რა მიზეზით გაუყვითლდება ფოთლები ცესტრუმს და როდის შეიძლება საგოვანას გარეთ გატანა
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ორ ულამაზეს მცენარეზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, როგორ გარემოში უნდა გავზარდოთ ცესტრუმი და საგოვანა. თუ რა პირობები უნდა შეუქმნათ ამ ორ მცენარეს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, არის თუ არა ცესტრუმი პრეტენზიული მცენარე და რას გვეტყვით მის შესახებ?
– ცესტრუმი ძალიან ლამაზი და, ამასთანავე, უპრეტენზიო მცენარეა. ის იოლი მოსავლელია და ყველა თქვენგანს ვურჩევ მის გახარებას. ვიზუალურად ძალიან ჰგავს იასამანს, თუმცა, სრულიად სხვა ჯიშია.
– როგორ ხარობს ის ოთახის პირობებში და სად დავდგათ ახლა, როდესაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა?
– მცენარე თავს კარგად გრძნობს ოთახის პირობებში, მაგრამ ახლა სასურველია, ამყოფოთ ღია გრუნტში. ეცადეთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ცესტრუმი აივანზე ან ეზოში იყოს.
– როგორ პირობებს ეგუება ცესტრუმი უკეთ?
– ის იტანს როგორც სიცხეს, ასევე ორპირ ქარსაც. მცენარე ყვავილობას ადრეულ ასაკში იწყებს. შესაძლებელია, მან პირველივე წელს გაიკეთოს ყვავილი. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ უხვად ყვავილობს და მისი არც ერთი ღერო შიშველი არ იქნება.
– როგორი სიხშირით მოვრწყათ მცენარე ახლა და რას გვირჩევთ მისი გახარებისას ამ სეზონზე?
– ზაფხულობით ცესტრუმს ბევრი წყალი უყვარს, მაგრამ, არ დაასხუროთ ზემოდან, მხოლოდ მიწის ზედაპირი უნდა ჰქონდეს სველი. ამ დროს შეგიძლიათ, მისცეთ დამატებითი სასუქი კალიუმის შემადგენლობით. ზაფხულში მცენარე მორწყეთ რეგულარულად, ორ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – 10 დღეში ერთხელ.
– შესაძლებელია თუ არა ცესტრუმის გასხვლა და ფორმირება?
– ეს მცენარე კარგად ემორჩილება გასხვლას და ფორმირებას. შეგიძლიათ, მცენარე თქვენთვის სასურველ დროს გასხლათ ან შეამოკლოთ. ახლაც შეგიძლიათ მისთვის ფორმის მიცემა, თუ ყვავილები არ აქვს.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– მცენარე არც ამ მხრივ არის პრეტენზიული. უყვარს 20-30 გრადუსი ზაფხულში, ხოლო ზამთარში დადგით გრილ ადგილას, 10-15 გრადუსზე, რათა დაისვენოს და განაგრძოს ზრდა. ამ დროს ცესტრუმი ისვენებს, გაზაფხულის დადგომისას კი ის უკვე ყვავილობას იწყებს. მაგალითად, თუ მცენარეს ამყოფებთ ზამთარში სითბოში, ზაფხულის ნახევრამდე არ იყვავილებს ან საერთოდ ცრუ კოკრებს გამოიღებს. მას აქვს სამი ფერის ყვავილები: წითელი, ყვითელი და ვარდისფერი. შეგიძლიათ სამივე ერთად მოათავსოთ, რომ ლამაზი ეგზემპლარი მიიღოთ.
– შესაძლებელია ამ მცენარის დაავადება?
– ცესტრუმი შეიძლება დაავადდეს ფქვილისებრი ფარიანათი და წითელი ტკიპით. ამიტომ, ყოველთვე მცენარეს შეასხურეთ კარატე ან რომელიმე ძლიერი წამალი.
– რა მოსდის მცენარეს ზაფხულში მოურწყველობის შემთხვევაში?
– თუ ცხელი ზაფხულის შემთხვევაში ცესტრუმი მოურწყველი დაგრჩათ, შესაძლებელია, ფოთლები გაუყვითლდეს და დასცვივდეს. ასეთი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მაშინვე გადაჭერით და ცესტრუმი კვლავ ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
– რით გავამრავლოთ ცესტრუმი?
– ეს მცენარე ძალიან იოლი გასახარებელია თესლით, მაგრამ, უკეთესია მისი ამონაყრით გახარება.
– და, ბოლოს, კიდევ რა დამატებით რჩევებს მოგვცემთ ამ მცენარის გასაზრდელად?
– ზაფხულში მცენარე დადგით მზიან ადგილას. ის არც ისე იოლად ხმება, ამიტომ, გაითვალისწინეთ ყველა პირობა. შეგიძლიათ, ცესტრუმი ბაღშიც დარგოთ, ხოლო სექტემბრის ბოლოს ამოიღოთ და ქოთანში გადარგოთ.
მისი გარეთ დატოვება ნებადართულია ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. თუ ამ დროს სიცივე მოხვდა, ნუ შეუშინდებით, ეს მცენარეს არ დააზიანებს.
თუ გსურთ, რომ ცესტრუმის ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, ყოველი ნაყვავილარი შეაჭერით და მის ადგილას ახალი საყვავილე გაიშლება, რაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში.
– გვიამბეთ საგოვანას შესახებ...
– ამ უცნაური, ნელა მზარდი მცენარის ერთი შეხედვით რბილი და მარაოსავით გადაშლილი მუქი მწვანე ფოთლები სინამდვილეში უდრეკი და მაგარია. ტყავისებური ფოთლები ღია როზეტს ქმნის, საიდანაც პატარა, ყავისფერი, ბუსუსებიანი, ანანასის მსგავსი ღერო ჩანს. მოზრდილი მცენარე შეიძლება ორი მეტრი სიმაღლის იყოს, მაგრამ ისე ნელა იზრდება, რომ თუ 30 სანტიმეტრი სიმაღლის მცენარეს იყიდით, ადგილი, რომელსაც თავიდანვე მიუჩენთ, ალბათ, არასდროს „დაუპატარავდება“. ის არც გვიმრაა და არც პალმა, თუმცა გარეგნულად ორივეს ჰგავს.
– როგორი პირობები სჭირდება ამ მცენარეს კარგად გასახარებლად?
– მცენარეს სჭირდება კარგი განათება, ამიტომ ზამთრის ბაღში უკეთ ხარობს. თუ გსურთ, რომ ახალი ფოთლები ამოუვიდეს და მიძინებულს არ ჰგავდეს, კაშკაშა სინათლეზე დადგით.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წლის განმავლობაში?
– ის კარგად იზრდება 7-18 გრადუს სითბოზე, მშრალ გარემოში კი რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.
– მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს?
– ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა წყლით გაჟღენთილი. ზამთარში, ტემპერატურის დაცემისას, შედარებით იშვიათად მორწყეთ. გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე კი მცენარეს ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქი მიაწოდეთ.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ საგოვანას გახარებისას?
– ის უძლებს დაბალ ტემპერატურას, არარეგულარულ მორწყვასა და მშრალ ჰაერს, მაგრამ სითბო, რეგულარული მორწყვა, განოყიერება და სინათლე მცენარეს ახალ ფოთლებსა და სიჯანსაღეს შეჰმატებს. ზომიერ კლიმატში შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ.