როდის და სად იყო გამოფენილი ანტონ ბალანჩივაძის ნახატები შაგალის, პიკასოს და დალის ნამუშევრების გვერდით
მელიტონ ბალანჩივაძე, ანდრია ბალანჩივაძე, ჯორჯ ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე), ჯარჯი ბალანჩივაძე, ცისკარი ბალანჩივაძე... ალბათ, ამ დიდ შემოქმედებს ყველა ქართველი იცნობს. ამავე ოჯახის წარმომადგენელია, მხატვარი ანტონ ბალანჩივაძეც, რომელიც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი, თუნდაც იმიტომ გახდა, რომ ის პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრების გამოფენაც ლუვრში მოეწყო. ამ ნიჭიერ ხელოვანს კიდევ აქვს არაერთი საინტერესო მიწვევა და, აშკარაა, რომ ქართველ მხატვარს მსოფლიოც მალე გაიცნობს...
– ბოტონო ანტონ, ასეთ ოჯახში აღზრდა, ასეთი წარმომავლობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ეს ზოგჯერ გარკვეულ დისკომფორტსაც ხომ არ გიქმნით?
– დისკომფორტი არასოდეს მიგრძნია, რადგან გადაჭარბებული ყურადღება არ ყოფილა ჩვენ მიმართ. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მეამაყება, რომ ჩემი დიდი ბაბუა – მელიტონი და ბაბუა – ანდრია ბალანჩივაძეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს და მკაფიო კვალი დატოვეს ქართულ კლასიკურ სამუსიკო ხელოვნებაში. პოეტები, მხატვრები, კლასიკური მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენლები ჩვენს ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს და, არა მარტო ქართველები, ხელოვანები რუსეთიდან, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, უცხოელები.
– ხატვა რატომ აირჩიეთ, ამით ოჯახს გაემიჯნეთ?
– არა. მელიტონის ძმა, ვასილ ბალანჩივაძე, მხატვარი გახლდათ, რომელმაც პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. სხვათა შორის, მისი მოწაფეები იყვნენ განთქმული პოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი და სახელოვანი მხატვარი დავით კაკაბაძე. ხოლო ანდრიასა და გიორგი ბალანჩინის უფროსი და, თამარი, თეატრის მხატვარი იყო. ის ობრაზცოვის თეატრში მუშაობდა. ბებია – პანა – ძალიან კარგად ხატავდა, ჯარჯისა და მის ძმას, ამირანს, ერთხელ ჰქონიათ კიდეც გამოფენა; ხატავს ამირანის შვილი – ანდროც.
ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად გამოჩენილი მხატვრები: კორნელი სანაძე, ლადო გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, სოლიკო ვირსალაძე, ელენე ახვლედიანი, ირაკლი თოიძე, ქეთევან მაღალაშვილი... ბალანჩინთან კი ისეთი მხატვრები თანამშრომლობდნენ, როგორებიც იყვნენ: შაგალი, პიკასო და სხვები. რაც შეეხება მუსიკას, მე ის უფრო რთული მეჩვენებოდა...
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ უფრო ადვილი გზა აირჩიეთ?
– შეიძლება... თუმცა, მხატვრობა მარტო ამის გამო არ ამირჩევია. პატარა რომ ვიყავი, ვუყურებდი, ჯარჯი როგორ ხატავდა და მომწონდა, როდესაც თავიდან დაწყებული მცენარე შემდეგ, შეიძლება, ცხოველად გადაქცეულიყო. ეს თავისუფლება, როდესაც რაღაც შენ თვალწინ, შენივე უშუალო მონაწილეობით, ფორმას იძენს, ფერებთან მუშაობა, ძალიან საინტერესო იყო.
– თქვენ რომელ ჟანრში მოგწონთ მუშაობა?
– მე მიმუშავია გრაფიკაში, სკულპტურაში, მინიატურაზე, მონუმენტურ ჟანრში; გამიკეთებია თეატრის დეკორაციები, წიგნის ილუსტრაციები. ჩემი ნამუშევრების პერსონაჟებს რაც შეეხება, ზოგჯერ ვატყობ, რომ გაუგებარია ან მიუღებელია ზოგიერთისთვის, როდესაც ბოლომდე არაა დაკონკრეტებული ამა თუ იმ ცხოველის სახეობა, როდესაც ორივე თვალი ერთ მხარეს არის და ასე შემდეგ. საერთოდ, ყველა ადამიანი ლოგიკურად ეძებს ნაცნობ ფორმებს ყველაფერში, მაგრამ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები, ზოგჯერ ზუსტად იქ და ისე არ გვხვდება, სადაც ველით და გვგონია, რომ ვიპოვით. ავტოპორტრეტში, სადაც ავტორი თავის გამოხედვაში დიდი სიბრძნის გამოხატვას ცდილობს, თვითონ კი ამ დროს არ იცის, ეს სიბრძნე როგორ გამოიყურება, ჯობია, სახე სწორედ ამ ძიების შესატყვისი გახადოს – ეს გაცილებით უფრო მეტყველი, სწორი იქნება. ამით იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია, საზოგადოების გარკვეული ფენის მორალურ ნორმებს, კრიტერიუმებს, გემოვნებას აკმაყოფილებდეს და არა თავისი პირადი ზნეობის წინაშე იყოს მართალი, ან ცოცხალი ინტერესით მოქმედებდეს თავის ძიებაში, ამით ისეთ მარწუხებში მოექცევა, რომელიც მის ნამდვილ ნიჭსა და მოწოდებას გასაქანს არ მისცემს.
– რომელ ასაკში შექმენით პირველი სერიოზული ნახატი?
– ვისთვის სერიოზული? მე რაც მახსოვს, პირველად სერიოზულად მიმიღეს მაშინ, როდესაც იმ რამდენიმე ბავშვს შორის აღმოვჩნდი, რომლებიც იაპონიაში დიპლომითა და მედლით დააჯილდოვეს. მხატვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გულწრფელი იყოს და, ალბათ, ღრმა გაგებით, ვერაფრით ვერც მოიტყუება.
– ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი, რემბრანდტი გიყვართ?
– რემბრანდტი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარია. მისი ნამუშევრებიდან ყველასთვის გასაგებ და მისაწვდომ ენაზე ძალიან დიდი ადამიანი გველაპარაკება და გვახსენებს იმას, რა უნდა მოვიპოვოთ. რემბრანდტი ერთგვარი სერიოზული წიგნივითაა, რომელსაც ყველა კითხულობს, მაგრამ ყველასთვის სხვადასხვა დოზით გასაგები და საჭიროა.
– პროფესიულ სასწავლებლებზე რას გვეტყვით?
– ყარამან ქუთათელაძისა და გია გორდეზიანის სახელოსნოში ვსწავლობდი სამი წელი, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით კიდეც. მათი ძალიან მადლობელი ვარ. ეს წლები თბილად მაგონდება. შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დავამთავრე ფერწერის განხრით. ამ პერიოდში ჩემი პედაგოგები იყვნენ: ომარ ჩუბინიძე და გოგი თოთიბაძე. ერთი პერიოდი სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წასვლაზეც ვფიქრობდი, თუმცა, დიუსელდორფის აკადემიაში რომ ჩავედი, სახელგანთქმული თანამედროვე მხატვრის ჯგუფში ვიყავი ჩარიცხული, მაგრამ, რამდენჯერმე მისვლის მიუხედავად, ისევ ვერ ვნახე, რადგან ზუსტად იმ პერიოდში დაიჭირეს – ძალიან დიდი რაოდენობით ჰეროინი უპოვეს და, გარდა ამისა როგორც ამბობდნენ, სახლში 60 მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ჰყოლია ჩაკეტილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. გერმანიაში ამ დროს 40 ნახატი მქონდა ჩატანილი, არ მინდოდა შესაძლებლობა გამეშვა ხელიდან და ნახატების ნაწილი პარიზში წავიღე. ერთი წლის შემდეგ იქ პერსონალური გამოფენის ჩასატარებლად მიმიწვიეს. მაშინ თბილისის მერია, „თელიანი ველი“, „სილქროუდ ბანკი“ და გაზეთი „კომერსანტი“ დამეხმარნენ და ეს გამოფენა ჩატარდა. საერთოდ, გამოფენები რამდენიმე ქვეყანაში მქონდა... ზოგჯერ იქ ჩემი ნახატები მიდის და მე – არა, რადგან ასე უფრო იაფი ჯდება.
– რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა?
– ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენები, ალბათ, იყო ვენაში, „ჯი-ემ-ეი“ გალერეაში, სადაც ჩემი ნამუშევრები მარკ შაგალის, პიკასოს, დალისა და სხვათა ორიგინალების გვერდით ეკიდა; ლონდონში კი – „ქემდენ-არტ“ გალერეაში, ლუვრში, სადაც სწორედ ლონდონის გალერეამ წარმადგინა. ამ გამოფენაში ჩემი მონაწილეობისთვის ყველა საჭირო ხარჯი საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაფარა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. წელს კიდევ მქონდა ლუვრიდან მიწვევა, მაგრამ ამჯერად წასვლას ვერ ვასწრებდი. სამომავლოდ, როდესაც, ახალი ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა დაგროვდება, თუ კიდევ მიმიწვიეს, შევეცდები, წავიდე...
– ახლა?
– ახლა განხილვის სტადიაშია საინტერესო პროექტები: მოწვევაა იტალიიდან, ბიენალეზე და ნიუ-იორკის ორი გალერეიდან. საქართველოში კი ამას წინათ ფოტოგრაფი ანტონ სოკოლოვი იყო ჩამოსული და ჩვენ ერთობლივი პროექტით – „ფრიზლაიტით“ მიგვიწვიეს არტ-ვილა „გარიყულაში“, ძმები ზდანევიჩებისადმი მიძღვნილ ქართულ საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალ „ფესტ ი ნოვაზე“, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა. წვიმის მიუხედავად, ბევრი ადამიანი იყო მოსული, გამოფენამაც კარგად ჩაიარა. ამ ინტერესისთვის ყველას გულწრფელად მადლობელი ვარ.
– ცნობილია, რომ თქვენმა წინაპრებმა შემოქმედებას მიუძღვნეს მთელი ცხოვრება და არავინ ყოფილა დაინტერესებული ფინანსებით. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან?
– მე ვარ დაინტერესებული ფინანსებით! სხვათა შორის, ხუმრობა იქით იყოს და, ფინანსებით დაინტერესება და მათი ქონა სხვადასხვა რამეა. ალბათ, ცნობილი ამბავია ქუთაისში რომ მელიტონმა 200 000 ოქროს მონეტა მოიგო ლატარიაში, რომელიც მალე ისე გაფლანგა, რომ ვალის გადაუხდელობის გამო რამდენიმე ღამე ციხეშიც გაატარა. ბაბუაჩემს ნაწარმოების შეძენისას საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს უხდიდნენ ხოლმე; ჯორჯ ბალანჩინსაც არ უჭირდა. ჯარჯისგან ვიცი, ბალანჩინი რომ ჩამოსულა, ანდრიამ ძმა თავისი მშენებარე სახლის სანახავად წაიყვანა წყნეთში. ჯორჯს უთქვამს, კარგია, მაგრამ, მე აივნის კედელზე ერთ დიდ ფერად ჩიტს დავხატავდიო. ანდრიას გაეცინა – სად გვაქვს ამის საღებავები, თუმცა, რადგან ასე თქვი, აიღე და გამოგვიგზავნე ორი დიდი ვედრო კარგი ხარისხის საღებავიო. ბალანჩინს მართლაც გამოუგზავნია საღებავები გემით, რომელიც, რა თქმა უნდა, საბჭოთა დროს ანდრიამდე არ მისულა.
– ცხოველები გიყვართ?
– ძალიან. მყავს საყვარელი ძაღლი – სიმონი, რომლის სრული სახელია ბურსიმონი; ძველი ინგლისური ნაგაზია, ბობტეილი, რომელსაც ძალიან გრძელი ბეწვი აქვს და, მგონი, ამჟამად ერთადერთია საქართველოში. მას საცოლე ვერ ვუპოვეთ და ძებნა გვაქვს გამოცხადებული.
– სიყვარულის გამო თავი დაგიკარგავთ?
– სულ დაკარგული არ მაქვს?! მისი პოვნა მინდა სწორედ. ისე, სიყვარულიც სხვადასხვანაირია.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მყავს მეუღლე... და ორი წლის შვილი – მარია.
– თქვენი შვილი ხატავს?
– ხატავს. სულ მეცინებოდა იმ ხალხზე, რომლებიც თავიანთი პატარა შვილების ნახატებით ძალიან გაკვირვებულები და აღფრთოვანებულები იყვნენ ხოლმე, მაგრამ, ცოტა ხნის წინ ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ მისი დახატული „მოწყენილი გოგო“ ფურცლიდან ამოვჭერი და ცალკე ვინახავ.
– არ შეიძლება, არ გკითხოთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრზე, რომლის რეკონსტრუქციაც ახლახან დასრულდა.
– მოხარული ვარ, ეს თეატრი რომ აღდგა. მელიტონის ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი ქუთაისს უკავშირდება. პირველი ქართული ოპერა „თამარ ცბიერი“ (რომელსაც შემდგომ „დარეჯან ცბიერი“ ეწოდა) სწორედ მას ეკუთვნის. ქუთაისში ის ძალიან უყვარდათ და ჩვენც ძალიან თბილად გვიღებდნენ ხოლმე. მგონია, რომ იქ თეატრის აღდგენას სიმბოლურადაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
– მელიტონ ბალანჩივაძე ბანოჯიდან იყო, ყოფილხართ ამ სოფელში?
– სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, ამ მხრივ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც არაფერი აქვთ სატრაბახო. ვიცი, რომ იქაურობა უაღრესად ლამაზია და ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს.