები ხართ?
გიორგი: პასუხისმგებლობა არც ერთს არ გვაკლია, თავიდან ერთი პრობლემა ის იყო, რომ დილით ადრე გაღვიძება უჭირდა, ახლა ძალიან ადრე იღვიძებს.
ლევანი: „კვიჭიძის სინდრომი“ მჭირს. აი, უგულავას დიეტა ხომ არის, ეს არის კვიჭიძის ჭოტობა – ახლა შემეყარა ეს სენი. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, გაათმაგებული მაქვს, კონკრეტულ პროექტზე 2 კილოგრამს ვიკლებ ხოლმე.
გიორგი: ბათუმში რომ ჩავედი, ეს ახალი ჩამოსული იყო. ჩვენი მეგობრები, ვინც ამასთან ერთად დადიოდნენ, მეუბნებოდნენ: შეგვჭამა, ბიჭო, შენმა ძმამ, რა სჭირს, რა უნდა, აღარ ჩამოვიდესო.
ლევანი: ვერ ვისვენებ, როცა იქ არ ვარ, სადაც საქმე კეთდება. ამიტომ, მირჩევნია, ცოტ-ცოტა, ყველგან ვიყო, ყველაფერი ვნახო, როგორ კეთდება, რა ხდება. ძალიან ვნერვიულობ. დიდი ადრენალინია, როცა იცი, ამ დროში უნდა მოასწრო ყველაფერი და თან, კარგად უნდა გააკეთო.
გიორგი: რაღაც საქმეს რომ აკეთებ, თან უნდა გსიამოვნებდეს, აზარტი უნდა გქონდეს.
ლევანი: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ასევე, სრულიად საქართველოს ბარმენთა ასოციაციის მონაწილეობითა და ჩვენი ორგანიზებით, 17 აგვისტოს ბათუმში, ახალ ბულვარში ვატარებთ ბარმენების ფესტივალს, რომელიც საერთაშორისო იქნება. ჩამოგვყავს ევროპის ბარმენთა ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, უკრაინელი ბარმენები, სომხეთიდან ბარმენების ფედერაციის პრეზიდენტი და ბარმენები. წინა დღეებში იქ ტარდება ფესტივალი და გამარჯვებული ჩამოვა საქართველოში. შეიძლება, ჩამოვიდეს კიდევ ერთი რუსი ბარმენიც, რომელიც „ბაკარდის“ სახეა. ძალიან სანახაობრივი საღამო იქნება, ერთდღიანი, მაგრამ ორ ნაწილად გაიყოფა, ანუ, იქნება კლასიკური – კლასიკურ ბარმენებს რაც ევალებათ, იმას გააკეთებენ და „ფლეირინგი“ – თავისი სანახაობით, ჟონგლიორობით. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ბარმენები. იქნებიან მოწვეული სტუმრები, რომლებსაც გაუმასპინძლდებიან სპონსორები. სხვადასხვა პრიზი იქნება: გამარჯვებული წავა რომელიმე ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად; ასევე, მიიღებენ ბათუმში საგზურს და გარანტირებულ სამუშაოს თავისი პროფესიით. დეგუსტატორების მიერ არჩეული ორი კოქტეილი ჩაისხმევა დიდ აკვარიუმში, ხალხი აირჩევს გამარჯვებულს და შეიქმნება წლის კოქტეილი.
– თქვენც გეხერხებათ ბოთლების სროლა, კოქტეილების მომზადება?
გიორგი: არ დაგავიწყდეს, რომ საცირკო-საესტრადო მაქვს დამთავრებული. ვჟონგლიორობდი, ფოკუსებს ვაკეთებდი. ბოთლების სროლა არ მიცდია, თორემ, ხომ იცი ჩემი ნიჭიერება. თან, მას შემდეგ 6-7 წელი გავიდა, ფორმაში არ ვარ.
ლევანი: კოქტეილის მომზადება არასდროს მიცდია. უბრალოდ, ყურება და მერე დალევა მიყვარს.
– ადრეც თუ ახორციელებდით ერთობლივ, საინტერესო გეგმებს?
გიორგი: ჩემი რეჟისორი ძმა ჩემზე 5 წლით უფროსია და სოფელში გვიდგამდა სპექტაკლებს, რომელშიც მთელი უბნის ბავშვები იყვნენ ჩართულები. თან, აუცილებლად აქტუალური უნდა ყოფილიყო, მიმდინარე მოვლენების ამსახველი, რეალობაზე გაკეთებული. ერთხელ თანამედროვე „ხანუმაც“ დაგვიდგა. სხვათა შორის, გორის „დილასთან“ დაკავშირებითაც დიდი გეგმები გვაქვს, გვერდში ყველანაირად დავუდგებით. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 13 ივლისს, – ავტორი) „ზესტაფონის“ თამაშია. ვგულშემატკივრობთ ბიჭებს. სპორტის კუთხითაც საერიოზული გეგმები გვაქვს.
ლევანი: დღეს, იმ ავად სახსენებელი ფაქტის შემდეგ, პირველად მივდივარ სტადიონზე. უნდა გადავლახო შიში. თბილისიდან ვერ ვბედავ და რაიონებიდან შემოვეპარები.
– ნიჭიერები ვართო, ამბობთ. კიდევ რისი ნიჭი გაქვთ?
– ვმღეროდი, ვმსახიობობდი, დიპლომიანი „მედ-ძმა“ ვარ. აღარ გავაგრძელე სამედიცინოზე სწავლა, მაგრამ, ისეთი კარგი ბიჭი ხარო, მომცეს დიპლომი.
გიორგი: ძირითადად შინაურებზე გადის პრაქტიკას: „ღვიძლი სად გაქვს, მეგობარო? უი, ელენთა ამოგაჭერი“...
ლევანი: მშობიარობასაც ვარ დასწრებული – პრაქტიკის დროს მომიწია.
გიორგი: მეც, ოღონდ არ ვიცი, ვინ მშობიარობდა – ჩემს მეგობრებს ჰქონდათ პრაქტიკა, გავყევი და, მშობიარობაზე მოვხვდი. ძალიან მიყვარს ჩიჩმაკური რაღაცეები, ინტერესიანი ვარ. ფეხის მოკვეთასაც ვარ დასწრებული.
ლევანი: მეც ინტერესიანი ვარ. თუ ინტერესს ვერ დავიკმაყოფილებ, შეიძლება, ის ღამე გავათენო, ვერ მოვისვენებ, აუცილებლად ვიკითხავ და გავარკვევ.
გიორგი: შემაწუხებლად ინტერესიანია. ბავშვობაშიც ასეთი იყო – „მამა, მამა, მამაა“!..
– ლევან, როგორც ვიცი, მაკა მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.
ლევანი: ბიჭს ველოდებით დეკემბერში. იოს გიორგი ძალიან უყვარს. გიოს სახელს რომ ვახსენებ, მაშინვე იწყებს: „გიო ძიააა! გიო ძიასთან უნდა წავიდეთ!“ ტელევიზორში რომ დაინახავს, ისე უხარია...
– სუხიტაშვილია?
გიორგი: კი, ლევანს ჰგავს ყველაფერში – ჭიჭყინა, წუწუნა.
ლევანი: რომ მოვა, გეკითხება რაღაცას და არ სცემ პასუხს, ის განაგრძობს: „მამა! მამა! მამა!“ – და უწევს ხმას. ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია, ბევრი კითხვის დასმა უყვარს. ერთხელ მე და იო ვიყავით ფეხბურთზე. ვუყურებთ. უცებ, მეკითხება, სასწრაფო მანქანა რატომ დგასო. თავიდან „ვქაჩავ“ ხოლმე, ვპასუხობ – ფეხბურთელი რომ წაიქცევა, წაიყვანს-მეთქი. მერე მეკითხება, რომ წაიქცა, რატომ არ მიჰყავთო? 2005 კითხვა დასვა, ბოლოს ვუთხარი, კარგი, დამანებე თავი, რამდენ კითხვას სვამ-მეთქი. „გაუტყდა“ და ცოტა ხანში მეუბნება: მამი, ის ჩიტი რატომ დაფრინავს, გოლი უნდა გაიტანოსო? – ვერავინ გაიტანა გოლი და, იფიქრა, იქნებ ჩიტმა მაინც გაიტანოსო.
– გიორგიც იყო წუწუნა და ჭიჭყინა?
– გიორგი მტირალა იყო, მაგრამ მერე, რომ გაიზარდა, აზრზე მოვიდა, უკვე შეიძლებოდა მისი მოსყიდვა.
გიორგი: კორუმპირებული ვიყავი. ლევანი სიგარეტს ეწეოდა, მამაჩემი კი ძალიან მკაცრია და ენას ვერ მივუტანდი – ვიცოდი, ძმის გარეშე დავრჩებოდი, ამიტომ, დედასთან მივდიოდი: „დედა, დეე“... ლევანს სახეზე ფერები ეცვლებოდა. სანამ დედა მკითხავდა, რა ხდებაო, მე უკვე მოსყიდული ვიყავი.
ლევანი: მერჩივნა, მე ვეცემე, ვიდრე გიორგი – პატარა იყო და მიყვარდა.